არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა ზრუნავს უბრალო ადამიანებზე

იეჰოვა ზრუნავს უბრალო ადამიანებზე

იეჰოვა ზრუნავს უბრალო ადამიანებზე

აუცილებლად რაღაცით გამორჩეული და განსაკუთრებული უნდა ვიყოთ, რომ ღმერთმა ყურადღება მოგვაქციოს? აბრაამ ლინკოლნს, ამერიკის შეერთებული შტატების მე–16 პრეზიდენტს, ასეთი სიტყვები ეკუთვნის: „უფალს ძალიან უყვარს უბრალო ადამიანები და სწორედ ამიტომ შექმნა მან ასე ბევრი უბრალო ადამიანი“. ბევრი მიიჩნევს საკუთარ თავს უბრალო ადამიანად. ისინი თვლიან, რომ არაფრით არიან გამორჩეული. უბრალო ადამიანში შეიძლება იგულისხმებოდეს ის, ვინც ღარიბია ან დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება. მსგავსადვე, სიტყვა „ჩვეულებრივი“ შეიძლება მიანიშნებდეს ამა თუ იმ უპირატესობას ან განსაკუთრებულ მდგომარეობას მოკლებულ ადამიანზე ან დაბალი ფენის წარმომადგენელზე. რა კატეგორიის ადამიანების გარემოცვაში ისურვებდი ყოფნას? ნუთუ ქედმაღალ, თავდაჯერებულ და ამაყ ადამიანებს მიანიჭებდი უპირატესობას? განა უფრო კეთილგანწყობილ, თავმდაბალ, მოკრძალებულ, სხვებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებზე არ შეაჩერებდი არჩევანს?

რადგან დღევანდელ ქვეყნიერებაში ადამიანებს ახასიათებთ სხვებისთვის ემოციურად გამანადგურებელი შეურაცხყოფის მიყენება და მათი მასხრად აგდება, ზოგს უჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთი პირადად არის მათით დაინტერესებული. „ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც იშვიათად ავლენდნენ სიყვარულს, — წერს ამ ჟურნალის ერთი მკითხველი. ოჯახის წევრები მამცირებდნენ, მაღიზიანებდნენ და დამცინოდნენ. ამის გამო უკვე ბავშვობაში დამეუფლა არასრულფასოვნების გრძნობა. ჯერ კიდევ მიჭირს წარსულის ამ ნაკვალევის ამოშლა ჩემი ცხოვრებიდან, რაც სირთულეების დროს სასოწარკვეთილებაში მაგდებს“. ყოველივეს მიუხედავად, არსებობს იმის საფუძვლიანი მიზეზები, რომ გვჯეროდეს: ღმერთი ავლენს ინტერესს უბრალო ხალხის მიმართ.

ღმერთი დაინტერესებულია უბრალო ადამიანებით

„დიდია უფალი და ქებულია ფრიად, და მისი სიდიადე მიუწვდომელია“, დაწერა მეფე დავითმა (ფსალმუნები 144:3). თუმცა იეჰოვას თავისი სიდიადე სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ სიყვარულითა და თანაგრძნობით იზრუნოს ჩვენზე (1 პეტრე 5:7). აი, რა თქვა ფსალმუნმომღერალმა: „ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის“ (ფსალმუნები 33:19).

ქვეყნიერებაში ადამიანებს ფიზიკური სილამაზის, მაღალი მდგომარეობის ან სიმდიდრის გამო აფასებენ, მაგრამ ღვთის თვალში ეს ყოველივე არ არის მნიშვნელოვანი. ისრაელი ერისთვის მიცემული ღვთის რჯულიდან ჩანს, რომ იეჰოვა თანაგრძნობით ეპყრობოდა ღარიბებს, ობლებს, ქვრივებსა და უცხოტომელებს. ისრაელებს, რომლებსაც ეგვიპტეში საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოცდილი უმოწყალო მოპყრობა, ღმერთმა უთხრა: „ხიზანს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ . . . არ დაჩაგრო ქვრივი და ობოლი. თუ ჩაგვრით დაჩაგრავ, შემომღაღადებენ ისინი და სმენით მოვისმენ მათ ღაღადისს“ (გამოსვლა 22:2124). ესაია წინასწარმეტყველიც დარწმუნებული იყო იმაში, რომ იეჰოვა ზრუნავდა უბრალო ადამიანებზე: „შენ იყავი სიმაგრე საწყლისა, სიმაგრე გლახაკისა მის გაჭირვებაში, თავშესაფარი ნიაღვრისაგან, ჩრდილი პაპანაქებისაგან; რადგან სასტიკთა სუნთქვა ქარიშხალივით იყო კედლის წინააღმდეგ“ (ესაია 25:4).

