არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად ზრუნავს ღმერთი შენზე?

ნამდვილად ზრუნავს ღმერთი შენზე?

ნამდვილად ზრუნავს ღმერთი შენზე?

გიგრძნია სხვებისგან სიყვარული? ხომ არ გეუფლება ზოგჯერ ისეთი გრძნობა, რომ არავის აინტერესებ? ცხოვრების სწრაფი ტემპისა და გავრცელებული ეგოიზმის გამო, ადვილად შეიძლება დაიჯერო, რომ ყურადღების ღირსი არა ხარ. მართლაც, როგორც ბიბლია ჩვენს დღეებზე წინასწარმეტყველებს, ბევრი იმდენად არის საკუთარ თავზე კონცენტრირებული, რომ სხვები არ აინტერესებს (2 ტიმოთე 3:1, 2).

ასაკობრივი, კულტურული, ენობრივი თუ რასობრივი სხვაობის მიუხედავად, ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი მოთხოვნილება, რომ უყვარდეს და უყვარდეთ. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ჩვენი ნერვული სისტემა ისეა შექმნილი, რომ განსაკუთრებით შევიგრძნოთ სითბო და სიყვარული. ჩვენს შემოქმედზე, იეჰოვა ღმერთზე უკეთ არავინ იცის, რომ სიყვარულისა და დაფასების მოთხოვნილება გვაქვს. რას იგრძნობდი, თუ თავად ღმერთი დაგარწმუნებდა, რომ ძვირფასი ხარ მისთვის? ალბათ, ყველაზე ძალიან ღვთისგან აღიარება გაგიხარდებოდა. შეიძლება დაბეჯითებით იმის თქმა, რომ იეჰოვა დაინტერესებულია არასრულყოფილი ადამიანებით? არის ის პირადად შენით დაინტერესებული? როგორი ადამიანია ღვთის თვალში ძვირფასი?

იეჰოვა ზრუნავს

დაახლოებით 3 000 წლის წინათ მცხოვრებ ერთ ღვთისმოშიშ ფსალმუნმომღერალს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებაზე მოწიწების გრძნობა ეუფლებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ უთვალავი ვარსკვლავის შემოქმედი უსაზღვროდ დიდებული იყო. ფსალმუნმომღერალი გაკვირვებას ვერ მალავდა, როცა იეჰოვას სიდიადეს ადამიანის უმწეობასა და სიმცირეს ადარებდა: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს, ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?“ (ფსალმუნი 8:3, 4). შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ უზენაესი ღმერთი ძალიან შორს არის ჩვენგან ან ძალიან დაკავებულია საიმისოდ, რომ არასრულყოფილ ადამიანებს მოგვაქციოს ყურადღება. მაგრამ ფსალმუნმომღერალმა იცოდა, რომ ჩვენი მდგომარეობისა და ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ღმერთი უყურადღებოდ არ გვტოვებს.

სხვა ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს: „იეჰოვას მისი მოშიშები ახარებენ, ისინი, ვინც მის სიკეთეს მოელიან“ (ფსალმუნი 147:11). ორივე ფსალმუნში გამოთქმული აზრი გულში ჩამწვდომია. ისეთი აღმატებული პიროვნება, როგორიც იეჰოვაა, არა მხოლოდ გვიცნობს, არამედ ზრუნავს ჩვენზე და ხარობს ჩვენით.

ამ ფაქტს ხაზს უსვამს ბიბლიური წინასწარმეტყველებაც, რომელიც ჩვენს დროში სრულდება. ანგია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვა ამბობს, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა. რა შედეგს მოიტანდა ეს? წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „მოვა ხალხთა საუნჯე; დიდებით ავავსებ ამ სახლს“ (ანგია 2:7).

რა არის ის „საუნჯე“, რომელიც ყველა ხალხიდან გროვდება? საეჭვოა, რომ ეს მატერიალური სიმდიდრე იყოს (ანგია 2:8). იეჰოვას გულს ვერც ვერცხლი გაახარებს და ვერც ოქრო. ის ხარობს იმ ხალხით, რომლებიც არასრულყოფილების მიუხედავად, სიყვარულით სცემენ მას თაყვანს (იგავები 27:11). ისინი არიან „საუნჯე“, რომლებსაც დიდება მოაქვთ მისთვის. ღმერთი აფასებს მათ ერთგულებასა და გულმოდგინე მსახურებას. ხარ შენც მათ შორის?

