არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იხარეთ კრავის ქორწილით!

იხარეთ კრავის ქორწილით!

„ვიხაროთ და ვიმხიარულოთ . . . რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო“ (გამოცხ. 19:7).

1, 2. ა) ვისი ქორწილი გამოიწვევს ზეცაში განსაკუთრებულ სიხარულს? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

როგორც წესი, საქორწილო სამზადისი გარკვეულ დროს მოითხოვს. თუმცა ამ სტატიაში ჩვენ განსაკუთრებულ ქორწილზე, სამეფო ქორწილზე, ვისაუბრებთ. ამ ქორწილისთვის მზადება დაახლოებით უკვე 2 000 წელია მიმდინარეობს და დღითი დღე გვიახლოვდება ეს ღირსშესანიშნავი დღე. მალე მეფის სასახლე მხიარული ჰანგებით აივსება და ზეცაში უამრავი ხმა შესძახებს: „ადიდეთ იაჰი, რადგან გამეფდა ჩვენი ღმერთი იეჰოვა, ყოვლისშემძლე. ვიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ მას, რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო და მისი პატარძალი გაემზადა“ (გამოცხ. 19:6, 7).

2 „კრავი“, რომლის ქორწილიც ზეცაში დიდ სიხარულს გამოიწვევს, იესო ქრისტეა (იოან. 1:29). როგორ სამოსში იქნება გამოწყობილი ნეფე ქორწილის დღეს? ვინ იქნება პატარძალი? როგორ ემზადებოდა პატარძალი ამ დღისთვის? როდის გაიმართება ქორწილი? როგორც აღვნიშნეთ, ამ ქორწილს ზეცაში დიდი სიხარული მოჰყვება; მაგრამ საინტერესოა, გაიზიარებენ ამ სიხარულს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინენიც? ცხადია, ყველას გვაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხების მიღება. ამიტომ მოდი განვაგრძოთ 45-ე ფსალმუნის განხილვა.

 მისი ტანსაცმელი სასიამოვნო სურნელს აფრქვევს

3, 4. ა) როგორი სამოსით არის ნეფე შემოსილი და რა უორკეცებს მას სიხარულს? ბ) ვინ არიან „მეფეთა ასულები“ და „სამეფოს დედოფალი“, რომლებიც იზიარებენ ნეფის სიხარულს?

3 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:8, 9ნეფე დიდებული სამეფო საქორწილო სამოსით იმოსება. მისი ტანსაცმელი „საუკეთესო სურნელებას“ აფრქვევს. ეს სურნელება სმირნისა და კასიის სურნელების მსგავსია, რომელთაც ისრაელში წმინდა საცხები ზეთის დასამზადებლად იყენებდნენ (გამ. 30:23—25).

4 ნეფის სიხარულს, რომელსაც ქორწილის მოახლოება იწვევს, სასახლეში აჟღერებული ზეციური ჰანგებიც აორკეცებს. მის სიხარულს იზიარებს „სამეფოს დედოფალიც“ ანუ ღვთის ორგანიზაციის ზეციერი ნაწილიც, რომელშიც შედიან „მეფეთა ასულები“, იგივე ანგელოზები. მართლაც, რა ამაღელვებელია ზეციურ ხმათა მოსმენა, რომლებიც აცხადებენ: „ვიხაროთ და ვიმხიარულოთ . . . რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო“.

პატარძალი ემზადება ქორწილისთვის

5. ვინ არის „კრავის ცოლი“?

5 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:10, 11. ჩვენთვის ცნობილია ნეფის ვინაობა, მაგრამ საინტერესოა, ვინ იქნება მისი პატარძალი. პატარძალში ერთი პიროვნება არ იგულისხმება. მასში შედიან ცხებული ქრისტიანები ანუ ქრისტიანული კრების წევრები — კრებისა, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს (წაიკითხეთ ეფესოელების 5:23, 24). ისინი იესოს სამეფოს ნაწილი გახდებიან (ლუკ. 12:32). ეს 144 000 სულითცხებული ქრისტიანი მიჰყვება „კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხ. 14:1—4). ისინი „კრავზე“ ქორწინდებიან და მასთან ერთად იცხოვრებენ ზეციურ სამყოფელში (გამოცხ. 21:9; იოან. 14:2, 3).

6. რატომ ეწოდებათ ცხებულ ქრისტიანებს „მეფის ასული“ და რატომ უნდა დაივიწყონ მათ თავიანთი ხალხი?

