არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იფიქრეთ, „როგორები უნდა იყოთ“

იფიქრეთ, „როგორები უნდა იყოთ“

„როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში?“ (2 პეტ. 3:11).

1, 2. როგორები უნდა ვიყოთ, რომ ღვთის მოწონება დავიმსახუროთ?

არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც არ აღელვებდეს, თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე. თუმცა ჩვენ, ქრისტიანებს, ის უფრო მეტად უნდა გვაღელვებდეს, თუ რას ფიქრობს იეჰოვა ჩვენზე. ის ხომ უდიდესი პიროვნებაა მთელ სამყაროში და მასთანაა „სიცოცხლის წყარო“! (ფსალმ. 36:9).

2 იმის ხაზგასასმელად, თუ როგორები უნდა ვიყოთ იეჰოვას თვალში, მოციქულმა პეტრემ მოგვიწოდა, რომ წმინდად ვიცხოვროთ და ღვთისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:11 ). ღვთის მოწონება რომ დავიმსახუროთ, ჩვენი საქციელი უნდა იყოს წმინდა ანუ ზნეობრივად, გონებრივად და სულიერად სუფთა. უფრო მეტიც, ჩვენ ღვთისადმი ერთგულება საქმეებით უნდა დავადასტუროთ, თანაც ეს უნდა გავაკეთოთ მისდამი ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით. ამაში მხოლოდ ჩვენი საქციელი როდი იგულისხმება, ამაში ჩვენი შინაგანი პიროვნებაც შედის. იეჰოვა „გულების შემმოწმებელია“, ამიტომ მან კარგად იცის, არის თუ არა ჩვენი საქციელი წმინდა და განსაკუთრებული ერთგულებით ნაკარნახევი (1 მატ. 29:17).

3. რა კითხვებს განვიხილავთ?

3 სატანა ეშმაკს ნამდვილად არ უხარია, როცა ღვთის მოწონების მიღებისკენ ვისწრაფვით. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. სატანა მიმართავს სიცრუეს, რათა შეგვაცდინოს და ჩამოგვაშოროს ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემთ (იოან. 8:44; 2 კორ. 11:13—15). აქედან გამომდინარე, ბრძნული იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: როგორ ატყუებს სატანა ადამიანებს? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა?

როგორ ატყუებს სატანა ადამიანებს?

4. რა აქვს სატანას ამოღებული მიზანში იმისათვის, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს და რატომ?

4 მოწაფე იაკობმა დაწერა: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას,  ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკ. 1:14, 15). იეჰოვასთან ურთიერთობა რომ გაგვიფუჭოს, სატანას მიზანში ამოღებული აქვს ჩვენი სურვილების სათავე, გული.

5, 6. ა) რის მეშვეობით ვყავართ სატანას მიზანში ამოღებული? ბ) რა მეთოდებს მიმართავს ეშმაკი იმისათვის, რომ გარყვნას ჩვენი გული და რამდენად დახელოვნებულად იყენებს ის მათ?

5 რის მეშვეობით ვყავართ სატანას მიზანში ამოღებული? „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (1 იოან. 5:19). სატანის იარაღია ყველაფერი ის, „რაც ქვეყნიერებაშია“ (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15, 16 ). ათასწლეულების განმავლობაში ეშმაკმა საგულდაგულოდ შექმნა გარემო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. და რაკიღა ვცხოვრობთ ამ ქვეყნიერებაში, თავი უნდა დავიცვათ მისი მზაკვრული ხრიკებისგან (იოან. 17:15).

6 სატანის ყველა გეგმა და ჩანაფიქრი იმისკენაა მიმართული, რომ გარყვნას ის სურვილები, რაც ჩვენს გულში იბადება. მოციქული იოანე მოიხსენიებს მაცდურის სამ მეთოდს: 1) „ხორცის სურვილს“, 2) „თვალთა სურვილს“ და 3) „ქონებით ტრაბახს“. სატანამ ეს სამივე მეთოდი გამოიყენა იესოს შესაცდენად უდაბნოში. საუკუნეების განმავლობაში მან უდიდესი გამოცდილება შეიძინა და დღეს ის საკმაოდ წარმატებულად იყენებს ზემოთ აღნიშნულ მახეებს; თანაც იცის, ვის როგორ მიუდგეს. სანამ იმაზე საუბარს დავიწყებთ, თუ როგორ დავიცვათ თავი მისი ხრიკებისგან, მოდი ვნახოთ, თუ როგორ შეიყვანა ევა შეცდომაში და როგორი უშედეგო იყო მისი მცდელობა ღვთის ძესთან მიმართებაში.

