განადიდე იეჰოვა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი

განადიდე იეჰოვა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი

თავი მეორე

განადიდე იეჰოვა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი

1. ვინ არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი?

 ბიბლიაში ნათქვამია, რომ, თუმცა არსებობს მრავალი ეგრეთ წოდებული ღმერთი, „ჩვენ ერთი მამა ღმერთი გვყავს“ (1 კორინთელთა 8:5, 6). ეს „ერთი ღმერთი“ იეჰოვაა, ყოველივეს შემოქმედი (მეორე რჯული 6:4; გამოცხადება 4:11). იესო მას მოიხსენიებდა, როგორც „ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთს“ (იოანე 20:17). მას ისეთივე აზრი ჰქონდა, როგორიც მოსეს, რომელმაც ძველად განაცხადა: «ღმერთია უფალი [„იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი“, აქ], რომ სხვა არავინ არის მის გარდა» (მეორე რჯული 4:35). იეჰოვა ყველაზე და ყველაფერზე, კერპებზე, გაღმერთებულ ადამიანებზე, სატანა ეშმაკზე — ღვთის მტერსა და „ამ წუთისოფლის ღმერთზე“ — ბევრად უფრო აღმატებულია (2 კორინთელთა 4:3, 4). ყველა მათგანისგან განსხვავებით, იეჰოვა, როგორც იესომაც უწოდა მას, „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია“ (იოანე 17:3).

2. როგორ უნდა იმოქმედოს ღმერთთან გაცნობამ ჩვენს ცხოვრებაზე?

2  მადლიერ ხალხს, რომლებიც ღვთის შესანიშნავ თვისებებს ეცნობიან და, ამავე დროს, გებულობენ, თუ რა გააკეთა მან და რის გაკეთებას აპირებს ჩვენთვის, გული მიუწევთ ღვთისკენ. რაც უფრო უძლიერდებათ იეჰოვასადმი სიყვარული, მით უფრო მეტად სურთ მისი განდიდება. როგორ განადიდებენ ისინი ღმერთს? ერთ-ერთი საშუალება, ის არის, რომ ისინი სხვებს მის შესახებ ესაუბრებიან; „ბაგით აღიარებენ გადასარჩენად“, — აღნიშნულია რომაელთა 10:10-ში. ისინი იმითაც განადიდებენ იეჰოვას, რომ ჰბაძავენ მას სიტყვასა და საქმეში. „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“, — ნათქვამია ეფესელთა 5:1-ში. უფრო მეტად რომ ავირეკლოთ მისი თვისებები, უნდა გავიგოთ, თუ როგორი პიროვნებაა იეჰოვა.

3. რომელია ღვთის ძირითადი თვისებები?

3  ბიბლიაში მრავალჯერ არის მოხსენიებული ღვთის თვისებები. მისი ოთხი ძირითადი თვისებაა სიბრძნე, სამართლიანობა, ძლიერება და სიყვარული. „მასთან არის სიბრძნე“ (იობი 12:13). „სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (მეორე რჯული 32:4). ის „ყოვლადძლიერია“ (ესაია 40:26). „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). მაგრამ ღვთის ამ ოთხი ძირითადი თვისებიდან რომელია ყველაზე გამორჩეული, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო ნათლად ცხადყოფს, თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი?

„ღმერთი სიყვარულია“

4. რა თვისებამ აღძრა ღმერთი სამყაროსა და ყველა ცოცხალი არსების შესაქმნელად?

4  დაფიქრდი, თუ რატომ შექმნა იეჰოვამ სამყარო, სულიერი ქმნილებები და ადამიანები. სიბრძნემ ან ძალამ აღძრა ის ამისკენ? თუმცა ღმერთმა ეს თვისებებიც გამოიყენა სამყაროს შესაქმნელად, მათ არ აღუძრავს ის ამის გასაკეთებლად. არც სამართლიანობა ყოფილა იმის მიზეზი, რომ სხვებისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა. ღმერთს ძლიერმა სიყვარულმა უბიძგა, რომ ის სიხარული, რომელიც მისი, როგორც გონიერი პიროვნების, არსებობით იყო გამოწვეული, სხვებისთვის გაეზიარებინა. სიყვარულმა აღძრა ის, რომ მორჩილი კაცობრიობისთვის სამოთხეში მარადიულად ცხოვრება განეზრახა (დაბადება 1:28; 2:15). სიყვარულმა უბიძგა მას, ეზრუნა იმ სასჯელის გაუქმებაზე, რომელიც ადამის ცოდვის შედეგად დაატყდა კაცობრიობას.

