არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘იყავით თავშეკავებულნი, როცა ბოროტებას ხვდებით’

‘იყავით თავშეკავებულნი, როცა ბოროტებას ხვდებით’

‘იყავით თავშეკავებულნი, როცა ბოროტებას ხვდებით’

„უფლის მონა კი არ უნდა დაობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი . . . და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება“ (2 ტიმოთე 2:24).

1. ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობისას ზოგჯერ რატომ ვაწყდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც უხეშად გველაპარაკებიან?

როგორ რეაგირებთ, როდესაც ისეთ ვინმეს ხვდებით, ვინც თქვენ მიმართ ან იმის მიმართ, რასაც თქვენ წარადგენთ, კეთილგანწყობილი არ არის? ბოლო დღეების აღწერისას მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები იქნებოდნენ „ღვთისმგმობელები . . . ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები“ (2 ტიმოთე 3:1—5, 12). შეიძლება თქვენც შეხვედრიხართ ასეთ ადამიანებს მსახურებისას ან სხვა შემთხვევებში.

2. რომელი მუხლები გვეხმარება, გონივრულად მოვიქცეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც უხეშად გველაპარაკებიან?

2 თუ ადამიანი უხეშად ლაპარაკობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რა არის სწორი. შეიძლება უკიდურესად რთული მდგომარეობა ან იმედგაცრუებულობა იყოს იმის მიზეზი, რომ ადამიანი უხეშად ელაპარაკება ყველას, ვისაც კი ხვდება (ეკლესიასტე 7:7). მრავალი ამგვარად იმიტომ იქცევა, რომ ისეთ გარემოში ცხოვრობენ და მუშაობენ, სადაც ასე ლაპარაკი ჩვეულებრივია. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ამ მიზეზების გამო უხეშად ლაპარაკი მისაღები არ არის, მაგრამ მათი ცოდნა გვეხმარება, გავიგოთ, თუ რატომ ლაპარაკობენ სხვები ასე. როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, როდესაც ვინმე უხეშად გველაპარაკება? იგავების 19:11-ში ნათქვამია: „ადამიანის ჭკუა სულგრძელს ხდის მას“. აგრეთვე რომაელების 12:17, 18 გვირჩევს: „ნურავის გადაუხდით ბოროტებას ბოროტებით . . . რამდენადაც თქვენის მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“.

3. როგორი გავლენა უნდა იქონიოს მშვიდობისმყოფელობამ ჩვენს ქადაგებაზე?

3 თუ ნამდვილად მშვიდობისმყოფელები ვართ, ეს სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში გამოვლინდება. ეს აირეკლება ჩვენს სიტყვებსა თუ საქმეებში; აგრეთვე სახის გამომეტყველებასა თუ ხმის ტონში (იგავები 17:27). საქადაგოდ გაგზავნისას იესომ თავის მოციქულებს ურჩია: „სახლში შესვლისას მიესალმეთ და თქვით: მშვიდობა ამ სახლს. და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ“ (მათე 10:12, 13, სსგ). ცნობა, რომელსაც სხვებს ვამცნობთ, სასიხარულო ცნობაა. ბიბლია მას „მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობას“, „სასიხარულო ცნობას ღვთის წყალობის შესახებ“ და „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ უწოდებს (ეფესოელები 6:15; საქმეები 20:24; მათე 24:14). ჩვენი მიზანია, კი არ ვაკრიტიკოთ სხვების რწმენა ან ვიკამათოთ ხალხთან, არამედ ღვთის სიტყვიდან სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ ყველას.

4. რა შეგიძლიათ უთხრათ, როდესაც მობინადრე მანამ, სანამ ეტყოდეთ, თუ რისთვის მიხვედით, გეუბნებათ: „მე ეს არ მაინტერესებს“?