ის აზრი, რომ არასრულყოფილი ადამიანები შეიძლება სამყაროს დიდებული შემოქმედის საუნჯე იყვნენ, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია. მაგრამ ეს ჭეშმარიტებაა და ამან უნდა აღგვძრას, მივიღოთ გულთბილი მოწვევა და დავუახლოვდეთ ღმერთს (ესაია 55:6; იაკობი 4:8).

„ძალიან ძვირფასი ხარ“

ერთ საღამოს ხანში შესულ წინასწარმეტყველ დანიელს საკვირველი რამ შეემთხვა. ლოცვის დროს მას მოულოდნელად განსაკუთრებული პიროვნება ესტუმრა. მას გაბრიელი ერქვა. დანიელმა იცნო, რომ ის იეჰოვას ანგელოზი იყო, რადგან მას ადრეც შეხვედროდა. გაბრიელმა დანიელს თავისი მოულოდნელი სტუმრობის მიზეზი აუხსნა: „დანიელ, მოვედი, რომ უკეთ გაიგო და ჩასწვდე ყველაფერს . . . რადგან ძალიან ძვირფასი ხარ“ (დანიელი 9:21—23).

სხვა დროს იეჰოვას ერთ-ერთმა ანგელოზმა დანიელს ასე მიმართა: „დანიელ, ძვირფასო ადამიანო“. შემდეგ განსამტკიცებლად უთხრა: „ნუ გეშინია, ძვირფასო ადამიანო, მშვიდობა შენდა“ (დანიელი 10:11, 19). ამრიგად, დანიელზე სამჯერ წერია, რომ ის იყო „ძალიან ძვირფასი“, რაც შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს „უსაყვარლესს“ და „დიდად დაფასებულს“.

უდავოდ, დანიელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. მან იცოდა, რომ იეჰოვა იწონებდა მის თავდადებულ მსახურებას. მაგრამ ანგელოზების მეშვეობით გადაცემული იეჰოვას თბილი სიტყვები, მას უსაზღვროდ გაამხნევებდა. გასაკვირი არ არის დანიელის პასუხი: „განმამტკიცე“ (დანიელი 10:19).

ის გულში ჩამწვდომი სიტყვები, რომლებშიც ერთგული წინასწარმეტყველისადმი იეჰოვას სითბო ჩანს, ჩვენს სასარგებლოდ დაიწერა (რომაელები 15:4). თუ დანიელის მაგალითზე დავფიქრდებით, გავიგებთ, როგორი ადამიანია ძვირფასი ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის თვალში.

რეგულარულად ისწავლეთ ღვთის სიტყვა

დანიელი ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარი იყო. ამას ჩვენ მისივე ნათქვამიდან ვიგებთ: „მე . . . წიგნებიდან გავიგე იმ წლების რიცხვი . . . [როცა] იერუსალიმი . . . უნდა ყოფილიყო განადგურებული“ (დანიელი 9:2). როგორც ჩანს, დანიელისთვის მაშინ ხელმისაწვდომი იყო მოსეს, დავითის, სოლომონის, ესაიას, იერემიას, ეზეკიელისა და სხვა წინასწარმეტყველთა ღვთივშთაგონებული წიგნები. წარმოიდგინეთ გრაგნილებში თავჩარგული დანიელი, რომელიც გულდასმით კითხულობს და ერთმანეთს ადარებს იერუსალიმში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ სხვადასხვა წინასწარმეტყველებას. მშვიდ და მყუდრო გარემოში, ალბათ, ზემოთა ოთახში, ის უეჭველად ღრმად უფიქრდებოდა თითოეულ წინასწარმეტყველებას. მიზანმიმართულმა შესწავლამ მას რწმენა განუმტკიცა და იეჰოვასთან დააახლოვა.

