არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარულით მოაგვარეთ უთანხმოებები

სიყვარულით მოაგვარეთ უთანხმოებები

„მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“ (მარ. 9:50).

სიმღერები: 39, 77

1, 2. რა უთანხმოებების შესახებ არის მოთხრობილი წიგნ „დაბადებაში“ და რატომ არის ეს ჩვენთვის საყურადღებო?

გახსენდებათ ბიბლიაში მოხსენიებული უთანხმოებები? მოდი გავიხსენოთ წიგნ „დაბადების“ პირველ თავებში ჩაწერილი შემთხვევები: კაენმა მოკლა აბელი (დაბ. 4:3—8); ლამექმა მოკლა ახალგაზრდა, რომელმაც დაარტყა (დაბ. 4:23); აბრაამისა (აბრამი) და ლოტის მწყემსებს შორის დავა ატყდა (დაბ. 13:5—7); აგარმა დაამცირა სარა (სარაი), რომელიც ამის გამო გაუნაწყენდა აბრაამს (დაბ. 16:3—6); ისმაელის ხელი ყველას წინააღმდეგ იყო მიმართული და ყველას ხელი — მის წინააღმდეგ (დაბ. 16:12).

2 რატომ ჩაიწერა ამ უთანხმოებების შესახებ ბიბლიაში? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ არასრულყოფილ ადამიანებს დაენახათ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობა. გარდა ამისა, უნდა ესწავლათ, როგორ მიეღწიათ მშვიდობისთვის. ბიბლია რეალური ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც ჩვეულებრივი, ადამიანური პრობლემები ჰქონდათ. იმაზე დაფიქრება, თუ რა შედეგი გამოიღო მათმა მცდელობამ, დაგვანახვებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ან არ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში (რომ. 15:4).

3. რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რატომ და როგორ უნდა მოაგვარონ იეჰოვას მსახურებმა უთანხმოებები. ამასთანავე, განვიხილავთ ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც დაგვეხმარება უთანხმოებების მოგვარებაში და მოყვასთან და იეჰოვა ღმერთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში.

რატომ უნდა მოაგვარონ იეჰოვას მსახურებმა უთანხმოებები?

4. რა დამოკიდებულება გავრცელდა მთელ მსოფლიოში და რა შედეგი გამოიღო ამან?

4 ადამიანებს შორის არსებულ დაპირისპირებებსა თუ უთანხმოებებში ძირითადად სატანას მიუძღვის ბრალი. ედემის ბაღში მან ასეთი მოსაზრება წამოაყენა: თითოეულ ადამიანს ღვთისგან დამოუკიდებლად შეუძლია სწორისა და არასწორის განსაზღვრა; და არათუ შეუძლია, ასე უნდა მოიქცეს კიდეც (დაბ. 3:1—5). ეშმაკის ასეთი მსჯელობის შედეგებს დღეს თვალნათლივ ვხედავთ. ცალკეულ ადამიანებსა თუ ადამიანთა ჯგუფებს დამოუკიდებლობის სული ამოძრავებთ, რაც სიამაყის, ეგოიზმისა და მეტოქეობის მიზეზი ხდება. ის, ვინც ამ სულის გავლენაში ექცევა, ფაქტობრივად, იზიარებს სატანის მოსაზრებას: ადამიანი გონივრულად მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ საკუთარ ინტერესებს წინ დააყენებს იმისდა მიუხედავად, რა გავლენას მოახდენს ეს სხვებზე. ასეთ ეგოისტურ დამოკიდებულებას ადამიანი დაპირისპირებამდე მიჰყავს. კარგია, თუ გვეხსომება, რომ „ვინც ადვილად რისხდება, შუღლს აღვივებს; ფიცხი კაცი ბევრს სცოდავს“ (იგავ. 29:22).

5. იესოს რომელი რჩევები ეხმარებოდა ხალხს, მოეგვარებინათ უთანხმოებები?

5 სატანისგან განსხვავებით იესო ხალხს ასწავლიდა, რომ ყოფილიყვნენ მშვიდობისმოყვარენი მაშინაც კი, თუ ეს მათ პირად ინტერესებს დააზარალებდა. მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მსმენელებს შესანიშნავი რჩევები მისცა იმის თაობაზე, თუ როგორ აერიდებინათ თავიდან კონფლიქტური სიტუაციები და მოეგვარებინათ უთანხმოებები. მაგალითად, მან მოწაფეებს ურჩია, რომ ყოფილიყვნენ რბილი ხასიათისანი, მშვიდობისმყოფელნი, მოეთოკათ გრძნობები და გასაქანი არ მიეცათ რისხვისთვის, სწრაფად მოეგვარებინათ გაუგებრობები და ჰყვარებოდათ თავიანთი მტრები (მათ. 5:5, 9, 22, 25, 44).

