არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიცოცხლის ხალისის შეძენა

სიცოცხლის ხალისის შეძენა

სიცოცხლის ხალისის შეძენა

მერი დეპრესიით იტანჯებოდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც ჰქონდა. მაგრამ ის არ დასცილებია თავის ოჯახს და არ დაუწყია ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება. მისი შემთხვევიდან ნათლად ჩანს, რომ თვითმკვლელობას არ სჩადიან მხოლოდ ისინი, რომლებიც ასეთ სარისკო ცხოვრებას ეწევიან.

ფიქრობდნენ, რომ მერის შემთხვევა იმ სტატისტიკურ მონაცემებს დაემატებოდა, რომლებიც მოხუცებში დიდი „სიმარჯვით“ ჩადენილ თვითმკვლელობებს აღწერს. მერი ადგილობრივი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რამდენიმე დღე უგონო მდგომარეობაში, კომაში, იყო; ის ძლივსღა იყო ცოცხალი. მისი გაოგნებული მეუღლე, ჯონი, გვერდიდან არ სცილდებოდა. ექიმები აფრთხილებდნენ ჯონსა და მის ოჯახს, რომ მოსალოდნელი იყო მერის სიკვდილი, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში, ტვინის შეუქცევადი დაზიანება დარჩებოდა.

მერის ყოველდღე აკითხავდა მეზობელი ქალი, სელი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. „მე ვამხნევებდი მის ოჯახს, რომ არ დაეკარგათ იმედი,— ამბობს სელი, — დედაჩემი რამდენიმე წლის წინათ კვირების განმავლობაში იყო კომაში. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ გადარჩა. მე ხელს ხელზე ვკიდებდი მერის და ვესაუბრებოდი, როგორც დედაჩემს, და თითქოს მის სუსტ რეაგირებას ვამჩნევდი“. მესამე დღეს მერის რეაქცია უფრო შესამჩნევი გახდა და ეტყობოდა, რომ ხალხის ცნობა დაიწყო, თუმცა ლაპარაკი ჯერ არ შეეძლო.

‘რის გაკეთება შემეძლო იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო?’

„ჯონს საშინლად ტანჯავდა დანაშაულის გრძნობა,— ამბობს სალი,— ის დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერში თვითონ მიუძღოდა ბრალი“. ხშირია ასეთი რეაქცია, როდესაც საყვარელი ადამიანი თავს იკლავს ან ცდილობს ამის გაკეთებას. „მე ვახსენებდი მას, რომ მერი დეპრესიაში იყო და მკურნალობდა; რომ ის ავად იყო და ვეღარ გამოდიოდა სტრესული მდგომარეობიდან, ისევე როგორც ჯონს არ შეეძლო თავისი ავადმყოფობისგან განკურნება“.

მათ, ვისი საყვარელი ადამიანიც თავს იკლავს, ხშირად ტანჯავთ კითხვა: რის გაკეთება შემეძლო იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო? გამაფრთხილებელი ნიშნებისა და მათი სარისკო ფაქტორებისათვის ყურადღების მიქცევამ შეიძლება თავიდან აგვარიდებინოს თვითმკვლელობის მცდელობა. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, გახსოვდეს, რომ შენ არ აგებ პასუხს სხვის თვითმკვლელობაზე (გალატელთა 6:5). ეს განსაკუთრებით მაშინ უნდა გვახსოვდეს, თუ ოჯახის წევრი, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს განზრახული, შეგნებულად ცდილობს სხვის დადანაშაულებას. დოქტორი ჰენდინი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, აღნიშნავს: „საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ თვითმკვლელობას ხშირად ისინი სჩადიან, ვისაც იმედი აქვს, რომ ამით სხვის გრძნობებზე იმოქმედებენ ან გამოიყენებენ სათავისოდ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვეღარ დაინახავენ იმას, მიაღწიეს თუ არა თავის მიზანს“.