5. ბიბლიიდან გამომდინარე, რომელი თვისების განსახიერებაა იეჰოვა და რატომ?

5  ამგვარად, ღვთის თვისებებიდან ყველაზე გამორჩეული სიყვარულია, რომელიც მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებია სიბრძნე, სამართლიანობა და ძალა, ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ იეჰოვა არის რომელიმე მათგანი; მაგრამ ნათქვამია, რომ ღმერთი სიყვარულია. დიახ, იეჰოვა სიყვარულის განსახიერებაა. ეს ისეთი სიყვარულია, რომელიც პრინციპებიდან გამომდინარეობს და არა გრძნობებიდან. ღვთის სიყვარული ჭეშმარიტ და სამართლიან პრინციპებზეა დაფუძნებული. ეს არის სიყვარულის უმაღლესი ფორმა და თავად იეჰოვა ღმერთი გვაძლევს მის გამოვლენაში საუკეთესო მაგალითს. ასეთი სიყვარული სრული უანგარობის გამომხატველია და ყოველთვის აშკარად ვლინდება საქმეებში.

6. რის წყალობით შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე აღმატებულია?

6  სწორედ ამ დიდებული თვისების, სიყვარულის, წყალობით არის ჩვენთვის შესაძლებელი ღვთის მიბაძვა. როგორც უმნიშვნელო, არასრულყოფილი და ცოდვილი ადამიანები შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ვერასოდეს მივბაძავთ ღმერთს. მაგრამ მას ძალიან კარგად ესმის ჩვენი შეზღუდვები და არასდროს მოითხოვს სრულყოფილებას ჩვენგან; ეს კი იეჰოვას დიდებული სიყვარულის კიდევ ერთი მტკიცებაა. მან იცის, რომ ამჟამად შორს ვართ სრულყოფილებისგან (ფსალმუნი 50:7). სწორედ ამიტომ არის ნათქვამი ფსალმუნის 129:3, 4-ში: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? მაგრამ შენს მიერ არის შენდობა“. დიახ, იეჰოვა არის „ღმერთი მწყალობელი და შემბრალე, სულგრძელი, დიდმადლიანი“ (გამოსვლა 34:6). „შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ“ (ფსალმუნი 85:5). რა მანუგეშებელია! რა სასიამოვნოა, ემსახურო ასეთ საოცარ ღმერთს და იგრძნო მისი სიყვარულითა და გულმოწყალებით აღსავსე მზრუნველობა!

7. როგორ შეგვიძლია იეჰოვას სიყვარული მის ქმნილებებში დავინახოთ?

7  იეჰოვას სიყვარული მის ქმნილებებშიც ჩანს. დაფიქრდი, რამდენი შესანიშნავი რამ შექმნა იეჰოვამ ჩვენთვის: მშვენიერი მთები, ტყეები, ტბები, ოკეანეები. მან საოცრად მრავალფეროვანი საკვები შექმნა ჩვენთვის, რაც არა მარტო ძალებს გვაძლევს, არამედ სიამოვნებასაც გვგვრის. იეჰოვამ მრავალნაირი თვალწარმტაცი და სურნელოვანი ყვავილი შექმნა, აგრეთვე ულამაზესი ცხოველები. მან ბევრი რამ გააკეთა ადამიანის სიამოვნებისთვის, თუმცა ის არ იყო ვალდებული. მართალია ახლა არ შეგვიძლია სრულად დავტკბეთ მისი შემოქმედებით, რადგან ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და არასრულყოფილები ვართ (რომაელთა 8:22). მაგრამ წარმოიდგინე, თუ რას მოიმოქმედებს იეჰოვა ჩვენთვის სამოთხეში! ფსალმუნმომღერალი ამბობს: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:16).

8. ყველაზე ძლიერ რით გამოავლინა იეჰოვამ ჩვენ მიმართ სიყვარული?

