არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლა უპატიოსნობაა ეს?

მართლა უპატიოსნობაა ეს?

მართლა უპატიოსნობაა ეს?

„სადაზღვევო კომპანიას ცოტათი შეცვლილი ინფორმაცია მიაწოდე და ყველაფერი კარგად იქნება“.

„საჭირო არ არის, საგადასახადომ ყველაფერი იცოდეს“.

„მთავარია, არავინ წაგასწროს“.

„რატომ უნდა გადაიხადო, როცა შეგიძლია, უფასოდ მიიღო?“

შესაძლოა, მსგავსი რჩევები თქვენთვისაც მოუციათ. ზოგი ყველა სიტუაციიდან პოულობს იოლ გამოსავალს. მაგრამ საკითხავია, რამდენად პატიოსნად იქცევიან ისინი ამ დროს?

უპატიოსნობა დღეს იმდენად ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ ხალხი ხშირად ტყუილს, თაღლითობასა და ქურდობას მიმართავს იმისათვის, რომ თავი აარიდოს დასჯას, იშოვოს ფული ან წინ წაიწიოს ამა თუ იმ საქმეში. ვერც გამოჩენილი ადამიანები იძლევიან ყოველთვის პატიოსნების კარგ მაგალითს. ევროპის ერთ ქვეყანაში 2005—2006 წლებში თაღლითობისა და სხვისი ქონების მითვისების მაჩვენებელი 85 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ამ მონაცემებში არ შედის ის მცირე უპატიოსნო საქმეები, რასაც ხალხი წვრილმანებს ან „უმნიშვნელო ცოდვებს“ უწოდებს. გასაკვირი არ არის, რომ ამავე ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები სკანდალში გაეხვივნენ, როცა გაირკვა, რომ კარიერის შესაქმნელად ყალბი დიპლომები ჰქონიათ.

მიუხედავად იმისა, რომ უპატიოსნობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით, ბევრი ცდილობს, პატიოსნად მოიქცეს. ალბათ, თქვენც მათ რიცხვს განეკუთვნებით. შესაძლოა, ამისკენ ღვთის სიყვარული აღგძრავთ და იმის გაკეთება გსურთ, რაც მის თვალში სწორია (1 იოანე 5:3). შეიძლება თქვენც მოციქულ პავლეს მსგავსად ფიქრობთ, რომელმაც დაწერა: „დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). ამიტომ, გთავაზობთ, ერთად განვიხილოთ რამდენიმე სიტუაცია და დავინახოთ, რა დროს შეიძლება ადამიანი, რომელსაც „ყველაფერში პატიოსნად“ მოქცევა სურს, გამოცდის წინაშე აღმოჩნდეს. აგრეთვე განვიხილავთ ბიბლიურ პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებაც ასეთ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.

ვინ უნდა აანაზღაუროს ზარალი?

ერთხელ, ერთმა გოგონამ, სახელად ლიზამ, * მანქანის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა და სხვა მანქანას შეეჯახა. არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე მანქანა დაზიანდა. მის ქვეყანაში სადაზღვევო კომპანიები ახალგაზრდა მძღოლებს მანქანის დაზღვევისთვის უფრო მაღალ გადასახადს ახდევინებენ და ეს გადასახადი ყოველი საგზაო შემთხვევის შემდეგ იზრდება. ლიზასთან ერთად მანქანაში მისი უფროსი ბიძაშვილი, გრეგორიც იჯდა, ამიტომ ერთმა მეგობარმა ურჩია ლიზას, სადაზღვევო კომპანიისთვის ეთქვა, რომ საჭესთან გრეგორი იჯდა. ასეთი სახით ლიზა თავიდან აირიდებდა სადაზღვევო გადასახადის გაძვირებას. მეგობრის რჩევა გონივრული ჩანდა. როგორ უნდა მოქცეულიყო ლიზა?

სადაზღვევო კომპანიები პოლისის მფლობელების მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე უხდიან კომპენსაციას დაზარალებულებს. ასე რომ, თუ ლიზა თავის მეგობარს დაუჯერებდა, ფაქტობრივად, მეტ თანხას გადაახდევინებდა პოლისის მფლობელებს ზარალის ასანაზღაურებლად. ის არა მარტო ტყუილს იტყოდა, არამედ იქურდებდა კიდეც. ამის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაზეც, როცა მცდარ ინფორმაციას აწვდიან სადაზღვევო კომპანიას მეტი სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად.

