არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა შეხედულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს განათლებაზე?

რა შეხედულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს განათლებაზე?

 ჩვენს შეხედულებას განათლებაზე ბიბლიური პრინციპები უდევს საფუძვლად. თითოეული იეჰოვას მოწმე ბიბლიით განსწავლული სინდისით თავად წყვეტს, როგორ გამოიყენოს ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური პრინციპები. a

 განათლების მიღება აუცილებელია

 განათლების მიღება ეხმარება ადამიანს, შეიძინოს სიბრძნე და გამჭრიახობა. ამ თვისებების შეძენისკენ ბიბლიაც მოგვიწოდებს (იგავები 2:10, 11; 3:21, 22). იესომ თავის მოწაფეებსაც დაავალა, რომ სხვებისთვისაც ესწავლებინათ ყველაფერი, რაც მათ მცნებად დაუდო (მათე 28:19, 20). ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს ვურჩევთ და ვეხმარებით კიდეც, რომ მრავალმხრივი განათლება მიიღონ, განივითარონ წერა-კითხვისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები. b აგრეთვე გაეცნონ ინფორმაციას სხვადასხვა რელიგიისა თუ კულტურის შესახებ (1 კორინთელები 9:20—22; 1 ტიმოთე 4:13).

 ვინაიდან განათლების მიღება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ბევრ ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება სავალდებულოა. ჩვენ ვემორჩილებით ამგვარ კანონებს, რადგან ბიბლიაც მოგვიწოდებს, რომ „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ“ ანუ მთავრობებს (რომაელები 13:1). გარდა ამისა, ჩვენს შვილებს ვეხმარებით, სკოლაში კარგად ისწავლონ, იყვნენ ბეჯითები და არ დაკმაყოფილდნენ ზედაპირული ცოდნის მიღებით. c ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის“ (კოლოსელები 3:23).

 განათლება გვეხმარება, ვიზრუნოთ ოჯახზე. ბიბლიაში წერია: „ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). განათლება გვეხმარება, შევასრულოთ ღვთის მიერ დაკისრებული ვალდებულება — ვიზრუნოთ საკუთარ ოჯახზე. როგორც ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ვკითხულობთ, განათლების მიღების ძირითადი მიზანი გახლავთ, „დაეხმაროს ადამიანს, გახდეს საზოგადოების ღირსეული და გამოსადეგი წევრი ... და საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში“. თავისი საქმის კარგად მცოდნე ადამიანს არ უჭირს ოჯახის რჩენა, რადგან ადვილად შოულობს სამსახურს მისგან განსხვავებით, ვისაც არა აქვს ზოგადი განათლება და არ ფლობს რაიმე ხელობას (იგავები 22:29).

 როგორც წესი, მშობლები შვილებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებენ, სკოლას კი ამ მხრივ ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა შეუძლია (2 კორინთელები 12:14). ჩვენ მოვუწოდებთ მშობლებს, იზრუნონ თავიანთი შვილების განათლებაზე მაშინაც კი, თუ ეს გარკვეულ სიძნელეებთან ან ფინანსებთან არის დაკავშირებული, ან მიუღებელია ადგილობრივი კულტურისთვის. d ამასთანავე, პრაქტიკულ რჩევებს ვთავაზობთ მშობლებს, თუ როგორ დაეხმარონ შვილებს განათლების მიღებაში. e

 საჭიროა გონივრული მიდგომა

 სიფრთხილეს ვავლენთ, როცა ამა თუ იმ სახის განათლებას ვირჩევთ. ბიბლიაში წერია: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). დამატებითი განათლების შერჩევისას ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ და გულდასმით ვიკვლევთ, რა სახის განათლებაა ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული და რამდენად გამოგვადგება მომავალში ეს თუ ის პროფესია. მაგალითად, პროფესიული განათლების მიღება ხშირ შემთხვევაში გონივრული არჩევანია, თუნდაც იმიტომ, რომ არ მოითხოვს დიდ დროს.

