არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

„შევეცადე, მშობლებს ჩემს გრძნობებზე დავლაპარაკებოდი, მაგრამ აზრი ბოლომდე ვერ ჩამოვაყალიბე; მათ სიტყვა გამაწყვეტინეს. ისედაც ადვილი არ იყო ჩემთვის მათთან დალაპარაკება და, საბოლოო ჯამში, არც არაფერი გამომივიდა“ (როსა). *

როცა პატარა იყავი, რჩევის საკითხავად ალბათ ყოველთვის მშობლებთან მირბოდი. ნებისმიერ ახალ ამბავს, მნიშვნელოვანსა თუ უმნიშვნელოს, მათ უყვებოდი. თავისუფლად უშლიდი გულს და მათ რჩევასაც ბოლომდე ენდობოდი.

მაგრამ ახლა შეიძლება ფიქრობ, რომ მშობლები ვეღარ გიგებენ. „ერთ საღამოს, ვახშამზე ცრემლები წამსკდა და ჩემს გრძნობებზე დავიწყე საუბარი, — ამბობს მონიკა. — მშობლები მისმენდნენ, მაგრამ ვერ მიმიხვდნენ, რა მინდოდა. ბოლოს ატირებული შევედი საძინებელში“.

ზოგჯერ შეიძლება გირჩევნია, არ გაიხსნა მშობლებთან. კრისტოფერი ამბობს: „მშობლებს ბევრ რამეზე ვესაუბრები, მაგრამ ხანდახან ყველაფერს არ ვეუბნები და ეს მომწონს კიდეც“.

მაინცდამაინც ყველაფერი უნდა მოუყვე მშობლებს? ვალდებული არ ხარ, მთავარია ტყუილი არ თქვა (იგავები 3:32). მნიშვნელობა არა აქვს, მშობლები ვერ გიგებენ თუ შენ იკავებ თავს მათთან საუბრისგან, ერთი რამ ცხადია: მშობლებს უნდა ესაუბრო, მათ კი უნდა მოგისმინონ.

ისაუბრე

მშობლებთან საუბარი რაღაცით მანქანის მართვას ჰგავს. თუ დაბრკოლებას წააწყდები და გზას ვეღარ აგრძელებ, ალბათ სხვა გზით წახვალ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

დაბრკოლება №1: შენ საუბარი გინდა, მაგრამ ხედავ, რომ მშობლები არ გისმენენ. «მამასთან საუბარი ძალიან მიჭირს, — ამბობს ლეა. — ზოგჯერ ველაპარაკები, ის კი მეუბნება: „რამე მკითხე, შვილო?“».

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ლეა, თუ ნამდვილად სურს მამასთან თავის პრობლემაზე საუბარი? მას სულ მცირე სამი ვარიანტი აქვს.

ვარიანტი ა ვარიანტი ბ ვარიანტი გ

უყვიროს მამას. შეწყვიტოს მამასთან საუბარი ცოტა მოიცადოს და უკეთესი დრო შეარჩიოს მამასთან სალაპარაკოდ

ლეამ შეიძლება ხმას აუწიოს: „მომისმენ თუ არა?!“

შეწყვიტოს მამასთან საუბარი. შეიძლება ლეა აღარც კი ეცადოს, რომ მშობლებს საკუთარ პრობლემებზე ესაუბროს.

ცოტა მოიცადოს და უკეთესი დრო შეარჩიოს მამასთან სალაპარაკოდ.

ლეას შეუძლია მამას სხვა დროს ესაუბროს პირისპირ ან სათქმელი წერილით უთხრას.

შენი აზრით, რომელი ვარიანტი უნდა აირჩიოს ლეამ? ․․․․․

განვიხილოთ, რა შეიძლება მოჰყვეს თითოეულ შემთხვევას. ლეას მამა ათას რამეზე ფიქრობს და ვერ ხვდება, რომ შვილს გული ატკინა. თუ ლეა ა ვარიანტს აირჩევს, მამა შეიძლება ვერ მიხვდეს, რა აყვირებს ლეას. ალბათ ასეთი საქციელით ლეა ვერ განაწყობს მამას მოსასმენად და მშობლის მიმართ უპატივცემულობას გამოავლენს (ეფესოელები 6:2). საეჭვოა, რომ ამ ვარიანტმა გაამართლოს.

შეიძლება ფიქრობ, რომ ბ ვარიანტი ყველაზე ადვილი გამოსავალია, მაგრამ არცთუ ისე გონივრული. რატომ? ბიბლიაში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22). პრობლემა რომ გადაჭრას, ლეა უნდა ესაუბროს მშობლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მიხვდებიან, რა აწუხებს მას. გაჩუმებით ლეა პრობლემას ვერ გადაჭრის.

