არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვხარჯოთ ფული ყაირათიანად?

როგორ ვხარჯოთ ფული ყაირათიანად?

ბიბლიის თვალსაზრისი

როგორ ვხარჯოთ ფული ყაირათიანად?

„ხელფასს სულ უფრო და უფრო მიმცირებენ, გადასახადები კი დღითი დღე მატულობს. ხშირად ღამე მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, როგორ ვარჩინო ოჯახი“ (ჯეიმზი).

„ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ფეხქვეშ მიწა მეცლება და არაფრის გაკეთება არ შემიძლია“ (შერი).

დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის დროს ბევრია მსგავს მდგომარეობაში. ამ გლობალური პრობლემის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ხუან სომავია აღნიშნავს: „ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ უოლ-სტრიტს არ შეხებია, ის მთელ მსოფლიოს შეეხო“.

სამსახურის მოულოდნელად დაკარგვა ანუ ოჯახის სარჩენად აუცილებელი შემოსავლის გარეშე დარჩენა დიდ გულგატეხილობასა და იმედგაცრუებას იწვევს. ერთ დროს ბიბლიის დამწერს, დავითს ასეთივე გრძნობები დაეუფლა. იგი ლოცულობდა: „მწუხარებით ამევსო გული, თავი დამაღწევინე დაძაბულობას“ (ფსალმუნი 25:17). რას ამბობს ბიბლია ჩვენს დღეებზე? ვიცხოვრებთ უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი სიბრძნის წყალობით?

ძნელად ასატანი დროისთვის საჭირო სიბრძნე

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა და ეს იქნებოდა „მშობიარობის ტკივილების დასაწყისი“ (2 ტიმოთე 3:1; მათე 24:8). ეს სიტყვები დღეს სრულდება. მაგრამ ჩვენ არ ვართ იმედგადაწურული, რადგან ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვაძლევს ამ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად საჭირო სიბრძნეს.

მაგალითად, ბიბლია გვეხმარება, სწორი თვალსაზრისი გვქონდეს ფულზე. ეკლესიასტეს 7:12-ში ვკითხულობთ: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც; ცოდნა იმით უპირატესობს, რომ სიბრძნესთან ერთად სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“. ფული გარკვეულწილად დამცველია, მაგრამ მხოლოდ ღვთისგან მომდინარე სიბრძნე იცავს ადამიანს ნებისმიერ დროს. დავფიქრდეთ რამდენიმე მაგალითზე.

ბიბლიური სიბრძნე გვეხმარება სიდუხჭირის დროს

იყავით გამრჯე. „ზარმაცს სურს, მაგრამ არაფერი აქვს, მუყაითებს კი სიუხვე ექნებათ“ (იგავები 13:4; ეფესოელები 4:28). მოიპოვეთ პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანის რეპუტაცია. ბევრი დამსაქმებელი სწორედ რომ გამრჯე მუშახელს აფასებს. პირველ რიგში, სამუშაოზე ასეთი მუშახელი აჰყავთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შეელიონ (ეფესოელები 4:28).

რაიმეს ყიდვამდე ხარჯები გამოთვალეთ. იესომ თქვა: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკა 14:28). მართალია, იესომ ეს მაგალითი თავისი მოწაფეების საყურადღებოდ თქვა, მაგრამ ეს ჩვენც გვეხება. გაითვალისწინეთ იესოს რჩევა, გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს, ჩამოწერეთ, რა გჭირდებათ და რა თანხაა ამისთვის საჭირო.

ნუ გაფლანგავთ ფულს. არ დახარჯოთ ფული ღვთისთვის მიუღებელ აზარტულ თამაშებში, სიგარეტში, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში (იგავები 23:20, 21; ესაია 65:11; 2 კორინთელები 7:1).

„იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე“. (ებრაელები 13:5) ფულის სიყვარულს უბედურება და იმედგაცრუება მოაქვს. ფულის მოყვარულნი ‘მრავალ ტკივილს აყენებენ თავიანთ თავს’ (1 ტიმოთე 6:9, 10). უფრო მეტიც, ისინი ხარბები ხდებიან და რამდენიც უნდა ჰქონდეთ, ვერასდროს კმაყოფილდებიან (ეკლესიასტე 5:10).

დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ. „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:7, 8). ის, ვინც მცირედით კმაყოფილდება, ეკონომიკური კრიზისის დროს ზედმეტ საწუხარს აირიდებს თავიდან. ასე რომ, ისწავლეთ იმით დაკმაყოფილება, რაც გაქვთ (იხილეთ ჩარჩო მარჯვნივ).

არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, რას მოუტანს ხვალინდელი დღე. „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 9:11-ში. გონიერი ‘იმედს არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე ამყარებს’. იგი თავის ერთგულთ ჰპირდება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (1 ტიმოთე 6:17; ებრაელები 13:5).

გიფიქრიათ?

● როგორ აღწერს ბიბლია ჩვენს დღეებს? (2 ტიმოთე 3:1—5)

● სად შეგვიძლია საიმედო ხელმძღვანელობის პოვნა? (ფსალმუნი 19:7)

● რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს უსაფრთხო მომავალი ჰქონდეს? (ეკლესიასტე 7:12)

[ჩარჩო⁄სურათი 19 გვერდზე]

როგორ დავზოგოთ ფული?

საყიდლები: ჩამოწერეთ სია. ნაჩქარევად ნურაფერს იყიდით. ეცადეთ, თქვენთვის სასურველი ნივთი ყველაზე ხელსაყრელ ფასებში შეიძინოთ. იაფად რომ შეიძინოთ საქონელი, ისარგებლეთ სპეციალური ბარათებით. საყიდლებზე ფასდაკლებების დროს წადით ან ისარგებლეთ სეზონური ფასდაკლებებით. თუ შესაძლებელია, ერთ ჯერზე შეიძინეთ, რაც გჭირდებათ.

გადასახადები თუ სხვა ხარჯები: დროულად გადაიხადეთ გადასახადები, ჯარიმებს რომ თავი აარიდოთ. თავად მოამზადეთ საჭმელ-სასმელი; ზომიერად ჭამეთ და მიიღეთ ალკოჰოლი. თუ არ გჭირდებათ, გამორთეთ შუქი და სხვა ელექტრომოწყობილობა. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ ენერგიის დამზოგველი მოწყობილობა. სახლში არაფერი დაგრჩეთ ჩართული. ხომ არ იფიქრებდით პატარა ფართის სახლში ცხოვრებაზე?

ტრანსპორტი: თუ საკუთარი მანქანა გჭირდებათ, შეიძინეთ პრაქტიკული და ეკონომიური მანქანა. აუცილებელი არ არის ახლის ყიდვა. თუ შესაძლებელია, გაინაწილეთ ხარჯები. შეგიძლიათ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან ფეხით წახვიდეთ. ისეთ დროს წადით დასასვენებლად, როცა ფასები შედარებით იკლებს და შეეცადეთ, სადმე ახლოს დაისვენოთ.

ტელეფონი და გართობა: გჭირდებათ მობილური ან სახლის ტელეფონი? თუ თქვენს შვილებს მობილური აქვთ, შეუძლიათ მათ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ? ნამდვილად სჭირდებათ თქვენს შვილებს მობილური? ხომ არ შეამცირებდით საკაბელო არხების რაოდენობას ეკონომიის მიზნით? * ყიდვის ნაცვლად, წიგნები ბიბლიოთეკიდან გამოიტანეთ და დისკები იქირავეთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 26 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2009 წლის მარტისა და 2006 წლის ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ში სტატიები „გონივრულად გამოიყენეთ ფული“ და „როგორ ვისწავლო ფულის ყაირათიანად ხარჯვა?“.