არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოდესმე დასრულდება ტერორიზმი?

ოდესმე დასრულდება ტერორიზმი?

 ტერორისტული აქტის შემდეგ ბუნებრივია, დაგებადოთ შემდეგი კითხვები: რატომ ხდება მსგავსი უბედურებები? ნუთუ ღმერთს არ ადარდებს, რაც ხდება? ოდესმე დასრულდება ტერორიზმი a? როგორ ვიცხოვრო ასეთ შიშში? ბიბლია დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვცემს ამგვარ კითხვებზე.

როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს ტერორიზმთან დაკავშირებით?

 ღმერთს სძულს ძალადობა და ტერორიზმი (ფსალმუნი 11:5; იგავები 6:16, 17). იესომ, ღვთის წარმომადგენელმა, გაკიცხა თავისი მოწაფეები, როდესაც მათ ძალადობას მიმართეს (მათე 26:50—52). მართალია, ზოგი აცხადებს, რომ ძალადობას ღვთის სახელით სჩადის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლა ღმერთი აძლევს მათ ამის უფლებას. უფრო მეტიც, ასეთი ხალხის ლოცვას ღმერთი არც კი ისმენს (ესაია 1:15).

 ღმერთს აღელვებს მათი მდგომარეობა, ვინც სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ტერორიზმის გამო, იტანჯება (ფსალმუნი 31:7; 1 პეტრე 5:7). ბიბლიაში ისიცაა ნათქვამი, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ძალადობას (ესაია 60:18).

ტერორიზმის გამომწვევი მიზეზი

 ბიბლიაში ნაჩვენებია, თუ რა არის ტერორიზმის გამომწვევი მიზეზი: „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). საუკუნეების განმავლობაში ძალაუფლების მქონე ადამიანები ტერორს მიმართავდნენ სხვების დასაჩაგრად. მეორე მხარეც ძალადობითვე ცდილობდა თავის დაცვას (ეკლესიასტე 7:7).

ტერორიზმის დასასრული

 ღმერთი გვპირდება, რომ მოსპობს შიშსა და ძალადობას და მთელ დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებს (ესაია 32:18; მიქა 4:3, 4). ღმერთი:

  •   ბოლოს მოუღებს ტერორიზმის გამომწვევ მიზეზს. ის ჩაანაცვლებს ადამიანურ მმართველობებს თავისი მმართველობით, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდება. ამ ხელისუფლების მმართველი, იესო ქრისტე, ყველას სამართლიანად მოეპყრობა და მოსპობს ჩაგვრასა და ძალადობას (ფსალმუნი 72:2, 14). იმ დროს აღარავინ განახორციელებს ტერორისტულ აქტებს. ადამიანები „დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

  •   აღმოფხვრის ტერორიზმის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ზიანს. ღმერთი მოუშუშებს ადამიანებს ტერორიზმით მიყენებულ ფიზიკურ და ემოციურ იარებს (ესაია 65:17; გამოცხადება 21:3, 4). ის იმასაც კი გვპირდება, რომ მკვდრებს აღადგენს მშვიდობიან დედამიწაზე საცხოვრებლად (იოანე 5:28, 29).

 ბიბლიაში ჩაწერილია არაერთი საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთი მალე დაიწყებს მოქმედებას. თუმცა შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „რატომ აქამდე არ მოუღო ღმერთმა ბოლო ტერორიზმს?“. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად უყურეთ ვიდეოს, „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?“.

a „ტერორიზმში“ ზოგადად იგულისხმება ძალადობის გამოყენება ან მუქარა ხალხში შიშის ჩასანერგად და იმ მიზნით, რომ ისინი პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური ამბოხებისკენ წააქეზონ. თუმცა შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კონკრეტული ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ტერორისტულ აქტად და რომელი — არა.