6 მომავალ პატარძალს ბიბლიაში არა მარტო „ასული“, არამედ „მეფის ასულიც“ ეწოდება (ფსალმ. 45:13). ვინ არის ამ ბიბლიურ მუხლში მოხსენიებული „მეფე“? ამ კითხვაზე პასუხი ცხადი გახდება, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ცხებული ქრისტიანები იშვილა იეჰოვამ (რომ. 8:15—17). რაკიღა ცხებულები მომავალ ზეციერ პატარძალს წარმოადგენენ, მათ შემდეგი მითითება ეძლევათ: „დაივიწყე შენი ხალხი და მამაშენის [ხორციელი მამის] სახლი“. მათ უნდა იფიქრონ „ზეციერზე და არა მიწიერზე“ (კოლ. 3:1—4).

7. ა) როგორ ამზადებს ქრისტე თავის პატარძალს? ბ) როგორი დამოკიდებულება აქვს პატარძალს თავისი საქმროს მიმართ?

7 ქრისტე საუკუნეების განმავლობაში ამზადებს თავის პატარძალს ზეციური ქორწილისთვის. პავლე მოციქული წერდა: „ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის, რათა განეწმინდა იგი და გაესუფთავებინა სიტყვის საშუალებით წყალში განბანით, რომ საკუთარი თავისთვის წარედგინა კრება მთელი სიდიადით, რომელსაც არ ექნება ლაქა, ნაოჭი ან რაიმე მსგავსი, არამედ წმინდა და უმანკო იქნება“ (ეფეს. 5:25—27). მოციქულმა კორინთში მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს შემდეგი რამ მისწერა: „მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან მე თვითონ დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა თქვენი თავი წმინდა ქალწულად წარვუდგინო ქრისტეს“ (2 კორ. 11:2). ნეფისთვის, იესო ქრისტესთვის ძალიან ძვირფასია მომავალი პატარძლის სულიერი „სილამაზე“. პატარძალი კი მას „ბატონს“ უწოდებს და „მდაბლად თაყვანს სცემს“ როგორც მომავალ მეუღლეს.

პატარძალი მეფესთან მიჰყავთ

8. რატომ შეეფერება პატარძალს სიტყვები „დიდებით არის მოსილი“?

8 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:13, 14ა. პატარძალი სამეფო ქორწილისთვის „დიდებით არის მოსილი“. გამოცხადების 21:2-ში მოხსენიებული პატარძალი ქმრისთვის არის მორთული და ქალაქთან, ახალ  იერუსალიმთანაა შედარებული. ამ ზეციურ ქალაქს „ღვთის დიდება“ აქვს და ბზინავს „უძვირფასესი ქვასავით . . . როგორც გამჭვირვალე ბროლივით მბზინავი იასპი“ (გამოცხ. 21:10, 11). წიგნი „გამოცხადება“ ლამაზად აღგვიწერს ახალი იერუსალიმის დიდმშვენიერებას (გამოცხ. 21:18—21). მართლაც, რა კარგად გვიხატავს ფსალმუნების დამწერი პატარძალს, როცა ამბობს, რომ ის „დიდებით არის მოსილი“. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამეფო ქორწილი ხომ ზეცაში იმართება?!

9. ვინ არის „მეფე“, ვისაც პატარძალი მიუყვანეს და როგორ გამოიყურება პატარძალი?

9 ის, ვისთანაც პატარძალი მიჰყავთ, მესიის სამეფოს მეფეა. ის პატარძალს ამზადებს „სიტყვის საშუალებით წყალში განბანით“ ასუფთავებს და შედეგად პატარძალი „წმინდა და უმანკო“ ხდება (ეფეს. 5:26, 27). ამ მოვლენისთვის პატარძალი ღირსეულადაც უნდა გამოიყურებოდეს; და ის გამოიყურება კიდეც, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „მისი ტანსაცმელი ოქროთია გაწყობილი“ და რომ მას „ნაქსოვ სამოსელში გამოწყობილს მიიყვანენ მეფესთან“. კრავის ქორწილისთვის „მას ნება მიეცა, ჩაეცვა მბრწყინავი და სუფთა, ძვირფასი სელის სამოსელი, რადგან ძვირფასი სელის სამოსელი წმინდების სიმართლის საქმეებს ნიშნავს“ (გამოცხ. 19:8).

დადგა ქორწილის დრო

10. როდის გაიმართება კრავის ქორწილი?

10 წაიკითხეთ გამოცხადების 19:7. საინტერესოა, როდის გაიმართება კრავის ქორწილი? როგორც ბიბლიიდან დავინახეთ, „მისი პატარძალი გაემზადა“ ქორწილისთვის, მაგრამ შემდეგი ბიბლიური მუხლები უშუალოდ ქორწილზე არ საუბრობს. ამ მუხლებში ნათლად და ცხადად არის აღწერილი დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპი (გამოცხ. 19:11—21). ნიშნავს ეს იმას, რომ ქორწილი მანამდე უნდა გაიმართოს, ვიდრე მეფე სრულად დაიპყრობს? არა, რადგან წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მოვლენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის წარმოდგენილი. 45-ე ფსალმუნი გვატყობინებს, რომ სამეფო ქორწილი მას შემდეგ გაიმართება, რაც მეფე, იესო ქრისტე, მახვილს შეიბამს და წარმატებას მოიპოვებს თავის მტრებზე (ფსალმ. 45:3, 4).