4 მობინადრემ ყოველგვარი მოსმენის გარეშე შეიძლება უკმეხად გვითხრას: „მე ეს არ მაინტერესებს“. ხშირად შეგიძლიათ უთხრათ: „მინდოდა ბიბლიიდან მხოლოდ ერთი მოკლე მუხლი წამეკითხა“. მობინადრემ შეიძლება ამაზე უარი არ გითხრათ. სხვა შემთხვევაში შეიძლება მართებული იყოს თქვათ: „მინდოდა, მომეყოლა თქვენთვის იმ დროის შესახებ, როდესაც უსამართლობა აღარ იარსებებს და ყველა ადამიანი ერთმანეთისადმი სიყვარულს ისწავლის“. თუ მობინადრემ მაშინვე არ გთხოვათ, მოუყვეთ ამის შესახებ, კარგი იქნებოდა გეთქვათ: „მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა თქვენ საამისო განწყობა არა გაქვთ“. მაშინაც კი, როდესაც მობინადრის გამოხმაურება მშვიდობიანი სულაც არ არის, უნდა დავასკვნათ თუ არა, რომ ეს ადამიანი „არ არის ღირსი“? როგორიც უნდა იყოს გამოხმაურება, უნდა გვახსოვდეს ბიბლიური რჩევა, იყავით ‘ყველასთან თავაზიანი და თავშეკავებულნი, როცა ბოროტებას ხვდებით’ (2 ტიმოთე 2:24).

შეურაცხმყოფელი, რომელიც არასწორად აზროვნებდა

5, 6. როგორ ეპყრობოდა სავლე იესოს მიმდევრებს და რატომ მოქმედებდა ის ამგვარად?

5 პირველ საუკუნეში ერთი კაცი, სახელად სავლე, ცნობილი იყო უხეში ლაპარაკითა და მოძალადეობრივი ქმედებითაც კი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს და მათი მოკვლის სურვილი არ ასვენებდა“ (საქმეები 9:1, 2). მან მოგვიანებით აღიარა, რომ ერთ დროს „ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი“ იყო (1 ტიმოთე 1:13). მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მისი ნათესავი იმ დროისთვის შეიძლება ქრისტიანი გახდა, მან ქრისტეს მიმდევრებისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ თქვა: „ვცდილობდი მეიძულებინა, თავიანთი რწმენა დაეგმოთ, და, გაშმაგებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ“ (საქმეები 23:16; 26:11; რომაელები 16:7, 11). სავლეს ამგვარი ქმედების მიუხედავად, არსებული მტკიცებების თანახმად, მოწაფეები სახალხოდ არ კამათობდნენ მასთან.

6 რატომ იქცეოდა სავლე ამგვარად? წლების შემდეგ მან დაწერა: „უცოდინარი ვიყავი და ურწმუნოებით ვიქცეოდი“ (1 ტიმოთე 1:13). ის ფარისეველი, „მამაპაპისეული კანონის სიმკაცრით განსწავლული“ კაცი იყო (საქმეები 22:3). სავლეს მასწავლებელი, გამალიელი, როგორც ჩანს, დოგმატური კაცი არ იყო, მაგრამ მღვდელმთავარი კაიაფა, ვისთან ურთიერთობაც სავლეს ჰქონდა, ფანატიკურად იყო განწყობილი. კაიაფა იმ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი იყო, რომელსაც იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯა მოჰყვა (მათე 26:3, 4, 63—66; საქმეები 5:34—39). მოგვიანებით კაიაფამ გასცა ბრძანება, რომ იესოს მოციქულები ეცემათ და მკაცრად უბრძანა მათ, რომ შეეწყვიტათ იესოს სახელით ქადაგება. ეს მღვდელმთავარი თავმჯდომარეობდა სინედრიონის სხდომას, საიდანაც სტეფანე გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს (საქმეები 5:27, 28, 40; 7:1—60). სავლე თვალყურს ადევნებდა ჩაქოლვას; მას კაიაფასგან ნებართვა ჰქონდა მიცემული, განეგრძო იესოს მიმდევართა დევნა და დამასკოში დაეპატიმრებინა ისინი (საქმეები 8:1; 9:1, 2). ასეთი გავლენის ქვეშ მყოფი სავლე ფიქრობდა, რომ ის ღვთისადმი გულმოდგინების შედეგად მოქმედებდა, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ქმედება ნამდვილი რწმენის უქონლობით იყო გამოწვეული (საქმეები 22:3—5). შედეგად, სავლემ ვერ დაინახა, რომ იესო ჭეშმარიტი მესია იყო. მაგრამ ეს მაშინ გაიგო, როდესაც დამასკოსკენ მიმავალ გზაზე მკვდრეთით აღმდგარი იესო სასწაულებრივად დაელაპარაკა (საქმეები 9:3—6).