თუ ლეა გ ვარიანტს აირჩევს, ესე იგი ის დაბრკოლებას არ უშინდება და ადვილად უვლის მას გვერდს. ის ეცდება, საუბრისთვის უფრო ხელსაყრელი დრო შეარჩიოს. შეიძლება არჩიოს, მამას წერილი დაუწეროს. წერის პროცესში შეიძლება განწყობაც გამოუკეთდეს. წერილში შეიძლება ადვილად ჩამოაყალიბოს სათქმელი, რასაც მოგვიანებით პირადად ეტყვის მამას, როცა ის მოსასმენად იქნება განწყობილი. თავის მხრივ, როცა ლეას მამა წერილს წაიკითხავს, გაიგებს, რისი თქმა უნდოდა შვილს და მიხვდება მისი წუხილის მიზეზს. აქედან გამომდინარე, გ ვარიანტი საუკეთესოა ორივე მხარისთვის, როგორც ლეასთვის, ისე მამისთვის.

კიდევ რა ვარიანტს შესთავაზებდი ლეას? თუ რამეს მოიფიქრებ, დაწერე. ისიც მიაწერე, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ვარიანტს.

․․․․․

დაბრკოლება №2: მშობლებს სურთ შენთან საუბარი, შენ კი — არა. «საშინელებაა, როცა სკოლიდან დაღლილი ბრუნდები, მშობლები კი კითხვებს გაყრიან, — ამბობს სარა. — სკოლის გახსენებაც არ მინდა, ისინი კი ისევ სკოლაზე მეკითხებიან: „დღემ როგორ ჩაიარა? რაიმე პრობლემას ხომ არ შეხვდი?“». ფაქტია, ისინი ასეთ კითხვებს კარგი განზრახვით გისვამენ. მაგრამ სარა ჩივის: „არ მინდა სკოლაზე საუბარი, როცა დაღლილი ვარ“.

ვარიანტი ა ვარიანტი ბ ვარიანტი გ

უარი თქვას საუბარზე. ეცადოს, აჰყვეს საუბარში. სკოლაზე

ლაპარაკს თავი აარიდოს და სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი.

მან შეიძლება თქვას: „თავი დამანებეთ.

ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ!“

ეცადოს, აჰყვეს საუბარში. დაღლილობის მიუხედავად, სარა უხალისოდ, მაგრამ მაინც პასუხობს მშობლების კითხვებს.

სკოლაზე ლაპარაკს თავი აარიდოს და სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი. სარამ შეიძლება თქვას, რომ სკოლაზე მაშინ დაელაპარაკება მათ, როცა უფრო დასვენებული იქნება. მან შეიძლება მშობლებს ჰკითხოს: „თქვენ როგორი დღე გქონდათ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა?“

შენი აზრით, რომელი ვარიანტი უნდა აირჩიოს სარამ? ․․․․․

კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ ვარიანტებზე და ვნახოთ, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს თითოეულმა.

სარა დაძაბულია და საუბრის ხასიათზე არ არის. ა ვარიანტის არჩევის მერე ის თავს უარესად იგრძნობს. ის თავს დამნაშავედ ჩათვლის, რადგან თავი ვერ შეიკავა და მშობლებს უყვირა (იგავები 29:11).

სარას მშობლებს არ მოეწონებათ, თუ სარა მათთან საუბრისას ხმას აუწევს ან საერთოდ არ ისურვებს ლაპარაკს. ისინი იფიქრებენ, რომ სარა მათ რაღაცას უმალავს. მშობლები ალბათ შეეცდებიან ყველაფერი ათქმევინონ, რაც სარას უფრო გააღიზიანებს. საბოლოოდ ეს ვარიანტი სასურველ შედეგს არ მოიტანს.

აშკარაა, რომ ბ ვარიანტი სჯობია ა ვარიანტს. ბოლოს და ბოლოს, მათ შორის საუბარი მაინც შედგება. მაგრამ ეს გულწრფელი საუბარი არ იქნება და სასურველ შედეგს ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს.

თუ სარა გ ვარიანტს აირჩევს, თავს უკეთ იგრძნობს, რადგან სკოლის ამბებზე საუბარი დროებით გადაიდება. მშობლებიც დააფასებენ იმას, რომ სარა მათ საუბარში აჰყვა და კმაყოფილებიც იქნებიან. ეს ვარიანტი საუკეთესო ჩანს, რადგან ორივე მხარე ითვალისწინებს ფილიპელების 2:4-ში ჩაწერილ პრინციპს: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

დაფიქრდი

▪ რამდენად მნიშვნელოვანია საუბრისთვის დროის სწორად შერჩევა? (იგავები 25:11)

▪ რატომ ღირს მშობლებთან საუბარი ძალისხმევად? (იობი 12:12)

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

გაუგებრობები

გიჭირს მშობლებთან საუბარი? შეიძლება იმიტომ, რომ შენს ნათქვამს ისინი სწორად ვერ იგებენ.