იესო ქრისტე, რომელიც ღვთის „არსების ანარეკლი“ იყო, დედამიწაზე მსახურების დროს გულწრფელ ინტერესს ავლენდა უბრალო ხალხის მიმართ. ამით კი მან მაგალითი დაუტოვა თავის მოწაფეებს (ებრაელთა 1:3). მას ‘ებრალებოდა’ ადამიანები, რომლებიც „დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36).

უფრო მეტიც, ყურადღება მიაქციე, როგორი ადამიანები აირჩია იესომ მოციქულებად მამაკაცები, რომლებიც „უსწავლელ და უბრალო ადამიანებად“ იყვნენ ცნობილი (საქმეები 4:13, აქ). იესოს სიკვდილის შემდეგ მისი მიმდევრები ყველანაირ ადამიანს იწვევდნენ ღვთის სიტყვის მოსასმენად. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ყველა «ურწმუნოს ან უმეცარს [„გაუთვითცნობიერებელს“, აქ]» შეეძლო ქრისტიანულ კრებაში მისვლა და მორწმუნედ გახდომა (1 კორინთელთა 14:24, 25). ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ისეთი კატეგორიის ადამიანები აერჩია, რომლებსაც ქვეყნიერებაში მიღებული ნორმების მიხედვით ენიჭებათ უპირატესობა, ღმერთმა ბევრი უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი აირჩია თავის მსახურად. პავლე მოციქული ასეთი სიტყვებით მიმართავს თანამორწმუნეებს: „ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული. არამედ წუთისოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენები, და წუთისოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული — იმისათვის, რომ არავითარი ძე ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე“ (1 კორინთელთა 1:2629).

ღმერთი დღესაც გულწრფელად არის დაინტერესებული ჩვენით. მისი ნებაა, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). თუ ღმერთმა ისე ძლიერ შეიყვარა კაცობრიობა, რომ საკუთარი შვილი გამოგზავნა დედამიწაზე ჩვენთვის შესაწირად, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ მიტოვებულები ვართ და არაფერს წარმოვადგენთ (იოანე 3:16). იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს დაანახვა, რომ მისი სულიერი ძმებიდან თუნდაც ყველაზე „მცირედისადმი“ ისეთი დამოკიდებულება გამოევლინათ, თითქოს თავად იესოს ეპყრობოდნენ. მან თქვა: „რაც–კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:40). როგორც უნდა გვიყურებდნენ ქვეყნიერებაში, თუ გვიყვარს ჭეშმარიტება, ღვთის თვალში მართლაც რომ ძვირფასები ვიქნებით.

აი, რა იგრძნო ერთმა უმამო ბრაზილიელმა ბიჭმა, სახელად ფრანცისკუმ *, მას შემდეგ, რაც ახლო ურთიერთობა განავითარა ღმერთთან. ის ყვება: „იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის გაცნობა დამეხმარა უიმედობისა და სიმორცხვის დაძლევაში. დავინახე, რომ იეჰოვა პირადად არის დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით“. მისთვის იეჰოვა ნამდვილი მამა გახდა.