7. რა ცვლილება მოხდა სავლეს ცხოვრებაში დამასკოს გზაზე იესოსთან შეხვედრის შედეგად?

7 ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ, მოწაფე ანანიას დაევალა, სავლესთვის ექადაგა. მოისურვებდით მის ადგილას ყოფნას? ანანიას გარკვეული შიშის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ თბილად ელაპარაკა სავლეს. მას კი დამასკოს გზაზე იესოსთან სასწაულებრივი შეხვედრის შემდეგ თვალსაზრისი შეცვლილი ჰქონდა (საქმეები 9:10—22). შემდეგ სავლე ცნობილი გახდა როგორც მოციქული პავლე, გულმოდგინე ქრისტიანი მსახური.

რბილი ხასიათის, მაგრამ გაბედული

8. როგორ ირეკლავდა იესო მამის დამოკიდებულებას შემცოდველი ადამიანების მიმართ?

8 იესო სამეფოს შესახებ მქადაგებელი იყო; მას რბილი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ, ამავე დროს, ხალხთან ურთიერთობაში გაბედულებას ავლენდა (მათე 11:29). ის ირეკლავდა თავისი ზეციერი მამის სულისკვეთებას, რომელიც ბოროტებს მოუწოდებდა, მობრუნებულიყვნენ თავიანთი ბოროტი გზებიდან (ესაია 55:6, 7). ცოდვილებთან ურთიერთობისას იესო ამჩნევდა მათში მომხდარ სასიკეთო ცვლილებებს და ასეთ ადამიანებს შემდგომი გაუმჯობესებისკენ წაახალისებდა (ლუკა 7:37—50; 19:2—10). იესო გარეგნული იერით კი არ განსჯიდა ადამიანებს, არამედ მამას ჰბაძავდა სიკეთეში, მოთმინებასა თუ სულგრძელობაში და იმედოვნებდა, რომ ცოდვილები მოინანიებდნენ (რომაელები 2:4). იეჰოვას ნებაა, რომ ყველანაირმა ადამიანმა მოინანიოს და გადარჩეს (1 ტიმოთე 2:3, 4).

9. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ესაიას 42:1—4-ში ჩაწერილი სიტყვების იესოზე შესრულებიდან?

9 სახარების დამწერ მათეს მოჰყავს იესო ქრისტეს შესახებ იეჰოვას თვალსაზრისი და შემდეგ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ციტირებს: „აი, ჩემი საყვარელი მსახური, რომელიც ამოვირჩიე და რომელიც ჩემმა სულმა მოიწონა! ჩემს სულს დავავანებ მასზე და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი; არ იდავებს, არც იყვირებს, მთავარ ქუჩებშიც კი ვერავინ გაიგებს მის ხმას. გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, სანამ სამართალს არ გაამარჯვებინებს. მისი სახელის იმედი ექნებათ ხალხებს“ (მათე 12:17—21; ესაია 42:1—4). ამ წინასწარმეტყველური სიტყვების შესაბამისად, იესო მართლაც არ ებმებოდა ცხარე კამათებში. ზეწოლის ქვეშაც კი, იესო ჭეშმარიტებას ისე ლაპარაკობდა, რომ ის მიმზიდველი ყოფილიყო გულწრფელი ადამიანებისთვის (იოანე 7:32, 40, 45, 46).

10, 11. ა) რატომ უქადაგა ზოგიერთ ფარისეველს იესომ მიუხედავად იმისა, რომ ფარისევლები მისი ყველაზე დიდი სიტყვიერი მოწინააღმდეგენი იყვნენ? ბ) როგორ პასუხობდა იესო ზოგჯერ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ რას არ აკეთებდა ის?

