არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვისწავლო ფულის ყაირათიანად ხარჯვა?

როგორ ვისწავლო ფულის ყაირათიანად ხარჯვა?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვისწავლო ფულის ყაირათიანად ხარჯვა?

„ხშირად ისეთ რამეს ვყიდულობ, რაც სინამდვილეში არ მჭირდება და რისი ყიდვის შესაძლებლობაც არ მაქვს. მაგრამ, როცა ფასდაკლებით არის, ფულს არ ვზოგავ“ (ანა *, ბრაზილია).

«ზოგჯერ მეგობრები დროის ერთად გატარებას მთავაზობენ, რაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა და ამიტომ უარს არ ვეუბნები. აზრად არავის მოსდის, თქვას: „ბოდიში, მაგრამ ამისთვის ფული არ მაქვს“» (ჯოუნი, ავსტრალია).

ხომ არ გგონია, რომ არასდროს გყოფნის ფული? შეიძლება ფიქრობ: „მცირე თანხას მაინც რომ მაძლევდნენ მშობლები, ჩემი სურვილისამებრ შევიძენდი გასართობ საშუალებებს. ან უფრო მაღალი ანაზღაურება რომ მქონდეს, იმ ფეხსაცმლის ყიდვასაც შევძლებდი, რომელიც, ჩემი აზრით, მჭირდება“. უკეთესი ხომ არ იქნება ფულის გონივრულად გამოყენება ისწავლო, ნაცვლად იმისა, რომ ყოველთვის უკმაყოფილო იყო?

სანამ მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას დაიწყებ, ფულის გონივრულად ხარჯვა ისწავლე. მაგალითად, თვითმფრინავიდან პარაშუტით არ გადმოხტები, თუ მისი გამოყენება არ იცი. ზოგი შესაძლოა მიხვდეს, როგორ უნდა მოიქცეს იმ დროს, როცა მიწაზე ეშვება. თუმცა, გაცილებით უკეთესია, გადმოხტომამდე ისწავლოს პარაშუტის გამოყენების წესები.

მსგავსად ამისა, უკეთესია ფულის გონივრულად გამოყენება მანამ ისწავლო, სანამ ფინანსურ პრობლემებს თავად წააწყდები. მეფე სოლომონმა დაწერა, რომ ფული იცავს ადამიანს (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ მხოლოდ მაშინ დაგიცავს ფული, თუ მას გონივრულად იყენებ. შედეგად, საკუთარ თავში იქნები დარწმუნებული და მშობლების ნდობასაც დაიმსახურებ.

ისწავლე მშობლებისგან

ოდესმე თუ გიკითხავს მშობლებისთვის, როგორ ახერხებენ ოჯახის რჩენას? მაგალითად, იცი, ყოველთვიურად რა ჯდება ელექტროენერგია, გათბობა, წყალი თუ სხვა კომუნალური მომსახურება? რა თანხები სჭირდება მანქანის შენახვას, საკვების ყიდვას, ქირის გადახდას ან ბანკიდან გამოტანილი სესხის დაფარვას? შესაძლოა შენთვის ეს არ იყოს საინტერესო. მაგრამ, ნუ დაგავიწყდება, რომ ამ ყველაფრით შენც სარგებლობ. ამასთანავე, დამოუკიდებლად ცხოვრებას თუ დააპირებ, თავად მოგიწევს ხარჯების დაფარვა. ამიტომ, ფულის ყაირათიანად ხარჯვა უნდა ისწავლო. ჰკითხე მშობლებს, როგორ ადგენენ ოჯახის ბიუჯეტს და როგორ ახერხებენ ხარჯების დაფარვას, და ყურადღებით მოუსმინე.

„მოისმენს ბრძენი და შეიმატებს სწავლას, და გონიერი სიბრძნეს შეიძენს“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 1:5). ანა, რომელიც სტატიის დასაწყისში იყო მოხსენიებული, ამბობს: „მამაჩემმა ხარჯების გამოთვლა მასწავლა და დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის შემოსავლის გონივრულად მართვა“. ანას ბევრი რამ დედამაც ასწავლა. ანა ამბობს: „დედამ დამანახვა, რომ გონივრულია, სანამ რამეს ვიყიდი, ფასები ერთმანეთს შევადარო. გაოცებული ვარ, მცირე თანხით როგორ ახერხებს დედა ამდენი რამის ყიდვას“. რა ისწავლა ანამ ამით? ის ამბობს: „ახლა თავად შემიძლია თანხების გონივრულად გამოყენება. ვცდილობ, ფული ყაირათიანად ვხარჯო. მშვიდად ვარ, რადგან აღარ მიწევს ვალების აღება“.

