არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ჩავუყაროთ საფუძველი ბედნიერ ქორწინებას?

როგორ ჩავუყაროთ საფუძველი ბედნიერ ქორწინებას?

როგორ ჩავუყაროთ საფუძველი ბედნიერ ქორწინებას?

„კაცი . . . მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად“ (დაბადება 2:24).

ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, დააფუძნა ქორწინება. ეს არის მამაკაცსა და ქალს შორის მუდმივი კავშირი. დაბადების 2:18, 22—24–ში ნათქვამია: «და თქვა უფალმა ღმერთმა: „არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე“. და აუშენა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნი დედაკაცად, და მიიყვანა იგი ადამთან. და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი. და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად“».

ბედნიერი, უსასრულო ქორწინებისთვის საფუძვლის ჩაყრა ადვილი არ არის; მაგრამ შესაძლებელია. ბევრი წყვილი 50, 60 ან უფრო მეტი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობს. როგორ არის ეს შესაძლებელი? ისინი გამუდმებით ცდილობენ, უანგაროდ მოიქცნენ და ერთმანეთს ‘ასიამოვნონ’ (1 კორინთელები 7:33, 34). ეს კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუ მზად ხართ, მსხვერპლად გაიღოთ დრო და ენერგია, თქვენი ქორწინებაც ბედნიერი იქნება და უსასრულოდ გაგრძელდება.

ზუსტად მიჰყევით ღვთის მითითებებს

გამოცდილი ინჟინერი მშენებლობას არ დაიწყებს, ვიდრე პროექტს არ გაეცნობა. მსგავსად ამისა, ჩვენ ვერ ჩავუყრით საფუძველს ბედნიერ ქორწინებას, თუ საგულდაგულოდ არ გავეცნობით ღვთის მითითებებს ქორწინებასთან დაკავშირებით. ეს მითითებები ბიბლიაშია ჩაწერილი. „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა . . . გამოსასწორებლად“, — დაწერა პავლე მოციქულმა (2  ტიმოთე 3:16).

როგორც ქმრებს, ასევე ცოლებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ იესოს მაგალითიდან. როგორ? ბიბლიაში იესოსა და იმ ადამიანების ურთიერთობა, რომლებიც მასთან ერთად იმეფებენ ზეცაში, ცოლ-ქმრის ურთიერთობასთან არის შედარებული (2 კორინთელები 11:2). იესო ყველაზე რთულ წუთებშიც კი თავისი მოწაფეების ერთგული იყო. იესოს „ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1). როგორც თანამგრძნობი წინამძღოლი, ქრისტე ყოველთვის ითვალისწინებდა თავისი მიმდევრების შეზღუდულ შესაძლებლობებსა და სისუსტეებს. ის არასოდეს მოითხოვდა მათგან იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეეძლოთ (იოანე 16:12).

იესო მაშინაც კი ინარჩუნებდა სიმშვიდეს, როდესაც ახლო მეგობრები მის მოლოდინს არ ამართლებდნენ. ის მდგომარეობიდან არ გამოდიოდა. პირიქით, სიყვარულითა და თავმდაბლობით ცდილობდა მათ გამოსწორებას (მათე 11:28—30; მარკოზი 14:34—38; იოანე 13:5—17). თქვენი ქორწინება ბედნიერი იქნება, თუ დაფიქრდებით იესოსა და მისი მიმდევრების ურთიერთობაზე. იესო თავის მიმდევრებს სათუთად ეპყრობოდა; ისინი კი სიყვარულით პასუხობდნენ მას (1 პეტრე 2:21).

მყარი საძირკველი

ცხოვრებისეული სირთულეები საფრთხეს უქმნის ქორწინებას; ამ დროს იცდება ის, თუ რამდენად მყარი საძირკველი აქვს თქვენს ქორწინებას. ბედნიერი ქორწინების მყარი საძირკველი ერთგულებაა, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული. იესომ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეუღლის წინაშე დადებული აღთქმის შესრულება: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6). სიტყვა „ვინც“ ქმარსაც გულისხმობს და ცოლსაც, რომლებმაც აღთქმა დადეს, რომ ერთმანეთის ერთგულები იქნებოდნენ.