11. როგორი თანმიმდევრობით დაიპყრობს ქრისტე სრულად?

11 მაშასადამე, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ მოვლენები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდება: უპირველესად, აღსრულდება განაჩენი „დიდ მეძავზე“, დიდ ბაბილონზე ანუ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელზე (გამოცხ. 17:1, 5, 16, 17; 19:1, 2). შემდეგ ქრისტე ღვთის განაჩენს გამოუტანს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას და გაანადგურებს მას არმაგედონში, „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხ. 16:14—16; 19:19—21). ბოლოს მებრძოლი მეფე სრულად დაიპყრობს — სატანასა და მის დემონებს უფსკრულში ჩაყრის, სადაც ისინი სიკვდილის მსგავს უმოქმედო მდგომარეობაში იქნებიან (გამოცხ. 20:1—3).

12, 13. ა) როდის იქნება კრავის ქორწილი? ბ) ვინ გაიხარებს ზეცაში კრავის ქორწილით?

12 როდესაც ქრისტეს მოსვლის პერიოდში ცხებული ქრისტიანები მიწიერ ცხოვრებას ასრულებენ, ზეციური ცხოვრებით ჯილდოვდებიან. მაგრამ დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ ქრისტე თავად შეაგროვებს პატარძლის კლასის დარჩენილ წევრებს (1 თეს. 4:16, 17). აქედან გამომდინარე, არმაგედონის დაწყებამდე პატარძლის კლასის ყველა წევრი ზეცაში შეიკრიბება. კრავის ქორწილი ამ ომის შემდეგ გაიმართება. ის ერთობ სასიხარულო მოვლენა იქნება. გამოცხადების 19:9-ში ვკითხულობთ: „ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო ვახშამზე მიწვეულნი“. ცხებული ქრისტიანები, პატარძლის კლასის წარმომადგენლები, ნამდვილად რომ ბედნიერები იქნებიან! მეფე ძალიან გაიხარებს, როდესაც ყველა ცხებული ქრისტიანი მის გვერდით იქნება და როცა ისინი სიმბოლური გაგებით შეჭამენ და დალევენ მის სუფრაზე, მის სამეფოში  (ლუკ. 22:18, 28—30). თუმცა კრავის ქორწილით მხოლოდ ნეფე-პატარძალი როდი გაიხარებს.

13 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზეცაში უამრავი ხმა გაისმება და ისინი ერთხმად იმღერებენ: „ვიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ . . . [იეჰოვას], რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო და მისი პატარძალი გაემზადა“ (გამოცხ. 19:6, 7). მაგრამ საინტერესოა, შეუერთდებიან იეჰოვას მიწიერი მსახურები მათ ამ სიხარულში?

„სიხარულითა და მხიარულებით მოიყვანენ მათ“

14. ვინ არიან 45-ე ფსალმუნში მოხსენიებული პატარძლის „ქალწულები“?

14 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:12, 14ბ, 15. ზაქარიას წინასწარმეტყველების თანახმად, უკანასკნელ დროს ხალხს ყველა ერიდან სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილთან ერთად უნდა ეცა თაყვანი ღვთისთვის. ზაქარიამ დაწერა: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23). ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულ „ათ კაცს“ ფსალმუნის 45:12-ში „ტვიროსის ასული“ და „მდიდარი ხალხი“ ეწოდება. მათ „ძღვენი“ მიაქვთ ცხებული ქრისტიანების დარჩენილ ნაწილთან ანუ მხარს უჭერენ მათ და იმის იმედი აქვთ, რომ ცხებული ქრისტიანები იეჰოვას მსახურებაში სულიერ დახმარებას გაუწევენ. 1935 წლიდან მოყოლებული ცხებულებმა მილიონობით ადამიანს გააგებინეს სიმართლე (დან. 12:3). ამ ხალხმა ანუ ცხებულთა ერთგულმა თანამსახურებმა „განწმინდეს“ თავიანთი ცხოვრება და სულიერი გაგებით ქალწულები გახდნენ. პატარძლის ამ „ქალწულებმა“ იეჰოვას მიუძღვნეს თავი და ერთგულება დაუმტკიცეს ნეფეს.

15. როგორ თანამშრომლობენ „ქალწულები“ პატარძლის კლასის დარჩენილ ნაწილთან?

