არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 52

იეჰოვას ცეცხლოვანი ჯარი

იეჰოვას ცეცხლოვანი ჯარი

სირიის მეფე ბენ-ჰადადმა ომი გაუმართა ისრაელს. მაგრამ წინასწარმეტყველი ელისე ყოველ ჯერზე აფრთხილებდა ისრაელის მეფეს და ისიც ერიდებოდა იმ ადგილებს, სადაც მტერი იყო ჩასაფრებული. ამის გამო ბენ-ჰადადმა ელისეს შეპყრობა გადაწყვიტა. მან გაიგო, რომ ელისე ქალაქ დოთანში იმყოფებოდა და ჯარი გაგზავნა მის მოსაყვანად.

ღამით სირიელთა ჯარი დოთანს მიადგა. დილით ელისეს მსახური გარეთ გავიდა და დაინახა, რომ ქალაქი ურიცხვ ჯარს ჰყავდა ალყაში მოქცეული. მსახურს შეეშინდა და ყვირილი მორთო: რა გვეშველება, ელისე?! ელისემ დაამშვიდა ის: ნუ გეშინია, ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან! იეჰოვამ თვალი აუხილა ელისეს მსახურს და მანაც დაინახა, რომ ქალაქის გარშემო მთები სავსე იყო ცხენებითა და ცეცხლოვანი საბრძოლო ეტლებით.

როცა სირიელმა მებრძოლებმა ელისეს შეპყრობა მოინდომეს, მან ღმერთს ლოცვით მიმართა: „იეჰოვა, გთხოვ დააბრმავე ეს ხალხი“. მართალია, მათ პირდაპირი გაგებით მხედველობა არ დაუკარგავთ, მაგრამ ვეღარ აცნობიერებდნენ, სად იყვნენ. ელისემ ჯარისკაცებს უთხრა: სხვა ქალაქში მოხვდით. გამომყევით და მე მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ. ისინიც გაჰყვნენ ელისეს. მან ისინი სამარიაში მიიყვანა, სადაც ისრაელის მეფე ცხოვრობდა.

სირიელები ძალიან გვიან მიხვდნენ, სად მიიყვანა ისინი წინასწარმეტყველმა. ისრაელის მეფემ ელისეს ჰკითხა: დავხოცო ესენი? ისარგებლებდა ელისე შესაძლებლობით და იძიებდა შურს თავის მტრებზე? მან მეფეს უთხრა: არა, არ დახოცო. საჭმელი აჭამე და თავიანთი გზით გაუშვი. მეფემაც დიდი ნადიმი გაუმართა მათ, შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში გაუშვა.

„დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14)