 ბიბლიური განათლება ბევრად აღემატება ნებისმიერი სახის განათლებას. ბიბლიური განათლება გვაძლევს ღვთის შესახებ ცოდნას, რომელსაც მარადიული სიცოცხლის მოტანა შეუძლია, ასეთ ცოდნას სხვა ვერანაირი განათლება ვერ მოგვცემს (იოანე 17:3). გარდა ამისა, ბიბლიური განათლება გვინერგავს ზნეობრივ ფასეულობებს. ის გვასწავლის „რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია“ (იგავები 2:9). მოციქულ პავლეს ისეთი განათლება ჰქონდა მიღებული, რომელიც დღევანდელი საუნივერსიტეტო განათლების ტოლფასია, მაგრამ მისთვის ქრისტეს შესახებ ცოდნა უძვირფასესი და აღმატებული ძღვენი იყო (ფილიპელები 3:8; საქმეები 22:3). დღესაც ბევრ იეჰოვას მოწმეს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, თუმცა მათ სჯერათ, რომ ღვთიური განათლება ბევრად ფასეულია. f

ბიბლიური განათლება მაღალზნეობრივ ფასეულობებს გვიყალიბებს

 უმაღლესი განათლების მიღებას გარკვეული საფრთხეები ახლავს თან

 ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ ზოგ უნივერსიტეტში ან მსგავსი სახის სასწავლებლებში არსებულმა გარემომ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ზნეობასა და სულიერობაზე ანუ ღმერთთან მათ ურთიერთობაზე. ბევრ იეჰოვას მოწმეს არ სურს, რომ ასეთ სახიფათო გარემოში მოხვდეს. მათ იციან, რომ ხშირად უმაღლეს სასწავლებლებში პროპაგანდა ეწევა ისეთ არასწორ შეხედულებებს, როგორებიცაა:

  •   ფული ბედნიერებისა და უსაფრთხოების გარანტიაა

     საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ უმაღლესი განათლება გარანტიაა მაღალანაზღაურებადი სამსახურისა; ასე რომ, სტუდენტების უმეტესობას უნივერსიტეტში ძირითადად იმიტომ სურს სწავლა, რომ მომავალში ბევრი ფული იშოვოს. ზოგი იმედოვნებს, რომ ფული ბედნიერებას და უზრუნველ ცხოვრებას მოუტანს. თუმცა ბიბლიიდან ჩანს, რომ ასეთი აზროვნება საფუძველს მოკლებულია (ეკლესიასტე 5:10). უფრო მეტიც, ბიბლია იმასაც ამბობს, რომ: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ და მან რწმენაც კი შეიძლება დაგვაკარგვინოს (1 ტიმოთე 6:10). იეჰოვას მოწმეები ყველანაირად ცდილობენ, რომ არ გაებან „სიმდიდრის მაცდუნებელ“ მახეში (მათე 13:22).

  •   უმაღლეს განათლებას სახელი და დიდება მოაქვს

     საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა, თავის წიგნში აღწერა, თუ რა შეხედულება აქვს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით ხალხს მის ქვეყანაში: „საქართველოში დიპლომი აუცილებელ მოთხოვნად და მაღალი მდგომარეობის სიმბოლოდ ითვლება ... [წარსულში] თუ ახალგაზრდას დიპლომი არ ჰქონდა, ეს ოჯახისთვის დიდი სირცხვილი იყო“. g ამის საპირისპიროდ ბიბლია გვაფრთხილებს, თუ რა საფრთხეები მოჰყვება ქვეყნიერებაში დიდებისკენ სწრაფვას. იესომ რელიგიურ ლიდერებს, რომლებიც განდიდებისკენ ისწრაფოდნენ, ასეთი რამ უთხრა: „როგორ ირწმუნებთ, როცა ერთმანეთისგან იღებთ დიდებას?“ (იოანე 5:44). უმაღლეს სასწავლებლებში არსებულმა გარემომ შესაძლოა ადამიანში ღვთისთვის საძულველი ამპარტავნობის სული განავითაროს (იგავები 6:16, 17; 1 პეტრე 5:5).

