არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შფოთვითი აშლილობა მამაკაცებში — როგორ შეუძლია ბიბლიას დახმარება?

შფოთვითი აშლილობა მამაკაცებში — როგორ შეუძლია ბიბლიას დახმარება?

 როცა იგებთ, რომ ვინმეს შფოთვითი აშლილობა a სჭირს, ალბათ, თვალწინ წარმოგიდგებათ შიშის გამო უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც დილით ლოგინიდან ადგომაც კი არ სურს ან ის, ვინც დაუსრულებლად წუწუნებს თავის პრობლემებზე.

 ბევრი სწორედ ამგვარად რეაგირებს შფოთვით აშლილობაზე. მაგრამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგში, განსაკუთრებით კი მამაკაცებში, შფოთვითი აშლილობა სულ სხვაგვარად იჩენს თავს. ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ასეთ დროს „მამაკაცები მეტად ეტანებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ კაცს სმის პრობლემა აქვს, მაგრამ სინამდვილეში იგი შფოთვით აშლილობას ებრძოდეს. გარდა ამისა, ამგვარი აშლილობა მამაკაცში შეიძლება იწვევდეს გაღიზიანებადობასა და აგრესიას“.

 აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირად არ რეაგირებს ზემოთ აღნიშნულ პრობლემაზე. თუმცა, რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს კაცს, ფაქტი ერთია: შფოთვითი აშლილობა უფრო და უფრო ხშირად იჩენს თავს „ბოლო დღეებში, მძიმე და ძნელად ასატან დროში“ (2 ტიმოთე 3:1). თუ თქვენც გიწევთ მსგავს ემოციურ პრობლემებთან ჭიდილი, შესწევს ბიბლიას თქვენი დახმარების ძალა?

ბიბლიური მუხლები, რომლებიც შფოთვითი აშლილობის დროს დაგეხმარებათ

 ბიბლია შეიცავს სანდო რჩევებს, რომლებიც გვეხმარება, გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს. მოდი ვიმსჯელოთ სამ ბიბლიურ მუხლზე.

  1.  1) „მაშ, ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს; ყოველ დღეს ისედაც თავისი გასაჭირი აქვს“ (მათე 6:34).

     მუხლის არსი: ბრძნულად მოვიქცევით, თუკი გადამეტებულად არ ვიწუხებთ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ხშირად სულ არ ხდება ის, რისიც ასე გვეშინოდა. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში მდგომარეობა შესაძლოა უკეთესობისკენაც კი შეიცვალოს.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: გაიხსენეთ, როცა შიშობდით, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, მაგრამ თქვენი მოლოდინი არ გამართლდა. ამიტომ რეალისტურად შეაფასეთ მდგომარეობა და წინასწარ ნუ იწუხებთ.

  2.  2) „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცს ლესავს“ (იგავები 27:17).

     მუხლის არსი: თუკი შფოთვითი აშლილობა გაწუხებთ, მიეცით სხვებს საშუალება, დაგეხმარონ. მათ შესაძლოა გირჩიონ რამე, საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ ან, სულ მცირე, სხვა თვალით დაგანახვონ პრობლემა.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: იფიქრეთ, ვის შეუძლია თქვენთვის საჭირო რჩევის მოცემა. ასეთი შეიძლება აღმოჩნდეს მეგობარი, რომელიც თავადაც ებრძოდა მსგავს პრობლემას. ჰკითხეთ მას, რა ეხმარებოდა ან რა უშლიდა ხელს, გამკლავებოდა შფოთვით აშლილობას.

  3.  3) „და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

     მუხლის არსი: ღმერთს აღელვებს იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ემოციურ პრობლემებს ებრძვიან. იგი მოუწოდებს ყველას, რომ თუკი რამ უფორიაქებთ სულს, დახმარებისთვის მას მიმართონ ლოცვით.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: პირველ რიგში, ჩამოწერეთ ის გარემოებები, რომლებიც თქვენში შფოთს იწვევს. შემდეგ თქვენი საწუხარი ღმერთს გაანდეთ და სთხოვეთ, რომ ძალა მოგცეთ პრობლემასთან გასამკლავებლად.

მალე ყველა საწუხარი წარსულს ჩაჰბარდება

 ღვთის სიტყვაში არაერთი რჩევაა მოცემული, თუ როგორ შეიძლება ვძლიოთ პრობლემას. ბიბლიაში ვკითხულობთ იმის შესახებაც, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი, რაც ადამიანებს აწუხებთ, წარსულად იქცევა. როგორ მოხდება ეს?

 ღვთის სამეფო საწუხარის გამომწვევ ყოველ მიზეზს აღმოფხვრის (გამოცხადება 21:4). იმ დროს აღარც წარსულის მტკივნეული მოგონებები შეახსენებს ვინმეს თავს (ესაია 65:17).

 სწორედ ასეთ მომავალს აღგვითქვამს „მშვიდობის მომცემი ღმერთი“ (რომაელები 16:20). იგი გვარწმუნებს: „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, . . მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას; მინდა, რომ მომავლის იმედი გქონდეთ“ (იერემია 29:11).

a ამ სტატიაში ნახსენებ „შფოთვით აშლილობაში“ არ ვგულისხმობთ ფსიქიკურ პრობლემებს; მასში ნაგულისხმევია მდგომარეობა, როცა ადამიანს ყოფითი პრობლემების გამო მოსვენება აქვს დაკარგული. ვისაც მსგავსი აშლილობა მწვავე ფორმით აღენიშნება, სასურველია, კვალიფიციური დახმარების მისაღებად მიმართოს ექიმს (ლუკა 5:31).