არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘ყურადღებით მოეკიდე მსახურებას, რომელიც უფალში მიიღე’

‘ყურადღებით მოეკიდე მსახურებას, რომელიც უფალში მიიღე’

‘ყურადღებით მოეკიდე მსახურებას, რომელიც უფალში მიიღე’

„ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე“ (კოლ. 4:17).

1, 2. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ქრისტიანებს ადამიანების მიმართ?

ჩვენ სერიოზული პასუხისმგებლობა გვაკისრია ირგვლივ მცხოვრები ადამიანების მიმართ. გადარჩებიან თუ არა ადამიანები „დიდი გასაჭირის“ დროს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი ახლა (გამოცხ. 7:14). ღვთის შთაგონებით „იგავების“ დამწერმა თქვა: „იხსენი სასიკვდილოდ წაყვანილნი და შეაჩერე დასაკლავად მიმავალნი“. მართლაც რომ ყურადსაღები სიტყვებია! თუ არასერიოზულად მოვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას და არ გავაგებინებთ ხალხს, რა არჩევანი აქვთ გასაკეთებელი, მათი სისხლი ჩვენ მოგვეკითხება. ბიბლიის იმავე მონაკვეთში ნათქვამია: „თუ იტყვი: უი, ეს არ ვიცოდითო; განა ვერ დაინახავს ამას გულების შემფასებელი?! განა არ ეცოდინება შენი სულის გამომკვლეველს?! განა არ მიუზღავს ის ადამიანს თავისი საქმეებისამებრ?!“ ცხადია, იეჰოვას მსახურები ვერ იტყვიან ‘არ ვიცითო’ იმ საშიშროების შესახებ, რომლის წინაშეც ახლა ხალხი დგას (იგავ. 24:11, 12).

2 იეჰოვასთვის სიცოცხლე ძვირფასია. ის მოუწოდებს თავის მსახურებს, ძალ-ღონე არ დაიშურონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარონ გადარჩენაში. ღვთის თითოეული მსახური უნდა აცხადებდეს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცნობას, რომელიც ღვთის სიტყვაშია მოცემული. ჩვენი დავალება ჰგავს იმ გუშაგის დავალებას, რომელიც ხედავს კარს მომდგარ საშიშროებას და ხალხს აფრთხილებს. ჩვენ არ გვსურს, რომ ბრალად დაგვედოს იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც საფრთხის წინაშე დგანან (ეზეკ. 33:1—7). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი მონდომებით ‘ვიქადაგოთ სიტყვა’! (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:1, 2, 5).

3. რა საკითხებს განვიხილავთ ამ და ორ მომდევნო სტატიაში?

3 ამ სტატიიდან გაიგებთ, თუ როგორ შეგიძლიათ წინააღმდეგობების მიუხედავად განაგრძოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მსახურება და როგორ დაეხმაროთ უფრო მეტ ადამიანს. მომდევნო სტატიაში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ სწავლების ხელოვნების განვითარება, რათა უკეთ გადასცეთ სხვებს ჭეშმარიტება. მესამე სასწავლო სტატია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა გამამხნევებელ შედეგებს აღწევენ სამეფოს მაუწყებლები მთელ მსოფლიოში. მაგრამ, სანამ უშუალოდ ამ საკითხების განხილვაზე გადავალთ, მოდი შევეხოთ რამდენიმე მხარეს, რაც დაგვანახვებს, თუ რატომ ვცხოვრობთ ასეთ გაუსაძლის დროში.

რატომ აქვს მრავალს იმედი დაკარგული?

4, 5. რა მდგომარეობაშია დღეს კაცობრიობა და როგორ რეაგირებს ამაზე მრავალი?

4 მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც მოახლოებულია „ქვეყნიერების აღსასრული“. ახლანდელი მდგომარეობა და ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას, იესოსა და მისი მოწაფეების სიტყვების თანახმად, სწორედ რომ „ბოლო დღეებისთვის“ იქნებოდა დამახასიათებელი. „მშობიარობის ტკივილები“ — ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები და უბედურებები — თავს ატყდება კაცობრიობას. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით უკანონობას, ეგოიზმსა და უღვთო საქციელს. ეს დრო მათთვისაც კი „მძიმე [და] ძნელად ასატანია“, ვინც ცდილობს, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად იცხოვროს (მათ. 24:3, 6—8, 12; 2 ტიმ. 3:1—5).

