არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘დამოწმება ყველა ხალხისთვის’

‘დამოწმება ყველა ხალხისთვის’

‘დამოწმება ყველა ხალხისთვის’

„იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8).

1. როდის და სად მოისმინეს მოწაფეებმა პირველად მათეს 24:14-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

იესო ქრისტეს სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია მათეს 24:14-ში, იმდენად ცნობილია, რომ ბევრმა ჩვენგანმა ზეპირადაც კი იცის. მართლაც რა გასაოცარი წინასწარმეტყველებაა! წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდათ იესოს მოწაფეებს, როცა ეს სიტყვები პირველად მოისმინეს. იდგა ახ. წ. 33 წელი. დაახლოებით სამი წელი იყო გასული, რაც მოწაფეები იესოსთან იყვნენ. ისინი იერუსალიმში ერთად მივიდნენ. მოწაფეები ხედავდნენ, როგორ ახდენდა იესო სასწაულებს და ისმენდნენ, როგორ ასწავლიდა ის ხალხს. მოწაფეები აღფრთოვანებულები იყვნენ იმ ჭეშმარიტებით, რომელიც იესოსგან გაიგეს, თუმცა იცოდნენ, რომ მათ სიხარულს ყველა არ გაიზიარებდა. იესოს ძლიერი და გავლენიანი მტრები ჰყავდა.

2. რა განსაცდელებთან და სირთულეებთან მოუწევდათ გამკლავება მოწაფეებს?

2 ზეთისხილის მთაზე იესოსთან ერთად მისი ოთხი მოწაფეც იმყოფებოდა. ისინი ყურადღებით უსმენდნენ იესოს, რომელიც იმ განსაცდელებისა და სირთულეების შესახებ ლაპარაკობდა, რომელთა გადატანაც მათ მოუწევდათ. უფრო ადრე იესომ მოწაფეებს გაუმხილა, რომ მას მოკლავდნენ (მათე 16:21). ახლა კი იესომ უთხრა მათ, რომ თვითონაც შეხვდებოდნენ სასტიკ წინააღმდეგობებს. მან თქვა: „გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“. იესოს ამით ყველაფერი არ უთქვამს. ცრუწინასწარმეტყველნი მრავალს შეცდომაში შეიყვანდნენ. სხვები დაბრკოლდებოდნენ, გასცემდნენ და შეიძულებდნენ ერთმანეთს. „მრავალს“ კი ღვთისა და მისი სიტყვისადმი სიყვარული გაუნელდებოდა (მათე 24:9—12).

3. რატომ არის გასაოცარი მათეს 24:14-ში ჩაწერილი სიტყვები?

3 განსაცდელებსა და სირთულეებზე საუბრის შემდეგ იესომ წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც მოწაფეები ალბათ ძალიან გააოცა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ‘ჭეშმარიტების შესახებ დამოწმება’, რაც იესომ ისრაელში დაიწყო, უნდა გაგრძელებულიყო და მსოფლიო მასშტაბებისთვის მიეღწია (იოანე 18:37). მართლაც რომ გასაოცარი წინასწარმეტყველებაა! მოწაფეების მიერ „ყველა ხალხისთვის“ ჭეშმარიტების ქადაგება რთული საქმე იყო. ამ დავალების შესრულება — თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ ‘ყველა ხალხი შეიძულებდა’ — სასწაული იქნებოდა. ამ გრანდიოზული დავალების შესრულებით არა მხოლოდ იეჰოვას უზენაესობა და ძალა გამოვლინდებოდა, არამედ მისი სიყვარული, გულმოწყალება და მოთმინება. გარდა ამისა, ამ საქმიანობაში მონაწილეობით მის მსახურებს რწმენის გამოვლენისა და ერთგულების დამტკიცების შესაძლებლობა მიეცემოდათ.

4. ვის დაევალა დამოწმების საქმიანობა და რა მანუგეშებელი სიტყვები წარმოთქვა იესომ?

4 უდავოა, იესოს მოწაფეებისთვის ნათელი იყო, რომ წინ გრანდიოზული დავალება ელოდათ. ზეცაში ამაღლებამდე იესო მოწაფეებს გამოეცხადა და უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). რა თქმა უნდა, მათ მალე სხვებიც შეუერთდებოდნენ ამ საქმიანობაში. მიუხედავად ამისა, ისინი ცოტანი იყვნენ. რა მანუგეშებელი უნდა ყოფილიყო იმის გაგება, რომ იეჰოვასგან მიცემული ამ მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაში მათ ღვთის ძლიერი წმინდა სული დაეხმარებოდათ!

