არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად სახიფათოა ინტერნეტით ვინმეს გაცნობა?

ნამდვილად სახიფათოა ინტერნეტით ვინმეს გაცნობა?

ახალგაზრდების შეკითხვები

ნამდვილად სახიფათოა ინტერნეტით ვინმეს გაცნობა?

„ინტერნეტით ურთიერთობისას შესაძლოა, სინამდვილეში, არც კი იცოდე, ვისთან გაქვს საქმე“ (დანი *, 17 წლის).

„ინტერნეტით სარგებლობისას ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იცრუონ; ძალიან ადვილია საკუთარი თავის შენიღბვა“ (ჯორჯი, 26 წლის).

ინტერნეტით რომანტიკული ურთიერთობების გაბმა სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. როგორც ამ სერიის წინა სტატიაში განვიხილეთ, ასეთი ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება, თუმცა ხშირად, როდესაც სინამდვილეს ფარდა ეხდება, ყველაფერს წერტილი ესმევა *. შესაძლოა ასეთი ურთიერთობა მხოლოდ იმედგაცრუებით არ დამთავრდეს, არამედ გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს; ამ დროს შეიძლება საფრთხე შეექმნას შენს ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ მდგომარეობას.

როგორ შეიძლება საკუთარ სახლში საფრთხე შეგიქმნას კომპიუტერმა, რომელიც, ერთი შეხედვით, უვნებელი ჩანს? ზოგიერთი საშიშროება მნიშვნელოვან ბიბლიურ პრინციპთან არის დაკავშირებული. პავლე მოციქულმა დაწერა: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). რასაკვირველია, ამ მუხლში საუბარი არ არის იმაზე, რომ ინტერნეტით სარგებლობა უპატიოსნობაა, ანუ მისი გამოყენება უპატიოსნოს გაგხდის. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ხშირად ვხვდებით უპატიოსნო ადამიანებს. როგორც სტატიის დასაწყისში მოყვანილი ციტატები გვიჩვენებს, ინტერნეტით შედარებით ადვილია უპატიოსნოდ მოქცევა, მაგრამ რთულია ამის ამოცნობა. როდესაც უპატიოსნობა რომანტიკული ურთიერთობისას ვლინდება, შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე დადგე.

ყურადღება მიაქციე, რა არის ნათქვამი ბიბლიაში უპატიოსნობასთან დაკავშირებით: «არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან [„თვალთმაქცებთან“, აქ] არ მივლია» (ფსალმუნები 25:4). თვალთმაქცი ისეთი პიროვნებაა, რომელიც სხვებისგან მალავს თავის ნამდვილ სახეს და განზრახვებს. როგორ არის შესაძლებელი ინტერნეტით თაღლითობა? რა საშიშროებას უქმნის ეს მათ, რომლებიც ცდილობენ, ინტერნეტით დაიწყონ ვინმესთან რომანტიკული ურთიერთობა?

ცხვრის ქურქში გახვეული მგლები

მაიკლი, რომელსაც ოჯახი ჰყავს, შეშფოთებული იყო ერთ–ერთ სემინარზე მოსმენილით; მან შეიტყო, რომ ბევრი ბავშვი არ ემორჩილება მშობლებს და ინტერნეტის სახიფათო ვებ–საიტებში შედის. ის ამბობს: „უფრო მეტად თავზარი იმის გაანალიზებამ დამცა, რომ ინტერნეტით პედოფილებს არასრულწლოვანთა შეცდენა და მათთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება შეუძლიათ“. მოზარდებს, რომლებიც ინტერნეტით იწყებენ გაცნობას, გაცილებით დიდი საშიშროება ემუქრებათ, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ.

ვებ–საიტებში შეიძლება საკუთარი მონაცემები ბავშვებთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარების მსურველებმა შეიტანონ და თავი ახალგაზრდად წარმოაჩინონ. ერთი გამოკვლევის თანახმად, „ინტერნეტით მოსარგებლე ბავშვების 20 პროცენტს დაჟინებით სთხოვდნენ სქესობრივი ურთიერთობების დამყარებას“. აგრეთვე, ერთ გაზეთში აღნიშნულია, რომ 10—17 წლის ასაკის 33–დან ერთი მოზარდი „შეწუხებული იყო გაუთავებელი საუბრებითა და ყურადღების გამოვლენით“.