5 უმრავლესობას არ ესმის, რატომ არის დღეს მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა. ამის შედეგი კი ის არის, რომ მრავალი წუხს, თუ როგორ დაიცვას საკუთარი თავი და ოჯახი. საყვარელი ადამიანის სიკვდილისა თუ სხვა ტრაგედიის გამო მრავალი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. ისინი კარგავენ იმედს იმის გამო, რომ არ იციან, რატომ ხდება ასეთი უბედურებები, და სად უნდა ეძებონ გამოსავალი (ეფეს. 2:12).

6. რატომ არ შეუძლია „დიდ ბაბილონს“ თავისი მიმდევრების დახმარება?

6 „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია მაინცდამაინც ვერაფრით ანუგეშებს ხალხს. პირიქით, ის „სიძვის ღვინით“ ათრობს მათ და სულიერ დაბნეულობაში შეჰყავს. უფრო მეტიც, ცრუ რელიგია, რომელიც მეძავივით იქცევა, ატყუებს და თავის ჭკუაზე ატარებს „დედამიწის მეფეებს“, რისთვისაც ცრუ სწავლებებსა და სპირიტიზმს მიმართავს. ამას კი იმისთვის აკეთებს, რომ მასები ბრმად და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ თავიანთ მმართველებს. ცრუ რელიგიამ სწორედ ასე მოიპოვა ძალაუფლება და გავლენა, მაგრამ ის სრულიად განუდგა ჭეშმარიტებას (გამოცხ. 17:1, 2, 5; 18:23).

7. რა ელის უმრავლესობას, და როგორ შეიძლება ზოგიერთის დახმარება?

7 იესომ თქვა, რომ ადამიანთა უმრავლესობა დაღუპვამდე მიმყვანი ფართო გზით ივლიდა (მათ. 7:13, 14). ზოგი ამ გზით იმიტომ დადის, რომ შეგნებულად უარყოფს ბიბლიურ სწავლებებს, თუმცა მრავალი ამ გზას იმიტომ ადგას, რომ მოტყუებულია, ანუ სულიერ სიბნელეში იმყოფება და არ იცის, რას მოითხოვს იეჰოვა მათგან სინამდვილეში. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა შეცვალოს კიდეც ცხოვრების კურსი, თუ ბიბლიიდან დაინახავს ამის გაკეთების აუცილებლობას. მაგრამ, ვინც დიდ ბაბილონში დარჩება და კვლავაც უარყოფს ბიბლიურ ნორმებს, „დიდ გასაჭირში“ განადგურდება (გამოცხ. 7:14).

„დაუღალავად“ იქადაგეთ

8, 9. როგორ მოიქცნენ პირველი ქრისტიანები, როდესაც წინააღმდეგობას წააწყდნენ, და რატომ?

8 იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას იქადაგებდნენ და მოწაფეებს მოამზადებდნენ (მათ. 28:19, 20). ამიტომ, ჭეშმარიტი ქრისტიანები სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობას ყოველთვის თვლიდნენ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენად და თავიანთ აუცილებელ მოვალეობად. ამის გამო იესოს პირველი მიმდევრები წინააღმდეგობის მიუხედავადაც კი არ წყვეტდნენ ქადაგებას. ისინი იეჰოვას ძალაზე იყვნენ დაიმედებულნი და ლოცულობდნენ, რომ ღვთის „სიტყვა მთელი გამბედაობით“ ელაპარაკათ. ამის საპასუხოდ, იეჰოვამ წმინდა სულით აავსო ისინი, რის შედეგადაც მათ გაბედულად განაგრძეს ღვთის სიტყვის ქადაგება (საქ. 4:18, 29, 31).