ღვთის სიტყვის შესწავლა დანიელს პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარა და მთელ მის ცხოვრებაზე იქონია გავლენა. უეჭველად, ახალგაზრდა დანიელს ადრეულ ასაკში ღვთის სიტყვიდან მიღებული ცოდნა დაეხმარა, რომ დაეცვა საკვებთან დაკავშირებული ის მითითებები, რომლებიც ღვთის კანონში იყო ჩაწერილი (დანიელი 1:8). მოგვიანებით მან უშიშრად გაუცხადა ღვთის ცნობა ბაბილონის მმართველებს (იგავები 29:25; დანიელი 4:19—25; 5:22—28). დანიელს ყველა გულმოდგინე, პატიოსან და სანდო კაცად იცნობდა (დანიელი 6:4). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ბოლომდე ენდობოდა იეჰოვას და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად კომპრომისზე არ წასულა (იგავები 3:5, 6; დანიელი 6:23). რა გასაკვირია, რომ ღვთის თვალში დანიელი „ძალიან ძვირფასი“ იყო!

გარკვეულწილად, დღეს ბიბლიის შესწავლა ჩვენთვის უფრო ადვილია, ვიდრე დანიელისთვის იყო. დიდი და მძიმე გრაგნილები წიგნებით შეიცვალა. დღეს ჩვენ ასევე გვაქვს სრული ბიბლია, რომელთა შორის არის ის წიგნები, საიდანაც ვიგებთ დანიელის ზოგიერთი წინასწარმეტყველების შესრულებას. გარდა ამისა, ბიბლიის გასაგებად ხელმისაწვდომია უამრავი დამხმარე და საკვლევი საშუალება. * იყენებ მათ? რეგულარულად გეგმავ ბიბლიის კითხვას და ფიქრობ წაკითხულზე? თუ ასეა, შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც დანიელის შემთხვევაში იყო — გაიძლიერებ რწმენას და უფრო დაუახლოვდები იეჰოვას. ღვთის სიტყვა ცხოვრებაში საიმედო მეგზურობას გაგიწევს და ღვთის მზრუნველობაში დაგარწმუნებს.

გამუდმებით ილოცეთ

დანიელისთვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი სათხოვარი ყოველთვის მისაღები იყო იეჰოვასთვის. ერთხელ ახალგაზრდა დანიელი რთული ამოცანის წინაშე დადგა: თუ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის სიზმარს ვერ ახსნიდა, სიკვდილით დაისჯებოდა. დანიელმა დაუყოვნებლივ სთხოვა იეჰოვას დახმარება და მფარველობა (დანიელი 2:17, 18). დანიელი თავის არასრულყოფილებასაც აცნობიერებდა. ამ ერთგულმა წინასწარმეტყველმა თავმდაბლად აღიარა როგორც საკუთარი, ისე ერის ცოდვები და პატიება სთხოვა იეჰოვას (დანიელი 9:3—6, 20). როცა დანიელი ღვთის შთაგონებით მიღებულ ცნობას ვერ იგებდა, დახმარებას ღმერთს სთხოვდა ხოლმე. ერთხელ, როდესაც ხილვის ასახსნელად მას ანგელოზი ეწვია, ამ უკანასკნელმა უთხრა: „შესმენილ იქნა შენი სიტყვები“ (დანიელი 10:12).

ერთგული დანიელი ღმერთს მხოლოდ დახმარებისთვის როდი მიმართავდა. დანიელის 6:10-ში ვკითხულობთ: „დღეში სამჯერ . . . ლოცულობდა და ხოტბას ასხამდა თავის ღმერთს, რასაც მანამდეც გამუდმებით აკეთებდა“. დანიელი არაერთი მიზეზის გამო მადლობდა და განადიდებდა იეჰოვას, და ამას ის რეგულარულად აკეთებდა. ნამდვილად, ლოცვა იყო მისი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მის გამო სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩაიგდო. გასაკვირი არ არის, რომ ამ მტკიცე ბუნების ადამიანმა თავი შეაყვარა იეჰოვას.