წინასწარ განსაზღვრე

ადვილია იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ უნდა ხარჯო თანხა; მაგრამ გაცილებით რთულია მისი პრაქტიკულად განხორციელება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თანხას მშობლები გაძლევენ ან თავად გამოიმუშავებ. ალბათ, გაინტერესებს რატომ? ნუ დაგავიწყდება, რომ გადასახადების უმეტესობას მშობლები იხდიან. ამიტომ თანხას, რომელიც შენს განკარგულებაშია, ძირითადად, საკუთარი სურვილისამებრ ხარჯავ, და ეს სასიამოვნოც არის. „ჩემთვის ადვილია ფულის ხარჯვა და ეს სიხარულს მანიჭებს“, — ამბობს პარეში, ინდოელი ახალგაზრდა. ავსტრალიელი სარაც იმავეს აღნიშნავს: „ძალიან მიყვარს საყიდლებზე სიარული“.

შესაძლოა თანატოლების გავლენით იმაზე მეტი ფული დახარჯო, ვიდრე საჭიროა. 21 წლის ელენა ამბობს: «საყიდლებზე სიარული ჩემი თანატოლებისთვის ძირითადი გასართობი საშუალებაა. როცა მათთან ერთად საყიდლებზე დავდივარ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დაუწერელი კანონით ხელმძღვანელობენ, კერძოდ: „თუ გინდა ისიამოვნო, ფული უნდა დახარჯო“».

ბუნებრივია გსურდეს, აღიარებული იყო თანატოლებში. მაგრამ ჰკითხე საკუთარ თავს: „მეგობრების გულის მოსაგებად ვხარჯავ ფულს, თუ იმიტომ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა?“ ბევრი უმიზნოდ ხარჯავს ფულს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ მეგობრებისა და გარშემომყოფთა თვალში რეპუტაცია არ შეელახოს. ასეთმა ტენდენციამ შეიძლება შენს ფინანსურ მდგომარეობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკრედიტო ბარათით სარგებლობ. ფინანსისტი სიუზ ორმანი ასეთ გაფრთხილებას იძლევა: „თუ ადამიანებზე ფულით ცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას და არა პიროვნული თვისებებით, დიდი რისკის წინაშე დგახართ — თქვენ ვალები დაგედებათ“.

ნაცვლად იმისა, რომ საკრედიტო ბარათზე თანხა ამოწურო ან გამომუშავებული თანხა ერთ დღეში დახარჯო, რატომ არ მიმართავდი ელენას ხერხს? ის გვიზიარებს: „როდესაც მეგობრებთან ერთად საყიდლებზე წასვლას ვაპირებ, წინასწარ ვგეგმავ, რამდენს დავხარჯავ. გამომუშავებული თანხა ბანკში შემაქვს ხოლმე და მხოლოდ იმდენი გამომაქვს, რამდენიც მჭირდება. აგრეთვე მივხვდი, რომ გონივრულია საყიდლებზე იმ მეგობრებთან ერთად სიარული, რომლებიც ფულს ყაირათიანად ხარჯავენ; ისინი მირჩევენ, ფასები ერთმანეთს შევადარო და პირველი დანახვისთანავე არაფერი ვიყიდო“ (იგავები 13:20).

რატომ გეუბნებიან მშობლები — „არა“?

თუ მშობლები ყოველთვის არ გაძლევენ ფულს და არც თავად გამოიმუშავებ თანხას, მაინც შეგიძლია ფულის გონივრულად ხარჯვა ისწავლო, ვიდრე დამოუკიდებლად ცხოვრებას დაიწყებ. მაგალითად, როცა მშობლებს რაიმეს საყიდლად ფულს სთხოვ, შეიძლება მათგან უარი მიიღო. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ ოჯახს არა აქვს ამ ნივთის ყიდვის შესაძლებლობა. როდესაც მშობლები უარს გეუბნებიან (თუმცა საბოლოოდ შეიძლება დაგთანხმდნენ), ამით თავშეკავების გამოვლენას გასწავლიან. თავშეკავება ძალიან მნიშვნელოვანია ფულის ხარჯვის დროს.

დავუშვათ, მშობლებს აქვთ საშუალება, თხოვნა შეგისრულონ. მაგრამ მაინც უარით გისტუმრებენ. შეიძლება გაიფიქროთ, რომ ფულის მოცემა ენანებათ. დაფიქრდი: მათ შეიძლება სურთ, დაგანახვონ, რომ ბედნიერება არ მოაქვს იმის შეძენას, რაც თვალს ეამება. ამასთან დაკავშირებით ბიბლიაში ნათქვამია: „ვერცხლის მოყვარული ვერ გაძღება ვერცხლით, და ვისაც სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება ამით“ (ეკლესიასტე 5:10).

ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ბევრი იმ ახალგაზრდის შემთხვევა ადასტურებს, რომლებსაც მშობლები ყველა სურვილს უსრულებენ. ისინი არასდროს კმაყოფილდებიან. ბევრიც რომ ჰქონდეთ, მეტი უნდათ. დროთა განმავლობაში ახალგაზრდები, რომლებსაც უარს არაფერზე ეუბნებიან, შეიძლება უმადურები გახდნენ. „ვინც თვის მონას [შვილს] ანებივრებს სიყმაწვილიდან, საბოლოოდ ის მონა პატრონად იქცევა“, — გვაფრთხილებს სოლომონი (იგავები 29:21).