5. რა არ იცოდნენ იესოს მოწაფეებმა დამოწმების საქმიანობასთან დაკავშირებით?

5 იესოს მოწაფეებმა იცოდნენ, რომ უნდა ექადაგათ სასიხარულო ცნობა და ‘მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან’ (მათე 28:19, 20). მაგრამ მათ არ იცოდნენ, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა დამოწმების საქმიანობა და როდის დადგებოდა აღსასრული. ეს არც ჩვენ ვიცით. ეს მხოლოდ იეჰოვამ იცის (მათე 24:36). როცა სასიხარულო ცნობა იმ ზომით იქნება ნაქადაგები, როგორც იეჰოვა ჩათვლის საჭიროდ, ის გაანადგურებს ამ ბოროტ ქვეყნიერებას. ქრისტიანები მხოლოდ მაშინ დაინახავენ, თუ რა მასშტაბებისთვის უნდა მიეღწია სამქადაგებლო საქმიანობას იეჰოვას განზრახვით. იესოს ადრინდელი მოწაფეები ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა დამოწმების საქმიანობა უკანასკნელ დღეებში.

დამოწმება პირველ საუკუნეში

6. რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და ცოტა ხნის შემდეგ?

6 პირველ საუკუნეში სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება წარმატებით მიმდინარეობდა. ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, იერუსალიმის ზედა ოთახში დაახლოებით 120 მოწაფე იყო შეკრებილი. მოწაფეებზე გადმოვიდა წმინდა სული, რის შემდეგაც პეტრე მოციქულმა წარმოთქვა შთამბეჭდავი მოხსენება და ახსნა ამ სასწაულებრივი მოვლენის მნიშვნელობა. იმ დღეს დაახლოებით 3 000-მა ადამიანმა ირწმუნა და მოინათლა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. რელიგიური წინამძღოლების მცდელობების მიუხედავად, შეეჩერებინათ სასიხარულო ცნობის ქადაგება, „იეჰოვა ყოველდღე მატებდა [მოწაფეებს] გადარჩენილებს“. მალე „მათი რიცხვი ხუთი ათასამდე გაიზარდა“. ამის შემდეგ, „უფლის მორწმუნეებს უამრავი კაცი და ქალი ემატებოდა“ (საქმეები 2:1—4, 8, 14, 41, 47; 4:4; 5:14).

7. რატომ იყო მნიშვნელოვანი მოვლენა კორნელიუსის ქრისტეს მოწაფედ გახდომა?

7 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ახ. წ. 36 წელს — არაებრაელმა კორნელიუსმა ირწმუნა იესო ქრისტე და მოინათლა. იეჰოვამ ამ ღვთისმოშიშ ადამიანთან გაგზავნა პეტრე და ამით აჩვენა, რომ იესოს დავალება, ‘მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან’, მხოლოდ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ იუდეველებს არ ეხებოდათ (საქმეები 10:44, 45). როგორ იმოქმედა ამან მათზე, რომლებიც სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდნენ? როდესაც იუდეაში მყოფმა მოციქულებმა და უხუცესებმა გაიგეს, რომ სასიხარულო ცნობა სხვა ეროვნების ადამიანებმაც — არაებრაელებმაც — მიიღეს, ღმერთი განადიდეს (საქმეები 11:1, 18). ამ პერიოდში სამქადაგებლო საქმიანობა იუდეველებს შორისაც წარმატებით მიმდინარეობდა. მოგვიანებით, დაახლოებით ახ. წ. 58 წელს, არაებრაელი მოწაფეების გარდა, ‘რამდენიმე ათასი მორწმუნე იყო იუდეველებს შორის’ (საქმეები 21:20).

8. როგორ მოქმედებს სასიხარულო ცნობა ადამიანებზე?

8 თუმცა პირველი საუკუნის ქრისტიანთა რიცხობრივი ზრდა შთამბეჭდავია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ციფრების უკან ადამიანები იდგნენ. ბიბლიური შემეცნება, რომელიც ამ ადამიანებმა მოისმინეს, მოქმედია (ებრაელები 4:12). ღვთის სიტყვამ სრულიად შეცვალა მათი ცხოვრება, ვინც ჭეშმარიტება მიიღო. მათ მიატოვეს წინანდელი ცხოვრება, მოიშორეს ძველი პიროვნება და შეურიგდნენ ღმერთს (ეფესოელები 4:22, 23). მსგავსი მდგომარეობაა დღესაც. მარადიული სიცოცხლის შესანიშნავი იმედი ეძლევა ყველას, ვინც სასიხარულო ცნობას ეხმაურება (იოანე 3:16).