6, 7. ა) რატომ უნდა მოვაგვაროთ სწრაფად უთანხმოებები? ბ) რა კითხვებზე უნდა დაფიქრდნენ იეჰოვას მსახურები?

6 თუ მშვიდობა არ გვექნება სხვებთან, ჩვენს ლოცვას, კრების შეხვედრებზე დასწრებას, ქადაგებასა თუ თაყვანისმცემლობის სხვა მხარეებს ფასი არ ექნება (მარ. 11:25). თუ სხვებს არ ვპატიობთ, ღმერთთან ვერ ვიმეგობრებთ (წაიკითხეთ ლუკას 11:4; ეფესოელების 4:32).

7 თითოეული ქრისტიანი გულწრფელად უნდა დაფიქრდეს იმაზე, არის თუ არა მიმტევებელი და აქვს თუ არა სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. ადვილად პატიობთ თანაქრისტიანებს? გიხარიათ მათ გვერდით ყოფნა? იეჰოვა მოელის, რომ მისი მსახურები მიმტევებლები იქნებიან. თუ ფიქრობთ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება გესაჭიროებათ, ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას დახმარება. ჩვენი ზეციერი მამა შეისმენს თავმდაბლად წარმოთქმულ ლოცვებს (1 იოან. 5:14, 15).

შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ წყენას?

8, 9. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმემ გვაწყენინა?

8 არასრულყოფილების გამო, ადრე თუ გვიან, ვინმე იტყვის ან გააკეთებს ისეთ რამეს, რითაც გულს გვატკენს. ეს უბრალოდ გარდაუვალია (ეკლ. 7:20; მათ. 18:7). თუმცა მთავარია, ჩვენ როგორ მოვიქცევით. მიმოვიხილოთ ერთი შემთხვევა: ერთხელ არაოფიციალურ შეხვედრაზე ორ ძმას ერთი და მიესალმა. ერთ-ერთ ძმას მისი მისალმება არ ესიამოვნა და განაწყენდა. როდესაც ეს ძმები მარტო დარჩნენ, განაწყენებულმა ძმამ დის გაკრიტიკება დაიწყო მისი ნათქვამის გამო. თუმცა მეორე ძმამ შეახსენა მას, რომ ეს და 40 წელი რთულ პირობებში ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. იგი დარწმუნებული იყო, რომ დას მისი წყენინება არ სურდა. განაწყენებული ძმა მის აზრს დაეთანხმა და სიტუაციაც აღარ გამწვავებულა.

9 რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით მაშინ, როცა გვაწყენინებენ. სიყვარული გვეხმარება, თვალი დავხუჭოთ უმნიშვნელო შეცდომებზე (წაიკითხეთ იგავების 10:12; 1 პეტრეს 4:8). იეჰოვა თვლის, რომ „სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავ. 19:11; ეკლ. 7:9). აქედან გამომდინარე, თუ თვლით, რომ ვინმე ცუდად ან უპატივცემულოდ მოგექცათ, დაფიქრდით: ხომ არ ღირს ამაზე თვალის დახუჭვა? ღირს ამისგან პრობლემის შექმნა?

10. ა) როგორი რეაქცია ჰქონდა თავიდან ერთ დას კრიტიკაზე? ბ) რომელი ბიბლიური რჩევა დაეხმარა მას შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში?

10 ადვილი არ არის, თვალი დავხუჭოთ ჩვენი მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ შენიშვნებზე. განვიხილოთ ერთი პიონერი დის მაგალითი, რომელსაც პირობითად ლუსის დავარქმევთ. ზოგმა მის მსახურებასა და იმაზე, თუ როგორ იყენებდა ლუსი დროს, უარყოფითი კომენტარები გააკეთა. გულნატკენმა ლუსიმ რჩევისთვის მოწიფულ ძმებს მიმართა. იგი ამბობს: „მათ მიერ მოცემული ბიბლიური რჩევები დამეხმარა, რომ გაწონასწორებული დამოკიდებულება მქონოდა სხვების შენიშვნებზე და მთელი ყურადღება იეჰოვაზე გადამეტანა“. ლუსი გაამხნევა მათეს 6:1—4-ში ჩაწერილმა სიტყვებმა (წაიკითხეთ). მან კიდევ ერთხელ შეიხსენა, რომ მთავარი იეჰოვას გახარება იყო. ლუსი აღნიშნავს: „თუნდაც სხვებმა უარყოფითად შეაფასონ ჩემი მსახურება, მე მაინც ბედნიერი ვიქნები, რადგან ვიცი, რომ ყველანაირად ვცდილობ, იეჰოვას მოწონება დავიმსახურო“. ამ დასკვნის გაკეთების შემდეგ ლუსიმ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და არჩია, უარყოფითი შენიშვნებისთვის ყურადღება არ მიექცია.