როცა ამბობ . . .

„არ მინდა ამაზე ლაპარაკი“.

მშობლები იგებენ . . .

„მირჩევნია, ჩემს გრძნობებზე მეგობრებს ველაპარაკო, ვიდრე თქვენ გადაგიშალოთ გული“.

როცა ამბობ . . .

„თქვენ მაინც ვერ გამიგებთ“.

მშობლები იგებენ . . .

„თქვენ უკვე დაბერდით და დროს ჩამორჩით. რომც ეცადოთ, ჩემს სამყაროს მაინც ვერ ჩაწვდებით“.

[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]

რას ამბობენ შენი თანატოლები

„მშობლებს სკოლაში მომხდარის შესახებ მოვუყევი და გამიკვირდა, რომ მთელი გულით მომისმინეს. მათი დახმარებით ამ პრობლემას თავი ადვილად გავართვი“ (ნატალი).

„მშობლებთან საუბარი ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ როცა მათ გულს უშლი, თავს ისე გრძნობ, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მოგეხსნა“ (დივენი).

[ჩარჩო 21 გვერდზე]

მშობლებისთვის

როგორც ყველა მზრუნველ მშობელს, ალბათ თქვენც გაღელვებთ ის, თუ რატომ უჭირთ შვილებს თქვენთან საუბარი. განვიხილოთ, რატომ იკავებს ზოგი ახალგაზრდა თავს მშობლებთან საუბრისგან. დაფიქრდით ქვემოთ მოცემულ კითხვებზე და წაიკითხეთ მითითებული მუხლები.

„ძალიან მიჭირს მამასთან მისვლა და საუბარი, რადგან ის ყოველთვის კრების ან სამსახურის საქმეებითაა დაკავებული. ჩემთან სალაპარაკოდ მას საერთოდ არ რჩება დრო“ (ენდრუ).

ჩემდა უნებურად ხომ არ ვაგრძნობინებ შვილებს, რომ მათთვის არ მცალია? თუ ასეა, რა უნდა გავაკეთო, რომ ისინი უფრო თავისუფლად მოვიდნენ ჩემთან? დღის რომელ მონაკვეთში შემიძლია რეგულარულად ვესაუბრო შვილებს? (კანონი 6:7).

სკოლაში მომხდარი უსიამოვნების გამო, ერთხელ დედასთან ატირებული მივედი. იმის ნაცვლად, რომ ვენუგეშებინე, აქეთ მისაყვედურა. ამის შემდეგ მნიშვნელოვან რამეებს დედას აღარ ვუყვები (კენჯი).

როგორ ვრეაგირებ, როცა შვილები თავიანთ პრობლემებზე მესაუბრებიან? მაშინაც კი, თუ ვხედავ, რომ შენიშვნის მიცემა აუცილებელია, ვცდილობ, ბოლომდე მოვუსმინო და მერე მივცე რჩევა? (იაკობი 1:19).

ხშირად მშობლები შვილებს ეუბნებიან, რომ მათთან საუბარი სურთ და არ გაუბრაზდებიან. მაგრამ ისინი მაინც უბრაზდებიან. ამ დროს ბავშვები თავს მოტყუებულად გრძნობენ (რეიჩელი).

თუ შვილი არასასიამოვნო რამეს მიყვება, რა დამეხმარება, რომ ამ დროს თავი შევიკავო მძაფრი რეაქციისგან? (იგავები 10:19).

„ბევრჯერ, როცა დედას გული გადავუშალე და ძალიან პირადული საკითხები გავანდე, მან ყველაფერი თავის დაქალებს მოუყვა. მას კარგა ხანს ვეღარ ვენდობოდი“ (შანტალი).

შემიძლია გავუფრთხილდე ჩემი შვილის გრძნობებს და სხვას არ მოვუყვე ის, რაც მხოლოდ მე გამანდო? (იგავები 25:9).

„ძალიან ბევრ რამეზე მინდა მშობლებთან ლაპარაკი. უბრალოდ მათი დახმარება მჭირდება საუბრის დასაწყებად“ (კორტნი).

შემიძლია პირველმა წამოვიწყო საუბარი? როდის არის საუკეთესო დრო შვილთან სასაუბროდ? (ეკლესიასტე 3:7).

[სურათი 19 გვერდზე]

თუ მშობლებთან საუბრისას დაბრკოლებას შეხვდი, მათთან სასაუბროდ სხვა გზა გამონახე