მარკოზის სახარება 11:1—33

  • იესოს საზეიმო შესვლა იერუსალიმში (1—11).

  • ლეღვის ხის დაწყევლა (12—14).

  • იესოს მიერ ტაძრის განწმენდა (15—18).

  • ლეღვის ხის გახმობა (19—26).

  • იესოს უფლებამოსილებას ეჭვქვეშ აყენებენ (27—33).

11  როცა ისინი იერუსალიმის სიახლოვეს ზეთისხილის მთას მიადგნენ, რომელზეც ბეთფაგე და ბეთანია+ მდებარეობდა, მან ორი მოწაფე გაგზავნა+ 2  და დააბარა: „აი ამ სოფელში წადით; როგორც კი შეხვალთ, დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც არავინ მჯდარა. აუშვით და მომიყვანეთ. 3  თუ ვინმე გეტყვით, რატომ უშვებთო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალევე დაგიბრუნებს-თქო“. 4  ისინიც წავიდნენ; იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი და აუშვეს.+ 5  იქ მყოფთაგან ზოგიერთმა ჰკითხა მათ: „რატომ უშვებთ ჩოჩორს?“ 6  მოწაფეებმა ისე უპასუხეს, როგორც იესოს ჰყავდა დარიგებული, და მათაც თავი დაანებეს. 7  მიუყვანეს იესოს ჩოჩორი,+ ზედ თავიანთი მოსასხამები დაუფინეს და ისიც შეჯდა.+ 8  ბევრი თავის მოსასხამს უფენდა გზაზე, ზოგი კი — მინდორში მოჭრილ შეფოთლილ ტოტებს.+ 9  მის წინ და მის უკან მიმავალნი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „გევედრებით, იხსენი!+ კურთხეულია იეჰოვას* სახელით მომავალი!+ 10  კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის, მომავალი სამეფო!+ გევედრებით, იხსენი, ზეციერო!“ 11  ჩავიდა იესო იერუსალიმში, შევიდა ტაძარში, მოიარა იქაურობა, და, რაკი გვიანი იყო, თორმეტივე მოციქულთან ერთად ბეთანიისკენ გასწია.+ 12  მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოდიოდნენ, მოშივდა.+ 13  შორიდან შეფოთლილ ლეღვის ხეს მოჰკრა თვალი და მისკენ გაემართა, იქნებ ნაყოფი ესხასო. მივიდა, მაგრამ ფოთლების გარდა ვერაფერი ნახა, რადგან ლეღვის შემოსვლის დრო ჯერ არ დამდგარიყო. 14  მაშინ ხეს უთხრა: „აღარავის ეჭამოს შენი ნაყოფი!“+ მოწაფეები უსმენდნენ. 15  იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა; ფულის გადამცვლელებს მაგიდები აუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები.+ 16  ის ტაძრის გავლით ნივთების გატანის უფლებას არავის აძლევდა; 17  თან ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „დაწერილია, ჩემი ტაძარი ყველა ხალხის სამლოცველო გახდებაო,+ თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად გიქცევიათ!“+ 18  ეს რომ უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა გაიგეს, მის მოსაკლავად ხელსაყრელი შემთხვევის ძებნა დაიწყეს;+ ეშინოდათ მისი, რადგან ხალხი განცვიფრებული იყო მისი სწავლებით.+ 19  როცა მოსაღამოვდა, ისინი ქალაქიდან გავიდნენ. 20  დილაადრიან იმ ლეღვის ხესთან რომ ჩაიარეს, დაინახეს, რომ ძირფესვიანად გამხმარიყო.+ 21  გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი და უთხრა მას: „რაბი, ნახე, ლეღვის ხე, შენ რომ დაწყევლე, გამხმარა“.+ 22  იესომ უთხრა მათ: „გწამდეთ ღვთისა. 23  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ხოლო გულში არ დაეჭვდება და ექნება იმის რწმენა, რომ, რასაც ამბობს, მოხდება, შესრულდება მისი ნათქვამი.+ 24  ამიტომ გეუბნებით: გწამდეთ, რომ ყველაფერი, რაზეც ლოცულობთ და რასაც ითხოვთ, უკვე გაქვთ, და მოგეცემათ.+ 25  როცა დგახართ და ლოცულობთ, აპატიეთ მას, ვინც გაწყენინათ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც გაპატიოთ ცოდვები“.+ 26  *—— 27  ისინი იერუსალიმში დაბრუნდნენ. იესო ტაძრის ეზოში მიმოდიოდა, როცა მასთან უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესები მივიდნენ 28  და ჰკითხეს: „რა უფლებით აკეთებ ამას? ვინ მოგცა შენ ამის უფლება?“+ 29  იესომ მიუგო: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას. მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რა უფლებით ვაკეთებ ამას. 30  საიდან ჰქონდა იოანეს ნათლობის უფლება+ — ზეციდან თუ კაცთაგან? მიპასუხეთ“.+ 31  მათ მსჯელობა დაიწყეს ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო. 32  მაგრამ, თუ ვიტყვით, კაცთაგანო...“ მათ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იოანე ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნდა.+ 33  ბოლოს უპასუხეს იესოს: „არ ვიცით“. „მაშინ არც მე გეტყვით, რა უფლებით ვაკეთებ ამას“, — მიუგო იესომ.

სქოლიოები