არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არის პაპი „პეტრე მოციქულის მემკვიდრე“?

არის პაპი „პეტრე მოციქულის მემკვიდრე“?

არის პაპი „პეტრე მოციქულის მემკვიდრე“?

პაპმა იოანე პავლე II-მ 2002 წელს წერილი მისწერა ლიმბურგის ეპისკოპოსს. წერილში იგი ეპისკოპოსის მიერ აბორტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აუქმებდა. პაპმა განაცხადა, რომ მას ამ დირექტივის მიღების უფლება ჰქონდა, რადგან „იესოს ნების თანახმად, ის იყო პასუხისმგებელი ეკლესიის კეთილდღეობასა და ერთიანობაზე“. იგი ამტკიცებდა, რომ ეპისკოპოსის გადაწყვეტილების შეცვლა შეეძლო, რადგან მას „პეტრე მოციქულის მემკვიდრედ“ მიიჩნევდნენ.

რომის კათოლიკური ეკლესია ასწავლის, რომ „პეტრე ქრისტემ მოციქულების უფროსად დანიშნა“. გარდა ამისა, კათოლიკური ეკლესია ამტკიცებს, რომ „ქრისტეს დადგენილებით, პეტრეს მემკვიდრეებიც ანუ საქმის გამგრძელებლებიც ეყოლებოდა; ეს მემკვიდრეები რომის ეკლესიის ეპისკოპოსები იქნებოდნენ“ („ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“, 2003 წელი, ტომი 11, გვერდები 495, 496).

ეს სერიოზული განაცხადია. გამოკვლეული გაქვთ პირადად თქვენ, რამდენად უტყუარია ეს განაცხადი? განვიხილოთ სამი კითხვა: 1) არის ბიბლიაში იმაზე საუბარი, რომ პეტრე მოციქული პირველი პაპი იყო? 2) რას ვიგებთ ისტორიიდან პაპის მემკვიდრეების წარმოშობის შესახებ? 3) შეესაბამება პაპების ქმედება და სწავლებები მათივე განაცხადს, რომ ისინი პეტრეს მემკვიდრეები არიან?

იყო პეტრე მოციქული პირველი პაპი?

იმის დასამტკიცებლად, რომ ეკლესია პეტრეზეა დაფუძნებული, კათოლიკეები დიდი ხანია მათეს 16:18-ში ჩაწერილ სიტყვებს იშველიებენ, სადაც ვკითხულობთ: „შენა ხარ პეტრე, და მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას“. ლათინურ ენაზე ეს სიტყვები რომში, წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზეც არის ამოტვიფრული.

ეკლესიის მამად აღიარებულ ავგუსტინეს ერთ დროს სჯეროდა, რომ კრება პეტრეზე იყო აშენებული. თუმცა თავისი სიცოცხლის დასასრულს იესოს სიტყვების მნიშვნელობაზე თვალსაზრისი შეიცვალა. ერთ-ერთ ნაშრომში ავგუსტინე დარწმუნებით ამბობდა, რომ ეკლესია, იგივე ქრისტიანული კრება, პეტრეზე კი არა, იესოზე იყო აშენებული (Retractations). *

სახარებებიდან ჩანს, რომ პეტრე მოციქული გამოკვეთილი ფიგურა იყო. იესომ ამოარჩია სამი მოციქული — იოანე, იაკობი და პეტრე, რათა ისინი რამდენიმე განსაკუთრებული შემთხვევის მოწმენი გამხდარიყვნენ (მარკოზი 5:37, 38; 9:2; 14:33). იესომ პეტრეს მიანდო „ზეციერი სამეფოს გასაღებები“, რომლითაც მას ღვთის სამეფოში შესასვლელი კარი უნდა გაეხსნა თავდაპირველად იუდეველებისა და პროზელიტებისთვის, შემდეგ სამარიელებისთვის, ბოლოს კი უცხოტომელთათვის (მათე 16:19; საქმეები 2:5, 41; 8:14—17; 10:45). პეტრე ყოველთვის იჩენდა ინიციატივას და ზოგჯერ მოციქულების სახელითაც ლაპარაკობდა (საქმეები 1:15; 2:14). მაგრამ მეტყველებს ეს იმაზე, რომ პირველ საუკუნეში ის იყო ქრისტიანული კრების თავი?

პავლე მოციქულმა დაწერა, რომ პეტრეს ჰქონდა მიცემული „საჭირო ძალა წინადაცვეთილებთან მოციქულობისთვის“ (გალატელები 2:8). თუმცა, ამ მუხლის კონტექსტიდან ისიც ჩანს, რომ პეტრე არ ხელმძღვანელობდა კრებას. პავლე საუბრობდა იმაზე, თუ რა როლი უნდა შეესრულებინა პეტრეს იუდეველებთან ქადაგების დროს.