  •   თითოეული თავად წყვეტს, რა არის სწორი და რა არასწორი

     იეჰოვას მოწმეები იზიარებენ ღვთის თვალსაზრისს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი (ესაია 5:20). როგორც ერთ ჟურნალში იყო აღნიშნული, ბევრი სტუდენტი თანატოლების ზეგავლენით ხშირ შემთხვევაში „საკუთარი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს“ (Journal of Alcohol and Drug Education). h ამ აზრს ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებიც: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). უმაღლეს სასწავლებლებში ისეთი გარემოა შექმნილი, სადაც ღვთისთვის საძულველი ჩვევები, მაგალითად, გადაჭარბებული სმა, ნარკოტიკების მიღება და ქორწინების გარეშე სექსი ჩვეულებრივ რამედ ითვლება და სტუდენტები მოუწოდებენ კიდეც ერთმანეთს ამისკენ (1 კორინთელები 6:9, 10; 2 კორინთელები 7:1).

  •   უმაღლესი განათლება საუკეთესო საშუალებაა, რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალო

     რა თქმა უნდა, ყველას უმაღლესი განათლების მიღება იმიტომ არ სურს, რომ გამდიდრდეს, პრესტიჟი აიმაღლოს ან განცხრომასა და სიამოვნებას მიეცეს. ბევრს ამ გზით სურს, თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესოს და მსოფლიო ვითარებაც უკეთესობისკენ შეცვალოს. ეს თავისთავად კეთილშობილური მიზნებია, თუმცა იეჰოვას მოწმეებს განსხვავებული შეხედულება აქვთ ამ საკითხზე. იესოს მსგავსად, ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოს უკეთეს ადგილად მხოლოდ ღვთის სამეფო აქცევს (მათე 6:9, 10). თუმცა გულხელდაკრეფილი არ ველოდებით, როდის მოაგვარებს ღვთის სამეფო მსოფლიო პრობლემებს. ჩვენ მთელი დედამიწის ზურგზე ვქადაგებთ „სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ“ და ასეთი სახით ყოველწლიურად ასი ათასობით ადამიანს ვეხმარებით, თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ i (მათე 24:14).

a ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობენ, ითვალისწინებენ მათ სურვილს განათლების მიღებასთან დაკავშირებით, თუ მშობლების სურვილი ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება (კოლოსელები 3:20).

b დღემდე წერა-კითხვის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციების 11 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გამოსცა ჩვენმა ორგანიზაციამ. მაგალითად, ასეთია ბროშურა სათაურით „ისწავლეთ წერა-კითხვა“. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში წერა-კითხვის შემსწავლელ უფასო კურსებს ვატარებთ 120 ენაზე. 2003—2017 წლებში დაახლოებით 70 000 ადამიანს შევასწავლეთ წერა-კითხვა.

c იხილეთ სტატია „უნდა გამოვიდე სკოლიდან?

d მაგალითად, ჩვენ მოვუწოდებთ მშობლებს, აუცილებლად შეიყვანონ სკოლაში არა მარტო ვაჟები, არამედ ქალიშვილებიც (ზოგიერთ კულტურაში მშობლები მხოლოდ ვაჟების განათლებაზე ზრუნავენ). იხილეთ 2003 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია სათაურით „უნდა იაროს ჩემმა შვილმა სკოლაში?“.

f იხილეთ ვებგვერდი jw.org, ქვეგანყოფილება „შეხედულებები სიცოცხლის წარმოშობაზე“.

g პრაქტიკული ეკონომიკა: ეკონომიკური ტრანსფორმაცია და 2004—2012 წლის რეფორმები საქართველოში, გვ. 170.

h 2017 წლის აპრილის გამოცემა, ტომი 61, №1, გვერდი 72.

i იხილეთ ვებგვერდი jw.org, ქვეგანყოფილება „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“. თქვენ წაიკითხავთ რეალურ ისტორიებს, თუ როგორ შეცვალა სამეფოს შესახებ ცნობამ და ღვთის სიტყვამ ადამიანების ცხოვრება.