9 შეწყვიტეს იესოს მოწაფეებმა სასიხარულო ცნობის ქადაგება, როდესაც მათი მოწინააღმდეგეები გამძვინვარდნენ? არა. ქრისტეს მოწაფეების ქადაგებით გაღიზიანებულმა იუდეველთა რელიგიურმა წინამძღოლებმა დააპატიმრეს მოციქულები, დაემუქრნენ მათ და სცემეს ისინი. მიუხედავად ამისა, ისინი „დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“. მათ კარგად ესმოდათ, რომ ‘ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დამორჩილებოდნენ, როგორც მმართველს’ (საქ. 5:28, 29, 40—42).

10. რა სირთულეებს ხვდებიან დღეს ქრისტიანები, მაგრამ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მათმა კარგმა ქცევამ?

10 მართალია, ღვთის დღევანდელი მსახურებიდან უმრავლესობას ქადაგების გულისთვის არ სცემენ და არ აპატიმრებენ, მაგრამ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ხვდება ამა თუ იმ სახის განსაცდელს. ბიბლიით განსწავლული სინდისი შეიძლება გკარნახობდეთ, რომ არ იაროთ იმ გზით, რომლითაც ქვეყნიერება დადის, ან მოიქცეთ ისე, რომ სხვებისგან განსხვავდებოდეთ. თანამშრომლებმა, თანაკლასელებმა თუ მეზობლებმა შეიძლება უცნაურ ადამიანად ჩაგთვალონ იმის გამო, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობთ. როგორც უნდა იყოს, სხვების უარყოფითმა დამოკიდებულებამ არ უნდა დაგაბრკოლოთ. ქვეყნიერება სულიერი სიბნელითაა მოცული, მაგრამ ქრისტიანებმა უნდა ‘ანათონ, როგორც მნათობებმა’ (ფილ. 2:15). შესაძლოა ზოგმა გულწრფელმა ადამიანმა დაინახოს და დააფასოს თქვენი კარგი საქმეები და, შედეგად, იეჰოვა განადიდოს (წაიკითხეთ მათეს 5:16).

11. ა) როგორ რეაგირებს ზოგი ქადაგებაზე? ბ) რა წინააღმდეგობებს შეხვდა მოციქული პავლე და როგორ მოიქცა ის?

11 სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგოდ გაბედულებაა საჭირო. ზოგმა, მათ შორის ნათესავებმაც კი, შეიძლება დაგცინოთ ან სხვა სახით ეცადონ, ხალისი დაგაკარგვინოთ (მათ. 10:36). პავლე მოციქული არაერთხელ სცემეს იმის გამო, რომ ერთგულად ასრულებდა თავის მსახურებას. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ რეაგირებდა ის ასეთ წინააღმდეგობაზე: „მას შემდეგ, რაც ჯერ . . . ვიტანჯეთ და შეურაცხგვყვეს . . . ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“ (1 თეს. 2:2). ცხადია, პავლესთვის ადვილი არ იქნებოდა სასიხარულო ცნობის ქადაგება მას შემდეგ, რაც შეიპყრეს, ტანსაცმელი შემოახიეს, გაჯოხეს და საპყრობილეში ჩააგდეს (საქ. 16:19—24). რამ მისცა მას გაბედულება, რომ გაეგრძელებინა ქადაგება? იმის ძლიერმა სურვილმა, რომ შეესრულებინა ღვთის მიერ დაკისრებული ეს დავალება (1 კორ. 9:16).

12, 13. რა სირთულეს ხვდება ზოგი და როგორ შეუძლიათ მათი დაძლევა?

12 გულმოდგინების შენარჩუნება შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს მაშინ, როცა ისეთ ტერიტორიებზე ვქადაგებთ, სადაც ხალხი იშვიათად გვხვდება სახლში ან სადაც გულგრილად ეხმაურებიან სამეფოს ცნობას. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში? ამ დროს შეიძლება უფრო მეტი გაბედულება დაგვჭირდეს, რომ ხალხს არაფორმალურად ვუქადაგოთ. შესაძლოა საჭირო გახდეს, ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს განრიგში ან მთელი ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, რომ ვიქადაგოთ იქ, სადაც უფრო მეტ ადამიანს შევხვდებით (შეადარეთ იოანეს 4:7—15; საქმეების 16:13; 17:17).

