მსაჯულები 15:1—20

  • სამსონის შურისძიება ფილისტიმელებზე (1—20).

15  გავიდა დრო და ხორბლის მკის დროს სამსონი თავისი ცოლის სანახავად წავიდა და თან თიკანი წაიყვანა. თქვა, შევალო ჩემს ცოლთან ოთახში, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა. 2  უთხრა ქალის მამამ: „მეგონა, მოიძულე ის+ და შენს ერთ-ერთ მაყარს მივათხოვე.+ უმცროსი და არ სჯობია მას?! მის ნაცვლად ის წაიყვანე!“ 3  სამსონმა თქვა: „ახლა ნამდვილად ვერ დამძრახავენ ფილისტიმელები, თუ მათ შავ დღეში ჩავყრი!“ 4  წავიდა სამსონი და 300 მელა დაიჭირა; აიღო ჩირაღდნები, მელიები ერთმანეთს კუდებით გადააბა და კუდებს შორის თითო ჩირაღდანი ჩააყოლა; 5  ჩირაღდნებს ცეცხლი მოუკიდა და მელიები ფილისტიმელთა ყანებში გაუშვა. ასე გადაწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის კორომებიც. 6  ფილისტიმელებმა იკითხეს, ეს ვინ ჩაიდინაო. უთხრეს, სამსონმა, თიმნელის სიძემ, რადგან სიმამრმა მისი ცოლი ერთ-ერთ მაყარს მიათხოვაო.+ წავიდნენ ფილისტიმელები და ის ქალიცა და მამამისიც ცეცხლში დაწვეს.+ 7  სამსონმა უთხრა მათ: „რაკი ასე იქცევით, ვერ მოვისვენებ, სანამ თქვენზე შურს არ ვიძიებ!“+ 8  ერთი მეორის მიყოლებით ყველა დახოცა. წავიდა და ეტამის კლდის გამოქვაბულში დასახლდა. 9  ავიდნენ ფილისტიმელები იუდაში და იქ დაბანაკდნენ; ლეხთან დათარეშობდნენ.+ 10  იუდეველებმა ჰკითხეს მათ, ჩვენთან რატომ ამოხვედითო. მათ მიუგეს, სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რომ მასაც იგივე დავმართოთ, რაც ჩვენ დაგვმართაო. 11  ჩავიდა 3 000 კაცი იუდადან ეტამის კლდის გამოქვაბულთან და სამსონს უთხრა: „არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე?!+ ეს რა გვიყავი?!“ მან მიუგო: „როგორც ისინი მომექცნენ, მეც ისე მოვექეცი!“ 12  მათ უთხრეს: „შენ შესაპყრობად ჩამოვედით, რომ ფილისტიმელებს გადაგცეთ“. სამსონმა მიუგო: „შემომფიცეთ, რომ ჩემს მოკვლას არ შეეცდებით“. 13  მათ უთხრეს: „არა, მხოლოდ შეგბოჭავთ და მათ გადაგცემთ; მოკვლით არ მოგკლავთ“. შეკრეს იგი ორი ახალი თოკით და წამოიყვანეს გამოქვაბულიდან. 14  როცა ლეხთან მივიდა, ფილისტიმელებმა მის დანახვაზე ყიჟინა დასცეს. ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული;+ მკლავებზე შემოხვეული თოკები დამწვარი სელის ძაფებივით დაწყვიტა და გაითავისუფლა ხელები.+ 15  დაინახა ვირის ყბა, სტაცა ხელი და 1 000 კაცი მოკლა ვირის ყბით.+ 16  სამსონმა თქვა: „გროვები დავახვავე ვირის ყბით, ვირის ყბით მოვკალი ათასი!“+ 17  ეს რომ თქვა, მოისროლა ყბა და იმ ადგილს რამათ-ლეხი*+ უწოდა. 18  ძალიან მოსწყურდა და მოუხმო იეჰოვას: „შენ მომაპოვებინე ეს დიდებული გამარჯვება მე, შენს მსახურს. ახლა კი წყურვილით უნდა მოვკვდე და წინადაუცვეთელებს ჩავუვარდე ხელში?!“ 19  ღმერთმა ნაპრალი გააჩინა ლეხში, საიდანაც წყალი გადმოვიდა;+ დალია მან, სული მოითქვა და გამოცოცხლდა. ამიტომ დაარქვა იმ ადგილს ენ-ჰაკორე*; ის დღემდე ლეხშია. 20  ფილისტიმელთა დროს 20 წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული.+

სქოლიოები

ნიშნავს „ყბის მაღლობს“.
ნიშნავს „მომხმობის წყაროს“.