არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ იკვებებით სულიერად?

როგორ იკვებებით სულიერად?

„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“ (ეს. 48:17).

სიმღერები: 117, 114

1, 2. ა) რას ვფიქრობთ იეჰოვას მოწმეები ბიბლიაზე? ბ) ბიბლიის რომელი ნაწილი მოგწონთ განსაკუთრებით?

იეჰოვას მოწმეები ძალიან ვაფასებთ ბიბლიას. ის გვანუგეშებს და იმედს გვინერგავს. მასში მოცემული რჩევა-დარიგებები საიმედოა (რომ. 15:4). ბიბლია ჩვენთვის ადამიანთა აზრების კრებული კი არ არის, „არამედ როგორც სინამდვილეშია . . . ღვთის სიტყვა“ (1 თეს. 2:13).

2 შეიძლება ბიბლიის ესა თუ ის ნაწილი განსაკუთრებით მოგვწონს. მაგალითად, ზოგს დიდ სიამოვნებას ანიჭებს სახარებების კითხვა, რომლებიც ღვთის ძის მაგალითზე იეჰოვას შესანიშნავ თვისებებს აღგვიწერს (იოან. 14:9). ზოგს წინასწარმეტყველური წიგნების, მაგალითად „გამოცხადების“ კითხვა მოსწონს, რომელიც გვაუწყებს, „რა უნდა მოხდეს მალე“ (გამოცხ. 1:1). ალბათ, ყველას მიგვიღია ნუგეში „ფსალმუნებიდან“ და პრაქტიკული რჩევები „იგავებიდან“. აშკარაა, რომ ბიბლია ყველანაირი ადამიანისთვის დაიწერა.

3, 4. ა) რას ფიქრობთ ჩვენს პუბლიკაციებზე? ბ) რა და რა სახის ბიბლიურ ლიტერატურას ვიღებთ?

3 გარდა ბიბლიისა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს და მადლიერებით ვიღებთ წიგნების, ბროშურების, ჟურნალებისა თუ სხვა ლიტერატურის სახით მოწოდებულ სულიერ საზრდოს. ჩვენ გვესმის, რომ იეჰოვა ამგვარად გვეხმარება, შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე, კარგად ვიკვებოთ სულიერად და ვიყოთ „ჯანსაღნი რწმენაში“ (ტიტ. 2:2).

4 ზოგადად იეჰოვას მოწმეებისთვის განკუთვნილი პუბლიკაციების გარდა, ვიღებთ ადამიანთა კონკრეტული კატეგორიებისთვის გამოცემულ ბიბლიურ ლიტერატურას. ზოგიერთი პუბლიკაცია თუ სტატია უშუალოდ ახალგაზრდების დასახმარებლად მზადდება, ზოგი კი — მათი მშობლების დასახმარებლად. დასაბეჭდი თუ ჩვენს ვებ-გვერდზე დასადები სტატიების დიდი ნაწილის წერისას ხდება მათი გათვალისწინებაც, ვინც იეჰოვას მოწმე არ არის. სულიერი საზრდოს სიუხვე ცხადყოფს, რომ იეჰოვა ასრულებს თავის დაპირებას და ნადიმს უმართავს „ყველა ხალხს მსუყე კერძებით“ (ეს. 25:6).

5. რა მცდელობას აფასებს იეჰოვა?

5 ალბათ, ყველას გვინდა, მეტი დრო გვქონდეს ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების წასაკითხად. დარწმუნებული იყავით, იეჰოვა აფასებს, როცა ცდილობთ, საუკეთესოდ გამოიყენოთ დრო, რათა რეგულარულად იკითხოთ ბიბლია და გქონდეთ პირადი შესწავლა (ეფეს. 5:15, 16). ფაქტია, ყოველთვის ერთნაირ ყურადღებას ვერ ვაქცევთ ხელმისაწვდომ სულიერ საზრდოს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს ფარული საფრთხე. რას ვგულისხმობთ ამაში?