ღვთის თანამშრომელნი

9. რა პატივი და პასუხისმგებლობა ჰქონდათ ადრეულ ქრისტიანებს?

9 ადრეული ქრისტიანები სამქადაგებლო საქმიანობაში მიღწეულ წარმატებებს საკუთარ თავს არ მიაწერდნენ. მათ იცოდნენ, რომ ეს საქმიანობა „წმინდა სულის ძალით“ სრულდებოდა (რომაელები 15:13, 19). მხოლოდ იეჰოვას წყალობა იყო, რომ მოწაფეები რიცხობრივად იზრდებოდნენ. ამავე დროს, პირველი საუკუნის ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო „ღვთის თანამშრომლად“ ყოფნა (1 კორინთელები 3:6—9). ამიტომ, იესოს მოწოდების თანახმად, ისინი ძალიან ცდილობდნენ თავიანთი დავალების შესრულებას (ლუკა 13:24).

10. რას აკეთებდნენ ადრეული ქრისტიანები ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად?

10 პავლე, როგორც „უცხოტომელთა მოციქული“, ზღვასა და ხმელეთზე ათასობით კილომეტრს გადიოდა და მცირე აზიასა და საბერძნეთში მრავალ კრებას აფუძნებდა (რომაელები 11:13). ის ასევე მოგზაურობდა რომში და შესაძლოა ესპანეთშიც. პეტრე მოციქული კი, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ‘სასიხარულო ცნობა წინადაცვეთილებისთვის’, ამ დროისთვის ბაბილონში ქადაგებდა; იქ ბევრი იუდეველი ცხოვრობდა (გალატელები 2:7—9; 1 პეტრე 5:13). იმ მრავალთა შორის, რომლებიც უფლის საქმეში მონაწილეობდნენ, იყვნენ ქრისტიანი ქალები ტრიფენა და ტრიფოსა. კიდევ ერთი ქრისტიანი ქალის, პერსისის შესახებ კი ნათქვამია, რომ „ბევრი რამ გააკეთა უფალში“ (რომაელები 16:12).

11. როგორ აკურთხა იეჰოვამ მოწაფეების საქმიანობა?

11 იეჰოვამ უხვად აკურთხა პირველი საუკუნის ქრისტიანების გულმოდგინე მსახურება. იესოს მიერ ქადაგებასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების წარმოთქმის შემდეგ 30 წელიც არ იყო გასული, როდესაც პავლე მოციქულმა დაწერა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცის ქვეშ“ (კოლოსელები 1:23). მოვიდა მაშინ აღსასრული? გარკვეულწილად, ეს მართლაც ასე იყო. ახ. წ. 70 წელს დადგა იუდეველთა სისტემის აღსასრული, როცა რომის ჯარმა იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურა. მაგრამ იეჰოვას განზრახვის თანახმად, სატანის ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე სამქადაგებლო საქმიანობას უფრო დიდი მასშტაბებისთვის უნდა მიეღწია.

დამოწმება დღეს

12. როგორ ესმოდათ ბიბლიის მკვლევარებს სამქადაგებლო საქმიანობის მნიშვნელობა?

12 მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, რელიგიური განდგომილების დადგომიდან დიდი ხნის შემდეგ, წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა. ბიბლიის მკვლევარებს (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) კარგად ესმოდათ იესოს მითითება, რომ მოწაფეებად უნდა მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან (მათე 28:19, 20). 1914 წელს სამქადაგებლო საქმიანობაში დაახლოებით 5 100 ადამიანი აქტიურად მონაწილეობდა და სასიხარულო ცნობამ 68 ქვეყანასა და ტერიტორიამდე მიაღწია. იმ დროისთვის ბიბლიის მკვლევარებს მათეს 24:14-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების მნიშვნელობა ბოლომდე არ ესმოდათ. მე-19 საუკუნის ბოლოს ბიბლია, რომელშიც მოცემულია სასიხარულო ცნობა, ბიბლიური საზოგადოებების ძალისხმევით ბევრ ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამიტომ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ბიბლიის მკვლევარები თვლიდნენ, რომ სასიხარულო ცნობა უკვე ექადაგა ხალხებს ყველა ერიდან.

13, 14. რა იყო ნათქვამი ღვთის განზრახვასთან დაკავშირებით 1928 წლის „საგუშაგო კოშკში“?

