სამუელი — წიგნი პირველი 18:1—30

  • დავითისა და იონათანის მეგობრობა (1—4).

  • დავითის გამარჯვებების გამო საულს გული შურით ევსება (5—9).

  • საული დავითის მოკვლას ცდილობს (10—19).

  • დავითი ცოლად ირთავს საულის ასულ მიქალს (20—30).

18  დავითისა და საულის საუბრის მოსმენის შემდეგ საკუთარი თავივით შეუყვარდა+ იონათანს+ დავითი. ისინი ძმებივით გახდნენ*.  იმ დღის შემდეგ საულმა აღარ გაუშვა დავითი მამამისის სახლში+ და თავისთან დაიტოვა.  ძმობა შეჰფიცეს ერთმანეთს დავითმა და იონათანმა,+ რადგან იონათანს საკუთარი თავივით უყვარდა დავითი.+  გაიხადა იონათანმა მოსასხამი და დავითს მისცა; მისცა თავისი საჭურველიც, მახვილიც, მშვილდიცა და სარტყელიც.  სადაც არ უნდა გაეგზავნა საულს დავითი საბრძოლველად, ყველგან ხელი ემართებოდა*+ და საულმა მას ჩააბარა ლაშქარი.+ მოეწონათ ეს ხალხსა და საულის მსახურებს.  როცა დავითი ფილისტიმელებზე გამარჯვების შემდეგ სხვა მეომრებთან ერთად უკან ბრუნდებოდა ხოლმე, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ქალაქებიდან სიმღერითა+ და ცეკვით, დაირებითა და სიმებიანი საკრავებით და მეფე საულს მხიარული შეძახილით ეგებებოდნენ.+  მოზეიმე ქალები მღეროდნენ: „საულმა მოკლა ათასი,დავითმა — ათი ათასი!“+  ბოლოს განრისხდა+ საული, რადგან არ მოეწონა, რასაც მღეროდნენ, და თქვა: „დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი — ათასს. მეფობაღა+ აკლია!“  იმ დღიდან მოყოლებული საული ეჭვის თვალით უყურებდა დავითს. 10  მეორე დღეს სული აუფორიაქა ღმერთმა საულს*+ და უცნაურად იქცეოდა* იგი თავის სახლში, დავითი კი ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა.+ საულს ხელში შუბი ეჭირა;+ 11  თავისთვის თქვა, კედელზე მივაჭედებო დავითს და შუბი გაუქანა.+ ორჯერ ესროლა საულმა შუბი დავითს, მაგრამ მან ორივეჯერ აიცილა. 12  ეშინოდა საულს დავითისა, რადგან იეჰოვა მასთან კი აღარ იყო,+ დავითთან იყო.+ 13  მოიშორა საულმა დავითი და ათასისთავად დანიშნა; ბრძოლაში მიუძღოდა ხოლმე დავითი ჯარს.+ 14  კვლავინდებურად ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს+ და იეჰოვა იყო მასთან.+ 15  როცა დაინახა საულმა, რომ დავითს ხელი ემართებოდა, კიდევ უფრო შეეშინდა მისი, 16  მთელ ისრაელსა და იუდას კი უყვარდა დავითი, რადგან ბრძოლაში მიუძღოდა ხოლმე მათ. 17  უთხრა საულმა დავითს: „ჩემს უფროს ასულს, მერაბს,+ მოგათხოვებ,+ თუ ვაჟკაცურად მემსახურები და იეჰოვას ბრძოლებს წარმართავ“.+ გულში კი ეს თქვა საულმა, რაღა ჩემი ხელით უნდა მოკვდეს, ბარემ ფილისტიმელებმა მოკლანო.+ 18  დავითმა მიუგო საულს: „ვინა ვარ მე ან რას წარმოადგენს ჩემი სანათესავო, მამაჩემის სახლეულობა, ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“+ 19  როცა დავითისთვის საულის ასულის, მერაბის, მითხოვების დრო დადგა, იმ დროისთვის მერაბი უკვე მეჰოლათელი ადრიელის+ ცოლი იყო. 20  დავითზე საულის მეორე ასული მიქალი+ იყო შეყვარებული; შეატყობინეს ეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი. 21  საულმა თქვა: „მივათხოვებ, რომ მახეში გავაბა დავითი და ფილისტიმელებმა მოკლან“.+ კვლავ უთხრა საულმა დავითს: „ახლა კი დამიმოყვრდები“. 22  საულმა თავის მსახურებს უბრძანა: „ცალკე უთხარით დავითს, მოსწონხარ მეფეს და ყველა მის მსახურს უყვარხარ-თქო. დაუმოყვრდი-თქო მეფეს“. 23  უთხრეს დავითს ეს სიტყვები საულის მსახურებმა, მაგრამ დავითმა მიუგო: „ადვილი გგონიათ მეფესთან დამოყვრება?! ერთი ღარიბი და უბრალო კაცი ვარ“.+ 24  შეატყობინეს საულს თავისმა მსახურებმა, ასე და ასე თქვაო დავითმა. 25  საულმა უთხრა: „გადაეცით დავითს, მეფეს ურვადი+ არ უნდა, 100 ფილისტიმელის ჩუჩა+ მიუტანე, რათა მეფის მტრებს სამაგიერო მიეზღოთ-თქო“. საული ფიქრობდა, ფილისტიმელებს მოვაკვლევინებო დავითს. 26  შეატყობინეს ეს სიტყვები დავითს საულის მსახურებმა და მასაც მოეწონა ის აზრი, რომ მეფეს დაუმოყვრდებოდა;+ დანიშნულ ვადამდე 27  წავიდა დავითი თავის ხალხთან ერთად, მოკლა 200 ფილისტიმელი და უკლებლივ მიუტანა მეფეს მათი ჩუჩები მასთან დასამოყვრებლად. საულმაც მიათხოვა მას თავისი ასული მიქალი.+ 28  მიხვდა საული, რომ იეჰოვა იყო დავითთან+ და თავის ასულ მიქალსაც უყვარდა იგი.+ 29  კიდევ უფრო შეეშინდა საულს დავითისა და მთელი სიცოცხლე გადამტერებული იყო მასზე.+ 30  გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავრები საბრძოლველად. ყოველ ბრძოლაში საულის მსახურებს შორის ყველაზე მეტად დავითს ემართებოდა ხელი.+ დიდად გაითქვა სახელი დავითმა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს“.
სხვაგვარად — „ბრძნულად მოქმედებდა“.
სიტყვასიტყვით — „ბოროტი სული ღვთისგან ამოქმედდა საულზე“.
სხვაგვარად — „წინასწარმეტყველივით იქცეოდა“.