არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ერთგულებით უპასუხებ“

„ერთგულებით უპასუხებ“

დაუახლოვდით ღმერთს

„ერთგულებით უპასუხებ“

2 სამუელი 22:26

ძალიან გულსატკენია, როცა ადამიანი, რომელსაც ვენდობით, იმედს გვიცრუებს ან გვღალატობს. მსგავსი გულისტკივილის მოყენება ცოტა რამეს თუ შეუძლია. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხშირია დღევანდელ ქვეყნიერებაში, სადაც ორგულობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით (2 ტიმოთე 3:1—5). არსებობს ისეთი პიროვნება, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში ჩვენი ერთგული დარჩება? მოდი, გავიგოთ ისრაელის მეფის, დავითის პასუხი ამ შეკითხვაზე.

მთელი სიცოცხლის განმავლობაში დავითი არაერთხელ გახდა საშინელი ორგულობის მსხვერპლი. მას უსამართლოდ გადაეკიდა და დევნიდა ისრაელის პირველი მეფე, შურით დაბრმავებული საული. საკუთარმა მეუღლემ, მიქალმაც „გულში აბუჩად აიგდო იგი“, რაც ფაქტობრივად, ორგულობის ტოლფასი იყო (2 სამუელი 6:16). მისი სანდო მრჩეველი, ახითოფელიც განუდგა მას და მის წინააღმდეგ ამბოხებულებს მიემხრო. და ვინ ედგა სათავეში ამ ამბოხებას? მეფის საკუთარი ვაჟი, აბესალომი. არაერთი იმედგაცრუების შემდეგ ჩაიქნია დავითმა ხელი და დაასკვნა, რომ არავინ იყო ბოლომდე ერთგული?

პასუხს 2 სამუელის 22:26-ში ჩაწერილი მისივე სიტყვებიდან ვიგებთ. ურყევი რწმენის მქონე დავითმა ასე შეასხა ხოტბა სიმღერით იეჰოვა ღმერთს: „ერთგულს ერთგულებით უპასუხებ“. ის დარწმუნებული იყო, რომ, როგორც არ უნდა გაეტეხათ გული სხვა ადამიანებს მისთვის, იეჰოვა ბოლომდე უერთგულებდა.

მოდი, უფრო ვრცლად განვიხილოთ დავითის ეს სიტყვები. ებრაული ფრაზა, რომელიც ითარგმნა, როგორც „ერთგულებით უპასუხებ“, შეიძლება ასევე ვთარგმნოთ, როგორც „ერთგული სიყვარულით უპასუხებ“. ნამდვილი ერთგულების სათავე სიყვარულია. იეჰოვა სიყვარულით ეკვრის თავის ერთგულთ. *

ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ერთგულება ყოველთვის საქმეში ვლინდება. იეჰოვა ერთგულებით პასუხობს, როგორც ეს დავითმა გამოსცადა საკუთარ თავზე. დავითის ცხოვრების უმძიმეს წუთებში იეჰოვა მის სასიკეთოდ მოქმედებდა, იცავდა და ხელმძღვანელობდა ამ ერთგულ მეფეს. დავითი უმადლოდა იეჰოვას, ვინაიდან მან იხსნა ის „მტრების . . . ხელიდან“ (2 სამუელი 22:1).

რას ნიშნავს დავითის სიტყვები ჩვენთვის? იეჰოვა არასდროს იცვლება (იაკობი 1:17). ის თავისი ნორმების ერთგულია და ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. სხვა ფსალმუნში დავითი წერდა: „იეჰოვა . . . არ მიატოვებს თავის ერთგულებს“ (ფსალმუნი 37:28).

იეჰოვა აფასებს ჩვენს ერთგულებას და მორჩილებას. ის მოგვიწოდებს, მივბაძოთ მას და სხვებთან ურთიერთობისას ერთგულება გამოვავლინოთ (ეფესოელები 4:24; 5:1). თუ ამგვარად ვავლენთ ერთგულებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი არასდროს მიგვატოვებს. როგორც არ უნდა გაგვიცრუონ იმედი ადამიანებმა, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ იეჰოვა გვიერთგულებს. ის ჩვენ სასიკეთოდ იმოქმედებს და დაგვეხმარება, წარმატებით გავუმკლავდეთ ნებისმიერ განსაცდელს, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ცხოვრების გზაზე. განა არ აღგძრავთ ეს იმისკენ, რომ უფრო დაუახლოვდეთ იეჰოვას, ერთგულ ღმერთს?! (გამოცხადება 16:5).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 2 სამუელის 22:26 ფსალმუნის 18:25-ის პარალელური მუხლია. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ფსალმუნის ეს მუხლი ასეა გადმოცემული: „ერთგულის მიმართ სრულ სიყვარულს ავლენ“ (The Psalms for Today).