ზოგი მოზარდი გაოცებული იყო, როცა გაიგო, რომ „ინტერნეტით რომანტიკული ურთიერთობისას საქმე პატიმართან ჰქონდათ დაჭერილი. სხვებმა კი არ იცოდნენ, რომ მათ ადრესატებს მათთან სქესობრივი კავშირის დამყარება სურდათ. ეს ზნეობრივად დაცემული ადამიანები თავდაპირველად „თავს ევლებიან“ თავიანთ მსხვერპლს და მეგობრული მიმოწერის საშუალებით ცდილობენ, მათი ნდობა მოიპოვონ. დროთა განმავლობაში ისინი ეძებენ ადრესატთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა თავიანთი გაუკუღმართებული სურვილები დაიკმაყოფილონ. სამწუხაროდ, მახეში გაბმულ მოზარდებს სცემენ, აუპატიურებენ და კლავენ კიდეც.

ბოროტი ადამიანები მალავენ თავიანთ ნამდვილ სახეს, რათა ინტერნეტით მორიგ მსხვერპლს მიაგნონ. ასეთებმა შეიძლება იესოს მიერ მოხსენიებული ცრუწინასწარმეტყველები მოგაგონოთ, რომლებიც „ცხვრის სამოსლით მოდიან“, მაგრამ, სინამდვილეში, „მტაცებელი მგლების“ მსგავსნი არიან (მათე 7:15). ინტერნეტით ანონიმური მიმოწერის დროს თითქმის შეუძლებელია დაინახო, რომ ვიღაცას შენი მოტყუება უნდა. „როდესაც ვინმეს პირისპირ ესაუბრები, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული ჯორჯი, — მისი სახის გამომეტყველებიდან და ხმის ტონიდან რაღაცა მაინც შეგიძლია გაიგო, მაგრამ ინტერნეტით ეს შეუძლებელია. ძალიან ადვილია მახეში გაბმა“.

ბიბლიაში გონივრული რჩევაა მოცემული: «გონიერმა [„წინდახედულმა“, აქ] დაინახა ბოროტი და გაერიდა, ბრიყვებმა კი გადაიარეს და დაისაჯნენ» (იგავები 22:3). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა, ვისაც ინტერნეტით ეცნობი, არ არის საშიში პიროვნება. მაგრამ ადამიანებმა შეიძლება სხვა სახის სიცრუესაც მიმართონ და თავიანთი ნამდვილი სახე დამალონ.

ცბიერებითა და საიდუმლოებით შენიღბვის საფრთხე

გასაკვირი არ არის, რომ მათთვის, რომლებსაც ინტერნეტით სურთ რომანტიკული ურთიერთობის გაბმა, სავსებით ნორმალურია, ადრესატს თავი არაჩვეულებრივი თვისებების მქონე პიროვნებად მოაჩვენონ და დამალონ სერიოზული ნაკლოვანებები. გარდა ამისა, როგორც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ მოყვანილი ერთი ავტორის სიტყვები ცხადყოფს, „ინტერნეტით ადამიანის გაცნობა სახიფათოა, რადგან შეიძლება მოტყუებულები დარჩეთ“. გაზეთი დასძენს: „ადამიანები ხშირად სხვა სქესის წარმომადგენლებად . . . ან მდიდრებად ასაღებენ თავს . . . მალავენ თავიანთ წარმომავლობას, არ ამხელენ, რომ ჩადენილი აქვთ რაიმე დანაშაული, რომ დაქორწინებულები არიან ან არაფერს ამბობენ ფსიქიკური მოშლილობის შესახებ; ხშირად ეს ყველაფერი მაშინაც კი საიდუმლოებითაა მოცული, როცა ურთიერთობა დიდი ხნის დაწყებულია“. უამრავი ადამიანი, რომელიც თავად გახდა ასეთი თაღლითობის მსხვერპლი, სხვებს მწარე გამოცდილების შესახებ უყვება და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

შეიძლება ასეთი ურთიერთობისას ადამიანმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხშიც კი მოიტყუოს თავი, როგორიც რწმენაა? სამწუხაროდ, ასეც ხდება — ზოგი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანია, სინამდვილეში კი, ცრუობს. რატომ მიმართავენ ისინი ასეთ ცბიერებას? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ ინტერნეტით მოტყუება ადვილია. ირლანდიელი ახალგაზრდა, შონი, აღიარებს: „კომპიუტერით ძალიან ადვილია, თავი ისეთ პიროვნებად გაასაღო, როგორიც სინამდვილეში არა ხარ“.