ახალგაზრდებზე ზრუნვა

იეჰოვა ახალგაზრდების მიმართაც ავლენს ნამდვილ ინტერესს და მათზე არა მხოლოდ როგორც ჯგუფზე, არამედ თითოეულზე პირადად ზრუნავს. რასაკვირველია, ახალგაზრდები ვართ თუ ხანში შესულები, არასოდეს უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. თუმცა, შეიძლება გაგვაჩნდეს ისეთი უნარი და თვისებები, რომლებსაც ღმერთი მომავალში გამოიყენებს. იეჰოვამ იცის, რაში გვჭირდება დახვეწა და გაწვრთნა, რათა საუკეთესოდ გამოვიყენოთ საკუთარი შესაძლებლობები. მაგალითისთვის მოვიყვანოთ 1 მეფეთა მე–16 თავში ჩაწერილი შემთხვევა. წინასწარმეტყველი სამუელი ისრაელის მომავალი მეფობისთვის სხვებს უფრო მიიჩნევდა შესაფერისად, ვიდრე დავითს. ამიტომ იეჰოვამ დაანახვა მას, რატომ აირჩია დავითი, იესეს უმცროსი ვაჟი: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი [დავითის უფროსი ძმა], რადაგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:7).

შეუძლიათ ახალგაზრდებს დღესაც იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ იეჰოვა გულწრფელად არის დაინტერესებული მათით? დავფიქრდეთ ახალგაზრდა ბრაზილიელი გოგონას, ანეს, შემთხვევაზე. ბევრი სხვა ახალგაზრდის მსგავსად, ანეს დიდ ტკივილს აყენებდა მის გარშემო არსებული გარყვნილებისა და უსამართლობის ყურება. მოგვიანებით მამამ ის და მისი დები ქრისტიანულ შეხვედრებზე წაიყვანა. თანდათანობით ანეზე დადებითად მოქმედებდა ის, რასაც ღვთის სიტყვიდან იგებდა. ანემ ქრისტიანული პუბლიკაციებისა და ბიბლიის კითხვა დაიწყო. ამავე დროს, ის იეჰოვა ღმერთს ლოცვით მიმართავდა. თანდათანობით კი ღმერთთან ახლო ურთიერთობა განავითარა. ანე ჰყვება: „მიყვარდა ველოსიპედით ჩემს სახლთან ახლოს მდებარე გორაზე ასვლა და იქიდან მშვენიერი სანახაობის, მზის ჩასვლის ყურება. ლოცვით მივმართავდი იეჰოვას და მადლობას ვუხდიდი სიკეთისა და დიდსულოვნებისთვის და ვცდილობდი, მთელი გულით გამომეთქვა, რა ძლიერ მიყვარდა ის. იეჰოვასა და მის განზრახვებთან გაცნობამ სულის სიმშვიდე და უსაფრთხოება მაპოვნინა“. თქვენც ცდილობთ დროის გამონახვას, რათა დაფიქრდეთ, როგორი სიყვარულით ზრუნავს იეჰოვა თითოეულ ჩვენგანზე?

რასაკვირველია, საკუთარი წარსულის გამო შეიძლება გაგვიჭირდეს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარება. დავფიქრდეთ ლიდიას მაგალითზე. როდესაც მამას გული გადაუშალა და თავისი პრობლემა გაუზირა, მამამ მოკლედ მოუჭრა: „ყურადღებას ნუ მიაქცევ“. ლიდიას ესმის, რომ მამამისს სურდა, მის ქალიშვილს პრობლემა დაევიწყებინა, მაგრამ მაინც ასეთ რამეს ამბობს: „ბიბლიის შესწავლის შედეგად მივიღე ყველაფერი, რაც მთელი გულით მსურდა, და უფრო მეტიც. იეჰოვას პიროვნებამ იმდენად მიმიზიდა, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ამჟამად მე მყავს მოსიყვარულე, გამგები მამა, რომელთანაც თავისუფლად შემიძლია გულის გადაშლა და ძალიან პირადული სატკივრის გაზიარება. შემიძლია სამყაროში არსებულ ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებას საათობით ველაპარაკო იმაში დარწმუნებულმა, რომ ის მომისმენს“. ამ გოგონას იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის შეგრძნებაში ფილიპელთა 4:6, 7–ში ჩაწერილი სიტყვები დაეხმარა: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“.

მიმართე იეჰოვას დახმარებისთვის

იეჰოვა ზრუნავს როგორც თავის ცალკეულ მსახურებზე, ისე მთლიანობაში მთელ მსოფლიოში არსებულ კრებებზე. ჩვენი მხრიდან, ზეციერი მამისადმი სიყვარულს იმით გამოვავლენთ, თუ გამოვძებნით დროს მასთან სალაპარაკოდ. იეჰოვასთან ურთიერთობას არასდროს უნდა მოვეკიდოთ არასერიოზულად. დავითი გამუდმებით ფიქრობდა იეჰოვასთან თავის ურთიერთობაზე. მან თქვა: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენით ვიმედოვნებ ყოველდღე“ (ფსალმუნები 24:4, 5).

