არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა

ოჯახური ძალადობის დასასრული

ოჯახური ძალადობის დასასრული

სიტუაცია 1: ისაბელის * მშობლები ქალიშვილს ესტუმრნენ. ისინი საღამოს სასიამოვნოდ ატარებენ ქალიშვილთან და სიძესთან ერთად. რომელი მშობელი არ იამაყებდა ასეთი სიძით?! ის ხომ ასე თავაზიანად ეპყრობა ცოლს.

სიტუაცია 2: გაცეცხლებული ფრენკი მდგომარეობიდან გამოდის და ცოლის ცემას იწყებს. როგორც ყოველთვის ის სახეში ურტყამს ცოლს, ფეხით სცემს, თმებით ქაჩავს ან კედელზე არტყმევინებს თავს.

შეიძლება გაგაკვირვოთ იმის გაგებამ, რომ ორივე სიტუაცია ერთი და იმავე წყვილს ეხება.

როგორც ბევრმა მოძალადე მეუღლემ, ფრენკმაც იცის, როგორ ითამაშოს კარგი ქმრის როლი მეუღლის მშობლებთან თუ სხვებთან. მაგრამ საკმარისია, ცოლთან მარტო დარჩეს, რომ მაშინვე სასტიკი ხდება.

ფრენკის მსგავსი ბევრი მოძალადე ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც ძალადობა ჩვეული რამ იყო.  მათი აზრით, ასეთი ქცევა სავსებით ნორმალურია. მაგრამ სინამდვილეში ძალადობაში ნორმალური არაფერია. სწორედ ამიტომ ზარავს ხალხს იმის გაგება, რომ ვიღაც ცოლს სცემს.

და მაინც, ოჯახური ძალადობა საყოველთაოდ გავრცელებული პრობლემაა. მაგალითად, ამერიკაში ჩატარებული ერთი გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელ ხაზზე წუთში 16 დაზარალებული რეკავს. საქართველოში 2010 წელს ჩატარებული ერთი გამოკითხვის შედეგად, გამოვლინდა, რომ ყოველი მესამე ქალი ამა თუ იმ სახის ძალადობის მსხვერპლი ხდება. ოჯახური ძალადობა მსოფლიო ეპიდემიაა, რომელიც სცილდება კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ფარგლებს. ვინაიდან ოჯახური ძალადობის ყველა შემთხვევა არ ფიქსირდება, სინამდვილეში, სტატისტიკა გაცილებით შემაშფოთებელია. *

აღნიშნული სტატისტიკა რამდენიმე კითხვას ბადებს: როგორ შეიძლება კაცი იმ დონემდე მივიდეს, რომ ასე სასტიკად მოეპყროს ვინმეს, მით უმეტეს ცოლს? შეიძლება, ასეთი ადამიანი შეიცვალოს?

იეჰოვას მოწმეებს, ამ ჟურნალის გამომცემლებს, სჯერათ, რომ ბიბლიური რჩევების გამოყენებით მოძალადე მეუღლეები იცვლებიან. ასეთი რადიკალური ცვლილებების მოხდენა ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა არც შეუძლებელია. ბიბლიური განათლება ბევრს დაეხმარა, მიეტოვებინა ძალადობა და სხვების პატივისცემა ესწავლა (კოლოსელები 3:8—10). განვიხილოთ ტროისა და ვალერიას შემთხვევა.

როგორი ურთიერთობა გქონდათ ერთმანეთთან?

ვალერია: ნიშნობის ღამეს ტროიმ ისეთი სილა გამაწნა, რომ ერთი კვირა დალურჯებული დავდიოდი. ბევრჯერ მომიხადა ბოდიში და დამპირდა, რომ ამას აღარასოდეს გააკეთებდა. მაგრამ  წლების განმავლობაში ამ სიტყვების მოსმენა არაერთხელ მომიწია.

ტროი: ყველაფერზე შეიძლებოდა გამოვსულიყავი მდგომარეობიდან, მაგალითად, როდესაც საჭმელი იმ დროს არ იყო მზად, როცა მე მინდოდა. ერთხელ ვალერიას გამეტებით ვურტყი პისტოლეტის ტარი. სხვა დროს კი ისე მაგრად ვცემე, მეგონა შემომაკვდა. შემდეგ შევაშინე და დავემუქრე, რომ ჩვენს ბიჭს მოვკლავდი და ბავშვს ყელზე დანა მივაბჯინე.

ვალერია: გამუდმებით შიშში ვცხოვრობდი. ზოგჯერ სახლიდან გავრბოდი და სანამ ტროი არ დამშვიდდებოდა, უკან არ ვბრუნდებოდი. ცემაზე უარესი ასატანი ის იყო, რომ ჩემი ქმარი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც მაყენებდა.

ტროი, ყოველთვის მოძალადე იყავი?

ტროი: დიახ, ბავშვობიდანვე მოძალადე ვიყავი. ჩემს ოჯახში ძალადობა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მამაჩემი გამუდმებით სცემდა დედას ჩემი და ჩემი და-ძმების თვალწინ. როცა მამამ მიგვატოვა, დედა მეორედ გათხოვდა. არც მეორე ქმარი აკლებდა ცემას. მამინაცვალმა მე და ჩემი დაც კი გაგვაუპატიურა, რის გამოც დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩემს საქციელს გამართლება არა აქვს.

ვალერია, რატომ არ გაშორდი ქმარს?

