არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა ხანდაზმულობა „სილამაზის გვირგვინი“ ხდება

როცა ხანდაზმულობა „სილამაზის გვირგვინი“ ხდება

ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“

როცა ხანდაზმულობა „სილამაზის გვირგვინი“ ხდება

„ეს ცხოვრების საუკეთესო გზაა“, — თქვა მიურიელმა, რომელიც 101 წლისაა. „ნამდვილად აზრით აღსავსეა!“, — ასე აფასებს თავის ცხოვრებას 70 წლის თეოდოროსი. „ცხოვრების წლებს ამაზე უკეთესად ვერ გამოვიყენებდი“, — აღნიშნა 73 წლის მარიამმა. თითოეულმა მათგანმა მთელი ცხოვრება იეჰოვასადმი მსახურებაში გაატარა.

ასეთი ხანდაზმულები მრავლად არიან იეჰოვას აქტიურ თაყვანისმცემელთა შორის მთელ მსოფლიოში. ასაკის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეებისა და სხვა ხელისშემშლელი მდგომარეობების მიუხედავად, ისინი კვლავაც მთელი გულით ემსახურებიან ღმერთს. ქრისტიანულ კრებაში ასეთი გულმოდგინე ხანდაზმულები ღვთისადმი ერთგულების შესანიშნავ მაგალითს იძლევიან და პატივისცემას იმსახურებენ. თუმცა შესაძლოა მათი მდგომარეობა შეზღუდული იყოს, იეჰოვა დიდად აფასებს თავის ასაკოვან მსახურებს * (2 კორინთელები 8:12).

ფსალმუნების წიგნი სათანადოდ აღნიშნავს იმას, თუ როგორ უნდა უყურებდნენ თავიანთ წლებს ერთგული ხანდაზმულები. ისინი შეიძლება შევადაროთ დიდი ხნის ახოვან ხეებს, რომლებიც კვლავ ნაყოფიერნი არიან. ერთგული ხანდაზმულების შესახებ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას“ (ფსალმუნები 91:15).

ზოგი შეიძლება შიშობს, რომ სიბერეში მიტოვებულნი და უარყოფილნი იქნებიან, რადგანაც ისეთი ენერგია აღარ აქვთ, როგორც უწინ ჰქონდათ. დავითი ღმერთს ევედრებოდა: „ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ“ (ფსალმუნები 70:9). რაზეა დამოკიდებული, ხანდაზმულობის წლები უძლურების დრო იქნება თუ ნაყოფიერების? ღვთიური სამართლიანობის გამოვლენაზე. „პალმასავით მართალი გაიფურჩქნება“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნები 91:13, აქ [92:12]).

ისინი, რომლებიც ცხოვრებას იეჰოვასადმი ერთგულად მსახურებაში ატარებენ, ხანდაზმულობის ასაკშიც აგრძელებენ კეთილი საქმეების კეთებას. მათ მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეს — აღმოცენებული თესლის მსგავსად, რომელიც უხვ ნაყოფს იძლევა — უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს როგორც მათთვის, ისე სხვებისთვის (გალატელები 6:7—10; კოლოსელები 1:10). რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც ცხოვრებას ფუჭად ატარებს ეგოისტური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად, რითაც უარყოფენ ღვთის გზებს, ჩვეულებრივ, ხანდაზმულობის ასაკი ნაკლებად ღირებულია.

სიმართლე ხანდაზმულობის ერთგვარი მორთულობაა. ეს ბიბლიის წიგნ „იგავებშიც“ ხაზგასმით არის აღნიშნული: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზეა მოპოვებული“ (იგავები 16:31, აქ). დიახ, სიმართლის გამოვლენა შინაგანი ბუნების სილამაზეზე მეტყველებს. მთელი ცხოვრების განმავლობაში სიმართლის გზით სიარულს პატივისცემა მოაქვს (ლევიანები 19:32). როდესაც ჭაღარას თან სიბრძნე და სიკეთე ახლავს, ეს ადამიანისთვის ღირსების მომტანია (იობი 12:12).

იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როდესაც სიმართლეს ვავლენთ და ცხოვრებას მის მსახურებაში ვატარებთ. საღვთო წერილი ამბობს: „შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ“ (ესაია 46:4, სსგ). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა დაცვასა და მხარდაჭერას ჰპირდება ერთგულ მსახურებს ხანდაზმულობის ასაკში! (ფსალმუნები 47:15).

ვინაიდან იეჰოვასთვის ძვირფასია ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ერთგულად ემსახურება მას, განა ჩვენგან არ იმსახურებენ პატივისცემას ასეთი ერთგული ხანდაზმულები? როდესაც ღვთის შეხედულებას ვირეკლავთ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ხანდაზმულ თანამორწმუნეებს (1 ტიმოთე 5:1, 2). მოდი ვეძებოთ პრაქტიკული საშუალებები იმისათვის, რომ სიყვარული გამოვავლინოთ ხანდაზმულთა მიმართ და ვიზრუნოთ მათ საჭიროებებზე.

სიმართლის გზაზე დადგომა არასდროს არ არის გვიან

„სიმართლის გზაზე სიცოცხლეა“, — გვარწმუნებს სოლომონი (იგავები 12:28, სსგ). ზოგს ხანდაზმულობამ ვერ შეუშალა ხელი, რომ ცხოვრების ამ პერიოდში სიმართლის გზაზე ევლო. მაგალითად, მოლდავეთში 99 წლის ხანდაზმული მამაკაცი ახალგაზრდობისას კომუნისტური იდეების ერთგული მხარდამჭერი იყო. ის ამაყობდა იმით, რომ პირადად ჰქონდა საუბრები კომუნისტთა ცნობილ ლიდერებთან, მაგალითად ვ. ი. ლენინთან. მაგრამ კომუნიზმის დაცემასთან ერთად, ამ მამაკაცისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა. მაგრამ, როდესაც იეჰოვას მოწმეებმა უჩვენეს მას, რომ მხოლოდ ღვთის სამეფო შეძლებს კაცობრიობის პრობლემების გადაჭრას, მან გულთან მიიტანა ბიბლიური ჭეშმარიტება და საღვთო წერილის გულმოდგინე შემსწავლელი გახდა. სამწუხაროდ, მას სიკვდილმა შეუშალა ხელი, რომ იეჰოვას მონათლული მსახური გამხდარიყო.

როდესაც 81 წლის ერთმა უნგრელმა ქალმა ღვთის მორალური ნორმების შესახებ გაიგო, მიხვდა, რომ მამაკაცთან, რომელთანაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა, ხელი უნდა მოეწერა. ქალმა მოიკრიბა სიმამაცე და ბიბლიური თვალსაზრისი აუხსნა თავის პარტნიორს. მისდა გასაოცრად და სასიხარულოდ, ის ქორწინებაზე დასთანხმდა. იმის შემდეგ, რაც კანონიერად დაქორწინდნენ, ამ ქალმა სწრაფად წაიწია წინ სულიერად. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან რვა თვეში ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და მალევე მოინათლა. მართლაც, ჭეშმარიტებაა, რომ სიმართლე ხანდაზმულთათვის შეიძლება სილამაზის გვირგვინი გახდეს!

დიახ, ერთგულ ქრისტიან ხანდაზმულებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ღმერთი დაინტერესებულია მათით. იეჰოვა არ მიატოვებს მათ, ვინც მისი ერთგული რჩება. პირიქით, ის მათ ხანდაზმულობის ასაკშიც ჰპირდება ხელმძღვანელობას, მხარდაჭერასა და დაცვას. ხანდაზმულები კი ეთანხმებიან ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 120:2).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2005 წლის კალენდარი“, იანვარი/თებერვალი.

[ჩანართი 9 გვერდზე]

„ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზეა მოპოვებული“

(იგავები 16:31, აქ).

[ჩარჩო 8 გვერდზე]

იეჰოვა ზრუნავს თავის ხანდაზმულ მსახურებზე

„ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს“ (ლევიანები 19:32, სსგ).

„შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ“ (ესაია 46:4, სსგ).