მათეს სახარება 16:1—28
16 მივიდნენ იესოსთან ფარისევლები და სადუკეველები, რომ გამოეცადათ, და სთხოვეს, ციური ნიშანი გვიჩვენეო.+
2 მან მიუგო: „საღამოობით ამბობთ ხოლმე, ცა წითელია, ხვალ მზიანი ამინდი იქნებაო,
3 ხოლო დილით, დღეს გაავდრდება, რადგან ცა წითელია, მაგრამ მოქუფრულიაო. ამინდის გამოცნობა კი შეგიძლიათ ცაზე დაკვირვებით, მაგრამ დროის ნიშნებისა — არა.
4 ბოროტ და ორგულ* თაობას სურს ნიშნის ხილვა,+ მაგრამ იონას ნიშნის გარდა სხვა ნიშანს ვერ იხილავს“.+ ეს თქვა, დატოვა ისინი და წავიდა.
5 მოწაფეები გაღმა გავიდნენ, მაგრამ პურის წაღება დაავიწყდათ.+
6 იესომ უთხრა მათ: „იფხიზლეთ და ერიდეთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“.+
7 მაშინ მათ ერთმანეთში მსჯელობა დაიწყეს და ამბობდნენ, პური არ წამოგვიღიაო.
8 იესომ იცოდა ეს და უთხრა: „მცირე რწმენისანო, რატომ ეუბნებით ერთმანეთს, პური არა გვაქვსო?
9 ნუთუ აქამდე ვერ გაგიგიათ ან არ გახსოვთ, როგორ დაპურდა 5 000 კაცი ხუთი პურით და მერე რამდენი კალათი გაავსეთ მორჩენილი ნატეხებით?!+
10 ანდა, როგორ დაპურდა 4 000 კაცი შვიდი პურით და რამდენი გოდორი გაავსეთ მორჩენილი ნატეხებით?!+
11 როგორ ვერ ხვდებით, რომ პურს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ ერიდოთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს!“+
12 მაშინ მიხვდნენ იესოს ნათქვამს, რომ უნდა მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებებს.
13 ფილიპეს კესარეის მხარეში მისვლისას იესომ მოწაფეებს ჰკითხა: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“+
14 „ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო,+ ზოგიც — ელიააო,+ ზოგი კი — იერემია ან ერთ-ერთი წინასწარმეტყველიაო“, — უპასუხეს მათ.
15 „თქვენ რას ფიქრობთ, ვინა ვარ?“ — ჰკითხა მან.
16 სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე,+ ცოცხალი ღვთის ძე“.+
17 მაშინ იესომ უთხრა: „ბედნიერი ხარ, სიმონ იონას ძეო, რადგან ეს ადამიანმა კი არ გაგიმჟღავნა, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ.+
18 გეუბნები: შენა ხარ პეტრე,+ და მე ამ კლდეზე+ ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევენ სამარის* კარიბჭენი.
19 მოგცემ ზეციერი სამეფოს გასაღებებს და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავ, ზეცაში უკვე შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნი, ზეცაში უკვე გახსნილი იქნება“.
20 მაშინ მკაცრად გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის ეთქვათ, რომ ის ქრისტე იყო.+
21 იმ დროიდან იესო მოწაფეებს უხსნიდა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში, სადაც დიდ ტანჯვას მიაყენებდნენ უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები, იქ მას მოკლავდნენ და მესამე დღეს აღდგებოდა.+
22 მაშინ პეტრემ განზე გაიხმო ის და მის გადარწმუნებას შეეცადა: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას!“+
23 მან ზურგი აქცია პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ!“+
24 შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ძელი* და გამომყვეს,+
25 რადგან ვისაც სიცოცხლის* შენარჩუნება სურს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემ გამო კარგავს სიცოცხლეს, დაიბრუნებს მას.+
26 კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, თუ სიცოცხლეს დაკარგავს?!+ განა შეძლებს კაცი რაიმეს გაღებას სიცოცხლის სანაცვლოდ?!+
27 ვინაიდან კაცის ძე უნდა მოვიდეს მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ ყველას თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს.+
28 ჭეშმარიტებას გეუბნებით, რომ აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ მოკვდებიან, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „მრუშ“.
^ ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).