როცა დანაშაულზე თვალს ვერ დავხუჭავთ

11, 12. ა) როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ ფიქრობს, რომ მის ძმას რაღაც აქვს მის წინააღმდეგ? ბ) რას ვსწავლობთ აბრაამისგან? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

11 „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2). დავუშვათ, შეიტყვეთ, რომ თქვენმა საქციელმა ან ნათქვამმა თანაქრისტიანს გული ატკინა. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს? იესომ თქვა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23, 24). გაითვალისწინეთ იესოს რჩევა და დაელაპარაკეთ თანაქრისტიანს. გახსოვდეთ: თქვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ მომხდარში თანაქრისტიანი დაადანაშაულოთ, არამედ ის, რომ თქვენი შეცდომა აღიაროთ და მშვიდობა აღადგინოთ. და-ძმებთან მშვიდობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია.

12 ერთი ბიბლიური ეპიზოდი, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ მოაგვარეს ღვთის მსახურებმა მშვიდობიანად უთანხმოება, სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ აბრაამსა და მის ძმისშვილ ლოტს ეხება. ორივეს ბევრი საქონელი ჰყავდა, ამიტომ, როგორც ჩანს, მათმა მწყემსებმა საძოვრები ვერ გაიყვეს და დავა დაიწყეს. გაუგებრობისთვის თავის ასარიდებლად აბრაამმა ლოტს შესთავაზა, რომ პირველად მას აერჩია სასურველი მიწა დასასახლებლად (დაბ. 13:1, 2, 5—9). აბრაამი მართლაც შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს, რადგან მისთვის პირად ინტერესებზე მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნება იყო. წააგო აბრაამმა რამე თავისი გულუხვობით? არამც და არამც. ამ შემთხვევიდან მალევე იეჰოვა აბრაამს უამრავ კურთხევას დაჰპირდა (დაბ. 13:14—17). ღმერთი არასოდეს დაუშვებს, რომ მისმა მსახურებმა აუნაზღაურებელი ზარალი განიცადონ ბიბლიური პრინციპებისა და უთანხმოებების სიყვარულით მოგვარების გამო. [1]

13. როგორი რეაქცია ჰქონდა ერთ ზედამხედველს ძმის უხეშ სიტყვებზე და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?

13 ახლა განვიხილოთ ერთი თანამედროვე შემთხვევა. კონგრესის ერთ-ერთი განყოფილების ახალმა ზედამხედველმა ერთ ძმას დაურეკა და ჰკითხა, შეძლებდა თუ არა კონგრესზე მოხალისედ მსახურებას. ძმა მას უხეშად ელაპარაკა და ყურმილი დაუკიდა. იგი განყოფილების წინა ზედამხედველზე იყო განაწყენებული. ახალ ზედამხედველს მისი უხეშობა არ სწყენია, თუმცა ეს საკითხი უყურადღებოდ არ დაუტოვებია. ერთი საათის შემდეგ ზედამხედველმა კვლავ დაურეკა მას და შეხვედრა სთხოვა, რომ გაუგებრობა მოეგვარებინათ. ერთი კვირის შემდეგ ზედამხედველი და ეს ძმა ერთმანეთს სამეფო დარბაზში შეხვდნენ. ჯერ ილოცეს და მერე მთელი საათი ისაუბრეს. ძმა ზედამხედველს თავის ამბავს მოუყვა. ზედამხედველმა მას თანაგრძნობით მოუსმინა და შესაფერისი ბიბლიური მუხლებით გაამხნევა. ისინი ერთმანეთს თბილად დაშორდნენ. ამ ძმამ კონგრესზე მოხალისედაც იმსახურა და დღემდე მადლიერია ამ ზედამხედველის, რომელიც მას მშვიდად და მეგობრულად მიუდგა.

როდის უნდა ჩავრიოთ უხუცესები?

14, 15. ა) რა შემთხვევებში უნდა ვიხელმძღვანელოთ მათეს 18:15—17-ში მოცემული რჩევით? ბ) რა სამი ნაბიჯი მოიხსენია იესომ და რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

