არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ მაწყენინა მეგობარმა?

რატომ მაწყენინა მეგობარმა?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ მაწყენინა მეგობარმა?

„რამდენიმე მეგობარი მყავდა . . . შემდეგ მათ სხვა გოგონასთან დაიწყეს მეგობრობა; თუკი მივუახლოვდებოდი, ლაპარაკს წყვეტდნენ. . . მათ ნელ-ნელა ყველაფრიდან გამომთიშეს. ეს მართლაც ძალიან მტკივნეული იყო“ (კარენი). *

ასეთი რამ საუკეთესო მეგობრებს შორისაც კი შეიძლება მოხდეს. ერთ დღეს ადამიანები ვერ ძლებენ ერთმანეთის გარეშე, მეორე დღეს კი ერთმანეთის დანახვა აღარ უნდათ. . . „მეგობარი არის ადამიანი, ვისი იმედიც შეგიძლია გქონდეს, გჯერა მისი და ნებისმიერ დროს შეგიძლია მიმართო“, ამბობს 17 წლის ნორა. თუმცა, ზოგჯერ შენი საუკეთესო მეგობარი შეიძლება უბოროტეს მტრად გექცეს.

მეგობრობა განსაცდელშია

რატომ იცვლება სასიამოვნო მეგობრობა იმედგაცრუებით? სანდრას პრობლემა დაიწყო მაშინ, როცა მისმა მეგობარმა მეგანმა ერთ-ერთი საყვარელი ბლუზი ითხოვა მისგან. „ჭუჭყიანი დამიბრუნა, — ამბობს სანდრა, — თანაც სახელოზე გახეული იყო. მას არც კი უხსენებია ეს, მე რომ არ შემემჩნია“. რა იგრძნო სანდრამ მეგანის უყურადღებობის გამო? „ამან გადამრია, — ამბობს ის, — ჩანდა, რომ მისთვის ჩემი ნივთები და გრძნობები სულერით იყო“.

წყენა შეიძლება გამოიწვიოს იმანაც, თუ ახლო მეგობარი აკეთებს ან ამბობს ისეთ რამეს, რაც გამცირებს. ასე დაემართა სინდის, როდესაც თანაკლასელების ჯგუფს უთხრა, რომ საკითავი წიგნებიდან მას ჯერ არც ერთი არ წაუკითხავს. მოულოდნელად, მისმა მეგობარმა ქეითმა მისი დატუქსვა დაიწყო. „ამხანაგების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა, — იხსენებს სინდი, — ძალიან გავბრაზდი მასზე. ამის შემდეგ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა“.

ზოგჯერ ბზარი ჩნდება მაშინ, როცა მეგობარი სხვასთან იწყებს ურთიერთობას. „მე მყავდა კარგი მეგობარი, რომელიც პატარა დაჯგუფების წევრი გახდა, — ამბობს 13 წლის ბონი, — მან ჩემი უგულებელყობა დაიწყო“. ან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მეგობრის ურთიერთობაში ფარული მოტივები აღმოაჩინო. „მე და ბობი ნამდვილად კარგი მეგობრები ვიყავით, — ამბობს 13 წლის ჯო, — ვფიქრობდი, მას თავად მე მოვწონდი, მაგრამ დავინახე, რომ მხოლოდ იმიტომ დამიახლოვდა, რომ მამაჩემი სარეკლამო საქმიანობით არის დაკავებული და ყოველთვის შეუძლია კარგი ბილეთების შოვნა სპორტულ თამაშებსა და კონცერტებზე დასასწრებლად“. რას გრძნობს ახლა ჯო? „აღარასოდეს ვენდობი ბობის!“, — ამბობს ის.

ზოგჯერ მეგობარმა შეიძლება სხვებს გაუმჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც გინდოდა საიდუმლოდ თქენს შორის დარჩენილიყო. ალისონი, მაგალითად, თავის მეგობარს, სარას, თანამშრომელთან დაკავშირებული პირადი პრობლემის შესახებ ესაუბრა. მეორე დღეს სარამ პირდაპირ იმ თანამშრომლის წინაშე ახსენა ეს თემა. „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ის ასეთი ჭორიკანა იქნებოდა! — ამბობს ალისონი, — გაცოფებული ვიყავი“. 16 წლის რეიჩელსაც მსგავსი რამ შეემთხვა, როდესაც მისმა ახლო მეგობარმა ისეთი რამ გაახმაურა, რაზეც თვითონ საიდუმლოდ მსჯელობდნენ. «თავს უხერხულად და თანაც გაცემულად ვგრძნობდი, — ამბობს რეიჩელი, — ჩემთვის გავიფიქრე: „კიდევ როგორ ვენდო მას ოდესმე?“».