მართალია, პეტრეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა, მაგრამ ბიბლიაში არსად ჩანს, რომ ის საკუთარ თავს კრების თავს უწოდებდა ანუ მოციქულების სახელით იღებდა გადაწყვეტილებას. თავის წერილში ის საკუთარ თავს მხოლოდ „მოციქულსა“ და „უხუცესს“ უწოდებდა (1 პეტრე 1:1; 5:1).

საიდან მომდინარეობს რომის პაპის ტიტული?

მაშ, როდის და როგორ შემოიღეს პაპის ტიტული? ზოგს ჯერ კიდევ მოციქულების სიცოცხლეში გაუჩნდა იმის სურვილი, რომ თანამორწმუნეებზე აღმატებული ყოფილიყო. რას ფიქრობდნენ ამაზე მოციქულები?

პეტრემ თვითონ უთხრა ქრისტიანული კრების ზედამხედველებს: „ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა . . . ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისარტყლოს“ (1 პეტრე 5:1—5). პავლე მოციქული ქრისტიანებს აფრთხილებდა, რომ გამოჩნდებოდნენ „ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებდნენ“, რათა თან გაეყოლებინათ მოწაფეები (საქმეები 20:30). ახ. წ. I საუკუნის დასასრულს იოანე მოციქულმა დაწერა წერილი, რომელშიც ამხილა მოწაფე დიოტრეფე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ეს კაცი კრებაში „პირველობის მოყვარული“ იყო (3 იოანე 9). მოციქულების რჩევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაეხმარა მათ, ვისაც ჰქონდა იმის ამბიცია, რომ სხვებზე აღმატებული ყოფილიყო (2 თესალონიკელები 2:3—8).

იესოს უკანასკნელი მოციქულის სიკვდილის შემდეგ ცოტა ხანში ზოგიერთები სხვების თვალში მეტი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ერთ წიგნში ნათქვამია: „როგორც ჩანს, II საუკუნის შუა ხანებში რომის ეპისკოპოსმა მონარქიული ძალაუფლება მოიპოვა“ (The Cambridge History of Christianity). III საუკუნეში რომის ეპისკოპოსმა საკუთარი თავი უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვა. მისი ძალაუფლება, სულ მცირე, რამდენიმე ეკლესიაზე ვრცელდებოდა. * რომის ეპისკოპოსის სიტყვებს უფრო მეტი ძალა რომ ჰქონოდა, ზოგმა პეტრეს მემკვიდრეების სია შეადგინა.

მაგრამ ამ სიამ ვერანაირი ძალა ვერ შემატა ეპისკოპოსის განაცხადს. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ შედგენილ სიაში ზოგი სახელი ეჭვს ბადებდა. უფრო მეტიც, წყარო, რომლის საფუძველზეც ეს სია შეადგინეს, არ იყო სანდო. მართალია, პირველი და მეორე საუკუნის ზოგ წყაროში აღნიშნულია, რომ პეტრე რომში ქადაგებდა, მაგრამ არც ერთ მათგანში არ არის მოყვანილი იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ის ქრისტიანული კრების თავი იყო.

ის, რომ პეტრე რომის ქრისტიანული კრების თავი არ ყოფილა, იქიდანაც ჩანს, რომ პავლეს სხვა ქრისტიანებთან ერთად არ მოუხსენიებია პეტრე რომაელების მიმართ მიწერილ თავის წერილში (რომაელები 16:1—23). პეტრე კრების თავი რომ ყოფილიყო, განა არ მოიხსენიებდა მას პავლე თავის წერილში?

საყურადღებოა ისიც, რომ როცა პეტრემ ღვთის შთაგონებით პირველი წერილი დაწერა, პავლემ მეორე წერილი მისწერა ტიმოთეს. თავის წერილში ის რომს მოიხსენიებს. ფაქტობრივად, რომში ყოფნის დროს პავლემ ექვსი წერილი დაწერა, მაგრამ არც ერთ მათგანში არ ახსენებს პეტრეს.

30 წლის შემდეგ მოციქულმა იოანემ დაწერა სამი წერილი და წიგნი „გამოცხადება“. იოანე თავის წერილებში არც რომის კრებას გამოარჩევს და არც იმაზე საუბრობს, რომ ამ ეკლესიას ჰყავდა წინამძღოლი, რომელიც თითქოს პეტრეს მემკვიდრე იყო. არც ბიბლია და არც ისტორიული წყაროები არ ადასტურებს იმას, რომ პეტრემ საკუთარი თავი რომის კრების პირველ ეპისკოპოსად გამოაცხადა.

შეესაბამება რომის პაპების ქმედება და სწავლებები მათივე განაცხადს?

