გამოსვლა 34:1—35

  • ახალი ქვის ფილების დამზადება (1—4).

  • მოსე ხედავს იეჰოვას სიდიადეს (5—9).

  • შეთანხმების დეტალების გამეორება (10—28).

  • მოსეს სახე უბრწყინავს (29—35).

34  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გამოთალე პირველი ფილების+ მსგავსი ორი ქვის ფილა და დავწერ ზედ იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა,+ შენ რომ დაამტვრიე.+ 2  გაემზადე, რომ დილით სინაის მთაზე ამოხვიდე და ჩემ წინაშე დადგე მთის წვერზე.+ 3  მთაზე არავინ ამოგყვეს, არც არავინ გამოჩნდეს იქ და არც ცხვარ-ძროხამ ძოვოს მთის წინ“.+ 4  მოსემაც გამოთალა პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა. იეჰოვას ბრძანებისამებრ, დილაადრიან ადგა და სინაის მთაზე ავიდა. ხელში ორი ქვის ფილა ეჭირა. 5  იეჰოვა ღრუბელში ჩამოვიდა,+ დადგა მასთან და თავისი სახელი, იეჰოვა, აუწყა*.+ 6  იეჰოვამ მის წინაშე ჩაიარა და განუცხადა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე,+ თანამგრძნობი+ და სულგრძელი*+ ღმერთია, გულუხვია სიკეთესა*+ და ჭეშმარიტებაში;+ 7  ათასების მიმართ იჩენს სიყვარულს*,+ პატიობს დანაშაულს, ურჩობასა და ცოდვას,+ თუმცა დამნაშავეს დაუსჯელს არ ტოვებს,+ მამათა დანაშაულის გამო სჯის მათ შთამომავლებს მესამე და მეოთხე თაობამდე“.+ 8  მოსემ მაშინვე მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო. 9  შემდეგ უთხრა: „იეჰოვა, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გთხოვ, იეჰოვა, ნუ მიგვატოვებ,+ თუმცა ჯიუტი ხალხი ვართ;+ გვაპატიე ცოდვა და დანაშაული+ და შენს ხალხად გვაქციე“. 10  ღმერთმა მიუგო: „აი, გიდებთ შეთანხმებას: მთელი შენი ხალხის წინაშე ისეთ საოცრებებს მოვახდენ, როგორიც მთელი დედამიწის ზურგზე არცერთ ხალხში არ მომხდარა;+ თქვენ ირგვლივ მცხოვრები ერები დაინახავენ იეჰოვას საქმეებს; შიშის მომგვრელ საქმეებს მოვიმოქმედებ თქვენთვის.+ 11  გულისყურით მოეკიდეთ იმას, რასაც დღეს გიბრძანებთ.+ განვდევნი იმ მიწიდან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს.+ 12  არ დადოთ შეთანხმება იმ მიწის მკვიდრებთან, სადაც მიდიხართ,+ რადგან ეს შეიძლება მახედ გექცეთ.+ 13  დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, დაამტვრიეთ მათი სათაყვანო სვეტები და აჩეხეთ მათი სათაყვანო ბოძები.+ 14  არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთს,+ რადგან იეჰოვა* არ იწყნარებს ორგულობას*. ის ერთგულების მომთხოვნი ღმერთია.+ 15  არ დადოთ შეთანხმება იმ მიწის მკვიდრებთან, რადგან, როცა ისინი თაყვანს სცემენ თავიანთ ღმერთებს* და მსხვერპლს შესწირავენ მათ,+ დაგპატიჟებთ ვინმე და შეჭამთ მის მიერ შეწირულ მსხვერპლს.+ 16  თქვენს ვაჟებს მათ ასულებს მოუყვანთ ცოლად;+ მათი ასულები თავიანთ ღმერთებს სცემენ თაყვანს და თქვენს ვაჟებსაც აიყოლიებენ.+ 17  არ ჩამოასხათ ღმერთები.+ 18  იზეიმეთ უფუარობის დღესასწაული.+ შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი, როგორც გიბრძანეთ, დანიშნულ დროს, აბიბის თვეში,+ რადგან სწორედ აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან. 19  ჩემია ყოველი პირმშო მამრი,+ აგრეთვე ყოველი პირველმოგებული მამრი თქვენი ცხვარ-ძროხიდან.