ბევრმა შეიძლება შეიკავოს თავი ასეთი უპატიოსნო საქციელისგან იმის შიშით, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევთ ან სხვაგვარად დაისჯებიან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც უპატიოსნობას უნდა მოვერიდოთ, ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი. „არ მოიპარო“, — ეს არის ათი მცნებიდან ერთ-ერთი (გამოსვლა 20:15). მოციქული პავლე იმეორებს ამ კანონს და ქრისტიანებს მოუწოდებს: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს“ (ეფესოელები 4:28). თუ ბიბლიურ რჩევებს ითვალისწინებთ ზემოხსენებულ საკითხებში, ღვთისმოსაწონად იქცევით. ამგვარად ავლენთ ღვთის კანონისა და მოყვასისადმი სიყვარულს და პატივისცემას (ფსალმუნი 119:97).

„კეისრისა კეისარს მიეცით“

პიტერს, რომელიც ბიზნესმენია, თავისმა ბუღალტერმა გადასახადების შემცირების მიზნით შესთავაზა, საგადასახადოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, ვითომდა ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა. ბიზნესმენისთვის, როგორიც პიტერი იყო, ასეთი შენაძენი ჩვეულებრივი რამ იქნებოდა და, ალბათ, არც არავინ გამოიძიებდა, მართლა გასწია თუ არა მან ეს ხარჯი. გადასახადის შემცირების შემთხვევაში პიტერი დიდ თანხას დაზოგავდა. როგორ უნდა მოქცეულიყო ის? რით უნდა ეხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღების დროს?

მოციქულმა პავლემ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ . . . ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი, ვისაც ხარკი — ხარკი“ (რომაელები 13:1, 7). ვისაც სურს, ღვთის მოწონება დაიმსახუროს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი გადასახადები უნდა გადაიხადოს. მაგრამ, თუ ქვეყნის კანონი ითვალისწინებს შეღავათებს გარკვეული ბიზნესისა თუ ცალკეული მოქალაქეებისთვის, ცუდი არაფერია იმაში, რომ ისარგებლოთ ამ შეღავათებით, თუ ნამდვილად გეკუთვნით.

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც გადასახადების გადახდას ეხება. დეივიდი ერთ-ერთ საწარმოში დურგლად მუშაობს. ნაცნობებმა და მეზობლებმა ავეჯის დამზადება სთხოვეს და ისიც სამუშაო საათების შემდეგ მუშაობდა მათ შეკვეთებზე. მათ დეივიდს მის ხელფასზე მეტი თანხა შესთავაზეს, ოღონდ, ეს სამუშაო არსად არ უნდა დაფიქსირებულიყო, შესაბამისად, დეივიდს არ მოუწევდა საშემოსავლო გადასახადის გადახდა და კლიენტის ხარჯიც შემცირდებოდა. ბევრის აზრით, ამაში ცუდი არაფერია, რადგან ორივე მხარე მოგებული რჩება. დეივიდს უნდა, რომ ღვთის მოსაწონად მოიქცეს, ამიტომ, როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ასეთ შემოსავალზე?

შესაძლოა, ვერავინ დაიჭიროს ის ადამიანი, რომელიც ამგვარად იქცევა, მაგრამ ფაქტია, რომ ის სახელმწიფოს მიერ დაწესებულ გადასახადს არ იხდის. იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მათე 22:17—21). იესო ამ სიტყვებით ცდილობდა თავისი მსმენელებისთვის თვალსაზრისი შეეცვლევინებინა გადასახადების გადახდაზე. სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელთაც იესომ კეისარი უწოდა, მიიჩნევენ, რომ კანონიერი უფლება აქვთ, მოითხოვონ გადასახადები. ქრისტეს მიმდევრებიც გადასახადების გადახდას ბიბლიურ ვალდებულებად თვლიან.

თვალთმაქცობა გამოცდებზე

სკოლის მოსწავლე, მართა, გამოსაშვები გამოცდებისთვის ემზადება. იშოვის თუ არა კარგ სამსახურს, იმაზეა დამოკიდებული, როგორ ნიშნებს მიიღებს, ამიტომ ბევრს მეცადინეობს. ზოგი მისი თანაკლასელიც ემზადება გამოცდებისთვის, ოღონდ სხვანაირად. მაღალი ნიშნები რომ მიიღონ, ისინი პეიჯერების, მობილური ტელეფონებისა და წინასწარ დაპროგრამებული კალკულატორების გამოყენებას აპირებენ. მართაც ისე უნდა მოიქცეს, როგორც „ყველა“ იქცევა, კარგი ნიშნები რომ მიიღოს?

ვინაიდან თვალთმაქცობა გამოცდებზე ჩვეულებრივი რამ გახდა, ბევრი ცუდს ვერაფერს ხედავს ამაში. ისინი ასე მსჯელობენ: „მთავარია, არ წაგასწრონ“. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ასეთი თვალსაზრისი მიუღებელია. შესაძლოა, მასწავლებელმა ვერ დაგინახოთ, მაგრამ არის ის, ვინც ყველაფერს ხედავს. იეჰოვა ღმერთმა იცის, რას ვაკეთებთ და პასუხსაც მოგვთხოვს. პავლემ დაწერა: „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13). ღმერთი გვაკვირდება, რადგან სურს, რომ სწორად ვიქცეოდეთ. ამიტომ, არ გვინდა ვითვალთმაქცოთ გამოცდებზე.

