არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევეგუო საზღვარგარეთ ცხოვრებას?

როგორ შევეგუო საზღვარგარეთ ცხოვრებას?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შევეგუო საზღვარგარეთ ცხოვრებას?

„აეროპორტში როცა ჩამოვფრინდი, ყველაზე მეტად სახლში დაბრუნება მინდოდა. . .  უწინდებურად სრულებით აღარ მაინტერესებდა, თუ რა გადამხდებოდა და აღარ მიხაროდა, რომ მრავალი რამ სრულიად ახალი იქნებოდა ჩემთვის. ერთი სიტყვით, ისე ვიყავი ნოსტალგიით შეპყრობილი, როგორც არასდროს“ (იუტა).

უცხო ქვეყანაში მარტო ყოფნის დროს არასასიამოვნო გრძნობები გეუფლება. მაგრამ, როგორც ამ სერიის წინა სტატიაში იყო ნაჩვენები, ბევრი ახალგაზრდა არჩევს გარკვეული ხნით საზღვარგარეთ ცხოვრებას. ზოგი განათლების ან განსაკუთრებული ცოდნის შესაძენად მიდის საზღვარგარეთ; ზოგს ენის სწავლა ან ფულის შოვნა სურს. მაგრამ სხვები იმ მიზნით მიემგზავრებიან უცხო ქვეყნებში, რომ იმსახურონ იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.

თუ საზღვარგარეთ გასამართლებელი მიზეზების გამო აპირებ დარჩენას და მხედველობიდან არ გრჩება შენი სულიერი მოთხოვნილებები და მიზნები *, რის გაკეთება შეგიძლია იმისათვის, რომ შეეგუო იქ ცხოვრებას?

მზად იყავი შესაგუებლად

პირველ რიგში საჭიროა, განეწყო შესაგუებლად. ეს არ ნიშნავს ქრისტიანული პრინციპების ან სულიერი საქმიანობის განრიგის უგულებელყოფას. მაგრამ ამაში შეიძლება შედიოდეს ახალ საკვებთან შეგუება, საზოგადოებაში ქცევის ზოგიერთი ახალი წესის ან ახლებურად რაღაცის კეთების სწავლა. ეს ახალი ჩვევები შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს იმ წესებისგან, რომლებსაც სახლში იცავდი. მაგრამ იესოს მოწოდების თანახმად მოქმედება მიზანშეწონილი იქნებოდა ასეთ შემთხვევაში; მან თქვა: „ნუ განიკითხავთ“ (მათე 7:1). სინამდვილეში არც ერთი რასის ან კულტურის წარმომადგენელს არა აქვს უფლება, სხვაზე მაღლა დააყენოს საკუთარი თავი (საქმეები 17:26). როგორც ხანში შესულმა ადამიანებმა ძველი და ახალი თაობის ახალგაზრდების ერთმანეთთან შედარებისას თავი უნდა აარიდონ კრიტიკას, ისე ახალგაზრდებიც უნდა მოერიდონ კრიტიკულ გამონათქვამებს, როცა შედარებას აკეთებენ უცხო ქვეყანასა და თავის სამშობლოს შორის (ეკლესიასტე 7:10). უმჯობესია დადებით მხარეებზე გამახვილდეს ყურადღება, რაც ამ ახალ ქვეყანასა და მის კულტურაში შეიმჩნევა. გარდა ამისა, რაც უფრო მალე დაეუფლები ამ ქვეყნის ენას, მით უფრო მალე გაშინაურდები.

მოციქული პავლე თავისი მისიონერული მოღვაწეობის დროს ადვილად ეგუებოდა სხვადასხვა კულტურის ხალხს, რადგან ის მზად იყო ‘ყველასათვის ყველაფერი გამხდარიყო’ (1 კორინთელთა 9:22). თუ ამნაირადვე განეწყობი, შენც შეძლებ შეგუებას. ადრიენი, რომელიც, როგორც უცხოელი, გერმანიაში ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს, საოჯახო საქმეებს ასრულებს ბინის ქირისა და საჭმლის საფასურის სანაცვლოდ. ის ხსნის: „მე დამყოლი ხასიათი უნდა მქონდეს, რადგან არ შემიძლია სხვებისგან მოველოდე, რომ შემეგუონ“.