+ 20  ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდეთ; თუ არ გამოისყიდით, კისერი გადაუმტვრიეთ. გამოისყიდეთ თქვენი ვაჟებიდან ყოველი პირმშო.+ ჩემ წინაშე ხელცარიელი არავინ წარდგეს. 21  ექვსი დღე იშრომეთ, მეშვიდე დღეს კი დაისვენეთ.+ ხვნისა და მკის დროსაც კი დაისვენეთ. 22  იზეიმეთ კვირების დღესასწაული და შესწირეთ ხორბლის პირველმოწეული ნაყოფი, წლის ბოლოს კი მოსავლის აღების დღესასწაული* აღნიშნეთ.+ 23  ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას, ისრაელის ღვთის წინაშე.+ 24  განვდევნი იმ მიწიდან სხვა ერებს+ და განვავრცობ თქვენს სამკვიდროს; არავინ დაეპატრონება თქვენს მიწას იმ დროს, როცა იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე წარსადგომად წახვალთ, წელიწადში სამჯერ. 25  ჩემთვის განკუთვნილი მსხვერპლის სისხლთან ერთად საფუვრიანი არაფერი შემომწიროთ.+ პასექის დღესასწაულისთვის განკუთვნილი მსხვერპლი დილამდე არ უნდა დარჩეს.+ 26  თქვენი მიწის პირველი ნაყოფიდან საუკეთესო მიიტანეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას, სახლში.+ არ მოხარშოთ თიკანი თავისი დედის რძეში“.+ 27  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „დაწერე ეს სიტყვები,+ რადგან ამ სიტყვების საფუძველზე ვდებ შეთანხმებას შენთან და ისრაელთან“.+ 28  მოსე იეჰოვასთან 40 დღე და ღამე დარჩა. არაფერი უჭამია და წყალიც არ დაულევია.+ დაწერა ღმერთმა ფილებზე შეთანხმების სიტყვები, ათი მცნება.+ 29  შემდეგ მოსე სინაის მთიდან ჩამოვიდა; ხელში მოწმობის ორი ფილა ეჭირა.+ ვინაიდან ღმერთს ელაპარაკა, სახე უბრწყინავდა, თუმცა მან ეს არ იცოდა. 30  დაინახეს აარონმა და ისრაელებმა, რომ მოსეს სახე უბრწყინავდა, და მასთან მისვლის შეეშინდათ.+ 31  მოუხმო მათ მოსემ. მივიდნენ მასთან აარონი და ისრაელის ყველა თავკაცი და დაელაპარაკა მათ მოსე. 32  ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელები და მანაც გადასცა მათ ყველაფერი, რაც იეჰოვამ უთხრა სინაის მთაზე.+ 33  როცა მოსე მათთან ლაპარაკს დაასრულებდა, სახეზე რიდეს იფარებდა.+ 34  მაგრამ, როცა იგი იეჰოვასთან სალაპარაკოდ შედიოდა, რიდე მოხსნილი ჰქონდა.+ შემდეგ გამოდიოდა და მიღებულ მითითებებს ისრაელებს გადასცემდა.+ 35  ხედავდნენ ისრაელები, რომ მოსეს სახე უბრწყინავდა. იფარებდა მოსე სახეზე რიდეს და სანამ ღმერთთან სალაპარაკოდ შევიდოდა, ჩამოფარებული ჰქონდა.+

სქოლიოები

იგულისხმება იმის გამჟღავნება, თუ როგორი ღმერთია ის.
სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდება“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „რადგან იეჰოვა იმითაა ცნობილი, რომ არ იწყნარებს ორგულობას“.
სიტყვასიტყვით — „რადგან იეჰოვას სახელია...“.
სიტყვასიტყვით — „გარყვნილებას ჩაიდენენ თავიანთ ღმერთებთან“.
აგრეთვე ეწოდება კარვობის დღესასწაული. იხ. „კარვობის დღესასწაული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).