მატიანე — წიგნი მეორე 6:1—42

  • სოლომონი ხალხს მიმართავს (1—11).

  • მიძღვნის დროს წარმოთქმული სოლომონის ლოცვა (12—42).

6  მაშინ თქვა სოლომონმა: „იეჰოვამ თქვა, რომ შავ ღრუბელში დამკვიდრდებოდა.+ 2  მე აგიშენე დიდებული ტაძარი, ადგილი, სადაც მარადიულად დაივანებ“.+ 3  შემდეგ მეფე მიტრიალდა ხალხისკენ და დალოცა მთელი ისრაელი. ამ დროს ფეხზე იდგა მთელი ხალხი.+ 4  მან თქვა: «დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რომელიც დაჰპირდა მამაჩემ დავითს და შეუსრულა კიდეც ნათქვამი: 5  „ჩემი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანის დღიდან ისრაელის ტომთა სამკვიდროებს შორის არ ამირჩევია ქალაქი ჩემთვის ტაძრის ასაშენებლად, სადაც ჩემს სახელს დავავანებდი,+ და არც კაცი ამირჩევია, ისრაელის, ჩემი ხალხის, წინამძღოლად. 6  მაგრამ ახლა ამოვირჩიე იერუსალიმი+ ჩემი სახელის დასავანებლად, დავითი კი — ჩემი ხალხის, ისრაელის, წინამძღოლად“.+ 7  გულით სურდა მამაჩემ დავითს ისრაელის ღვთის, იეჰოვას, სახელზე ტაძრის აშენება,+ 8  მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: „გულით მოისურვე ჩემს სახელზე ტაძრის აშენება, და კარგია, რომ ეს გულით მოისურვე, 9  მაგრამ შენ არ ააშენებ ტაძარს, შენი ვაჟი ააშენებს ტაძარს ჩემს სახელზე“.+ 10  შეასრულა იეჰოვამ თავისი დაპირება, რომ მამაჩემის, დავითის, შემდეგ მე ავიდოდი ისრაელის ტახტზე,+ როგორც ეს იეჰოვამ თქვა.+ ტაძარიც ავაშენე იეჰოვას, ისრაელის ღვთის, სახელზე, 11  და იქ დავდგი კიდობანი, რომელშიც ისრაელებთან დადებული იეჰოვას შეთანხმება+ დევს». 12  შემდეგ დადგა ის იეჰოვას სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის წინაშე და ხელები აღაპყრო+ 13  (სოლომონს სპილენძის კვარცხლბეკი ჰქონდა გაკეთებული, რომელიც შუა ეზოში იდგა;+ ის სიგრძით 5 წყრთა* იყო, სიგანითაც — 5 წყრთა, სიმაღლით კი — 3 წყრთა. ის სწორედ ამ კვარცხლბეკზე დადგა). მან მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის წინაშე, ზეცად აღაპყრო ხელები+ 14  და თქვა: «იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც ცაში და არც დედამიწაზე; შენ იცავ შეთანხმებას და ურყევია შენი სიყვარული* შენს მსახურთა მიმართ, რომლებიც მთელი გულით გემსახურებიან;+ 15  შენ შეუსრულე შენს მსახურს, მამაჩემ დავითს,+ დანაპირები; დაჰპირდი და შეასრულე კიდეც დღეს.+ 16  ახლა კი, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, შეასრულე შენი მსახური დავითისთვის, მამაჩემისთვის, მიცემული დანაპირები: „ყოველთვის იმეფებს შენი შთამომავალი ისრაელზე, თუ შენი ვაჟები დაუკვირდებიან თავიანთ გზებს+ და შენსავით დაიცავენ ჩემს კანონებს“.+ 17  იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, შესრულდეს შენი დანაპირები, რაც შენს მსახურ დავითს აღუთქვი! 18  ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე ადამიანებთან?!+ აი, ვერ გიტევს+ შენ ზეცა, ზეცათა ზეცა, და ჩემი აშენებული ტაძარი როგორღა დაგიტევს?!+ 19  ისმინე შენი მსახურის ლოცვა და სათხოვარი, წყალობას რომ გთხოვს, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მოუსმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას. 20  დღედაღამ თვალი გეჭიროს ამ ტაძარზე, ადგილზე, რომელზეც თქვი, რომ შენს სახელს დაავანებდი,+ და ისმინე ლოცვა, რომლითაც შენი მსახური მოგმართავს ამ ადგილისკენ მობრუნებული. 21  ისმინე შენი მსახურისა და შენი ხალხის, ისრაელის, ვედრება, როცა ისინი ამ ადგილისკენ მობრუნებულნი ილოცებენ,+ და მოუსმინე ზეციდან,+ შენი სამყოფლიდან, მოუსმინე და აპატიე!+ 22  თუ კაცს მოძმის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დაედება ბრალი და დააფიცებენ*, დაფიცებული კი მოვა შენს სამსხვერპლოსთან ამ ტაძარში,+ 23  მაშინ ისმინე ზეციდან, იმოქმედე და განსაჯე შენი მსახურები, რათა საკადრისი მიუზღო ბოროტს,+ მართალი კი უდანაშაულოდ ცნო და მისი სიმართლისამებრ გადაუხადო.