„ჩემი სახლი მენატრება“

პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში გასაკვირი არ არის, რომ ადამიანი ნაღვლიანი და ნოსტალგიით შეპყრობილი იყოს. ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ იაკობს ‘ენატრებოდა თავისი მამის სახლი’, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უცხო ქვეყანაში იმყოფებოდა (დაბადება 31:30). ასე რომ, ნუ გაგიკვირდება, თუ ხანდახან ტირილი მოგინდება. რასაკვირველია, თუ გამუდმებით იფიქრებ იმაზე, რაც უკან ჩამოიტოვე, უფრო მეტად დამწუხრდები (რიცხვნი 11:4, 5). მწუხარების განსაქარვებლად ყველაზე კარგი ის იქნება, თუ შეეცდები ახალ ცხოვრების წესთან და გარემოსთან შეგუებას. თუმცა, კარგია, თუ ოჯახთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად წერილს მისწერ ან დაურეკავ შენი ოჯახის წევრებს, ძალიან ხშირად მათთან დაკავშირებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს ახალ გარემოსთან შეგუებაში.

ბევრმა ქრისტიანმა ახალგაზრდამ დაინახა, რომ, როდესაც თავიანთი სულიერი საქმიანობის განრიგის მიხედვით მოქმედებას დაუბრუნდნენ, საუკეთესოდ გაუმკლავდნენ მარტოობის გრძნობას (ფილიპელთა 3:16, სსგ). ამბერი უცხოეთში გატარებულ პირველ კვირებს იხსენებს: „განსაკუთრებით საღამოობით მიჭირდა, როცა არაფერი მქონდა გასაკეთებელი, ამიტომ ვცდილობდი, დამატებითი შესწავლა დამეგეგმა ან წიგნი წამეკითხა“. ახალგაზრდა რეიჩელი, რომელიც გერმანიაში ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს, პირად გამოცდილებას გვიზიარებს და გვირჩევს: „რაც შეიძლება მალე დაუკავშირდი კრებას, დაუყოვნებლივ დაიწყე შეხვედრებზე დასწრება“. თავდაპირველად, შესაძლოა, დახმარება დაგჭირდეს, რომ შეხვედრებზე დაიწყო დასწრება. მაგრამ ქრისტიანულ კრებაში ნამდვილ მეგობრებს იპოვი, რომლებიც ‘ძმების, დებისა და დედების’ მაგივრობას გაგიწევენ (მარკოზი 10:29, 30).

ქრისტიანულ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაც სულიერი საქმიანობის განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქადაგება მხოლოდ სულიერ სარგებლობას კი არ მოგიტანს, არამედ ხელს შეგიწყობს ახალ კულტურასთან შეგუებასა და ენის შესწავლაში.

დაბოლოს, გამუდმებით ილოცე და არ მიატოვო პირადი შესწავლა. ამაზეა დამოკიდებული შენი სულიერი ჯანმრთელობა (რომაელთა 12:12; 1 ტიმოთე 4:15). სწორედ ამიტომ, ზემოთ მოხსენიებულმა ადრიენმა თან წაიღო უცხოეთში ბიბლიური ლიტერატურა მშობლიურ ენაზე.

მასპინძელ ოჯახში ცხოვრება

ზოგმა ახალგაზრდა ქრისტიანმა იზრუნა იმაზე, რომ, ვიდრე საზღვარგარეთ იქნებოდნენ, მორწმუნეების ოჯახში ეცხოვრათ. თუმცა მასპინძელი ოჯახის წევრებისგან არ უნდა მოელოდე, რომ თავის თავზე აიღებენ მშობლის პასუხისმგებლობას, მათთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს შენზე და ისინი სულიერად გაგამხნევებენ (იგავნი 27:17).

