არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როგორ შეიძლებოდა სამსონი შეხებოდა მის მიერ დახოცილთა გვამებს და მოწმიდარი დარჩენილიყო?

ძველ ისრაელში თითოეულ პიროვნებას შეეძლო ნებაყოფლობით დაედო აღთქმა და გარკვეული დროის განმავლობაში მოწმიდრად ემსახურა *. ერთ-ერთი ვალდებულება, რომლის შესრულებაც აღთქმის დამდებს მოეთხოვებოდა, შემდეგი იყო: „უფლის მოწმიდრობის მთელ დღეებში მკვდარს არ მიეკაროს. თავისი მამის და დედის, ძმისა და დის გამოც არ შეიბილწოს, მათი სიკვდილის დროს“. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ‘თუ ვინმე მოკვდებოდა მასთან უეცრივ, მოულოდნელად’? მკვდრის ასეთი შემთხვევითი შეხებით მისი მოწმიდრობა შეიბილწებოდა. ასე რომ, მოწმიდრობის ‘პირვანდელი დღეები გაუუქმდებოდა’. ის უნდა განწმენდილიყო და მოწმიდრობის დღეები კვლავ ახლიდან დაეწყო (რიცხვნი 6:6—12).

სამსონის მოწმიდრობას განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა. მის დაბადებამდე იეჰოვას ანგელოზმა დედამისს უთხრა: „აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, და სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა საშოდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან“ (მსაჯულთა 13:5). სამსონს თავად არ დაუდია აღთქმა მოწმიდრად მსახურების შესახებ. ის ღმერთმა დანიშნა და მას მთელი სიცოცხლე უნდა ემსახურა. აკრძალვა გვამის შეხების თაობაზე მის შემთხვევაში ვერ იმოქმედებდა. თუ ის შემთხვევით მკვდარს შეეხებოდა, როგორღა შეძლებდა თავიდან დაეწყო მოწმიდრობა, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო? როგორც ჩანს, იმ მოწმიდრების მოთხოვნები, რომელთაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ემსახურათ, გარკვეულწილად განსხვავდებოდა იმ მოთხოვნებისგან, რომლის დაცვაც ევალებოდა მათ, ვინც ნებაყოფლობით დებდა აღთქმას ამ მსახურების შესასრულებლად.

განვიხილოთ, თუ რას მოითხოვდა იეჰოვა ბიბლიაში მოხსენიებული სამი პიროვნებისგან — სამსონის, სამუელისა და იოანე ნათლისმცემლისგან — რომლებიც მთელი სიცოცხლე მოწმიდრებად მსახურობდნენ. როგორც უკვე მოვიხსენიეთ, სამსონს მოეთხოვებოდა, რომ თმა არ შეეჭრა. ჯერ არ ჩასახული ბავშვის შესახებ, სამუელის დედამ, ხანამ, აღთქმა დადო: „უფალს მივცემ მას ვიდრე ცოცხალი იქნება, სამართებელი არ შეეხება მის თავს“ (1 მეფეთა 1:11). იოანე ნათლისმცემლის შემთხვევაში, იეჰოვას ანგელოზმა თქვა: „არ უნდა დალიოს არც ღვინო და არც მაგარი სასმელი“ (ლუკა 1:15). გარდა ამისა, „იოანეს აქლემის ბეწვის სამოსელი ემოსა, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და კალიებითა და ველური თაფლით იკვებებოდა“ (მათე 3:4). ამ სამიდან არც ერთს არ ეკრძალებოდა მკვდრის შეხება.

მიუხედავად მოწმიდრობისა, სამსონი იმ მსაჯულთა შორის იყო, რომლებიც იეჰოვამ დაუდგინა ისრაელს მძარცველების ხელიდან დასახსნელად (მსაჯულთა 2:16). ამ დავალების შესრულებისას ის მკვდრებს ეხებოდა. ერთხელ სამსონმა 30 ფილისტიმელი მოკლა და ტანსაცმელი გახადა. მოგვიანებით, მან მოწინააღმდეგეებს „მაგრად ურტყა წვივებზე და თეძოებზე“. აგრეთვე მან იპოვა ვირის ახალი თავყბა, რომლითაც ათასი კაცი მოკლა (მსაჯულთა 14:19; 15:8, 15, სსგ). სამსონმა ეს ყველაფერი იეჰოვას კეთილგანწყობითა და მხარდაჭერით გააკეთა. ბიბლია მას მოიხსენიებს, როგორც რწმენაში სამაგალითო მამაკაცს (ებრაელები 11:32; 12:1).

გამოთქმა, სამსონმა ლომი გახლიჩა ისე, „როგორც კაცმა თიკანი გახლიჩოს“, ნიშნავს იმას, რომ იმ დროს თიკნის გახლეჩა გავრცელებული იყო?

არანაირი მტკიცება არა გვაქვს იმისა, რომ ძველ ისრაელში მსაჯულების დროს გავრცელებული იყო თიკნების გახლეჩა. მსაჯულთა 14:6 ამბობს: „გადმოვიდა სამსონზე უფლის სული, და მან ისე გახლიჩა იგი [ახალგაზრდა ლომი], როგორც კაცმა თიკანი გახლიჩოს, და ხელში არაფერი სჭერია“. აქ, როგორც ჩანს, ხატოვანი გამოთქმა — შედარებაა გამოყენებული.

გამოთქმას შუაზე „გახლიჩა“ შეიძლება ორი მნიშვნელობა ჰქონდეს. სამსონმა ლომი ან ყბებში ხელის ჩავლებით გახლიჩა, ან რაიმე სხვაგვარად ნაწილებად დაგლიჯა. თუ პირველ მნიშვნელობას დავუშვებთ, მაშინ იმავეს გაკეთება თიკნისთვის, ჩვეულებრივ, ადამიანსაც შეუძლია. ამ შემთხვევაში, შედარების მოყვანით ნაჩვენები იქნებოდა, რომ სამსონისთვის შიშველი ხელებით ლომის ძლევა ისეთივე ადვილი იყო, როგორც თიკნისა. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას, თუ აქ ის იგულისხმება, რომ სამსონმა ლომი ნაწილებად დაგლიჯა? მაშინ აშკარად ცხადია, რომ აქ ხატოვანი გამოთქმა — შედარებაა გამოყენებული. შედარების მიზანი კი ის იქნებოდა, რომ იეჰოვას სულმა სამსონს ისეთი დავალების შესრულების ძალა მისცა, რომელსაც ზეადამიანური ფიზიკური სიძლიერე სჭირდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მსაჯულთა 14:6-ში ჩაწერილი შედარება ცხადყოფს, რომ იეჰოვას დახმარებით, ძლიერი ლომი, ისეთივე ადვილი მოსაკლავი იყო სამსონისთვის, როგორც საშუალო ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის — თიკნის.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 თითოეული ადამიანი პირადად წყვეტდა, რამდენ ხანს ემსახურა მოწმიდრად. მაგრამ იუდეველების ტრადიციის თანახმად, ასეთი აღთქმა სულ მცირე 30 დღით უნდა დადებულიყო. მიიჩნევდნენ, რომ ეს აღთქმა თუ 30-ზე უფრო ნაკლები დღით დაიდებოდა, ასეთი მსახურება ფასს დაკარგავდა.