10 მსახურებისას იესო მრავალ ფარისეველს ელაპარაკა. ზოგიერთი მათგანი ცდილობდა იესოს სიტყვაში გამოჭერას, მაგრამ იესოს არ დაუსკვნია, რომ მათ ყველას ცუდი მოტივები ჰქონდათ. სიმონს, ფარისეველს, რომელსაც გარკვეულწილად კრიტიკული სული ჰქონდა, როგორ ჩანს, სურდა უფრო ახლოს გაეცნო იესო და ამიტომ სტუმრად მიიწვია. იესო მივიდა მასთან სახლში და უქადაგა ყველა იქ მყოფს (ლუკა 7:36—50). სხვა დროს, გამოჩენილი ფარისეველი, ნიკოდემოსი, ღამით მივიდა იესოსთან. იესოს არ უსაყვედურებია მისთვის იმის გამო, რომ ის შებინდებას ელოდებოდა. ნაცვლად ამისა, მან უქადაგა ნიკოდემოსს და მოუყვა იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც ღმერთმა რწმენის გამომვლენთა სახსნელად თავისი ძის გამოგზავნით გამოავლინა. იესომ თბილად აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია ღვთისადმი მორჩილება და მისი ნების თანახმად მოქმედება (იოანე 3:1—21). მოგვიანებით ნიკოდემოსმა იესოს სასარგებლოდ ილაპარაკა, როდესაც სხვა ფარისევლები მასზე დამამცირებლად ლაპარაკობდნენ (იოანე 7:46—51).

11 იესო კარგად ხედავდა იმ ადამიანთა თვალთმაქცობას, რომლებიც მის გამოჭერას ცდილობდნენ. ის მოწინააღმდეგეებთან არაფრის მომცემ დებატებში არ ებმებოდა; საჭიროების შემთხვევაში კი იძლეოდა მოკლე, მაგრამ ძლიერმოქმედ პასუხებს, რომლებშიც მოცემული იყო რაიმე პრინციპი, გამოყენებული იყო თვალსაჩინო მაგალითი ან მოყვანილი იყო წერილებიდან ადგილები (მათე 12:38—42; 15:1—9; 16:1—4). ზოგჯერ იესო, უბრალოდ, საერთოდ არ პასუხობდა კითხვებზე, როდესაც აშკარად ხედავდა, რომ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა (მარკოზი 15:2—5; ლუკა 22:67—70).

12. როგორ ეხმარებოდა იესო ხალხს მაშინაც კი, როდესაც უყვიროდნენ?

12 ზოგჯერ იესოს უყვიროდნენ ადამიანები, რომლებიც უწმინდური სულების გავლენაში იყვნენ. ასეთ შემთხვევებში ის თავშეკავებას ავლენდა და ღვთის მიერ მიცემულ ძალასაც კი იყენებდა მათ დასახმარებლად (მარკოზი 1:23—28; 5:2—8, 15). თუ მსახურებისას ზოგი ჩვენზე ბრაზდება და გვიყვირის, ჩვენც მსგავსად უნდა გამოვავლინოთ თავშეკავება და ვეცადოთ რბილად და ტაქტიანად მოვიქცეთ (კოლოსელები 4:6).

ოჯახში

13. რატომ უწევენ ზოგჯერ ოჯახის წევრები ადამიანს წინააღმდეგობას, როდესაც ის იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას იწყებს?

13 იესოს მიმდევრებს ხშირად თავშეკავების გამოვლენა ყველაზე მეტად ოჯახში სჭირდებათ. ადამიანს, რომელმაც მთელი გულით მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება, უნდა, რომ მის ოჯახსაც იგივე რეაქცია ჰქონდეს. მაგრამ იესოს სიტყვებისამებრ, ოჯახის წევრებმა შეიძლება მტრული დამოკიდებულება გამოავლინონ (მათე 10:32—37; იოანე 15:20, 21). ეს კი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მაგალითად, ბიბლიის სწავლებები გვეხმარება, გავხდეთ გულწრფელები, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონეები და სხვებისადმი პატივისმცემლები, მაგრამ საღვთო წერილიდან იმასაც ვსწავლობთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენი შემოქმედის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვიდრე სხვა ვინმეს წინაშე (ეკლესიასტე 12:1, 13; საქმეები 5:29). ოჯახის წევრი, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ავტორიტეტი ამა თუ იმ სახით ილახება იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულების გამო, შეიძლება განაწყენდეს. ასეთ სიტუაციაში მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია მივბაძოთ იესოს და გამოვავლინოთ თავშეკავება (1 პეტრე 2:21—23; 3:1, 2).