ზოგი შესაძლოა ცოლქმრული ვალდებულების შესრულებას ტვირთად მიიჩნევს, რადგან ეს დროს, ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. დღეს პირად კეთილდღეობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ცოლქმრული ვალდებულების შესრულებას, რაც მსხვერპლის გაღებას საჭიროებს.

როგორ არის შესაძლებელი ქორწინებაში ერთგულების შენარჩუნება? მოციქულმა პავლემ დაწერა: „ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ (ეფესოელები 5:28, 29). „შეუღლება“ ნაწილობრივ გულისხმობს, ისე იზრუნო მეუღლის კეთილდღეობაზე, როგორც საკუთარზე. დაქორწინებულებმა ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალონ; მაგალითად, „ჩემი“–ს ნაცვლად უნდა თქვან „ჩვენი“, „მე“–ს ნაცვლად „ჩვენ“.

სირთულეებთან გამკლავება სიბრძნეს შეგმატებთ, სიბრძნე კი ბედნიერს გაგხდით. იგავების 3:13–ში ნათქვამია: „ნეტარია ადამიანი სიბრძნის მპოვნელი“.

ცეცხლგამძლე მასალა

შენობა გამძლე და უსაფრთხო რომ იყოს, კარგად უნდა აიგოს. ამიტომ, დაქორწინებისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ეს არის მუდმივი კავშირი. „გამძლე მასალას“ თუ გამოიყენებთ, თქვენი ქორწინება ცხოვრების ნებისმიერ ქარტეხილს გაუძლებს. განივითარეთ ისეთი ფასდაუდებელი თვისებები, როგორიცაა ღვთიური სიბრძნე, სულგრძელობა, გამჭრიახობა, ღვთისადმი შიში, თბილი გრძნობები, ღვთის კანონებისადმი სიყვარული და ძლიერი რწმენა.

ქორწინებაში ბედნიერება და კმაყოფილება სიმდიდრეზე ან კარიერაზე არ არის დამოკიდებული. ეს არის გულისა და გონების განწყობილება, რაც ღვთის სიტყვის დახმარებით უნდა შეინარჩუნო. 1  კორინთელების 3:10–ში ნათქვამია: „თითოეული დაუკვირდეს, როგორ აშენებს“. ამ რჩევის გამოყენება დაქორწინებულებსაც შეუძლიათ.

სირთულეების დროს

შენობა გამძლე რომ იყოს, მას დროდადრო შეკეთება სჭირდება. როდესაც წყვილები ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ ერთმანეთს მიზნების განხორციელებაში, დააფასონ და პატივი სცენ ერთმანეთს, მათი ქორწინება მტკიცე იქნება. ისინი არ ავითარებენ საკუთარ თავში ეგოიზმს, და თავს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ განრისხდნენ.

წყენის გულში ჩატოვებამ და რისხვის გადმონთხევამ დროთა განმავლობაში შეიძლება სიყვარული გაუნელოს წყვილს ერთმანეთის მიმართ. მოციქული პავლე ურჩევს მამაკაცებს: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“ (კოლოსელები 3:19). ეს პრინციპი ცოლებმაც უნდა გამოიყენონ. როდესაც წყვილები ცდილობენ, გაუგონ ერთმანეთს, იყვნენ ყურადღებიანები და სიკეთე გამოავლინონ ერთმანეთის მიმართ, ეს ხელს უწყობს მათ ბედნიერებას. თუ ისინი თავს იკავებენ კამათისა და აგრესიისგან, ეს დაეხმარებათ სირთულეების დროს კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდებაში. პავლე მოციქული გვირჩევს: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფესოელები 4:32).