„ხორცის სურვილი“

ევა „ხორცის სურვილმა“ დაღუპა (იხილეთ მე-7 აბზაცი)

7 ადამიანს აქვს საკვების მიღების ბუნებრივი მოთხოვნილება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შემოქმედმა დედამიწა ისე შექმნა, რომ მასზე საკვები უხვად ყოფილიყო. სატანა ცდილობს, ადამიანის ეს ბუნებრივი მოთხოვნილება იმისათვის გამოიყენოს, რომ ხელი შეგვიშალოს ღვთის ნების შესრულებაში. ვნახოთ, როგორ მოახერხა მან ეს ევას შემთხვევაში (წაიკითხეთ დაბადების 3:1—6 ). ეშმაკმა ევას უთხრა, რომ შეეძლო ეჭამა ნაყოფი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ და არ მოკვდებოდა; უფრო მეტიც, მან უთხრა, რომ შეჭამდა თუ არა ამ ნაყოფს, ღმერთის მსგავსი გახდებოდა (დაბ. 2:9). ამგვარად ეშმაკმა ევას მიანიშნა, რომ ღვთის მორჩილების გარეშეც იცოცხლებდა. მართლაც, რა მტკნარი სიცრუე იყო! რაკიღა ეშმაკმა მას ეს აზრი ჩააწვეთა, ევა არჩევნის წინაშე დადგა: ან უარი უნდა ეთქვა ამ შეთავაზებაზე, ან გაეგრძელებინა მასზე ფიქრი, სანამ სურვილი ნაყოფს არ გამოიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის შუაგულში მდგომი აკრძალული ხის ნაყოფის გარდა ევას სხვა ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეეძლო, მან არ შეწყვიტა სატანის მაცდურ წინადადებაზე ფიქრი, „მოწყვიტა მისი ნაყოფი და  შეჭამა“. ასე წარმოშვა სატანამ ევაში იმის მიღების სურვილი, რაც შემოქმედმა აუკრძალა.

იესოს არ გამორჩენია მხედველობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი (იხილეთ მე-8 აბზაცი)

8. როგორ შეეცადა ეშმაკი, გამოეყენებინა „ხორცის სურვილი“ იესოს შესაცდენად და რატომ დამთავრდა წარუმატებლად მისი მცდელობა?

8 სატანა მსგავსი მეთოდით შეეცადა იესოს შეცდენას უდაბნოში. იესომ 40 დღე-ღამე იმარხულა, არაფერი უჭამია, ამიტომ ეშმაკი შეეცადა, შიმშილის გრძნობა მის შესაცდენად გამოეყენებინა. მან უთხრა იესოს: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, პურად იქცეს“ (ლუკ. 4:1—3). იესოს უნდა გადაეწყვიტა, ან უარი ეთქვა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად თავისი ძალის სასწაულებრივად გამოყენებაზე, ანდა კიდევ დაჰყოლოდა სატანის შემოთავაზებას. მან იცოდა, რომ ზებუნებრივი ძალა პირადი კეთილდღეობის მიზნით არ უნდა გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ იესო მშიერი იყო, მას საჭმელი ღმერთთან თავის ურთიერთობაზე მაღლა არ დაუყენებია. იესომ მიუგო მაცდურს: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“» (მათ. 4:4).

„თვალთა სურვილი“

9. რას ნიშნავს „თვალთა სურვილი“ და როგორ გამოიყენა ის ეშმაკმა ევას შესაცდენად?

9 იოანემ სატანის მახეებს შორის „თვალთა სურვილიც“ მოიხსენია. ეს გამოთქმა იმაზე მიუთითებს, რომ რაიმეს მიღების სურვილი უბრალოდ ყურებით იწყება. სატანამ სწორედ „თვალთა სურვილი“ გამოიყენა, როცა ევას უთხრა: „თვალი აგეხილებათ“. ევა რაც უფრო მეტად უყურებდა აკრძალულ ნაყოფს, მით უფრო თვალწარმტაცი ხდებოდა ის მისთვის. ბოლოს დაინახა, რომ ხეს „თვალისთვის მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა“.

10. როგორ გამოიყენა ეშმაკმა იესოს შესაცდენად „თვალთა სურვილი“ და რა პასუხი მიიღო?

