არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 38

იეჰოვა ძალას აძლევს სამსონს

იეჰოვა ძალას აძლევს სამსონს

მრავალი ისრაელი ისევ ცრუ ღმერთებს დაუბრუნდა, ამიტომ იეჰოვამ დაუშვა, რომ ფილისტიმელებს დაეპყროთ მათი ქვეყანა. მაგრამ ისრაელში იყვნენ ისეთებიც, რომელთაც უყვარდათ იეჰოვა და ემორჩილებოდნენ მას. ერთ-ერთი მათგანი იყო მანოახი. მას შვილი არ ჰყავდა. ერთხელ მის ცოლს იეჰოვამ ანგელოზი გაუგზავნა. შვილი გეყოლება და ის ისრაელს ფილისტიმელთა ხელიდან გაათავისუფლებს. ნაზირი იქნება შენი შვილი, — უთხრა ქალს ანგელოზმა. იცი, ვინ იყვნენ ნაზირები? ისინი იეჰოვას გამორჩეული მსახურები იყვნენ. მათ ეკრძალებოდათ თმის შეჭრა.

გავიდა დრო და მანოახს ვაჟი შეეძინა, რომელსაც სამსონი დაარქვა. როცა წამოიზარდა, იეჰოვამ სამსონს განსაკუთრებული ფიზიკური ძალა მისცა. ის ისეთი ძლიერი იყო, რომ ლომის მოკვლაც კი შეეძლო ცარიელი ხელებით. ერთხელ მან მარტომ 30 ფილისტიმელი მოკლა. ფილისტიმელებს სძულდათ სამსონი და სულ იმაზე ფიქრობდნენ, როგორ მოეკლათ ის. ერთხელ, როცა სამსონი ღამის გასათევად ღაზაში დარჩა, ფილისტიმელები ქალაქის კარიბჭესთან ჩაუსაფრდნენ, რათა დილით მოეკლათ იგი. შუაღამისას ადგა სამსონი, ქალაქის გასასვლელთან მივიდა, კარიბჭის კარი მოგლიჯა, მხრებზე გაიდო და ხებრონის მთის წვერზე აიტანა.

ამის შემდეგ ფილისტიმელები მივიდნენ დალილასთან, სამსონის შეყვარებულთან, და უთხრეს: ძალიან ბევრ ფულს მოგცემთ, თუ გაგვიგებ, საიდან აქვს სამსონს ამხელა ძალა. გვინდა, შევიპყროთ და ციხეში ჩავსვათ ის. დალილა დახარბდა ფულს და დასთანხმდა მათ შემოთავაზებას. თავიდან სამსონი არ უმხელდა დალილას თავისი ძალის საიდუმლოს, მაგრამ ის იქამდე ეწუწუნა მას, სანამ არ ათქმევინა. მე ნაზირი ვარ და თმა არასდროს შემიჭრია, — უთხრა მას სამსონმა. — თუ თმას შევიჭრი, ძალას დავკარგავ. რა დიდი შეცდომა დაუშვა, არა, სამსონმა?

დალილამ მაშინვე ყველაფერი ფილისტიმელებს უამბო. მორიგი სტუმრობისას მან სამსონი თავის მუხლებზე დააძინა, დაუძახა ერთ-ერთ ფილისტიმელს და თმა შეაჭრევინა მისთვის. მერე ხმამაღლა დაიძახა: სამსონ, ფილისტიმელები მოვიდნენ! სამსონმა გაიღვიძა და ნახა, რომ ძალა წართმეოდა. ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი, თვალები დასთხარეს და საპყრობილეში ჩასვეს.

ერთხელ ათასობით ფილისტიმელი თავიანთი ღვთის, დაგონის, ტაძარში იყო შეკრებილი. ისინი გაჰყვიროდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი. გამოიყვანეთ, რომ გაგვართოს! გამოიყვანეს სამსონი, ორ სვეტს შორის დააყენეს და დაცინვა დაუწყეს. პატიმრობაში ყოფნისას მას თმა წამოზრდოდა. სამსონმა იეჰოვას შესთხოვა: გთხოვ, ამ ერთხელაც მომეცი ძალა. ის მთელი ძალით მიაწვა სვეტებს და შენობა ნანგრევებად იქცა. დაიხოცა ყველა, ვინც ტაძარში იყო, მათ შორის, სამსონიც.

„ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13)