ვალერია: მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ როცა მიპოვიდა, ცოცხალს არ დამტოვებდა, ან ჩემს მშობლებს მოკლავდა. სიტუაცია რომ არ გამემწვავებინა, პოლიციაში გაცხადებისგანაც თავს ვიკავებდი.

როდის შეიცვალა თქვენს ოჯახში მდგომარეობა?

ტროი: ჩემმა ცოლმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თავიდან ჩემი ცოლის ახალ მეგობრებზე ვეჭვიანობდი და მინდოდა, მათი „საშინელი სექტიდან“ დამეხსნა. ამის გამო კიდევ უფრო აგრესიული გავხდი, არა მარტო ვალერიას, არამედ მოწმეების მიმართაც. ერთხელ, ჩვენს ოთხი წლის ბიჭს, დანიელს, რომელიც ხშირად ვარდებოდა კრუნჩხვებში, ძლიერი შეტევა დაემართა და დაახლოებით სამი კვირა საავადმყოფოში გვეწვინა. მაშინ მოწმეებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ჩვენთვის, ისინი ჩვენი ექვსი წლის გოგონაზე, დეზერიზეც, ზრუნავდნენ. ერთი მოწმე, რომელმაც მთელი ღამე იმუშავა, დილით საავადმყოფოში მივიდა და მთელი დღე დანიელთან დაჰყო, რომ ვალერიას დაძინება შეძლებოდა. ამ ხალხის მიერ გამოვლენილმა სიკეთემ, რომელთაც ძალიან უხეშად ვეპყრობოდი, ჩემზე დიდი  შთაბეჭდილება მოახდინა. მათ საქმეებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ ისინი ნამდვილი ქრისტიანები იყვნენ, ამიტომ ვთხოვე მოწმეებს ჩემთვის ბიბლია ესწავლებინათ. შესწავლის პერიოდში გავიგე, თუ როგორ უნდა ეპყრობოდეს ქმარი ცოლს. ამის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ მივატოვე ძალადობა და შეურაცხმყოფელი საქციელი. საბოლოოდ, მეც იეჰოვას მოწმე გავხდი.

რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარათ ცვლილებების მოხდენაში?

ტროი: ძალიან ბევრი. მაგალითად, 1 პეტრეს 3:7-ში ბიბლია ამბობს, რომ ცოლს პატივი უნდა ვცეთ. გალატელების 5:23 კი მოგვიწოდებს, რომ გამოვავლინოთ „რბილი ხასიათი“ და „თავშეკავება“. ეფესოელების 4:31-ში ბიბლია გმობს „ლანძღვას“. ებრაელების 4:13-ში ვკითხულობთ, რომ „ყოველივე . . . ღიაა მის [ღვთის] თვალთა წინაშე“. ასე რომ, ღმერთი ხედავს, რას ვაკეთებ, მაშინაც კი, როდესაც სხვები ამას ვერ ხედავენ. ისიც გავიგე, რომ უნდა შემეცვალა ჩემი სამეგობრო წრე, რადგანაც „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). ჩემი ძველი მეგობრები ძალადობისკენ მაქეზებდნენ, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ქალის „დასამორჩილებლად“ ცემა იყო საჭირო.

რას ფიქრობთ დღეს თქვენს ქორწინებაზე?

ვალერია: უკვე 25 წელია, რაც ტროი იეჰოვას მოწმეა. იმ დროიდან მოყოლებული ის სიყვარულს, სიკეთეს და მზრუნველობას ავლენს ჩემდამი.

ტროი: სამწუხაროდ, წარსულს ვერ შეცვლი. ძალიან ვნანობ, რომ ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით კი მეუღლეს, ასე დიდ ტკივილს ვაყენებდი. ის ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ მოპყრობას. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც შესრულდება ესაიას 65:17-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება და დავიწყებას მიეცემა ჩვენი წარსულის ცუდი მოგონებები.

რას ურჩევდით იმ ოჯახებს, სადაც ძალადობა ხდება?

ტროი: თუ თქვენ ფიზიკურად ან სიტყვიერად შეურაცხყოფთ ოჯახის წევრებს, აღიარეთ, რომ დახმარება გჭირდებათ. ამის უამრავი საშუალება არსებობს. პირადად მე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა და მათთან ურთიერთობა დამეხმარა, დამეძლია ჩემში ღრმად გამჯდარი ძალმომრეობითი ხასიათი.

ვალერია: ნუ შეადარებთ თქვენს მდგომარეობას სხვის მდგომარეობას. ნუ იჩქარებთ იმ ადამიანების რჩევების გათვალისწინებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ზუსტად იციან, რა არის საუკეთესო თქვენთვის. შეიძლება ყველას მდგომარეობა ერთი და იმავე შედეგით არ დასრულდეს, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ ოჯახი არ დავანგრიე; დღეს ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

ოჯახური ძალადობის დასასრული

ბიბლიის შესწავლა მრავალ მამაკაცს დაეხმარა ცვლილებების მოხდენაში

ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). ზემოხსენებული ტროის მსგავსად, ბევრმა მოძალადე მეუღლემ ბიბლიური რჩევების გამოყენებით შეძლო შეეცვალა აზროვნება და საქციელი.

გსურთ მეტი გაიგოთ, როგორ შეუძლია ბიბლიას განამტკიცოს თქვენი ქორწინება? დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.jw.org.

^ აბზ. 3 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 8 საკმაოდ ბევრია ისეთი შემთხვევაც, როცა ქალები სცემენ კაცებს, თუმცა უმეტესწილად ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ქალები არიან.