10 მოდი ვნახოთ იესოს შემთხვევა. ეშმაკმა მას «აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და უთხრა: „შენ მოგცემ მთელ ამ ძალაუფლებას და მათ დიდებას“» (ლუკ. 4:5, 6). იესოს პირდაპირი გაგებით მსოფლიოს ყველა სამეფო არ დაუნახავს თვალის დახამხამებაში; ეს იყო ხილვა. თუმცა, ალბათ, ეშმაკი ფიქრობდა, რომ ამ ხილვაში წარმოდგენილი სამეფოების დიდება მონუსხავდა ღვთის ძეს. სატანამ ურცხვად უთხრა უფალს: „თუ თაყვანს მცემ, ეს ყველაფერი შენი იქნება“ (ლუკ. 4:7). იესოს არანაირი სურვილი არ გააჩნდა იმისა, რომ ეშმაკის მოსაწონი პიროვნება გამხდარიყო. მან მყისვე მიუგო: «დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (ლუკ. 4:8).

„ქონებით ტრაბახი“

11. როგორ მოატყუა სატანამ ევა?

11 როდესაც მოციქული იოანე ქვეყნიერებაში არსებულ საცდურებზე საუბრობდა, მოიხსენია „ქონებით ტრაბახი“. როცა  დედამიწაზე მხოლოდ ადამი და ევა ცხოვრობდნენ, ისინი, რა თქმა უნდა, ვერავისთან იტრაბახებდნენ ქონებით. თუმცა მათ სიამაყე გამოავლინეს. სატანამ საუბარში ევას მიანიშნა, რომ ღმერთი მას რაღაც კარგს უკავებდა. ეშმაკმა უთხრა, რომ რომელ დღესაც შეჭამდა ნაყოფს „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“, იმავე დღეს თვალი აეხილებოდა და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნე გახდებოდა (დაბ. 2:17; 3:5). ამგვარად სატანამ ევას ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრების იდეა მიაწოდა. როგორც ჩანს, იმის მთავარი მიზეზი, თუ რატომ დაიჯერა ევამ ეს ტყუილი, სიამაყე იყო. მან აკრძალული ნაყოფისკენ ხელი იმ იმედით გაიწოდა, რომ არასოდეს მოკვდებოდა. რამხელა უგუნურება იყო!

12. კიდევ როგორ შეეცადა ეშმაკი იესოს შეცდენას და როგორ უპასუხა იესომ?

12 ევასგან განსხვავებით, იესომ თავმდაბლობის ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. ეშმაკი სხვა მეთოდითაც შეეცადა იესოს შეცდენას, მაგრამ მას ფიქრადაც არ მოსვლია ღვთის გამოცდა. ერთი რამ ცხადია: მასში სიამაყის ნატამალიც კი არ იყო. იესომ პირდაპირი და არაორაზროვანი პასუხი გასცა: «ნათქვამია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“» (წაიკითხეთ ლუკას 4:9—12).

როგორ დავიცვათ იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა

13 სატანა დღესაც იმავე მზაკვრულ მეთოდებს მიმართავს, რა მეთოდებსაც ევასა და იესოს შესაცდენად მიმართა. ეშმაკი თავის ქვეყნიერებაში არსებულ „ხორცის სურვილს“ იყენებს, რომ ადამიანებს უზნეობის ჩადენისა და უზომო ჭამა-სმისკენ უბიძგოს. პორნოგრაფიით სატანა იპყრობს წინდაუხედავი ადამიანების ყურადღებას და ასე იყენებს „თვალთა სურვილს“. ეს მახე განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა ადამიანი კომპიუტერს უზის. ამაყი და საკუთარი ქონებით მოტრაბახე ადამიანებისთვის კი უდიდესი ცდუნება მატერიალიზმი, ძალაუფლებისა და სახელის მოხვეჭის სურვილია.

რომელი ბიბლიური პრინციპები უნდა გავიხსენოთ ასეთ სიტუაციებში? (იხილეთ მე-13 და მე-14 აბზაცები)

13, 14. დღეს რა მზაკვრულ მეთოდებს მიმართავს სატანა?

14 „ის, რაც ქვეყნიერებაშია“, ჰგავს მეთევზის სატყუარას. მართალია, ერთი შეხედვით, ის მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ როგორც კი შეეხები, მაშინვე ანკესზე წამოეგები. სატანა ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებს იმისათვის იყენებს, რომ ღვთის კანონები დაგვარღვევინოს. ის თავისი ვერაგი ხრიკებით ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს სურვილებზე და გაგვირყვნას გული. მას სურს, დაგვაჯეროს, რომ ღვთის ნების შესრულებაზე მნიშვნელოვანი  პირად საჭიროებებსა და კომფორტზე ზრუნვაა. წამოვეგებით ამ ანკესზე?

15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკის ცდუნებებს?