თქვენ რას იზამდით?

ლიზა, გრეგორი, პიტერი, დეივიდი და მართა მიხვდნენ, რომ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე იდგნენ. მათ გადაწყვიტეს პატიოსნად მოქცეულიყვნენ და სუფთა სინდისი და უმწიკვლობა შეენარჩუნებინათ. თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს ვითარებაში?

თქვენს თანამშრომლებს, თანაკლასელებსა და მეზობლებს, შესაძლოა, არასწორად არ მიაჩნიათ ტყუილის თქმა, თაღლითობა და ქურდობა. შეიძლება დაგცინიან კიდეც, რათა გაიძულონ, მათსავით მოიქცეთ. რა დაგეხმარებათ იმაში, რომ არ მოექცეთ მათ გავლენაში და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ?

გახსოვდეთ, თუ ღვთის ნების თანახმად მოიქცევით, სუფთა სინდისი და ღვთის კეთილგანწყობა გექნებათ. მეფე დავითმა დაწერა: „იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე? ვინც უბიწოდ დადის, სიმართლეს აკეთებს და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში . . . ასე მოქმედი არასოდეს წაიბორძიკებს“ (ფსალმუნი 15:1—5). უპატიოსნო გზით ნაშოვნი ვერანაირი შენაძენი ვერ შეედრება სუფთა სინდისსა და ზეციერ ღმერთთან მეგობრობას.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 12 გვერდზე]

„ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს“.

ღვთის კანონისადმი პატივისცემა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, პატიოსნები ვიყოთ სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობისას.

[ჩანართი 12 გვერდზე]

„ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი“.

ღვთის მოწონება რომ დავიმსახუროთ, კანონით დადგენილი ყველა გადასახადი უნდა გადავიხადოთ.

[ჩანართი 13 გვერდზე]

„ყოველივე . . . ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“.

შეიძლება მასწავლებელმა ვერ წაგვასწროს, როცა ვიწერთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, ღვთის წინაშე ვიყოთ პატიოსნები.

[ჩარჩო⁄სურათები 14 გვერდზე]

შეუმჩნეველი ქურდობა

თქვენმა მეგობარმა კომპიუტერული პროგრამის ბოლო ვერსია შეიძინა და თქვენც გინდათ, გქონდეთ ის. მეგობარი გთავაზობთ ამ პროგრამის ასლის გაკეთებას, რათა თანხა დაზოგოთ. გამართლებული იქნება ასეთი საქციელი?

კომპიუტერული პროგრამის ყიდვისას თანხმობას აცხადებთ პროგრამის ლიცენზიაში მოცემულ პირობებზე. ლიცენზიის თანახმად მომხმარებელს შეიძლება პროგრამის მხოლოდ ერთ კომპიუტერში ჩატვირთვისა და გამოყენების უფლება ჰქონდეს. მაგრამ, თუ ამ პროგრამას სხვასაც გადაუწერთ, ლიცენზიის პირობებს არღვევთ და უკანონობას სჩადიხართ (რომაელები 13:4). ასეთი საქციელი ქურდობაც არის, რადგან საავტორო უფლებების მფლობელი ვერ იღებს იმ თანხას, რომელიც სამართლიანად ეკუთვნის (ეფესოელები 4:28).

შესაძლოა, ზოგი იმით იმშვიდებს თავს, რომ ამას ვერავინ გაიგებს. ასეც რომ იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს იესოს სიტყვები: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ყველას გვსიამოვნებს, როცა შესრულებული სამუშაოსთვის შესაბამის ანაზღაურებას ვიღებთ. ასევე გვსურს, რომ სხვები პატივს სცემდნენ ჩვენს საკუთრებას. ამიტომ ჩვენც ასევე უნდა მოვექცეთ სხვებს. უნდა მოვერიდოთ შეუმჩნეველ ქურდობას, მაგალითად, სხვისი ინტელექტუალური საკუთრების * მითვისებას (გამოსვლა 22:7—9).

[სქოლიო]

^ აბზ. 40 ინტელექტუალურ საკუთრებაში შედის საავტორო უფლებებით დაცული ისეთი მასალები, როგორიცაა მუსიკალური ნაწარმოებები, ლიტერატურული ნაშრომები ან კომპიუტერული პროგრამები, იქნება ეს დაბეჭდილი სახით თუ ელექტრონული ფორმატით. ამ კატეგორიას განეკუთვნება სავაჭრო ნიშნები, პატენტები, პროფესიული საიდუმლოებები და სხვა.