არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 22

რატომ არ უნდა მოვიტყუოთ?

რატომ არ უნდა მოვიტყუოთ?

წარმოიდგინე, რომ გოგონა დედას ჰპირდება: „სკოლიდან პირდაპირ სახლში დავბრუნდები“. მაგრამ გაკვეთილების შემდეგ რჩება და მეგობრებთან თამაშობს. სახლში მისვლისას კი დედას ეუბნება: „მასწავლებელმა არ გამოგვიშვა“. კარგია ასე მოქცევა? ~

რა გააკეთა ცუდი ამ ბიჭმა?

ბიჭმა, რომელიც სახლში ბურთით თამაშობდა, მამასთან უარყო: „არა, მე სახლში ბურთით არ მითამაშია“. სწორად მოიქცა ის, როცა თქვა, არ მითამაშიაო? ~

დიდებულმა მასწავლებელმა გვითხრა, რისი გაკეთებაა სწორი. მან თქვა: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა. რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის“ (მათე 5:37). რას გულისხმობდა იესო? ~ იმას, რომ რასაც ვამბობთ, იმასვე უნდა ვაკეთებდეთ.

ერთი ბიბლიური მოთხრობა გვიჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ამბავი ორ ადამიანზეა, რომლებიც ამბობდნენ, რომ იესოს მოწაფეები იყვნენ. მოდი ვნახოთ, რა მოხდა.

იესოს სიკვდილიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ იერუსალიმში ბევრი ხალხი მოვიდა შორი მანძილიდან. მათ მნიშვნელოვანი დღესასწაული უნდა აღენიშნათ. იუდეველები მას ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს ეძახდნენ. ამ დროს მოციქული პეტრე ხალხის წინაშე გამოვიდა და ილაპარაკა იესოზე, რომელიც იეჰოვა ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა. ბევრმა პირველად მოისმინა იესოს შესახებ და უფრო მეტის გაგება მოისურვეს. რა გააკეთეს მათ ამისთვის?

ისინი უფრო დიდხანს დარჩნენ იქ, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ. ცოტა ხნის შემდეგ ზოგიერთს საჭმლის ფული გაუთავდა. მათ დახმარება სჭირდებოდათ. იერუსალიმელმა მოწაფეებმა გადაწყვიტეს, სტუმრებს დახმარებოდნენ. ამისათვის ბევრმა საკუთარი ნივთები გაყიდა და აღებული ფული მოციქულებთან მიიტანა; მათ კი გაჭირვებულებს გაუნაწილეს.

ანანიამ და მისმა ცოლმა საფირამ, რომლებიც იერუსალიმის ქრისტიანული კრების წევრები იყვნენ, გაყიდეს თავიანთი მინდორი. არავის უთქვამს მათთვის, მინდორი გაყიდეთო, ეს თავიანთი სურვილით გადაწყვიტეს. თუმცა, ეს იმიტომ კი არ გააკეთეს, რომ იესოს ახალი მოწაფეები უყვარდათ. ანანიას და საფირას უნდოდათ, სხვებს კარგი წარმოდგენა ჰქონოდათ მათზე და ეფიქრათ, რომ კეთილები იყვნენ. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, ეთქვათ, რომ ფულს მთლიანად დებდნენ სხვების დასახმარებლად. სინამდვილეში, ისინი მხოლოდ ნაწილის მიტანას აპირებდნენ, მაგრამ იტყოდნენ, რომ მთელი ფული მიიტანეს. რას ფიქრობ, მოგწონს მათი საქციელი? ~

ანანია მოციქულებთან მივიდა და ფული გადასცა. რა თქმა უნდა, ღმერთმა იცოდა, რომ ის მხოლოდ ფულის ნაწილს აძლევდა მოციქულებს. ამიტომ, ღმერთმა პეტრე მოციქულს აცნობა, რომ ანანია პატიოსნად არ იქცეოდა.

როგორ მოიტყუა ანანიამ პეტრეს წინაშე?

პეტრემ ანანიას უთხრა: ‘რატომ დაემორჩილე სატანას და გააკეთე ეს? მინდორი ხომ შენი იყო. შეგეძლო არ გაგეყიდა. და თუ გაყიდე, თვითონვე შეგეძლო გადაგეწყვიტა, ფული როგორ დაგეხარჯა. რატომ გვაჩვენებ თავს ისე, თითქოს მთელი ფული მოიტანე, მაშინ როცა მხოლოდ ნაწილს გვაძლევ? ამით მარტო ჩვენ კი არ გვატყუებ, არამედ ღმერთსაც’.