15 ევა აჰყვა ეშმაკის ცდუნებას, იესომ კი სძლია მას. სამივე შემთხვევაში იესომ წმინდა წერილები მოიშველია და ვერაგს მიუგო: „დაწერილია“, „დაწერილია“, „ნათქვამია“. თუ ბიბლიის გულმოდგინე მკვლევრები ვიქნებით, შედეგად კარგად გვეცოდინება ღვთის სიტყვა და ცდუნების წინაშე ყოფნისას შევძლებთ საჭირო მუხლების გახსენებას, რომ შევინარჩუნოთ სწორი აზროვნება (ფსალმ. 1:1, 2). ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის ერთგულ მსახურთა მაგალითების ცოდნა დაგვეხმარება, მივბაძოთ მათ (რომ. 15:4). როცა ადამიანს უდიდესი პატივისცემა გააჩნია ღვთის მიმართ, უყვარს ის, რაც ღმერთს უყვარს და სულით ხორცამდე სძულს ის, რაც ღმერთს სძულს, ყოველმიზეზგარეშე დაცული იქნება (ფსალმ. 97:10).

16, 17. რა გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნების უნარი პიროვნების ჩამოყალიბებაზე?

16 პავლე მოციქული მოგვიწოდებს, გამოვიყენოთ ჩვენი აზროვნების უნარი, რათა ღვთიური აზროვნებით ვიძერწებოდეთ და არა ქვეყნიურით (რომ. 12:1, 2). როცა პავლე ფიქრების მკაცრად გაკონტროლებაზე საუბრობდა, აღნიშნა: „ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს, ყოველ აზრს ვატყვევებთ ქრისტესთვის დასამორჩილებლად“ (2 კორ. 10:5). ფაქტობრივად, ადამიანის პიროვნებას ფიქრები აყალიბებს ანუ ფიქრები განსაზღვრავს იმას, თუ ვინ რა ადამიანია. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, იმაზე ვიფიქროთ, რაც აღაშენებს (ფილ. 4:8).

17 თუ არასწორი ფიქრებითა და სურვილებით ვკვებავთ გონებას, ბუნებრივია, ვერ ვიქნებით წმინდები. ჩვენ „სუფთა გულით“ უნდა გვიყვარდეს იეჰოვა (1 ტიმ. 1:5). მაგრამ გული ვერაგია და შეიძლება ვერც კი გავაცნობიეროთ, ისე ძლიერ იმოქმედოს ჩვენზე იმან, „რაც ქვეყნიერებაშია“ (იერ. 17:9). ამიტომ ბიბლიის გულწრფელი კვლევის მეშვეობით „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორ. 13:5).

18, 19. რატომ უნდა ვიყოთ ისეთი პიროვნებები, როგორსაც იეჰოვა ისურვებდა?

18 თუ გვსურს, წინააღმდეგობა გავუწიოთ იმას, „რაც ქვეყნიერებაშია“, მხედველობაში უნდა მივიღოთ იოანეს ღვთივშთაგონებული სიტყვებიც: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოან. 2:17). ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ სატანის სისტემა მუდმივად იარსებებს და არასოდეს შეიცვლება. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მას ბოლო მოეღება. სატანის ქვეყნიერება ისეთ რამეს ვერასდროს შემოგვთავაზებს, რაც მარადიულად დარჩება. ამის გათვითცნობიერება დაგვეხმარება, არ წამოვეგოთ ეშმაკის სატყუარას.

19 მოციქული პეტრე მოგვიწოდებს, რომ გავხდეთ ღვთისთვის სასურველი ადამიანები, რადგან ველით და ყოველთვის გვახსოვს „ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე, რომელიც ალმოდებულ ცას დაშლის და შემადგენელ ნაწილებს სიმხურვალით დაადნობს!“ (2 პეტ. 3:12). ეს დღე ძალიან მალე დადგება და იეჰოვა მიწასთან გაასწორებს სატანის ქვეყნიერებას. მანამდე კი ეშმაკი ჩვენ შესაცდენად კვლავაც გამოიყენებს იმას, „რაც ქვეყნიერებაშია“ და იმას, რითაც ის ევასა და იესოს შეცდენას შეეცადა. ნუ დაემსგავსებით ევას და ნუ აყვებით საკუთარ სურვილებს, რადგან ასე გამოვა, რომ თითქოს სატანას ვაღმერთებთ. რაც არ უნდა მიმზიდველი და მომხიბვლელი იყოს ეშმაკის სატყუარა, ჩვენ იესოს უნდა მივბაძოთ და უარვყოთ სატანის ნებისმიერი შემოთავაზება. დაე, თითოეული ჩვენგანი იყოს ისეთი პიროვნება, როგორსაც იეჰოვა ისურვებდა!