13 თანდათანობით იეჰოვას წყალობით ბიბლიის მკვლევარები უფრო მეტად ჩასწვდნენ ღვთის განზრახვას (იგავები 4:18). 1928 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ასეთი სიტყვები იყო ნათქვამი: „განა შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიების გავრცელებით უკვე შესრულდა სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება? რა თქმა უნდა, არა. თუმცა ბიბლიის მრავალი ეგზემპლარი უკვე გავრცელდა, ღვთის მოწმეთა პატარა ჯგუფმა კვლავ უნდა განაგრძოს ლიტერატურის ბეჭდვა, რომელშიც ახსნილი იქნება ღვთის განზრახვა. ამასთანავე მათ უნდა მიაკითხონ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ ეს ბიბლიები. სხვაგვარად ადამიანები ვერ გაიგებენ, რომ მესიანურმა სამეფომ უკვე დაიწყო მმართველობა“.

14 „საგუშაგო კოშკის“ იმავე გამოცემაში ნათქვამი იყო: «1920 წელს . . . ბიბლიის მკვლევარები უკეთესად ჩასწვდნენ მათეს 24:14-ში მოცემული უფლის წინასწარმეტყველების მნიშვნელობას. მათ გაიგეს, რომ „სასიხარულო ცნობა“, რომელიც ნაქადაგები უნდა ყოფილიყო მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად, მოიცავდა არა სამეფოს დამყარების შესახებ ცნობას, არამედ იმას, რომ მესიანურმა მეფემ უკვე დაიწყო მეფობა».

15. რა მასშტაბებს მიაღწია სამქადაგებლო საქმიანობამ 1920-იანი წლებიდან?

15 „მოწმეთა პატარა ჯგუფი“ 1920-იანი წლებიდან გაიზარდა. შემდგომ ათწლეულებში მათ შეუერთდა „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხი“ (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). დღეს 235 ქვეყანასა და ტერიტორიაზე 6 613 829 მაუწყებელი ქადაგებს. მართლაც რა სასწაულებრივად სრულდება წინასწარმეტყველება! ასეთი მასშტაბებით ჯერ არასდროს ყოფილა ნაქადაგები „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. იეჰოვას ამდენ ერთგულ მსახურს არასოდეს უცხოვრია დედამიწაზე.

16. რა გაკეთდა გასულ სამსახურებრივ წელს? (იხილეთ 27—30 გვერდებზე მოცემული ცხრილი).

16 მოწმეთა ეს დიდი ჯგუფი გულმოდგინედ მსახურობდა 2005 სამსახურებრივი წლის განმავლობაში. 235 ქვეყანასა და ტერიტორიაზე სამქადაგებლო საქმიანობას მათ მილიარდ საათზე მეტი დაუთმეს. მილიონობით განმეორებითი მონახულება გაკეთდა და მილიონობით ბიბლიის შესწავლა ჩატარდა. ეს ყოველივე შესრულდა იეჰოვას მოწმეთა მიერ, რომლებიც დიდ დროსა და ძალებს ახმარენ ღვთის სიტყვის ქადაგებას (მათე 10:8). იეჰოვა წმინდა სულით კვლავაც აძლიერებს თავის მსახურებს, რათა შესრულდეს მისი ნება (ზაქარია 4:6).

გულმოდგინედ დამოწმება

17. როგორ ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეები იესოს სიტყვებს სასიხარულო ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით?

17 დაახლოებით 2 000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იესომ სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველება წარმოთქვა. მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხი კვლავ ენთუზიაზმით ქადაგებს. ჩვენ ვიცით, რომ კეთილი საქმეების კეთების დროს მოთმინების გამოვლენით იეჰოვას ისეთ თვისებებს ვირეკლავთ, როგორიცაა სიყვარული, გულმოწყალება და მოთმინება. იეჰოვას მსგავსად, არც ჩვენ გვინდა, ვინმე დაიღუპოს, არამედ, გვსურს, რომ ადამიანებმა მოინანიონ და ღმერთს შეურიგდნენ (2 კორინთელები 5:18—20; 2 პეტრე 3:9). ღვთის წმინდა ‘სულით ანთებული’ მოწმეები გულმოდგინედ განაგრძობენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას დედამიწის კიდეებამდე (რომაელები 12:11). ამის შედეგად მთელ მსოფლიოში ადამიანები იღებენ ჭეშმარიტებას და იეჰოვას სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობას მიჰყვებიან. განვიხილოთ ზოგიერთი შემთხვევა.

18, 19. რომელი შემთხვევები შეგიძლიათ მოიყვანოთ იმასთან დაკავშირებით, რომ სასიხარულო ცნობას დადებითად ეხმაურებიან?