8  ყველაზე ძლიერ რით გამოავლინა იეჰოვამ კაცობრიობის მიმართ სიყვარული? ბიბლიაში ნათქვამია: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). იმიტომ გააკეთა ეს იეჰოვამ, რომ ადამიანები ამას იმსახურებდნენ? რომაელთა 5:8 გვპასუხობს: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“. დიახ, ღმერთმა თავისი სრულყოფილი ძე იმიტომ გამოგზავნა დედამიწაზე, რომ მისი სიცოცხლე გამომსყიდველურ მსხვერპლად შეეწირა და ჩვენ გამოვესყიდეთ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (მათე 20:28). ამან ღვთის მოყვარულ ადამიანებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მისცა. ღვთის სიყვარული ყველა იმ ადამიანზე ვრცელდება, ვისაც სურს მისი ნების შესრულება, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

9. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იმან, რომ იეჰოვამ თავისი ძე გამომსყიდველურ მსხვერპლად შემოგვწირა?

9  როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე იმან, რომ იეჰოვამ თავისი ძე გამომსყიდველურ მსხვერპლად შემოგვწირა და მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცა? ამან ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, მიმართ სიყვარული უნდა გაგვიძლიეროს; ამავე დროს, იესოს, ღვთის წარმომადგენლის, მოსმენის სურვილი გაგვიჩინოს. „ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა“ (2 კორინთელთა 5:15). რა სასიამოვნოა, მიჰყვე იესოს ნაკვალევს, რადგან ის სამაგალითოდ ირეკლავდა იეჰოვას სიყვარულსა და თანაგრძნობას! ამას მისი სიტყვებიც ცხადყოფს, რომლებიც მან თავმდაბალ ადამიანებს უთხრა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30).

გიყვარდეთ სხვები

10. როგორ შეგვიძლია თანაქრისტიანების მიმართ გამოვავლინოთ სიყვარული?

10  როგორ შეგვიძლია თანაქრისტიანები ისევე გვიყვარდეს, როგორც იეჰოვასა და იესოს ვუყვარვართ? ყურადღება მიაქციე, რომ ჩვენ მრავალნაირად შეგვიძლია ამის გაკეთება: „სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:4—8; 1 იოანე 3:14—18; 4:7—12).

11. კიდევ ვინ უნდა გვიყვარდეს და რატომ?

11 კიდევ ვინ უნდა გვიყვარდეს და რატომ? იესომ თქვა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). ამისათვის საჭიროა ღვთის ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებული სასიხარულო ცნობის მათთვის გაზიარება, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩვენი თანამორწმუნე. იესომ ნათლად გვიჩვენა, რომ ჩვენი სიყვარული არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მათით, ვინც ჩვენს მრწამსს იზიარებს: „თუ თქვენ [მხოლოდ] თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?“ (მათე 5:46, 47; 24:14; გალატელთა 6:10).

იეჰოვას სახელით სიარული

12. რატომ შეეფერება ღვთის სახელი მხოლოდ თავად მას?

12  ჭეშმარიტი ღმერთი რომ განვადიდოთ, მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ ვიცოდეთ მისი განსაკუთრებული სახელი — იეჰოვა, გამოვიყენოთ ის და ვამცნოთ სხვებს. ფსალმუნმომღერალმა ამის გულწრფელი სურვილი ასე გამოხატა: «მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე» (ფსალმუნი 82:19). სახელი იეჰოვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“. ეს სახელი იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის დიდებულ განზრახვებს. მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს აქვს ამ სახელის ტარების უფლება, რადგან ადამიანები ვერასოდეს იქნებიან დარწმუნებული იმაში, რომ მათი მცდელობა მიზანს მიაღწევს (იაკობი 4:13, 14). მხოლოდ იეჰოვას შეუძლია თქვას, რომ მისი სიტყვა მიაღწევს იმას, რისთვისაც მიავლინა (ესაია 55:11). ბევრი გაოცებას ვერ მალავს, როცა ბიბლიაში პირველად ღვთის სახელს ნახულობს და მის მნიშვნელობას გებულობს (გამოსვლა 6:3, აქ). მაგრამ ღვთის სახელის შესახებ მიღებული ცოდნა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუტანს მათ ნაყოფს, თუ ივლიან «ღმერთის [„იეჰოვას“, აქ] სახელით უკუნითი უკუნისამდე» (მიქა 4:5).

13. რას ნიშნავს იეჰოვას სახელის ცოდნა და მისი სახელით სიარული?