მეგობრობა შეიძლება ემოციური მხარდაჭერის წყარო იყოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არსებობს ურთიერთზრუნვის, ნდობისა და პატივისცემის გრძნობა. მაგრამ შეიძლება ახლო მეგობრობამაც კი პერიოდულად დაძაბულობა განიცადოს. ბიბლია პირდაპირ ამბობს: „არსებობენ ამხანაგები, რომლებიც მზად არიან ერთმანეთის დასამსხვრევად“ (იგავნი 18:24, აქ). მიზეზის მიუხედავად, შეიძლება მეგობრის მიერ გაცემის გრძნობა გამანადგურებელი აღმოჩნდეს. რატომ ხდება ასე?

რატომ მერყეობს მეგობრობა

ადამიანთა არანაირი ურთიერთობა — მათ შორის ახალგაზრდებისა თუ მოზარდების — არ არის უპრობლემო. ეს კი ზუსტად ისეა, როგორც ქრისტიანი მოწაფე იაკობი წერდა: „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“ (იაკობი 3:2; 1 იოანე 1:8). ვინაიდან ყველა ცდება, უნდა მოელოდე, რომ ადრე თუ გვიან მეგობარი გააკეთებს ან იტყვის ისეთ რამეს, რაც გეწყინება. შეიძლება ისიც გაიხსენო, როდესაც თავად აწყენინე მას (ეკლესიასტე 7:22). „ყოველი ჩვენგანი არასრულყოფილია და დროდადრო გულს ვტკენთ ერთიმეორეს“, — ამბობს 20 წლის ლისა.

ადამიანური არასრულყოფილების გარდა არსებობს სხვა ფაქტორებიც. გახსოვდეს, როდესაც იზრდები და მოწიფულობას აღწევ, შენი ინტერესები — ისევე როგორც შენი მეგობრებისა — იცვლება. ამგვარად, ორმა ადამიანმა, რომლებსაც ერთ დროს ბევრი რამ აკავშირებდათ, შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ნელ-ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ შორდებიან ერთმანეთს. ერთი მოზარდი დარდობდა თავისი საუკეთესო მეგობრის გამო: „ისე ხშირად აღარ ვურეკავთ ერთმანეთს და როდესაც ვლაპარაკობთ, ძნელად თუ ვთანხმდებით რამეზე“.

რა თქმა უნდა, სულ სხვაა, რომ ადამიანები, უბრალოდ, შორდებიან ერთმანეთს. მაგრამ იმას რაღა იწვევს, რომ ზოგიერთები, უბრალოდ, აწყენინებენ ხოლმე თავიანთ მეგობრებს? ხშირად შური ხდება ამის მიზეზი. მაგალითად, მეგობარმა შეიძლება გაწყენინოს შენი ნიჭისა და მიღწევების გამო (შეადარე დაბადება 37:4; პირველი მეფეთა 18:7—9). როგორც ბიბლია ამბობს, „შური ძვალთა ლპობაა“ (იგავნი 14:30). ის იწვევს მტრობასა და ჩხუბს. რაც უნდა იყოს მიზეზი, რის გაკეთება შეგიძლია, თუკი მეგობარი გულს გტკენს?

მდგომარეობის გამოსასწორებელი ნაბიჯები

„თავდაპირველად, — ამბობს რეიჩელი, — ვაკვირდები ადამიანს და ვცდილობ, განვსაზღვრო, იყო თუ არა მის მიერ ჩადენილი საქციელი განზრახული“. როდესაც გრძნობ, რომ დამამცირებელი სიტყვისა თუ მოქმედების მსხვერპლი ხარ, უბრალოდ, მაშინვე არ აჰყვე გრძნობას. პირიქით, მომთმენი იყავი და სრულად გააანალიზე საკითხი (იგავნი 14:29). შეურაცხყოფაზე შენი ნაჩქარევი რეაგირება ნამდვილად გამოასწორებს ვითარებას? ამ საკითხებზე დაფიქრების შემდეგ შეიძლება გერჩიოს, მიჰყვე ფსალმუნის 4:5-ში მოცემულ რჩევას: „ძრწოდეთ [„იგულისწყრომეთ“, ჯემალ აჯიაშვილის თარგმანი] და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს საწოლებში და იყუჩეთ“. ამით შესაძლებლობას მისცემდი ‘სიყვარულს, დაეფარა ცოდვათა სიმრავლე’ (1 პეტრე 4:8).