18 ჩარლზს დასავლეთ კენიაში თამბაქოს პლანტაცია ჰქონდა. მან 1998 წელს 8 ტონაზე მეტი თამბაქო გაყიდა და ის თამბაქოს საუკეთესო მომყვანად აღიარეს. ამ პერიოდში ჩარლზმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მალე მან გაიგო, რომ თამბაქოს მოყვანით დაარღვევდა იესოს კანონს მოძმის სიყვარულთან დაკავშირებით (მათე 22:39). როცა ჩარლზი მიხვდა, რომ „საუკეთესო თამბაქოს მომყვანი“ „საუკეთესო მკვლელის“ ტოლფასი იყო, მან თამბაქოს ნარგავები გაანადგურა. ჩარლზმა სულიერად წინ წაიწია, მოინათლა და ახლა კრებაში პიონერად და მომსახურედ მსახურობს.

19 უდავოა, რომ გლობალური სამქადაგებლო საქმიანობით იეჰოვა ‘არყევს’ ხალხებს და მისთვის ‘საწადელნი’ მის ორგანიზაციაში მოდიან (ანგია 2:7). პედრო, რომელიც პორტუგალიაში ცხოვრობს, 13 წლის ასაკში შევიდა სასულიერო სემინარიაში. მას სურდა გამხდარიყო მისიონერი და სხვებისთვის ბიბლია ესწავლებინა. მალე მან დატოვა სემინარია იმიტომ, რომ იქ ბიბლიას თითქმის არ ასწავლიდნენ. ექვსი წლის შემდეგ, მან ლისაბონის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. პედრო ცხოვრობდა დეიდასთან, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. დეიდა ეუბნებოდა მას, რომ ბიბლიის შესწავლა დაეწყო. ამ დროისთვის პედროს უკვე ეჭვი ეპარებოდა ღვთის არსებობაში და ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა ბიბლიის შესწავლა. მან რჩევისთვის თავის პროფესორს მიმართა, რომელიც ფსიქოლოგიას ასწავლიდა. პროფესორმა უთხრა, რომ ფსიქოლოგიის მიხედვით, ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს, საკუთარ თავს ვნებს. ამის შემდეგ პედრომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის ახლახან მოინათლა და თავად ეხმარება სხვებს ბიბლიის შესწავლაში.

20. რატომ გვიხარია, რომ დამოწმების საქმიანობა ასეთ მასშტაბებს აღწევს?

20 ჩვენთვის ცნობილი არაა, თუ რა მასშტაბებს მიაღწევს დამოწმების საქმიანობა. არც დღე და საათი ვიცით, თუ როდის მოვა აღსასრული. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს დღე მალე დადგება. გვიხარია, რომ დღეს სასიხარულო ცნობის ქადაგება ასეთ მასშტაბებს აღწევს. ეს კი იმის ერთ-ერთი მტკიცებაა, რომ მალე ადამიანურ მმართველობებს ღვთის სამეფო შეცვლის (დანიელი 2:44). ყოველ წელს მილიონობით ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, გამოეხმაუროს სასიხარულო ცნობას, რაც იეჰოვა ღმერთს განადიდებს. დაე ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსენი, შევინარჩუნოთ ერთგულება და მსოფლიო საძმოსთან ერთად განვაგრძოთ ყველა ხალხისთვის დამოწმება! ასე მოქმედებით ჩვენს თავსაც ვიხსნით და ჩვენს მსმენელებსაც (1 ტიმოთე 4:16).

გახსოვთ თუ არა?

• რატომ არის მათეს 24:14-ში მოცემული წინასწარმეტყველება გასაოცარი?

• რას აკეთებდნენ ადრეული ქრისტიანები, რომ ექადაგათ სასიხარულო ცნობა და რა შედეგები მოჰყვა მათ ძალისხმევას?

• როგორ გაიგეს ბიბლიის მკვლევარებმა, რომ აუცილებელი იყო ყველა ხალხისთვის დამოწმება?

• გასულ სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობიდან განსაკუთრებით რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება?

[სასწავლო კითხვები]

[ცხრილი 27-30 გვერდებზე]

იეჰოვას მოწმეების 2005 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში

(იხილეთ პუბლიკაცია)

[რუკა/სურათები 25 გვერდზე]

სასიხარულო ცნობის საქადაგებლად პავლე ზღვასა თუ ხმელეთზე ათასობით კილომეტრს გადიოდა.

[სურათი 24 გვერდზე]

იეჰოვამ პეტრეს დაავალა, რომ კორნელიუსისა და მისი ოჯახისთვის დაემოწმებინა.