13  ღვთის სახელზე ფსალმუნის 9:11-ში ნათქვამია: „შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი“. ეს გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ იეჰოვას სახელის ცოდნას, რაც თავისთავად არ ნიშნავს მასზე მინდობას. ღვთის სახელის ცოდნა ნიშნავს, იცნობდე იეჰოვას პიროვნებას და მისი მადლიერი იყო, პატივი სცე მის ძალაუფლებას, დაემორჩილო მის მითითებებს და ყველაფერში მიენდო მას (იგავნი 3:5, 6). ამგვარად, იეჰოვას სახელით სიარული გულისხმობს მისადმი თავის მიძღვნას, მის წარმომადგენლად და თაყვანისმცემლად ყოფნას და მის ნებასთან შეთანხმებულ ცხოვრებას (ლუკა 10:27). იქცევი ამგვარად?

14. თუ იეჰოვასთვის მარადიულად მსახურებას ვაპირებთ, მოვალეობის გარდა კიდევ რის შეგრძნებაა საჭირო?

14  თუ მარადიულად ვაპირებთ იეჰოვასთვის მსახურებას, მხოლოდ მოვალეობის გრძნობამ არ უნდა გვიბიძგოს ამისკენ. მოციქული პავლე, რომელიც წლების მანძილზე ემსახურებოდა იეჰოვას, მოუწოდებდა ტიმოთეს: „ღვთის ერთგულებისკენ ისწრაფე“ (1 ტიმოთე 4:7, აქ). ერთგულებას იმ ადამიანის მიმართ ავლენენ, ვისიც უზომოდ მადლიერი არიან. „ღვთის ერთგულება“ ნიშნავს პირადად იეჰოვასთვის დიდი პატივის მიგებას, რაც იმით ვლინდება, რომ განსაკუთრებულად გვიყვარს იგი, რადგან ძალიან ვაფასებთ მას და მის პრინციპებს. ეს აღგვიძრავს სურვილს, რომ ყველა მიაგებდეს დიდ პატივს მის სახელს. ღვთისადმი ერთგულება ჩვენს ცხოვრებაში უნდა გამოვავლინოთ, თუ გვსურს, რომ მარადიულად ვიაროთ იეჰოვას, ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის, სახელით (ფსალმუნი 36:4; 2 პეტრე 3:11).

15. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულება?

15  იმისათვის, რომ მისაღები სახით ვემსახუროთ ღმერთს, მხოლოდ მას უნდა ვცეთ მთელი გულით თაყვანი, რადგან ის „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთია“ (გამოსვლა 20:5, აქ). ჩვენ ვერ შევძლებთ გვიყვარდეს ღმერთი და ამავე დროს ეს ბოროტი წუთისოფელი, რომლის ღმერთიც სატანაა (იაკობი 4:4; 1 იოანე 2:15—17). იეჰოვა ძალიან კარგად ხედავს, თუ როგორ პიროვნებებად ვცდილობთ ჩამოყალიბებას (იერემია 17:10). თუ ნამდვილად გვიყვარს სიმართლე, ის ხედავს ამას და დაგვეხმარება ყოველდღიური განსაცდელების გადატანაში. თუკი იეჰოვა თავისი ძლიერი სულიწმიდით მხარში ამოგვიდგება, ამ წუთისოფელში ასე ღრმად ფესვგადგმულ ბოროტებაზე გამარჯვებასაც შევძლებთ (2 კორინთელთა 4:7). ის აგრეთვე დაგვეხმარება სამოთხეში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის მტკიცე იმედის შენარჩუნებაში. რა დიდებული იმედი გვაქვს! ჩვენ ამისათვის დიდი მადლიერება უნდა გამოვავლინოთ და მზადყოფნით ვემსახუროთ ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვას, რომელიც შესაძლებელს გახდის ამას.

16. რის გაკეთების სურვილი უნდა გაგვიჩნდეს მილიონობით სხვა ადამიანთან ერთად?

16  მთელ მსოფლიოში მცხოვრებმა მილიონობით ადამიანმა სიხარულით მიიღო ფსალმუნმომღერლის მოწოდება: «ადიდეთ უფალი [„იეჰოვა“, აქ] ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად» (ფსალმუნი 33:4). იეჰოვა შენც გიწვევს, შეუერთდე მის განმადიდებელ ყველა ეროვნების უამრავ ადამიანს, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.

გამეორება

• როგორი პიროვნებაა იეჰოვა? რით არის კარგი მისი თვისებების კარგად გაცნობა?

• როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაგებაში?

• რას ნიშნავს იეჰოვას სახელის ცოდნა და მისი სახელით სიარული?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 14 გვერდზე]

იეჰოვა დიდი სიყვარულით ‘აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს ყოველ სულდგმულს’.