6. რის გამო შეიძლება მოვიკლოთ სულიერი საზრდო?

6 არსებობს საშიშროება, რომ დაგვაკლდება რაღაც მნიშვნელოვანი, თუ ვიფიქრებთ, რომ სულიერი საზრდოს ნაწილი ჩვენ არ გვეხება. როგორ ვიქცევით მაშინ, როცა ჩვენი აზრით ბიბლიის ესა თუ ის მონაკვეთი ჩვენს მდგომარეობას ნაკლებად შეესაბამება ან არ მივეკუთვნებით მკითხველთა იმ ნაწილს, ვისთვისაც ესა თუ ის პუბლიკაცია გამოიცა? ისე ხომ არ ხდება, რომ ზედაპირულად ვკითხულობთ ან საერთოდ ვტოვებთ მას? ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოვიკლოთ ის, რაც დიდ სარგებლობას მოგვიტანდა. როგორ მოვერიდოთ ამ მახეს? უპირველესად უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერ საზრდოს ღმერთი გვაძლევს. ესაია წინასწარმეტყველის პირით მან თქვა: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“ (ეს. 48:17). ქვემოთ განვიხილავთ სამ რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება, ბიბლიის თითოეული ნაწილის კითხვა და ხელმისაწვდომი სულიერი საკვების მიღება უფრო სასარგებლო გავხადოთ.

როგორ გავხადოთ ბიბლიის კითხვა უფრო ნაყოფიერი

7. რატომ უნდა გავიხედოთ წაკითხულს მიღმა?

7 გაიხედეთ წაკითხულს მიღმა. ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმ. 3:16). ფაქტია, ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი თუ წიგნი კონკრეტული ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის დაიწერა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიბლიის რომელიმე მონაკვეთი ჩვენ არ გვეხება. ერთი ძმა ამბობს: „ბიბლიის კითხვის დროს საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ამ მონაკვეთიდან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. ეს აღმძრავს, დავინახო ის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს“. ღვთის სიტყვის წაკითხვამდე, კარგი იქნება, იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ, გაგვიხსნას გონება და მოგვცეს სიბრძნე, რათა დავინახოთ, რის სწავლება სურს ჩვენთვის (ეზრ. 7:10; წაიკითხეთ იაკობის 1:5).

ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ბიბლიის კითხვა უფრო ნაყოფიერი გახადოთ? (იხილეთ აბზაცი 7)

8, 9. ა) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ბიბლიის კითხვის დროს? ბ) რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ მოთხოვნებიდან, რომლებიც ქრისტიან უხუცესებს ეხება?

8 დასვით კითხვები. ბიბლიის კითხვისას დროდადრო ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვიგებ ამ მონაკვეთიდან იეჰოვა ღმერთზე? როგორ შემიძლია მისი გამოყენება ცხოვრებაში? როგორ გამოვიყენებ მას სხვების დასახმარებლად? ეს და მსგავსი კითხვები დაგვეხმარება, ბიბლიის კითხვა უფრო ნაყოფიერი გავხადოთ. მაგალითად, დავფიქრდეთ მოთხოვნებზე, რომლებიც ბიბლიაში ჩაიწერა ქრისტიანი ზედამხედველებისთვის (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 3:2—7). უმეტესობა ჩვენგანი არ ვმსახურობთ უხუცესებად, ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს მონაკვეთი ნაკლებად გვეხება. თუმცა ქვემოთ მოყვანილ კითხვებზე გაცემული სავარაუდო პასუხებიდან დავინახავთ, რომ ამ მოთხოვნებიდან ყველას შეგვიძლია ბევრი რამის სწავლა.