14 ხშირ შემთხვევაში ქრისტიანებს შეუძლიათ გაუგებრობები სხვების ჩაურევლად მოაგვარონ; და ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა იესომ აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება კრების ჩარევა გახდეს საჭირო (წაიკითხეთ მათეს 18:15—17). რა შეიძლება მომხდარიყო, თუ დამნაშავე არ მოუსმენდა არც თავის ძმას, არც მოწმეებს და არც კრებას? კრებისთვის ის გახდებოდა „როგორც უცხოტომელი და როგორც გადასახადების ამკრეფი“. დღეს ჩვენ ამას გარიცხვას ვუწოდებთ. რადგან საქმე გარიცხვამდე მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არა უბრალო გაუგებრობასთან, არამედ ისეთ ცოდვასთან, რომელიც: 1) ქრისტიანებს შორის შეიძლება მოგვარდეს და 2) იმდენად სერიოზული ხასიათისაა, რომ მოუგვარებლობის შემთხვევაში შემცოდველი უნდა გაირიცხოს. ასეთ ცოდვაში შეიძლება იგულისხმებოდეს თაღლითობა ან ცილისწამებით სხვისი რეპუტაციის შელახვა. იესოს მიერ მოხსენიებული სამი ნაბიჯი მხოლოდ ამ შემთხვევებში უნდა გადაიდგას. აქ არ იგულისხმება ისეთი ცოდვები, როგორიცაა: მრუშობა, ჰომოსექსუალიზმი, განდგომილება, კერპთაყვანისმცემლობა და სხვა მძიმე დანაშაული, რომლებიც კრების უხუცესების ჩარევას მოითხოვს.

ძმა რომ შევიძინოთ, შეიძლება მასთან რამდენჯერმე მოგვიხდეს საუბარი (იხილეთ აბზაცი 15)

15 იესოს რჩევის მიზანი ის იყო, რომ თანაქრისტიანს სიყვარულით დავხმარებოდით (მათ. 18:12—14). თავიდან უნდა ვეცადოთ, რომ უთანხმოება სხვების ჩარევის გარეშე მოვაგვაროთ. ამისთვის შეიძლება შემცოდველთან რამდენჯერმე მოგვიხდეს საუბარი. თუ ის არ მოგვისმენს, მას მომხდარი ფაქტის მოწმეების ან მათი თანდასწრებით უნდა დაველაპარაკოთ, ვინც დაგვეხმარება განვსაზღვროთ, ნამდვილად იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი. თუ მათი დახმარებით ყველაფერი მოგვარდება, მაშინ შეგვიძენია ჩვენი ძმა. უხუცესები კი მხოლოდ მაშინ უნდა ჩავრიოთ საქმეში, თუ შემცოდველის დასახმარებლად მიმართულმა არაერთმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

16. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესოს რჩევა პრაქტიკულია და სიყვარულით ნაკარნახევი?

16 საბედნიეროდ, მათეს 18:15—17-ში მოხსენიებული სამივე ნაბიჯის გადადგმა იშვიათად ხდება საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე, როგორც წესი, ადრეულ ეტაპზე გვარდება და იქამდე არ მიდის, რომ მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან გაირიცხოს. ხშირ შემთხვევაში შემცოდველი აღიარებს თავის დანაშაულს და ცდილობს შეცდომის გამოსწორებას. განაწყენებული მხარისთვის შეიძლება აშკარა გახდეს, რომ აღარ აქვს მიზეზი, ბრალი დასდოს ძმას და, შესაბამისად, მან არჩიოს, რომ აპატიოს მწყენინებელს. ნებისმიერ შემთხვევაში იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ უხუცესები ნაადრევად არ უნდა ჩაებან უთანხმოების მოგვარებაში. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ორი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და ცხადი გახდა, რომ დანაშაულთან გვაქვს საქმე.

17. რა კურთხევები ელით მათ, ვინც მშვიდობას ესწრაფვის?

17 ვიდრე ეს ქვეყნიერება არსებობს, ადამიანები არასრულყოფილები იქნებიან და შესაბამისად, წყენაც გარდაუვალი იქნება. მოწაფე იაკობმა სწორად შენიშნა: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია და მთელი სხეულის ალაგმვა შეუძლია“ (იაკ. 3:2). უთანხმოებები რომ მოვაგვაროთ, მშვიდობა უნდა ვეძიოთ და მისკენ ვისწრაფოთ (ფსალმ. 34:14). ჩვენ, როგორც მშვიდობისმყოფელნი, გავიხარებთ თანაქრისტიანებთან კარგი ურთიერთობით და ხელს შევუწყობთ კრების ერთიანობას (ფსალმ. 133:1—3). რაც მთავარია, კარგი ურთიერთობა გვექნება იეჰოვასთან, მშვიდობის მომცემ ღმერთთან (რომ. 15:33). ასეთი კურთხევები ელით მათ, ვინც სიყვარულით აგვარებს უთანხმოებებს.

^ [1] (მე-12 აბზაცი) უთანხმოება აგრეთვე მშვიდობიანად მოაგვარა იაკობმა ესავთან (დაბ. 27:41—45; 33:1—11), იოსებმა თავის ძმებთან (დაბ. 45:1—15) და გედეონმა ეფრემელებთან (მსაჯ. 8:1—3). შესაძლოა ბიბლიიდან სხვა მსგავსი შემთხვევები თქვენც გახსენდებათ.