+ 24  თუ შენი ხალხი, ისრაელი, თავისი ცოდვების სიმრავლის გამო მტერთან დამარცხდება,+ მერე კი მობრუნდება, განადიდებს შენს სახელს,+ ილოცებს+ და წყალობას გთხოვს ამ ტაძარში,+ 25  მოუსმინე ზეციდან+ და აპატიე ცოდვა შენს ხალხს, ისრაელს, და დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მათ და მათ მამა-პაპას მიეცი.+ 26  როცა მათი ცოდვების გამო+ ცა დაიხშობა და აღარ გაწვიმდება,+ მერე კი ამ ადგილისკენ მობრუნდებიან, ილოცებენ, განადიდებენ შენს სახელს და მეტად აღარ შეგცოდავენ, რადგან დაამდაბლე ისინი,+ 27  მოუსმინე ზეციდან და აპატიე ცოდვა შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს, რადგან შენ წაუძღვები მათ სწორ გზაზე, რომლითაც უნდა იარონ,+ და აწვიმე შენს მიწას,+ რომელიც სამკვიდროდ მიეცი შენს ხალხს. 28  თუ ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდება,+ ჭირი,+ ხორშაკი ან ჭრაქი+ გაჩნდება, გუნდ-გუნდად შეესევა მას კალია ან გაუმაძღარი კალიები+ ააოხრებენ, ანდა მტერი მოაქცევს ალყაში მათ ქალაქებს,+ რა უბედურება და სნეულებაც არ უნდა იყოს,+ 29  თუკი ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი (ვინაიდან თითოეულმა უწყის თავისი უბედურება და ტკივილი),+ გამოიწვდის ხელს ამ ტაძრისკენ და ლოცვითა+ და სათხოვრით+ მოგმართავს წყალობის მისაღებად,+ 30  მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან,+ აპატიე+ და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე, რადგან შენ იცი მათი გული (მხოლოდ შენ იცნობ კარგად კაცის გულს),+ 31  რათა ეშინოდეთ შენი და იარონ შენი გზით, სანამ ცოცხლები არიან იმ მიწაზე, ჩვენს მამა-პაპას რომ მიეცი. 32  თუ უცხოტომელი, რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს, მოვა შორეული ქვეყნიდან შენი დიდებული სახელის,+ ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის გამო, მოვა და ილოცებს ამ ტაძრისკენ მობრუნებული,+ 33  მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, და შეუსრულე უცხოტომელს სათხოვარი, რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი+ და ისე ეშინოდეს შენი, როგორც შენს ხალხს, ისრაელს, და იცოდეს, რომ შენი სახელით იწოდება ეს ტაძარი, რომელიც ავაშენე. 34  თუ შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საომრად, რომლითაც შენ გაგზავნი,+ და ლოცვით მოგმართავს+ მობრუნებული ამ ქალაქისკენ, რომელიც შენ ამოირჩიე, და ტაძრისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+ 35  ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და სათხოვარი, წყალობას რომ გთხოვენ, და სამართალი გაუჩინე მათ.+ 36  თუ ისინი შეგცოდავენ (რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი)+ და შენ განრისხდები მათზე, მტერს ჩაუგდებ ხელში და ტყვედ წაასხამენ მათ შორეულ თუ მეზობელ ქვეყნებში,+ 37  ისინი კი გონს მოეგებიან ტყვეობაში, მობრუნდებიან, წყალობას გთხოვენ და იტყვიან, შევცოდეთ, დავაშავეთ და ბოროტება ჩავიდინეთო,+ 38  თავიანთი მტრების მიწაზე ტყვეობაში მყოფნი+ მთელი სულითა და გულით მობრუნდებიან+ შენკენ, ილოცებენ იმ მიწისკენ პირშებრუნებულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, მომზირალნი შენ მიერ არჩეული ქალაქისკენ+ და ტაძრისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე, 39  ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა და სათხოვარი, წყალობას რომ გთხოვენ, სამართალი გაუჩინე მათ+ და აპატიე შენს ხალხს ცოდვები. 40  ჩემო ღმერთო, გთხოვ, თვალყური მიაპყარი ამ ადგილზე აღვლენილ ლოცვებს.+ 41  ღმერთო იეჰოვა, გაემართე შენი სამყოფლისკენ+ შენს კიდობანთან ერთად, შენს ძალაზე რომ მოწმობს. ღმერთო იეჰოვა, დაე მღვდლებმა ცხადყონ, რომ შენ ხარ მხსნელი, და გაიხარონ შენმა ერთგულებმა იმით, რომ კარგი ხარ!+ 42  ღმერთო იეჰოვა, ნუ უკუაგდებ შენს ცხებულს.+ არ დაივიწყო შენი მსახურისადმი, დავითისადმი, გამოვლენილი ურყევი სიყვარული*+

სქოლიოები

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „დაწყევლიან“. ეს იმას ნიშნავდა, რომ, თუკი ის ტყუილად დაიფიცებდა, წყევლა ეწეოდა.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).