როგორც უნდა იყოს, მასპინძელ ოჯახთან კარგი დამოკიდებულების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია გულღია ურთიერთობა (იგავნი 15:22; 20:5; 25:11). ამბერი შენიშნავს: „კარგი იქნება, თუ წინასწარ განსაზღვრავ, რის გაკეთება მოგიწევს. ამავე დროს, უნდა იცოდე, რას მოელიან შენგან მასპინძლები და მათაც უნდა იცოდნენ, რას მოელი მათგან“. გაარკვიე, რა წესები არსებობს და რა მოვალეობები დაგეკისრება ოჯახში. ასეთი საკითხები საგულდაგულოდ უნდა გაარკვიოთ.

განსაკუთრებით მაშინ აღმოჩნდები რთულ მდგომარეობაში, თუ მაგალითად, ისეთ ოჯახში მუშაობ, სადაც შენს რწმენას არ იზიარებენ. რადგან ასეთ ოჯახში შეიძლება არ ესმოდეთ, თუ რა პოზიცია გიკავია ბიბლიურ პრინციპებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რეპუტაციის შემლახველ სიტუაციაში აღმოჩნდე (იგავნი 13:20). ზოგჯერ, როცა საოჯახო საქმეების შესრულება მოგეთხოვება, შეიძლება ხელი შეგეშალოს ისეთი სულიერი მოვალეობების შესრულებაში, როგორიცაა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. აქედან გამომდინარე, თუ გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფები და იძულებული ხარ, ისეთ ოჯახში დარჩე, სადაც შენს რწმენას არ იზიარებენ, წინასწარ უნდა მიიღო ზომები.

რეიჩელი გვირჩევს: „გააგებინე მათ, რომ ქრისტიანი ხარ. ყველაზე კარგი იქნებოდა, დაუყოვნებლივ და გულწრფელად გეთქვა მათთვის ამის შესახებ“. თუ აუხსნი მათ შენი რელიგიური მრწამსისა და ზნეობრივი პრინციპების შესახებ, ბევრი რამისგან დაცული იქნები. ამავე დროს, შენს დამსაქმებელს გასაგებად უნდა უთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ქრისტიანული შეხვედრები და სამქადაგებლო საქმიანობა. ბოლოს, გონივრული იქნება, სამუშაოს დაწყებამდე წერილობითი შეთანხმების დროს გაარკვიო, რამდენ საათს დაუთმობ სამუშაოს, როდის შეძლებ დასვენებას და როგორი ანაზღაურება გექნება. ეს თავიდან აგაცილებს გულგატეხილობას.

სირთულეების გადალახვა

ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, პრობლემამ შეიძლება მაინც იჩინოს თავი. მაგალითად, რას იზამ, თუ მასპინძლები მოგთხოვენ, დატოვო მათი სახლი? ეს შეიძლება გამანადგურებელი იყოს. თუ რაღაც გაუგებრობა მოხდა, შეგიძლია მშვიდად და ზომიერების ფარგლებში გაარკვიო საქმე შენს მასპინძლებთან (იგავნი 15:1). მზად იყავი, შენ მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომის აღიარებისთვის. შესაძლებელია, მათ შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება. თუ ეს ასე არ მოხდება, სხვა საცხოვრებელი ადგილი უნდა მოძებნო.

სხვა პრობლემამ შეიძლება მაშინ იჩინოს თავი, როცა ვინმეს დახმარებას სთხოვ. მაგალითად, შესაძლოა, ფინანსურად გიჭირდეს ან ავად იყო. იმის შიშით, რომ მშობლებმა უკან არ დაგაბრუნონ, შეიძლება თავი შეიკავო იმისგან, რომ მათ ამის შესახებ შეატყობინო. გარდა ამისა, ისინი შენგან დიდი მანძილით არიან დაშორებული და, შესაძლოა, არ იცოდნენ, საზღვარგარეთ როგორ უნდა იმოქმედო ასეთ სიტუაციაში. მაგრამ ადგილობრივი კრების უხუცესებს შეიძლება ადრეც გადაუჭრიათ მსგავსი პრობლემები და, შესაძლებელია, პრაქტიკული რჩევა მოგცენ. აგრეთვე ისინი დაგეხმარებიან იმის გადაწყვეტაში, გმართებდა თუ არა ასეთ შემთხვევაში, შეგეტყობინებინა მშობლებისთვის შენი მდგომარეობის შესახებ.

შინ დაბრუნება

სირთულეების მიუხედავად, საზღვარგარეთ გატარებული დრო შეიძლება სასარგებლო და დამაჯილდოებელი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სულიერი საქმიანობის მიზნით მიდიხარ იქ. რასაკვირველია, როდისმე შეიძლება შინ დაბრუნების დროც დაგიდგეს. ანდრეასი ამბობს: „ამდენი სასიამოვნო მოგონების შემდეგ უარყოფითი მხარეები მალე გადამავიწყდა და ძალიან გამიჭირდა იქაურობის დატოვება“. თუმცა ისიც საყურადღებოა, რომ, როდესაც სახლში დაბრუნდები, არ უნდა მოელოდე შენი მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან, რომ მაშინვე შეიცვლიან ქცევის წესებს იმიტომ, რომ ამა თუ იმ საკითხზე ახალი შეხედულებები გაქვს, რომლებიც საზღვარგარეთ განგივითარდა. გარდა ამისა, ისეც არ უნდა მოიქცე, რომ გააღიზიანო ისინი იმის შესახებ გაუთავებელი შეხსენებებით, თუ როგორ კეთდება რაღაც სხვაგან. რასაკვირველია, იმის სურვილი გექნება, რომ ყველაფრის შესახებ მოუყვე მათ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, თუ ყველა არ გაიზიარებს შენს გრძნობებს.

ცხადია, რომ დროებით საზღვარგარეთ ცხოვრება სერიოზული გადაწყვეტილებაა. თუ ამ საკითხზე მშობლებთან მსჯელობის შემდეგ ისეთ დასკვნამდე მიხვალ, რომ საფუძვლიანი მიზეზის გამო მიდიხარ უცხოეთში, მზად იყავი იმ სირთულეების გადასალახავად, რომლებსაც იქ წააწყდები. როგორც ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამ შემთხვევაშიც გონივრულია პირველ რიგში ყველაფრის აწონ-დაწონა (ლუკა 14:28—30).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 იხილეთ სტატია, „რა მოხდება, საზღვარგარეთ რომ ვიცხოვრო?“, რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“, რომელიც მოცემულია 2 000 წლის 8 ივლისის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში.

[ჩარჩო⁄სურათი 26 გვერდზე]

უსაფრთხოების ზომები

● შეინახე საიმედო ადგილას პასპორტი, ფული და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.

● გააკეთე შენი პასპორტის, საშვის ან ვიზის, უკან დასაბრუნებელი ბილეთისა და სხვა მნიშვნელოვანი საბუთების ფოტოპირი. მათი ერთი ეგზემპლარი შენ დაიტოვე, ხოლო მეორე შენს მშობლებს ან მეგობრებს გაუგზავნე.

● ყოველთვის თან გქონდეს შენი მშობლების ან მეგობრებისა და მასპინძელი ოჯახის ტელეფონის ნომრები.

● წმინდა ურთიერთობა შეინარჩუნე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, იქნება ეს მასპინძელ ოჯახში, სკოლაში, სამუშაოზე თუ სხვა ადგილზე.

● რამდენიმე ძირითადი სიტყვა და ფრაზა მაინც ისწავლე მასპინძელი ქვეყნის ენაზე.

● გამგზავრებამდე გაიარე სამედიცინო შემოწმება. ყოველთვის თან გქონდეს ნებისმიერი საჭირო მედიკამენტი.

[სურათი 25 გვერდზე]

თუ გაუგებრობა მოხდება შენსა და მასპინძელ ოჯახს შორის, მშვიდად გაარკვიე საქმე მათთან ერთად.