დიახ, საქმე ძალიან სერიოზულად იყო. ანანიამ მოიტყუა! მან თქვა ერთი და გააკეთა მეორე. მას ისე ეჭირა თავი, თითქოს იმას აკეთებდა, რასაც ამბობდა. ბიბლია მოგვითხრობს, თუ რა მოხდა შემდეგ: ‘პეტრეს სიტყვების გაგონებისთანავე ანანია დაეცა და მოკვდა’. ის ღმერთმა დასაჯა! კაცებმა ანანიას გვამი გაიტანეს და დამარხეს.

რა დაემართა ანანიას ტყუილის გამო?

სამი საათის შემდეგ საფირაც მივიდა მოციქულებთან. მან არ იცოდა, რა დაემართა მის ქმარს. ამიტომ, პეტრემ ჰკითხა: ‘იმ ფასად გაყიდეთ მინდორი, რამდენიც აქ მოიტანეთ?’

საფირამ უპასუხა: ‘დიახ, ზუსტად ამდენად გავყიდეთ’. მაგრამ ამანაც ტყუილი თქვა! მათ ხომ გაყიდული მინდვრის საფასურიდან ნაწილი გადამალეს. ამიტომ, ღმერთმა საფირაც სიკვდილით დასაჯა (საქმეები 5:1—11).

რას ვსწავლობთ ანანიასა და საფირას შემთხვევიდან? ~ იმას, რომ ღმერთს არ უყვარს მატყუარები. მას უნდა, ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობდეთ. თუმცა ბევრი ამბობს, რომ ტყუილის თქმით არაფერი შავდება. შენი აზრით, მართალს ამბობენ ისინი? ~ იცოდი, რომ დედამიწაზე ყველანაირი ავადმყოფობა, ტკივილი და სიკვდილი იმიტომ არსებობს, რომ ვიღაცამ ერთხელ ტყუილი თქვა? ~

იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, ვინ თქვა პირველი ტყუილი და რა იყო ამის შედეგი?

გახსოვს, როგორ მოატყუა ეშმაკმა პირველი ქალი, ევა? მან უთხრა, რომ არ მოკვდებოდა, თუ ღმერთს არ დაემორჩილებოდა და იმ ხის ნაყოფს შეჭამდა, რომელიც ღმერთმა აუკრძალა. ევამ დაუჯერა ეშმაკს და შეჭამა. მან ადამიც დაიყოლია, რომ ნაყოფი მასაც ეჭამა. ამის შედეგად ისინი ცოდვილები გახდნენ და შთამომავლობასაც ცოდვა გადასცეს. ცოდვის გამოა, რომ ადამის ყველა შთამომავალი იტანჯება და კვდება. რამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობა? ~ ტყუილმა.

გასაკვირი არ არის, რომ იესომ ეშმაკზე თქვა: „ცრუა და სიცრუის მამაა“! ასე რომ, პირველი ტყუილი ეშმაკმა თქვა. როცა ვინმე იტყუება, იმას აკეთებს, რაც თავდაპირველად ეშმაკმა გააკეთა. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ტყუილის თქმის ცდუნების წინაშე ვდგავართ (იოანე 8:44).

როდის შეიძლება, რომ ტყუილის თქმა მოგინდეს? ~ განა მაშინ არა, როდესაც რაღაცა გააფუჭე? ~ შეიძლება რაღაცა შემთხვევით გატეხე. როცა გკითხავენ, ვინ გატეხაო, ნუთუ შენს ძმას ან დას გადააბრალებ? ან თავს ხომ არ მოიკატუნებ, თითქოს არაფერი იცი? ~

როდის შეიძლება, რომ ტყუილის თქმა მოგინდეს?

როგორ მოიქცეოდი, თუ საშინაო დავალება ბოლომდე უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ მხოლოდ ნაწილი შეასრულე? იტყოდი, რომ მთლიანად გააკეთე, მაშინ როცა არ გაგიკეთებია? ~ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ანანიასა და საფირას შემთხვევა. მათ არ თქვეს სრული სიმართლე. ღმერთმა ისინი სიკვდილით დასაჯა, რითაც აჩვენა, რომ ტყუილის თქმა ცუდია.

ამიტომ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ტყუილით საქმეს უფრო გავართულებთ. არც ის არის კარგი, რომ ტყუილნარევი სიმართლე ვთქვათ. ბიბლია ამბობს: ‘ჭეშმარიტება ილაპარაკეთ’. ის აგრეთვე გვეუბნება: „ნუ მოატყუებთ ერთმანეთს“. იეჰოვა ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს და ჩვენგანაც ამას მოელის (ეფესოელები 4:25; კოლოსელები 3:9).

ჩვენ ყოველთვის სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. ეს აზრი გამოკვეთილია შემდეგ ბიბლიურ მუხლებში: გამოსვლის 20:16; იგავების 6:16—19; 12:19; 14:5; 16:6 და ებრაელების 4:13.