ფული დროა

ზოგ კულტურაში გავრცელებულია გამონათქვამი: „დრო ფულია“. ეს იმას ნიშნავს, რომ დრო ფულის შოვნასაც სჭირდება და მის ხარჯვასაც. ის გამონათქვამიც, რომ „ფული დროა“, ჭეშმარიტებაა. ფულის ხარჯვისას შენ ხარჯავ იმ დროს, რაც მის გამოსამუშავებლად დაგჭირდა. ამიტომ, თუ ფულის გონივრულად ხარჯვას ისწავლი, დროსაც გონივრულად დახარჯავ. როგორ?

მოდი დავფიქრდეთ ელენას ნათქვამზე: „როდესაც წინასწარ ვსაზღვრავ, რამდენს დავხარჯავ, ეს მეხმარება იმის დადგენაში, თუ რამდენი თანხის გამომუშავება მჭირდება. ხარჯების გამოთვლა და, შესაბამისად, ფულის გამოყენება გონივრულია, რადგან აღარ მიწევს დიდი ვალების გასასტუმრებლად მთელი დღით მუშაობა. ამგვარად, დროსაც გონივრულად ვხარჯავ და ფულსაც“. ალბათ, შენც ისურვებ, ასე გონივრულად ხარჯო დრო და ფული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

დაფიქრდი

▪ გიჭირს ფულის დაზოგვა? რატომ?

▪ რატომ უნდა მოერიდო ფულის სიყვარულს? (1 ტიმოთე 6:9, 10).

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

ბევრი ფულია გამოსავალი?

ნუთუ ბევრი ფული გადაჭრის პრობლემას? „ჩვენ გვგონია, რომ ბევრი ფულით ფინანსურ პრობლემას გადავჭრით. მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება“, — აღნიშნა ფინანსისტმა სიუზ ორმანმა.

დავუშვათ, მანქანის მართვა არ იცი ან ჩვევად გაქვს მისი დაუდევრად ტარება. ნუთუ საწვავის უხვად მომარაგება უზრუნველგყოფს უსაფრთხოებით და მშვიდობიანად მიხვალ დანიშნულების ადგილამდე? მსგავსად, თუ ფულის ყაირათიანად ხარჯვას არ ისწავლი, ბევრი ფული ვერ გადაჭრის პრობლემას.

[ჩარჩო⁄ცხრილი 13 გვერდზე]

ისწავლე ფულის ყაირათიანად ხარჯვა

რამდენი დახარჯე გასულ თვეს? რაში დახარჯე ეს თანხა? გიჭირს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა? ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება ფულის ყაირათიანად ხარჯვაში.

გააკეთე ჩანაწერები: ჩაინიშნე, სულ მცირე ერთი თვის მანძილზე რა რაოდენობის თანხას იღებ და როდის იღებ. აღნიშნე თითოეული ნივთი, რასაც ყიდულობ და რა ფასად ყიდულობ. თვის ბოლოს შეაჯამე მიღებული თანხისა და დანახარჯის ოდენობა.

გამოთვალე ხარჯები: სუფთა ფურცელზე დახაზე სამი სვეტი. პირველ სვეტში ჩამოწერე, რა ოდენობის თანხას მიიღებ თვის განმავლობაში. მეორე სვეტში აღნიშნე, რაში აპირებ ფულის დახარჯვას; აქვე მიანიშნე ზემოთ მოხსენიებული დანახარჯების ოდენობაც. მესამე სვეტში კი თვის განმავლობაში აღნიშნე ხოლმე, თითოეულ ნივთში, რომელთა ყიდვაც წინასწარ გქონდა დაგეგმილი, რა ოდენობის თანხა გადაიხადე. ასევე ჩამოწერე იმ ნივთების ღირებულება, რომელთა ყიდვაც არ გქონდა დაგეგმილი.

შეცვალე გეგმა: თუ ხედავ, რომ იმაზე მეტი გეხარჯება, ვიდრე წინასწარ გქონდა განსაზღვრული, და ვალებიც გიგროვდება, შეცვალე გეგმა. გადაიხადე ვალები და ყოველთვის შეეცადე, დაზოგო ფული.

[ცხრილი]

ამოჭერი და გამოიყენე.

ყოველთვიური ბიუჯეტი

შემოსავალი გასავალი დანახარჯი

თანხა, რომელსაც საკვები

მშობლები გაძლევენ

არასრულ განაკვეთზე მუშაობა ტანსაცმელი

სხვა სატელეფონო გადასახადი

გართობა

საჩუქრები

დანაზოგი

სხვა

 

 

ჯამი ჯამი ჯამი

ლარი ლარი ლარი

[სურათი]

დაიმახსოვრე, რომ ფულის ხარჯვისას შენ ხარჯავ დროს, რომელიც მის გამოსამუშავებლად დაგჭირდა.

[სურათი 11 გვერდზე]

ხომ არ ჰკითხავ მშობლებს, როგორ ადგენენ ოჯახის ბიუჯეტს?