ბევრი ამდაგვარ სიცრუეს უმნიშვნელოდ თვლის, რადგან ფიქრობს, რომ რომანტიკული ურთიერთობისას სავსებით ნორმალურია, რაღაცა მაინც მოიტყუო. მაგრამ გახსოვდეს, რომ ღმერთს სძულს სიცრუე (იგავები 6:16—19). და ეს არ არის უსაფუძვლო. ყოველგვარი უბედურება და ტანჯვა ტყუილიდან იღებს სათავეს (იოანე 8:44). უპატიოსნობა ყველაზე მეტად უთხრის ძირს ნებისმიერ ურთიერთობას, განსაკუთრებით, თუ ის ვლინდება ისეთი ურთიერთობისას, რომელსაც მუდმივი კავშირი — ქორწინება — უნდა მოჰყვეს. უფრო მეტიც, უპატიოსნობა სულიერი საფრთხის წინაშე აყენებს ადამიანს; ის ძირს უთხრის იეჰოვასთან მის ურთიერთობას.

სამწუხაროდ, ზოგი მოზარდი სხვა სახის უპატიოსნობას სჩადის. მათ ინტერნეტით ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქვთ ურთიერთობა, მაგრამ ამას მშობლებისგან მალავენ. მაგალითად, ერთხელ ერთი მოზარდის მშობლები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც სახლში მოულოდნელად სრულიად უცნობი გოგონა გამოეცხადათ, რომელიც 1 500 კილომეტრით დაშორებული მანძილიდან იყო ჩასული. ის არ იზიარებდა მათი ოჯახის ქრისტიანულ მრწამსს. როგორც გაირკვა, მათ ვაჟს ექვსი თვის მანძილზე ჰქონდა ამ გოგონასთან ინტერნეტით მიმოწერა, მაგრამ მშობლებმა გოგონას არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო“? — კითხულობდნენ გაოცებული მშობლები. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ ვაჟს არ შეეძლო ისეთ ადამიანთან დაეწყო რომანტიკული ურთიერთობა, რომელსაც პირადად არ იცნობდა. სინამდვილეში კი, მან შეცდომაში შეიყვანა მშობლები, რადგან დამალა თავისი ნამდვილი სახე. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ასეთ სიცრუეზე აგებული ურთიერთობა არ იქნება მყარი!

უკეთესია პირისპირ ურთიერთობა

ინტერნეტით ადამიანის გაცნობამ შეიძლება სხვა საშიშროების წინაშეც დაგაყენოს. ზოგჯერ გგონია, რომ ეგრეთ წოდებულ ახლობელს, ვისთანაც მიმოწერა გაქვს, უფრო კარგად იცნობ, ვიდრე მათ, რომლებსაც ყოველდღიურად ხედავ. ამ დროს ნათესავები და მეგობრები მეორე ადგილზე ინაცვლებენ, პასუხისმგებლობები კი მეორეხარისხოვანი ხდება. ავსტრიელი ახალგაზრდა, მონიკა, ამბობს: „უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი ახლობლებს, რადგან დროის დიდ ნაწილს ინტერნეტით მიმოწერას ვუთმობდი“. როდესაც მონიკამ ეს გაანალიზა, სინდისმა შეაწუხა და შეწყვიტა ინტერნეტით მიმოწერა.

ცხადია, ბევრი გაწონასწორებულობას ავლენს ინტერნეტით სარგებლობისას. ელექტრონული ფოსტა კარგი საშუალებაა მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ არაფერი შეედრება პირისპირ ურთიერთობას. თუ დაგიცხრა „ახალგაზრდული ვნებები“ — ეს ის პერიოდია, როდესაც სქესობრივი ლტოლვა ძალიან ძლიერია — და დაქორწინება გსურს, ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშე დგახარ (1 კორინთელები 7:36). ამიტომ, ყველანაირად ეცადე, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

ბიბლიაში ნათქვამია: «გულუბრყვილოს [„გამოუცდელს“, აქ] სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს» (იგავები 14:15). ნაცვლად იმისა, რომ გჯეროდეს იმ პიროვნების ყოველი სიტყვის, ვისაც არასდროს შეხვედრილხარ, კარგად გაანალიზე შენი საქციელი. გაცილებით გონივრულია, პირისპირ გაიცნო ადამიანი და ამგვარად განავითარო მასთან მეგობრული ურთიერთობა. დაფიქრდი, ნამდვილად შეეფერებით თუ არა ერთმანეთს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სულიერ მიზნებსა და ფასეულობებს ეხება. ასეთმა ურთიერთობამ შეიძლება ბედნიერ ქორწინებამდე მიგიყვანოთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 5 იხილეთ სტატია „შეიძლება ინტერნეტით ვინმეს გაცნობა?“ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ის რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მაისი, 2005 წელი).

[სურათები 12 გვერდზე]

ნამდვილად იცნობ იმ ადამიანს, ვისთანაც ინტერნეტით გაქვს მიმოწერა?

[სურათი 14 გვერდზე]

არაფერი შეედრება ადამიანის პირისპირ გაცნობას, როდესაც მასთან რომანტიკულ ურთიერთობას ავითარებ.