გარდა ამისა, დოქტორი ჰენდინი შენიშნავს: „ის მოხუცები, რომლებიც თვითმკვლელობას სჩადიან, ხშირად ამით ცდილობენ, გავლენა მოახდინონ, თავისი სურვილები შეასრულებინონ, ან აიძულონ თავიანთი მოზარდი შვილები, ნახევარ და-ძმები ან მეუღლეები, მეტი ყურადღება მიაქციონ მათ. ასეთი მოხუცების მოთხოვნების დაკმაყოფილება ხშირად შეუძლებელია, დათმობაზე კი ისინი ხშირად არ მიდიან, ამიტომ მათი მხრიდან თვითმკვლელობის უმნიშვნელო მცდელობებს ხშირად უფრო სერიოზული მცდელობები მოჰყვება ხოლმე“.

ასეთ ვითარებაში ოჯახის წევრები შეიძლება გრძნობდნენ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან და მეტის ატანა აღარ შეუძლიათ. მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ იეჰოვა აღადგენს მკვდრებს და მათ შორის შეიძლება ჩვენი საყვარელი ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც დეპრესიის, ფსიქიკური ავადმყოფობის ან სასოწარკვეთილების გამო თვითმკვლელობა ჩაიდინეს (იხილეთ 1990 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“, „ბიბლიის თვალსაზრისი: შესაძლებელია აღდგომა თვითმკვლელობის შემდეგ?“, გვ. 22, 23 [ინგლ.]).

მართალია, თვითმკველობის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანის მომავალი დამოკიდებულია ღმერთზე, რომელსაც კარგად ესმის, რომ სისუსტესა და ავადმყოფობას შეუძლია ადამიანს ასეთი საშინელი რამ ჩაადენინოს. იეჰოვას შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ. როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:11—14).

ბედნიერი დასასრული

ორი დღე მერის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ გადარჩა. ის თანდათანობით გონზე მოვიდა და ჯონმა სახლში წაიყვანა, წამლები კი წინასწარ საიმედო ადგილას შეინახა. მერი დღეს მეთვალყურეობის ქვეშ არის და რეგულარულად აკითხავენ სოციალური მუშაკები; ის ამბობს, რომ არ შეუძლია ახსნას ან გაიხსენოს ის საშინელი პერიოდი, როდესაც ნებისყოფამ უმტყუნა, და რომელიც ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

დღეს სელი, ჯონისა და მერის მეზობელი, ყოველკვირა ბიბლიის შესწავლას ატარებს მათთან. მათ გაიგეს ბიბლიდან, რომ იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს გადაუჭრელად მიაჩნიათ განსაკუთრებით მოხუცებს, ძალიან მალე ღმერთი გადაჭრის. „რა თქმა უნდა, ბიბლია თავისთავად არ წარმოადგენს ყველაფრის უებარ წამალს,— ამბობს სელი, — უნდა დარწმუნდე, რომ ბიბლიაში მოცემული ეს აღთქმები ჭეშმარიტებაა და შემდეგ შესწავლილი ცხოვრებაში გამოიყენო. მე ვფიქრობ, ჯონი და მერი მომავლის ნამდვილ იმედს იძენენ“.

თუ მომავალი მუქ ფერებში გეჩვენებათ და გსურთ ნამდვილი იმედის შეძენა, რატომ არ დაკავშირებოდით იეჰოვას მოწმეებს? საშუალება მიეცი მათ, დაგანახვონ, როგორც ეს ჯონისა და მერის შემთხვევაში იყო, რომ არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ღმერთი ვერ გადაჭრის ან არ გადაჭრის ახლო მომავალში? რამდენად რთულიც უნდა გვეჩვენებოდეს დღეს რაიმე, გამოსავალი მაინც არსებობს. მოდი ერთად განვიხილოთ მომავლის ის ჭეშმარიტი იმედი, რომელმაც ბევრს დაუბრუნა სიცოცხლის ხალხი.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

სარისკო ფაქტორები და საყურადღებო ნიშნები

„მოხუცებში თვითმკვლელობის სარისკო ფაქტორები განსხვავდება იმ ფაქტორებისგან, რომლებიც ახალგაზრდებშია“, — აღნიშნული იყო „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში“. ამ სარისკო ფაქტორებში შედის „დეპრესია და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდისთვის ხშირი მიმართვა და საზოგადოებისგან განმარტოვება. გარდა ამისა, მოხუცები. . . უფრო მეტად ავადმყოფობენ და მათში მეტი ემოციური მოშლილობა შეინიშნება“. სტივენ ფლენდერზის წიგნში „თვითმკვლელობა“ ჩამოთვლილია შემდეგი სარისკო ფაქტორები, რომელთაგან თითოეული საყურადღებოა.

დეპრესია:

„მკვლევარები იტყობინებიან, რომ თვითმკვლელობის ჩამდენთა 50 პროცენტი ან მეტი მანამდე საშინელ დეპრესიაში იმყოფებოდა.

სასოწარკვეთილება:

ზოგიერთმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ თვითმკვლელობა მათ შორის უფრო იყო მოსალოდნელი, რომლებიც დეპრესიაში არ იყვნენ, მაგრამ დაკარგული ჰქონდათ მომავლის იმედი.

ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება:

„ვარაუდობენ, რომ [ალკოჰოლიკების] 7-დან 21 პროცენტამდე იკლავს თავს, მაშინ როდესაც დანარჩენ მოსახლეობაში თვითმკვლელობის მაჩვენებელი 1 პროცენტია“.

ოჯახის წევრების გავლენა:

„გამოკვლევებმა ნათელყო, რომ მათ შორის, რომელთა ოჯახის წევრმაც თავი მოიკლა, უფრო დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ თავადაც ჩაიდენენ თვითმკვლელობას“.

ავადმყოფობა:

„ავადმყოფობის გამო მოხუცებულთა სახლში მუდმივად ცხოვრების შიში შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ მოხუცმა დააჩქაროს თავის მოკვლა“.

დანაკარგი:

„დანაკარგი შეიძლება შესამჩნევი იყოს, მაგალითად, თუ ეს მეუღლე, მეგობარი, სამსახური ან ჯანმრთელობაა; ან რაიმე სხვისი თვალისთვის შეუმჩნეველი, მაგალითად: ღირსების გრძნობა, საზოგადოებრივი მდგომარეობა ან უსაფრთხოების გრძნობა“.

ფლენდერზის წიგნში ამ სარისკო ფაქტორების გარდა მოცემულია საყურადღებო ნიშნების სია, რომლებსაც არასოდეს უნდა უგულებელვყოფდეთ.

თვითმკვლელობის უკვე ჩადენილი მცდელობა:

„ყველაზე ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანმა შესაძლებელია თითმკვლელობა ჩაიდინოს“.

თვითმკვლელობაზე საუბარი:

«ისეთი საუბარი, როგორიც არის: „მათ დიდხანს აღარ მოუწევთ ჩემზე ზრუნვა“ ან „ისინი ჩემს გარეშე უკეთესად იქნებიან“, აშკარა საშიშროებაზე მიუთითებს».

ბოლო ნაბიჯები:

„ანდერძის დაწერა, ძვირფასი ნივთების გაჩუქება და შინაური ცხოველების ვინმესთვის მიბარება“.

ცვლილებები ხასიათში ან საქციელში:

როდესაც ამას „თან სდევს საუბარი საკუთარი გამოუსადეგარობისა და სასოწარკვეთილების შესახებ“ ეს შეიძლება „იმ ძლიერი დეპრესიის ნიშანი იყოს, რომელიც, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს თვითმკვლელობის ჩასადენად“.

[სურათი 7 გვერდზე]

ადამიანებს ხშირად დახმარება ესაჭიროებათ, მეუღლის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობა რომ გადაიტანონ.