9 რას ვიგებ ამ მონაკვეთიდან იეჰოვა ღმერთზე? ამ მონაკვეთში მოყვანილი მოთხოვნებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ მაღალზნეობრივი ნორმები დაუდგინა მათ, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა აკისრია. ღმერთი მოელის, რომ ეს მამაკაცები კარგ მაგალითს მისცემენ სხვებს. ისინი პასუხს აგებენ ღვთის წინაშე იმისთვის, თუ როგორ მოეპყრობიან კრებას, რომელიც „მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“ (საქ. 20:28). იეჰოვას სურს, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი მის მიერ დაყენებული მწყემსების ზედამხედველობის ქვეშ (ეს. 32:1, 2). ქრისტიანი უხუცესებისთვის ბიბლიაში ჩაწერილი მოთხოვნებიდან იმასაც ვიგებთ, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე.

10, 11. ა) როგორ შეგვიძლია ბიბლიაში უხუცესებისთვის ჩაწერილი მოთხოვნები ჩვენს ცხოვრებას მივუსადაგოთ? ბ) როგორ შეგვიძლია ამ ინფორმაციის სხვების დასახმარებლად გამოყენება?

10 როგორ შემიძლია ამ ინფორმაციის გამოყენება ცხოვრებაში? პასუხისმგებელმა ძმამ დროდადრო უნდა გადახედოს ამ მოთხოვნებს და უნდა შეამოწმოს, რაში სჭირდება გაუმჯობესება. ის კი, ვინც „ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის“, კარგად უნდა დაფიქრდეს ამ მოთხოვნებზე და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათ შეესაბამებოდეს (1 ტიმ. 3:1). სინამდვილეში თითოეულ ქრისტიანს ბევრი რამის სწავლა შეუძლია ამ მუხლებში მოყვანილი მოთხოვნებიდან, რადგან იეჰოვას მსახურები უმეტესობა მათგანს ისედაც უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, ყველანი უნდა ვიყოთ კეთილგონიერები და საღად მოაზროვნეები (ფილ. 4:5; 1 პეტ. 4:7). ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ უხუცესებისგან, რომლებიც მაგალითი არიან სამწყსოსთვის და მივბაძოთ მათ რწმენას (1 პეტ. 5:3; ებრ. 13:7).

11 როგორ გამოვიყენებ ამ მუხლებს სხვების დასახმარებლად? მათი მეშვეობით შეგვიძლია დავანახვოთ დაინტერესებულ ადამიანებსა თუ ბიბლიის შემსწავლელებს, როგორ განსხვავდებიან იეჰოვას მოწმეთა კრებებში მომსახურე უხუცესები ქრისტიანული სამყაროს სასულიერო პირებისგან. ამ მუხლების კითხვისას შეიძლება ჩვენი კრების უხუცესები გაგვახსენდეს, რომლებიც ბევრს შრომობენ ჩვენ სასიკეთოდ. როცა ვფიქრობთ, როგორ ირჯებიან ისინი, მეტი პატივისცემით განვეწყობით მათდამი (1 თეს. 5:12). რაც მეტად გრძნობენ ეს მძიმედ მშრომელი ძმები, რომ გულწრფელად ვაფასებთ მათ, მით მეტი სიხარულით ასრულებენ თავიანთ მსახურებას (ებრ. 13:17).

12, 13. ა) რა ინფორმაცია შეგვიძლია მოვიძიოთ ხელმისაწვდომი საკვლევი საშუალებების დახმარებით? ბ) მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ გვეხმარება დამატებითი ინფორმაციის მოძიება.

12 გამოიკვლიეთ. ხელმისაწვდომი საკვლევი საშუალებების დახმარებით შეგვიძლია მოვიძიოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:

  • ვინ დაწერა ბიბლიის ეს ნაწილი?

  • სად და როდის დაიწერა?

  • რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ბიბლიის ამ წიგნის წერისას?

ამგვარმა დამატებითმა ინფორმაციამ შეიძლება ისეთ პრაქტიკულ მხარეებს მოჰფინოს ნათელი, რომლებიც ბიბლიის კითხვისას არ ჩანს.