მაგრამ როგორ მოიქცე, თუკი გრძნობ, რომ, უბრალოდ, არ შეგიძლია დაივიწყო წყენა? ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაზე უკეთესი იყოს ამ ადამიანთან მისვლა. „მხოლოდ ორნი შეხვდით ერთმანეთს და გაარკვიეთ, თუ რა მოხდა, — ამბობს 13 წლის ფრანკი, — თუკი ასე არ მოიქცევით, სინანულის გრძნობა დაგეუფლებათ“. 16 წლის სუზანიც იგივეს ფიქრობდა. „ყველაზე კარგია, — ამბობს ის, — უთხრათ, რომ შენ მას ენდობოდი და ახლა იმედი გაგიცრუვდა“. ჟაკლინიც უპირატესობას პირდაპირ საუბარს ანიჭებს. „ვცდილობ, საკითხის შესახებ გულწრფელად ვილაპარაკო, — ამბობს ის, — ჩვეულებრივ, ადამიანი გულახდილია შენთან და შეგიძლია პრობლემა მაშინვე გადაჭრა“.

რასაკვირველია, ფრთხილად უნდა იყო, რომ მეგობართან გაბრაზებული არ მიხვიდე. ბიბლია ამბობს: „ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს“ (იგავნი 15:18). ამიტომ სიტუაციის მოგვარებამდე მოიცადე, სანამ დამშვიდდები. „განრისხებული თავიდან ხარ, — ამბობს ლისა, — მაგრამ უნდა დამშვიდდე. დაიცადე, სანამ ადამიანზე ძალიან გაბრაზებული ხარ. შემდეგ შეგიძლია წახვიდე მასთან, დაჯდე და პრობლემაზე მშვიდობიანად ისაუბრო“.

მთავარი სიტყვაა „მშვიდობიანად“. გახსოვდეს, შენი მიზანი არ არის ის, რომ მეგობარს მწარედ უსაყვედურო. მიზანი პრობლემის მეგობრულად გადაწყვეტაა და, თუ შესაძლებელია — მეგობრობის აღდგენა (ფსალმუნი 33:15). ასე რომ, ილაპარაკე მთელი გულით. «შეგიძლია თქვა: „მე შენი მეგობარი ვარ, შენ კი — ჩემი; მაგრამ მე მხოლოდ იმის გაგება მინდა, რა მოხდა“, — იძლევა რჩევას ლისა, — უნდა გაიგო, რა იყო ამგვარი მოქმედების მიზეზი. როცა ამას გააკეთებ, ჩვეულებრივ იმდენად ძნელი აღარ იქნება პრობლემის დაძლევა».

უდავოდ, არასწორი იქნებოდა სამაგიეროს გადახდის მცდელობა, შესაძლოა, ამ ადამიანზე ჭორაობითა და იმის მცდელობით, რომ სხვებმა მხარი აგიბან. ქრისტიანი მოციქული პავლე სწერდა რომაელებს: „ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს“ (რომაელთა 12:17). ნამდვილად, როგორი ღრმაც უნდა იყოს ტკივილი, საპასუხო დარტყმა მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას. „არ ღირს სამაგიეროს გადახდა, — ამბობს ნორა, — რადგან თქვენ ვეღარასოდეს განაახლებთ მეგობრობას“. ამის საპირისპიროდ ის დასძენს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ყველაფრის გაკეთება „თავს უკეთეს ადამიანად გაგრძნობინებს“.

მაგრამ რის გაკეთება შეიძლება, თუკი მეგობარი არ პასუხობს შენს მცდელობას? ამ შემთხვევაში გახსოვდეს, რომ მეგობრობა სხვადასხვა დონემდე აღწევს. „ყველა როდია ახლო მეგობარი, — ამბობს საოჯახო მრჩეველი ჯუდით მაკ-კლიზი, — იცოდეთ, რომ თქვენ შეიძლება განსხვავებული ურთიერთობები გქონდეთ“. მიუხედავად ამისა, შეგიძლია დამშვიდებული იყო იმით, რომ მშვიდობის აღდგენაში შენი წვლილი შეიტანე. პავლე მოციქული წერდა: „თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომაელთა 12:18).

საუკეთესო მეგობრობამაც კი შეიძლება ქარიშხლის მსგავსი კრიზისული მომენტები განიცადოს. თუ შეგიძლია ამ ქარიშხლის გადატანა ისე, რომ სხვებზე და საკუთარი ღირსების გრძნობაზე შეხედულება არ დაგეკარგოს, იმ გზაზე დგახარ, რომელიც მოწიფულ ახალგაზრდად ჩამოგაყალიბებს. თუმცა ზოგიერთები შეიძლება „მზად არიან ერთმანეთის დასამსხვრევად“, მაგრამ ბიბლია აგრეთვე გვარწმუნებს, რომ არსებობს ‘მეგობარი, რომელიც ძმაზე მოყვარულია’ (იგავნი 18:24, აქ).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათები 13 გვერდზე]

მომხდარის შესახებ საუბრით შენ შეგიძლია აღადგინო მეგობრობა.