13 მრავალს სირთულეს უქმნის ასაკი და სუსტი ჯანმრთელობა, რის გამოც ისინი შეიძლება იმდენს ვეღარ ქადაგებდნენ, რამდენსაც ადრე. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, გულს ნუ გაიტეხთ. იეჰოვას კარგად ესმის თქვენი შეზღუდული შესაძლებლობები და აფასებს იმას, რამდენის გაკეთებაც შეგიძლიათ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:12). რა სახის სირთულესაც არ უნდა ხვდებოდეთ — იქნება ეს წინააღმდეგობა, ხალხის გულგრილობა თუ სუსტი ჯანმრთელობა — თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში (იგავ. 3:27; მარ. 12:41—44).

‘ყურადღებით მოეკიდე მსახურებას’

14. რის მაგალითს აძლევდა მოციქული პავლე თანაქრისტიანებს და რა რჩევა მისცა მან ერთ-ერთ მათგანს?

14 პავლე მოციქული ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა თავის მსახურებას და თანამორწმუნეებსაც ამისკენ მოუწოდებდა (საქ. 20:20, 21; 1 კორ. 11:1). პირველი საუკუნის ერთ-ერთი ქრისტიანი, რომელსაც პავლემ განსაკუთრებულად მოუწოდა ამისკენ, იყო არქიპე. კოლოსელების მიმართ მიწერილ წერილში პავლემ დაწერა: «არქიპეს კი უთხარით: „ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე“» (კოლ. 4:17). ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო არქიპე ან რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ის, მაგრამ აშკარაა, რომ მას ‘მიღებული ჰქონდა მსახურება’. თუ მიძღვნილი ქრისტიანი ხართ, თქვენც ‘მიღებული გაქვთ მსახურება’. ყურადღებით ეკიდებით მსახურებას, რომ შეასრულოთ ის?

15. რას ნიშნავს ღვთისადმი მიძღვნა და რაზე უნდა დავფიქრდეთ?

15 სანამ მოვინათლებოდით, ჩვენ გულითად ლოცვაში თავი მივუძღვენით იეჰოვას. ეს იმას ნიშნავდა, რომ გადავწყვიტეთ მისი ნების შესრულება. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ: „ღვთის ნების შესრულება ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩემს ცხოვრებაში?“ ჩვენ შესაძლოა სხვადასხვა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რის შესრულებასაც იეჰოვა ჩვენგან მოელის, მაგალითად, ოჯახზე ზრუნვა (1 ტიმ. 5:8). მაგრამ, როგორ ვიყენებთ თავისუფალ დროს და რას ვახმართ ჩვენს ენერგიას? რა არის ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15).

16, 17. რა შესაძლებლობებზე შეუძლიათ დაფიქრდნენ ახალგაზრდა ქრისტიანები ან ისინი, ვისაც არც ისე ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია ცხოვრებაში?

16 მაღალ კლასში ხომ არ ხართ ან სკოლა უკვე ხომ არ დაამთავრეთ? ალბათ ჯერ არ გაწევთ ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? რა გადაწყვეტილების მიღება დაგეხმარებათ, რომ საუკეთესოდ შეასრულოთ თქვენი, როგორც მიძღვნილი ქრისტიანის ვალდებულება იეჰოვას წინაშე? ბევრმა ისე მოაგვარა თავისი საქმეები, რომ პიონერად დაეწყო მსახურება, და ახლა ისინი დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას იღებენ (ფსალმ. 110:3; ეკლ. 12:1).