13 მაგალითად მოვიყვანოთ ეზეკიელის 14:13, 14: „თუ ქვეყანა შემცოდავს და ორგულად მოიქცევა, გავიწვდი ხელს მის წინააღმდეგ და გადავუმტვრევ პურის საკიდელ ჯოხებს, მოვუვლენ შიმშილს და მოვუსპობ ადამიანსა და პირუტყვს“. „და ეს სამი კაციც, ნოე, დანიელი და იობი, რომ ყოფილიყო იქ, თავიანთი სიმართლით მხოლოდ საკუთარ სულს გადაირჩენდნენ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“. გამოკვლევის შედეგად ვიგებთ, რომ ეზეკიელის წიგნის ეს მონაკვეთი დაახლოებით ძვ. წ. 612 წელს დაიწერა. იმ დროისთვის ნოესა და იობის სიკვდილიდან უკვე საუკუნეები იყო გასული, თუმცა ღმერთს ახსოვდა მათი ერთგულება. ვიგებთ იმასაც, რომ ამ სიტყვების დაწერისას დანიელი ცოცხალი იყო. ის სავარაუდოდ 20 წლის უნდა ყოფილიყო, როცა იეჰოვამ ნოესა და იობის გვერდით მოიხსენია. რას ვსწავლობთ აქედან? იეჰოვა ამჩნევს და აფასებს თითოეული თავისი მსახურის, მათ შორის ახალგაზრდების ერთგულებას (ფსალმ. 148:12—14).

მიიღეთ მრავალფეროვანი სულიერი საზრდო

14. როგორ ეხმარება ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პუბლიკაციები ახალგაზრდებსაც და სხვებსაც? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)

14 როგორც დავინახეთ, ბიბლიის თითოეული ნაწილიდან ბევრის სწავლა შეგვიძლია. იმავეს თქმა შეიძლება მრავალფეროვან სულიერ საზრდოზე, რომელიც პუბლიკაციების სახით გვაქვს. მაგალითად ავიღოთ გასულ წლებში ახალგაზრდებისთვის გამოცემული მრავალი პუბლიკაცია. [1] ზოგიერთი მათგანის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს, გაუმკლავდნენ მოზარდობის წლებისთვის დამახასიათებელ სირთულეებს და გაუძლონ სკოლაში სხვადასხვა სახის ზეწოლას. როგორ გვეხმარება ეს პუბლიკაციები დანარჩენებს? მათი კითხვისას ვხედავთ, რა სირთულეებს ხვდებიან იეჰოვას ერთგული ახალგაზრდები. ამის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავეხმაროთ მათ და გავამხნეოთ ისინი.

15. რატომ უნდა იკითხონ უფროსი ასაკის ქრისტიანებმაც ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პუბლიკაციები?

15 ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ პუბლიკაციებში განხილულია პრობლემები, რომლებსაც ყველანი ვხვდებით. ყველას მოგვეთხოვება, რომ დავიცვათ ჩვენი რწმენა სხვების წინაშე, გავაკონტროლოთ ემოციები, შევეწინააღმდეგოთ თანატოლების უარყოფით გავლენას და მოვერიდოთ ცუდ საზოგადოებასა თუ არაჯანსაღ გართობას. ეს და უამრავი სხვა საკითხი ირჩევა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ პუბლიკაციებსა თუ სტატიებში. უნდა ეთაკილებოდეთ უფროსი ასაკის ქრისტიანებს ასეთი პუბლიკაციების კითხვა? რა თქმა უნდა, არა! თუმცა ამ პუბლიკაციებში ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის მიმზიდველად არის გადმოცემული, მათში განხილული ბიბლიური პრინციპები უცვლელია. შესაბამისად, ასეთ სულიერ საზრდოს ყველასთვის მოაქვს სიკეთე.

16. კიდევ რა მხრივ ეხმარება ჩვენი პუბლიკაციები ახალგაზრდებს?