 15 პატარძლის კლასის დარჩენილი ნაწილი დიდად მადლიერია „ქალწულებისა“, რომლებიც შეუპოვრად ქადაგებენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ . . . მთელ მსოფლიოში“ (მათ. 24:14). მხოლოდ „სული და პატარძალი“ როდი ამბობენ სიტყვას „მოდი!“, მომსმენიც ამბობს „მოდი!“ (გამოცხ. 22:17). დიახ ასეა, „სხვა ცხვარი“ ისმენს პატარძლის კლასის ნათქვამს „მოდი!“, სიხარულით უერთდება მას და მთელ მსოფლიოში გაისმის მათი ხმა „მოდი!“ (იოან. 10:16).

16. რა პატივი უბოძა იეჰოვამ „სხვა ცხვარს“?

16 დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს ძალიან უყვართ თავიანთი თანამსახურები და ბედნიერნი არიან, რომ ნეფის მამა, იეჰოვა, მათაც უბოძებს იმის პატივს, რომ ზეცაში გამართული კრავის ქორწილის სიხარული გაიზიარონ. წინასწარმეტყველების თანახმად, „ქალწულებს“ „სიხარულითა და მხიარულებით მიიყვანენ“. ნამდვილად, „სხვა ცხვარი“, რომელსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს, გაიზიარებს იმ დიდ სიხარულს, რომელიც ზეცაში გამართულ კრავის ქორწილს მოჰყვება. მართლაც რომ შესაფერისად წარმოგვიდგენს „უამრავ ხალხს“ წიგნი „გამოცხადება“, სადაც ნათქვამია, რომ ისინი „იდგნენ ტახტისა და კრავის წინ“. „სხვა ცხვარი“ დედამიწაზე წმინდა მსახურებას უსრულებს იეჰოვას სულიერი ტაძრის ეზოში (გამოცხ. 7:9, 15).

კრავის ქორწილი პატარძლის „ქალწულებს“ სიხარულს ჰგვრის (იხილეთ მე-16 აბზაცი)

„შენი წინაპრების ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ“

17, 18. როგორ მოემსახურება კრავის ქორწილი ადამიანთა კეთილდღეობას და ვისი მამა გახდება ქრისტე ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში?

17 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:16. ქრისტეს პატარძლის „ქალწულებს“ ახალ ქვეყნიერებაში სიხარულის კიდევ უფრო მეტი მიზეზი ექნებათ, რადგან ნეფე-პატარძლის ქორწინება მრავალი ადამიანის კეთილდღეობას მოემსახურება. ნეფე თავის ყურადღებას დედამიწაზე გადმოიტანს და მკვდრეთით აღადგენს თავის მიწიერ „წინაპრებს“, რომლებიც მისი მიწიერი „ძეები“ გახდებიან (იოან. 5:25—29; ებრ. 11:35). ზოგ მათგანს ქრისტე „მთავრებად დანიშნავს მთელ დედამიწაზე“. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქრისტე იმ ერთგულ უხუცესებსაც, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით მსახურობენ, ახალ ქვეყნიერებაში ხელმძღვანელებად დანიშნავს (ეს. 32:1).

18 იესო ქრისტე ათასწლიანი მეფობის დროს სხვების მამაც გახდება. რეალურად, ყველა, ვინც მიიღებს იმ უძვირფასეს ძღვენს, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია, მიიღებს ამას მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენის საფუძველზე (იოან. 3:16). ამგვარად იესო მათი „მარადიული მამა“ გახდება (ეს. 9:6, 7).

გვსურს, თაობიდან თაობას ვამცნოთ მისი სახელი

19, 20. როგორ ეხება ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს 45-ე ფსალმუნში ჩაწერილი მოვლენები?

19 წაიკითხეთ ფსალმუნის 45:1, 17. 45-ე ფსალმუნში აღწერილი მოვლენები ყველა ქრისტიანს ეხება. დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულთა დარჩენილ ნაწილს ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ მალე ზეცაში თავიანთი ძმებისა და ნეფის გვერდით იქნებიან. „სხვა ცხვარს“ დღეს ისე, როგორც არასდროს, სურს, დაემორჩილოს დიდებულ მეფეს, იესოს; ისინი აგრეთვე მადლიერნი არიან, რომ დედამიწაზე მყოფ პატარძლის კლასის დარჩენილ წევრებთან არიან და მათთან ერთად ემსახურებიან ღმერთს. ქორწილის შემდეგ ქრისტე და მისი თანამმართველები ენით აუწერელი კურთხევებით აავსებენ მთელ დედამიწას (გამოცხ. 7:17; 21:1—4).

20 რაკიღა ველით „კარგი საქმის“ შესრულებას, რომელიც მესიის სამეფოს მეფეს ეძღვნება, ნუთუ აღძრულნი არა ვართ, ყველას ვამცნოთ მისი სახელი?! დაე, თითოეული ჩვენგანი ვიყოთ მათ შორის, ვინც განადიდებს ამ დიდებულ მეფეს „სამარადისოდ, სამუდამოდ“!