რის გაკეთება შეიძლება, თუ რაღაცა გაღიზიანებთ და გიჭირთ საკუთარი თავის მოთოკვა, ან ფიქრობთ, რომ სათანადოდ არ გაფასებენ? მშვიდად და გასაგებად აუხსენით მეუღლეს, რა გაწუხებთ. თუმცა, საუკეთესო გამოსავალი ის იქნება, თუ სიყვარულით დავფარავთ უმნიშვნელო შეცდომებს (1 პეტრე 4:8).

ერთ მამაკაცს, რომელიც 35 წელია, რაც დაქორწინებულია, არაერთი სიძნელის გადატანა მოუწია. როგორც ის ამბობს, გაბრაზებულიც რომ იყოთ მეუღლეზე, არ უნდა შეწყვიტოთ აზრთა გაცვლა–გამოცვლა. ეს მამაკაცი გვირჩევს: „ნურასოდეს გაგინელდებათ სიყვარული“.

თქვენ შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ ბედნიერ ქორწინებას!

ბედნიერი ოჯახის შენარჩუნება ნამდვილად არ არის ადვილი. მაგრამ, როდესაც წყვილები ძალ–ღონეს ახმარენ იმას, რომ თავიანთ საყრდენად ღმერთი გაიხადონ, ბედნიერები იქნებიან და თავს აარიდებენ ბევრ ტკივილს. ამგვარად, მთელი გულით იზრუნეთ ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე და შეასრულეთ ერთგულების აღთქმა. გახსოვდეთ, რომ იესოს სიტყვების თანახმად, ბედნიერი ოჯახის შენარჩუნება არც ქმრის დამსახურებაა და არც ცოლის; ეს ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, დამსახურებაა. „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).

დამატებითი ინფორმაცია

„ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს ბედნიერი ოჯახის შესანარჩუნებლად. ამ სახელმძღვანელოში ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევებია მოცემული. ეს წიგნი მთელ მსოფლიოში ათასობით წყვილს დაეხმარა ურთიერთობების განმტკიცებაში (იხილეთ ამ ჟურნალის 32-ე გვერდი).

[ჩარჩო 9 გვერდზე]

რა დაგეხმარებათ, საფუძველი ჩაუყაროთ ბედნიერ ქორწინებას?

▪ რეგულარულად შეისწავლეთ მეუღლესთან ერთად ღვთის სიტყვა; პრობლემების გადასაჭრელად ლოცვით მიმართეთ იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის (იგავები 3:5, 6; ფილიპელები 4:6, 7; 2 ტიმოთე 3:16, 17).

▪ მეუღლის გარდა არავისთან იქონიოთ სქესობრივი კავშირი (იგავები 5:15—21; ებრაელები 13:4).

▪ გულახდილად და სიყვარულით იმსჯელეთ განსხვავებული აზრებისა და პრობლემების შესახებ; თავისუფლად გამოთქვით საკუთარი აზრები (იგავები 15:22; 20:5; 25:11).

▪ საუბრის დროს იყავით თავაზიანები, ყურადღებიანები; მოერიდეთ განრისხებას, ბუზღუნს, უხეშ კრიტიკულ შენიშვნებს (იგავები 15:1; 20:3; 21:9; 31:26, 28; ეფესოელები 4:31, 32).

▪ თავმდაბლურად მიჰყევით ბიბლიურ რჩევებს მაშინაც კი, თუ თქვენი მეუღლე ყველაფერს ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა (რომაელები 14:12; 1 პეტრე 3:1, 2).

▪ მთელი გულით ეცადეთ, განივითაროთ თვისებები, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული (გალატელები 5:22, 23; კოლოსელები 3:12—14; 1 პეტრე 3:3—6).

[სურათები 7 გვერდზე]

მიჰყევით ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის მითითებებს.

[სურათი 7 გვერდზე]

ქორწინების მყარი საძირკველი უანგარო სიყვარული და ერთგულებაა.

[სურათები 8 გვერდზე]

განივითარეთ თვისებები, რომლებიც სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

[სურათები 8 გვერდზე]

ბედნიერი ქორწინების შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო.