არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარადიულად ვიცოცხლოთ?

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარადიულად ვიცოცხლოთ?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ბიბლიაში ნათქვამია: „ღვთის ნების შემსრულებელი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). რა იგულისხმება ღვთის ნების შესრულებაში?

  •   გაიგე მეტი ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს შესახებ. იესომ ღვთისადმი აღვლენილ ლოცვაში თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). როგორ უნდა ვეცნობოდეთ ღმერთს და იესო ქრისტეს? ჩვენ მათ ბიბლიის შესწავლითა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებით ვეცნობით. a ბიბლიიდან ვიგებთ ჩვენი შემოქმედის, სიცოცხლის მბოძებლის, იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (საქმეები 17:24, 25). ბიბლია აგრეთვე მოგვითხრობს მისი ძის, იესოს შესახებ, რომელიც ხალხს „მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“ ამცნობდა (იოანე 6:67—69).

  •   გამოავლინე რწმენა იესოს გამოსასყიდის მიმართ. იესო დედამიწაზე იმ მიზნით მოვიდა, რომ „თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). იესოს გაღებულმა გამოსასყიდმა ადამიანებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა სამოთხეში დედამიწაზე b (ფსალმუნი 37:29). იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). როგორც ვხედავთ, საკმარისი არ არის იესოს არსებობის გვჯეროდეს. მნიშვნელოვანია, გვწამდეს მისი, რაც ნიშნავს, რომ მისი სწავლებებისა და ღვთის ნების შესაბამისად ვიცხოვროთ (მათე 7:21; იაკობი 2:17).

  •   ახლო ურთიერთობა განივითარე ღმერთთან. ღმერთს სურს, დავუახლოვდეთ და დავუმეგობრდეთ მას (იაკობი 2:23; 4:8). ღმერთი მარადარსებულია და სურს, რომ მისმა მეგობრებმაც მარადიულად იცოცხლონ. ბიბლიაში ღმერთი თავის მსახურებს ასეთი სიტყვებით მიმართავს: „მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები“ (ფსალმუნი 22:26).

მცდარი შეხედულებები მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებით

 მცდარი შეხედულება: ერთ დღესაც ადამიანები საკუთარი ძალებით მიაღწევენ მარადიულ სიცოცხლეს.

 სინამდვილე: მართალია, ადამიანები მედიცინის დარგში დიდ წარმატებებს აღწევენ და ფიქრობენ, რომ სიცოცხლის გახანგრძლივებას შეძლებენ, მაგრამ მათი მცდელობით მარადიული სიცოცხლის მიღწევა შეუძლებელია. მხოლოდ ღმერთს შეუძლია გვიბოძოს მარადიული სიცოცხლე, რადგან ის „არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). ის გვპირდება, რომ „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“ და თავის ერთგულთ მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (ესაია 25:8; 1 იოანე 2:25).

 მცდარი შეხედულება: მხოლოდ განსაზღვრული რასის ადამიანები იცხოვრებენ მარადიულად.

 სინამდვილე: ღმერთი არ არის მიკერძოებული. პირიქით, „ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). აქედან გამომდინარე, ყველა კულტურისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ემორჩილებიან ღმერთს, იცხოვრებენ მარადიულად.

 მცდარი შეხედულება: მარადიულად ცხოვრება მოსაწყენი იქნება.

 სინამდვილე: მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება ღმერთი, რომელსაც ვუყვარვართ და სურს, რომ ბედნიერები ვიყოთ (იაკობი 1:17; 1 იოანე 4:8). მან იცის, რომ ბედნიერებისათვის აზრიანი სამუშაო გვჭირდება (ეკლესიასტე 3:12). ღმერთი მათ, ვინც მარადიულად იცოცხლებს დედამიწაზე, ჰპირდება, რომ სასიამოვნო სამუშაო ექნებათ. ისინი საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების საკეთილდღეოდ იშრომებენ (ესაია 65:22, 23).

 მეტიც, ისინი მთელი მარადიულობის განმავლობაში არასოდეს შეწყვეტენ ღვთისა და მისი დიდებული საქმეების შესახებ ცოდნის მიღებას. ღმერთმა ადამიანი მარადიული ცხოვრებისა და ღვთის შესახებ ცოდნის მიღების სურვილით შექმნა, თუმცა ისინი, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაიგებენ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა (ეკლესიასტე 3:10, 11). ასე რომ, მარადიული სიცოცხლე არ იქნება მოსაწყენი, რადგან ადამიანები ყოველთვის ისწავლიან რაღაც ახალს და საინტერესო საქმეებით დაკავდებიან.

a იეჰოვას მოწმეები ხალხს ბიბლიის შესწავლას უსასყიდლოდ სთავაზობენ. დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“.

b იხილეთ სტატია „როგორ გვიხსნის იესო?“.