რაოდენ დიდი ძღვენია ლოცვა ჩვენთვის! ზეციერ მამასთან საუბრის გარეშე ერთმა დღემაც კი არ უნდა ჩაიაროს. არ დაგავიწყდეს ღვთისთვის მადლობისა და ქების სიტყვების თქმა იმ ყოველივე კარგისთვის, რასაც ის შენთვის აკეთებს. თავისუფლად გამოხატე ლოცვაში შენი წუხილი და დარდი. დაფიქრდი იმაზე, თუ როგორ გაეცა პასუხი შენს ლოცვას და იყავი მადლიერი. დრო გამოყავი, რომ ღმერთს ლოცვაში დიდხანს ელაპარაკო. თუ იეჰოვას გულს გადავუშლით, პირადად ვიგრძნობთ მის სიყვარულს, რაც „გამუდმებით ლოცვის“ სტიმულს მოგვცემს (რომაელები 12:12).

განადიდე იეჰოვას სახელი

მეგობრობა დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუ ერთ-ერთი მხარე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. იეჰოვასთან მეგობრობაზეც იმავეს თქმა შეიძლება. დანიელმა ეს შესანიშნავად იცოდა. გავიგოთ, რამდენად იყო ის დაინტერესებული იეჰოვას სახელის განდიდებით.

როცა ღმერთმა დანიელის ლოცვას უპასუხა და ნაბუქოდონოსორის სიზმარი და მისი მნიშვნელობა გაუმჟღავნა, დანიელმა თქვა: „კურთხეული იყოს ღვთის სახელი მარადიულად, რადგან მისია სიბრძნე და ძლევამოსილება“. მოგვიანებით, როცა ნაბუქოდონოსორს სიზმარი მოუყვა და მისი მნიშვნელობა აუხსნა, დანიელმა ქება ისევ და ისევ იეჰოვას მიაგო და დასძინა, რომ მხოლოდ ის არის „საიდუმლოთა განმცხადებელი“. აგრეთვე, როცა ლოცვაში დანიელი ღმერთს პატიებასა და ხსნას სთხოვდა, ამბობდა: „ჩემო ღმერთო . . . შენი სახელით იწოდება შენი ქალაქი და შენი ხალხი“ (დანიელი 2:20, 28; 9:19).

ჩვენ მრავალი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ამ მხრივ დანიელს მივბაძოთ. ლოცვისას შეგვიძლია ‘ღვთის სახელის განწმენდის’ სურვილი გამოვხატოთ (მათე 6:9, 10). არასოდეს დავუშვათ, რომ ჩვენი ქცევით იეჰოვას წმინდა სახელი შეილახოს. ჩვენ ყოველთვის უნდა განვადიდოთ იეჰოვა და გავუზიაროთ სხვებს ის სასიხარულო ცნობა, რასაც სამეფოს შესახებ ვიგებთ.

მართალია, დღეს ქვეყნიერებაში სიყვარულსა და მზრუნველობას ნაკლებად ავლენენ, მაგრამ თავი შეგვიძლია იმის ცოდნით ვინუგეშოთ, რომ იეჰოვა თითოეულ თავის თაყვანისმცემელზე ზრუნავს. კარგად თქვა ფსალმუნმომღერალმა: „იეჰოვას სიამოვნებს თავისი ხალხი. ის ხსნით ამკობს თვინიერებს“ (ფსალმუნი 149:4).

[სქოლიო]

^ აბზ. 18 იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ უამრავ საკვლევ და სასწავლო საშუალებებს, რომლებიც ბიბლიის კითხვასა და შესწავლას უფრო ნაყოფიერს ხდის. თუ გსურთ მათი მიღება, მიმართეთ იეჰოვას მოწმეებს.

[ჩანართი 21 გვერდზე]

ღმერთმა თავის სიყვარულში დაარწმუნა დანიელი, როცა განსამტკიცებლად ანგელოზი გაბრიელი გაუგზავნა

[ჩანართი 23 გვერდზე]

გულმოდგინე შესწავლისა და ლოცვის დახმარებით დანიელი ღვთისთვის საყვარელი ადამიანი გახდა