ის აზრი, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა შესაძლებელია, შეიძლება სიახლე იყოს შენთვის. რა პრობლემებიც უნდა გქონდეს, ყოველთვის შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ უზანაეს ღმერთს შეუძლია თავის ნებისამებრ აღმოგიჩინოს დახმარება (1 იოანე 5:14, 15). ამიტომ შეეცადე, რომ შენი მდგომარეობისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით კონკრეტულად ილოცო.

ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას ვსაჭიროებთ, კარგად არის ნაჩვენები მეფე სოლომონის ლოცვაში, რომელიც მან ტაძრის მიძღვნის დროს წარმოთქვა: „თუ შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, თუ შავი ჭირი, თუ მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანას მის კარიბჭეებს, უბედურება რაიმე, თუ სნეულება, ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება ადამიანისაგან და მთელი შენი ერისაგან, ისრაელისაგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას . . . ისმინე ციდან . . . და მიუტევე, მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ“ (2 ნეშტთა 6:2830). სინამდვილეში მხოლოდ შენ იცი საკუთარი „უბედურების“ გაჭირვებისა თუ სატკივრის შესახებ. ამიტომ, რამდენად მნიშვნელოვანია, აღიარო, რას საჭიროებ და რა გსურს. თუ ამგვარად მოიქცევი, იეჰოვა „აგისრულებს გულისწადილს“ (ფსალმუნები 36:4).

უფრო დაუახლოვდი იეჰოვას

იეჰოვა სიხარულით იწვევს უბრალო ადამიანებს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა იქონიონ. მისი სიტყვა გვარწმუნებს: „ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი“ (2 კორინთელთა 6:18). იეჰოვასა და მის ძეს სურთ, რომ წარმატებულად ვიცხოვროთ და მარადიულ სიცოცხლეს მივაღწიოთ. რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვეხმარება ჩვენი მოვალეობების შესრულებაში ოჯახში, სამსახურსა თუ ქრისტიანულ კრებაში!

ყოველივეს მიუხედავად, ადრე თუ გვიან, ყველას გვექმნება გამოუვალი მდგომარეობები. შეიძლება ძალიან გვაღელვებდეს ჯანმრთელობის შერყევა, ოჯახური პრობლემები, მცირე შემოსავალი ან სხვა პრობლემა. შესაძლოა არ ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ განსაცდელს. მსგავსი დაწოლა, რომელიც სულ უფრო ძლიერდება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მომდინარეობს ბოროტი ცილისმწამებლისგან, სატანა ეშმაკისგან, რომელიც სულიერ ბრძოლას ეწევა ღვთის ხალხის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, სამყაროში არსებობს ისეთი პიროვნებაც, რომელსაც ესმის ჩვენი და გვეხმარება იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში. ეს პიროვნება ზეცაში მაღალი მდგომარეობის მქონე იესო ქრისტეა. მის შესახებ ვკითხულობთ: „ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის“ (ებრაელთა 4:15, 16).

მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აუცილებელი არ არის, სახელგანთქმული ან შეძლებული იყო! მაშინაც კი, როცა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფები, მიჰბაძე ფსალმუნმომღერალს, რომელიც ასეთი სიტყვებით მიმართავდა იეჰოვას: „მე ღარიბ–ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ“ (ფსალმუნები 30:1015; 39:18). შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ იეჰოვას უყვარს თავმდაბალი და უბრალო ადამიანები. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ‘ყველა საზრუნავი მას მივანდოთ, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე’ (1 პეტრე 5:7).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათები 29 გვერდზე]

იესოს ბევრ მიმდევარს განსაკუთრებული განათლება არ ჰქონია მიღებული, ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ.

[სურათი 30 გვერდზე]

ქრისტიანები მთელი გულით ცდილობენ რწმენის განმტკიცებას.

[სურათები 31 გვერდზე]

ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აუცილებელი არ არის, რაღაცით გამოვირჩეოდეთ.