არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 65

ესთერმა თავისი ხალხი გადაარჩინა

ესთერმა თავისი ხალხი გადაარჩინა

ესთერი იუდეველი გოგო იყო, რომელიც სპარსეთის ქალაქ შუშანში ცხოვრობდა. დიდი ხნით ადრე მისი წინაპრები ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან სპარსეთში გადაასახლა. ესთერი თავისმა ბიძაშვილმა, მორდოქაიმ გაზარდა. მორდოქაი სპარსეთის მეფის, ახაშვეროშის, მსახური იყო.

მეფე ახაშვეროშმა გადაწყვიტა, ახალი დედოფალი აერჩია. მსახურებმა ულამაზესი ქალები მიუყვანეს მეფეს მთელი ქვეყნიდან, რომელთა შორის ესთერიც იყო. მეფემ დედოფლად ესთერი აირჩია. მორდოქაიმ უთხრა მას, არ ეთქვა მეფისთვის რომ იუდეველი იყო.

ერთი ამაყი კაცი, სახელად ჰამანი, მთავრების უფროსი იყო. მას უნდოდა, რომ მის წინაშე ყველას მუხლი მოედრიკა. მორდოქაიმ კი ეს არ გააკეთა. ამაზე ჰამანი ძალიან გაბრაზდა და მისი მოკვლა გადაწყვიტა. როდესაც ჰამანმა გაიგო, რომ მორდოქაი იუდეველი იყო, გეგმა შეადგინა მთელი იუდეველების გასანადგურებლად. ჰამანი მეფესთან მივიდა და უთხრა: იუდეველები საშიში ხალხია. უნდა დახოცო ისინი. ახაშვეროშმა უთხრა მას: გააკეთე, რაც გულში გაქვს. შემდეგ კი მეფემ უფლება მისცა ჰამანს, გამოეცა კანონი. კანონში ეწერა, რომ ადარის თვის მეცამეტე დღეს სპარსელებს ყველა იუდეველი უნდა დაეხოცათ. იეჰოვა ყველაფერს ხედავდა, რასაც ჰამანი აკეთებდა.

ესთერმა ამ ბრძანების შესახებ არაფერი იცოდა. ამიტომ მორდოქაიმ ბრძანების ასლი გაუგზავნა მას და სთხოვა, მეფეს დალაპარაკებოდა. ესთერმა მორდოქაის შეუთვალა: ნებისმიერი ადამიანი, ვინც მეფესთან ნებართვის გარეშე შევა, მოკვდება. უკვე 30 დღეა მეფეს არ დაუძახია ჩემთვის. მაგრამ მე მაინც შევალ მეფესთან. თუ ის თავის კვერთხს ჩემკენ გამოიშვერს, სიკვდილს გადავურჩები, თუ არა და — მოვკვდები.

ესთერი მეფის სასახლის ეზოსკენ გაემართა. როცა მეფემ დედოფალი დაინახა, მაშინვე კვერთხი გაიშვირა მისკენ. მეფემ ჰკითხა მას: რა მოხდა, ესთერ, რა სათხოვარი გაქვს? დედოფალმა მიუგო: მინდა, რომ შენ და ჰამანი ნადიმზე დაგპატიჟოთ. შუა ნადიმზე ესთერმა სთხოვა მეფეს, მეორე დღესაც მისულიყვნენ მასთან სადილად. მეორე დღეს გამართულ ნადიმზე მეფემ ისევ ჰკითხა ესთერს: რა გინდა, ესთერ, რა გაგიკეთო? დედოფალმა მიუგო მეფეს: მე და ჩემს ხალხს ერთი კაცი მოკვლას გვიპირებს. გვიხსენი მისი ხელიდან, მეფეო. გაოგნებულმა ახაშვეროშმა ჰკითხა მას, თუ ვის უნდოდა მისი მოკვლა; როცა გაიგო, რომ ის ბოროტი კაცი ჰამანი იყო, ძალიან გაბრაზდა და მისი მოკვლის ბრძანება გასცა.

ვინაიდან სპარსეთში გამოცემული კანონების გაუქმება არავის შეეძლო, თვით მეფესაც კი, ჰამანის მიერ გამოცემული კანონის შეცვლასაც ვერავინ შეძლებდა. ამიტომ მეფემ ჰამანის ნაცვლად მთავრების ზედამხედველად მორდოქაი დანიშნა და მას ახალი კანონის გამოცემის უფლება მისცა. მოდოქაიმ შეადგინა კანონი, რომლის მიხედვითაც, იუდეველებს შეეძლოთ თავის დაცვა, როცა მტრები შეუტევდნენ. ადარის თვის მეცამეტე დღეს იუდეველებმა დაამარცხეს თავიანთი მტრები. იმ დღის შემდეგ ისინი ყოველ წელს ზეიმობდნენ ამ გამარჯვებას.

„წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, მათთვის და უცხოტომელებისთვის დასამოწმებლად“ (მათე 10:18)