17 შესაძლოა ახალგაზრდა ხართ. შეიძლება თქვენ სრულ განაკვეთზე მუშაობთ და საკუთარი თავის რჩენის გარდა არც ისე ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ეჭვგარეშეა, რომ თქვენ დიდ სიხარულს განიჭებთ კრების საქმეებში მონაწილეობის მიღება იმ ზომით, რამდენის საშუალებასაც გაძლევთ თქვენი განრიგი. შეგიძლიათ, უფრო მეტი სიხარული განიცადოთ? გიფიქრიათ მსახურების გაფართოებაზე? (ფსალმ. 34:8; იგავ. 10:22). ზოგ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ჭეშმარიტებამ ყველა ადამიანის ყურამდე მიაღწიოს. შეგიძლიათ, ცვლილებები მოახდინოთ ცხოვრებაში და ისეთ ადგილზე იმსახუროთ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:6—8).

18. რა ცვლილებები მოახდინა ერთმა წყვილმა და რა შედეგი მოუტანა ამან მათ?

18 განვიხილოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები კევინისა და ელენას მაგალითი *. მათ მხარეში ჩვეულებრივ მიღებულია, რომ ახალდაქორწინებულებს ჰქონდეთ საკუთარი სახლი, ამიტომ შეუღლების შემდეგ კევინმა და ელენამ სახლის ყიდვა გადაწყვიტეს. ორივენი სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ, რომ ცხოვრების მაღალი დონე შეენარჩუნებინათ. სამუშაოსა და სახლზე ზრუნვის გამო მსახურებისთვის მათ ცოტა დროღა რჩებოდათ. ისინი მიხვდნენ, რომ თითქმის მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას უთმობდნენ. როდესაც ისინი აკვირდებოდნენ ერთ ცოლ-ქმარს, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობდნენ, მაგრამ ბედნიერები იყვნენ იმის გამო, რომ პიონერებად მსახურობდნენ, კევინმა და ელენმა გადაწყვიტეს, ცხოვრებაში ცვლილებები მოეხდინათ. მათ ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართეს ლოცვით, გაყიდეს საკუთარი სახლი და საცხოვრებლად ბინაში გადავიდნენ. ელენამ უფრო ნაკლები დრო დაუთმო სამუშაოს და პიონერად მსახურება დაიწყო. როდესაც კევინმა დაინახა, თუ რა სიხარულს ანიჭებდა მსახურება მის ცოლს, მანაც მიატოვა სრულგანაკვეთიანი სამსახური და პიონერობა დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ ისინი გადავიდნენ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. „ჩვენ ყოველთვის ბედნიერი წყვილი ვიყავით, — ამბობს კევინი. — მაგრამ მას შემდეგ, რაც სულიერი მიზნები დავისახეთ და შესაბამისად დავიწყეთ მოქმედება, უფრო ბედნიერები გავხდით“ (წაიკითხეთ მათეს 6:19—22).

19, 20. რატომ არის სასიხარულო ცნობის ქადაგება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე?

19 სასიხარულო ცნობის ქადაგება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც დღეს დედამიწაზე ხორციელდება (გამოცხ. 14:6, 7). ეს საქმე იეჰოვას სახელის განწმენდას ემსახურება (მათ. 6:9). ბიბლიური ცნობა ყოველ წელს ათასობით ადამიანის ცხოვრებას აუმჯობესებს, რაც მათ გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ „როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა?“ — იკითხა პავლე მოციქულმა (რომ. 10:14, 15). მართლაც, როგორ? მოდი, რაც შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შეასრულოთ თქვენი მსახურება.

20 კიდევ ერთი საშუალება, რაც დაგეხმარებათ, გააგებინოთ ხალხს, თუ რა დროში ვცხოვრობთ და რამდენად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწავლების უნარის განვითარებაა. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ამის მიღწევა.

[სქოლიო]

^ აბზ. 18 სახელები შეცვლილია.

როგორ უპასუხებთ?

• რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ქრისტიანებს ხალხის მიმართ?

• როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რომლებიც დაბრკოლებებს გვიქმნის მსახურებაში?

• როგორ შეგვიძლია იმ ‘მსახურების შესრულება, რომელიც მივიღეთ’?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 5 გვერდზე]

გაბედულებაა საჭირო, რომ წინააღმდეგობის დროს ვიქადაგოთ

[სურათი 7 გვერდზე]

რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ იმ ტერიტორიაზე ქადაგებთ, სადაც ხალხი იშვიათად გხვდებათ სახლში?