16 გარდა იმისა, რომ ეს პუბლიკაციები ახალგაზრდებს ასწავლის, როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს, ისინი ეხმარება მათ, სულიერად გაიზარდონ და იეჰოვას დაუახლოვდნენ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:1, 13). ამ მხრივ ეს პუბლიკაციები უფროსი ასაკის ქრისტიანებსაც წაადგება. მაგალითად, ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ გამოქვეყნდა სტატია „როგორ ვიკითხო ბიბლია სიამოვნებით?“ (აპრილი, 2009). სტატია შეიცავდა პრაქტიკულ რჩევებსა და ჩარჩოს, რომელიც მკითხველს შეეძლო ამოეჭრა და ბიბლიის კითხვისას გამოეყენებინა. მხოლოდ ახალგაზრდებისთვის იყო ეს სტატია სასარგებლო? ერთი მშობელი ამბობს: „სულ მიჭირდა ბიბლიის კითხვისთვის დროის გამონახვა. გავითვალისწინე ამ სტატიაში მოცემული რჩევები, ამოვჭერი ბიბლიის კითხვის გეგმა და დღემდე მივყვები ამ გეგმას. დღეს უკვე ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ ბიბლიას. ვხედავ, რომ ბიბლიის წიგნები ჰარმონიულად და იდეალურად არის შერწყმული ერთმანეთთან. აქამდე არასოდეს ვყოფილვარ ბიბლიის კითხვით ასეთი აღტაცებული“.

17, 18. რა სიკეთე მოაქვს ფართო მკითხველისთვის გამოცემული პუბლიკაციების კითხვას? მოიყვანეთ მაგალითი.

17 ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი პუბლიკაციები. 2008 წლიდან ქვეყნდება „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემა, რომელიც ძირითადად იეჰოვას მოწმეებისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ, რას ვიტყვით ფართო მკითხველისთვის გამოცემულ ჟურნალებზე? რა მხრივ შეიძლება მათი კითხვა ჩვენთვისაც სასარგებლო იყოს? წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: საჯარო მოხსენების დაწყებამდე შენიშნეთ, რომ სამეფო დარბაზში თქვენი მოწვეული სტუმარი მოვიდა, რამაც ეჭვგარეშეა ძალიან გაგახარათ. მოხსენების განმავლობაში, ალბათ, თქვენს სტუმარზე ფიქრობდით და მოხსენებას მისი გადასახედიდან აფასებდით. შედეგად, განხილულ საკითხს ახლებურად შეხედეთ, რამაც მადლიერება გაგიღრმავათ.

18 მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, როცა ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ სტატიებს ვკითხულობთ. მაგალითად, ფართო მკითხველისთვის გამოცემულ „საგუშაგო კოშკში“ ბიბლიური საკითხები ისეა განხილული, რომ გასაგები იყოს მათთვის, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. იმავეს თქმა შეიძლება სტატიებზე, რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე jw.org, ქვეგანყოფილებებში „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ და „ხშირად დასმული კითხვები“. მათი კითხვისას მადლიერება გვიღრმავდება კარგად ნაცნობი ბიბლიური საკითხებისთვის. ამასთან, ვსწავლობთ, ქადაგების დროს როგორ ავხსნათ ბიბლიური სწავლებები ახლებურად. მსგავსად ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ჭეშმარიტი ღვთისადმი რწმენას გვიძლიერებს და გვასწავლის, როგორ დავიცვათ ჩვენი რწმენა სხვების წინაშე (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:15).

19. როგორ გამოვხატოთ იეჰოვასადმი მადლიერება სულიერი საზრდოსთვის?

19 აშკარაა, რომ იეჰოვა უხვად გვაძლევს ყველაფერს ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (მათ. 5:3). მოდი კვლავაც გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი საშუალება, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს! ამგვარად, მადლიერებას გამოვხატავთ იეჰოვასადმი, რომელიც ჩვენ სასიკეთოდ გვასწავლის (ეს. 48:17).

^ [1] (აბზაცი 14) ამ პუბლიკაციებს შორისაა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტ. 1 და ტ. 2, აგრეთვე ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“.