თუ ვინმე აცხადებს, რომ „პეტრე მოციქულის მემკვიდრე“ და „ქრისტეს წარმომადგენელია“, ფაქტია, ხალხს იმის მოლოდინი ექნება, რომ იგი თავისი სწავლებითა და ქმედებით პეტრესა და ქრისტეს მიჰბაძავს. მაგალითად, მოითხოვდა პეტრე განსაკუთრებულ მოპყრობას თანამორწმუნეებისგან? რასაკვირველია, არა. მან კორნელიუსს არ მისცა უფლება, მისთვის მდაბლად ეცა თაყვანი (საქმეები 10:25, 26). რაც შეეხება იესოს, მან თქვა, რომ ის დედამიწაზე იმიტომ მოვიდა, რომ სხვებს მომსახურებოდა და არა მას მომსახურებოდნენ (მათე 20:28). როგორ იქცევიან რომის პაპები მათგან განსხვავებით? უარს ამბობენ ისინი მაღალ მდგომარეობაზე, განსაკუთრებულ ტიტულებზე ან სიმდიდრისა და ძალაუფლების დემონსტრირებაზე?

პეტრეც და ქრისტეც ზნეობრივად სუფთები და მშვიდობისმყოფელნი იყვნენ. მოდი, შევადაროთ მათ შესახებ არსებული წყაროები იმას, რაც ერთ კათოლიკურ ენციკლოპედიაშია ნათქვამი პაპ ლეო X-ზე: „ის პოლიტიკაში ერეოდა, ნეპოტისტურ (შემოსავლიანი თანამდებობების დარიგება ახლობლებისთვის) გარიგებებში მონაწილეობდა, ქვეყნიურ განცხრომას ეძლეოდა და სრულიად უგულებელყოფდა თავის, როგორც სულიერი მოძღვრის, უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებას“ (Lexikon für Theologie und Kirche). კათოლიკე მღვდელი და რელიგიის ისტორიის პროფესორი ამბობს, რომ არსებობს ფაქტები, რომლებიც ამხელს პაპ ალექსანდრე VI-ის მანკიერ მხარეებს: „ეს ნამუსგარეცხილი პაპი არაფერზე იხევდა უკან, ბოროტად იყენებდა თავის ძალაუფლებას, უზნეო ცხოვრებას ეწეოდა და სიმონიას (საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა) მიმართავდა“.

რისი თქმა შეიძლება იმ მოძღვრებებზე, რასაც პაპები ასწავლიან? რამდენად ეთანხმება ეს სწავლებები პეტრესა და ქრისტეს სწავლებებს? პეტრეს არ სჯეროდა, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდიოდა. ერთხელ მან მეფე დავითზე, რომელიც კარგი ადამიანი იყო, თქვა: „დავითი არ ასულა ზეცაში“ (საქმეები 2:34). პეტრე არც იმას ასწავლიდა, რომ თოთო ბავშვები უნდა მოენათლათ. პირიქით, ის ამბობდა, რომ ნათლობა იყო ნაბიჯი, რომელიც მორწმუნეს გააზრებულად უნდა გადაედგა (1 პეტრე 3:21).

იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ არც ერთ მათგანს პირველობის სული არ ჰქონოდა: „ვისაც უნდა, რომ პირველი იყოს, ის ყველაზე ბოლო უნდა იყოს და ყველას ემსახუროს“ (მარკოზი 9:35). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მიმდევრებს ასეთი მითითება მისცა: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი; ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათე 23:1, 8—10). როგორ ფიქრობთ, მიჰყვებიან პაპები პეტრესა და ქრისტეს სწავლებებს?

ზოგი ამბობს, რომ პაპის მემკვიდრეთა ხაზი არ წყდება მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი ქრისტიანული ნორმების თანახმად არ ცხოვრობს. თქვენც ასეთივე აზრის ხართ? იესომ აღნიშნა: „კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს. კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს“. დღეს არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, პეტრე ან ქრისტე მოისურვებდნენ რაიმე კავშირი ჰქონოდათ იმ საქმეებთან, რასაც პაპები აკეთებენ? (მათე 7:17, 18, 21—23).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 იესოსა და პეტრეს საუბრის დროს გამოიკვეთა არა პეტრეს, არამედ ქრისტეს როლი (მათე 16:13—17). მოგვიანებით, თავად პეტრემ თქვა, რომ იესო იყო ქვაკუთხედი, რომელზეც კრება იყო აშენებული (1 პეტრე 2:4—8). პავლე მოციქულმაც დაადასტურა, რომ „საძირკვლის ქვაკუთხედი“ იესო იყო და არა პეტრე (ეფესოელები 2:20).

^ აბზ. 14 იესო და მოციქულები ქრისტიანებს აფრთხილებდნენ, რომ განდგომილება ფესვს გაიდგამდა კრებაში (მათე 13:24—30, 36—43; 2 ტიმოთე 4:3; 2 პეტრე 2:1; 1 იოანე 2:18). ეს გამართლდა, როცა II საუკუნეში ეკლესიაში ანუ კრებაში ფეხი მოიკიდა წარმართულმა წეს-ჩვეულებებმა და ქრისტიანული სწავლებები ბერძნულ ფილოსოფიაში აირია.

[სურათები 25 გვერდზე]

ჰბაძავენ პაპები პეტრეს?