14—16. რამ გამოიწვია ცვლილებები ზოგ ადამიანში, რომლებიც ადრე ოჯახის წევრებს ეწინააღმდეგებოდნენ?

14 მრავალს, ვინც დღეს იეჰოვას ემსახურება, ჰყავს მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრი, რომელიც ბიბლიის შესწავლის დაწყებისას მას წინააღმდეგობას უწევდა. მოწინააღმდეგე შეიძლება ძალიან უარყოფითად ლაპარაკობდა იეჰოვას მოწმეებზე და, შესაძლოა, იმისიც ეშინოდა, რომ ისინი ცუდ გავლენას მოახდენდნენ მათ ოჯახზე. რამ შეაცვლევინა ასეთ ხალხს თავიანთი დამოკიდებულება? უმეტეს შემთხვევაში დიდი როლი კარგმა მაგალითმა შეასრულა. ბიბლიის შემსწავლელის მიერ საღვთო წერილში ჩაწერილი რჩევების გამოყენება — ქრისტიანული კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება და მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობა ისე, რომ ოჯახურ პასუხისმგებლობებზე ზრუნვა არ იქნეს უგულებელყოფილი და სიტყვიერი შეურაცხყოფისას თავშეკავების გამოვლენა — ზოგჯერ ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას ასუსტებს (1 პეტრე 2:12).

15 მოწინააღმდეგემ აგრეთვე შეიძლება წინასწარ შექმნილი აზრის ან სიამაყის გამო არ ისურვოს ბიბლიიდან რაიმეს მოსმენა. ასე იყო ერთი მამაკაცი შეერთებული შტატებიდან, რომელმაც თქვა, რომ ადრე ძალიან დიდი პატრიოტი იყო. ერთხელ, როდესაც მისი ცოლი კონგრესზე იყო, მან მეუღლეს მთელი ტანსაცმელი გარეთ გადაუყარა. ერთხელაც ცეცხლსასროლი იარაღი აიღო, სახლიდან გავიდა და დაიმუქრა, რომ თავს მოიკლავდა. ის ცოლის რელიგიას ადანაშაულებდა თავის ნებისმიერ არაგონივრულ ქცევაში. მაგრამ მისი მეუღლე ცდილობდა, განეგრძო ბიბლიური რჩევების გამოყენება. ცოლის მონათვლიდან 20 წლის შემდეგ ეს კაციც იეჰოვას მოწმე გახდა. ერთი ალბანელი ქალი ძალიან იყო გაღიზიანებული იმით, რომ მისი გოგო ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან, შემდეგ კი მოინათლა კიდეც. დედამ 12-ჯერ გაუნადგურა შვილს ბიბლია. ერთხელაც მან გადაშალა ბიბლია, რომელიც მისმა გოგომ მაგიდაზე დატოვა. შემთხვევით ბიბლია მათეს 10:36-ზე გადაიშალა და ქალი მიხვდა, რომ იქ ნათქვამი სიტყვები მას ეხებოდა. მიუხედავად ამისა, ქალიშვილის კეთილდღეობაზე მზრუნველმა დედამ გემამდე მიაცილა შვილი, რომელიც იტალიაში სხვა თანაქრისტიანებთან ერთად იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე მიდიოდა. როდესაც დედამ დაინახა მოწმეებს შორის არსებული სიყვარული; აგრეთვე, თუ როგორ ეხვეოდნენ და უღიმოდნენ ისინი ერთმანეთს, როგორ იცინოდნენ ბედნიერები, მოწმეებისადმი მისი დამოკიდებულება შეიცვალა. ამის შემდეგ მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დღეს ის თავად ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც თავიდან ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებიან.

16 ერთხელ ქალს, რომელიც სამეფო დარბაზს უახლოვდებოდა, გზაზე დანამომარჯვებული ქმარი გადაუდგა. ის მეუღლეს ყოველგვარ საშინელებაში ადანაშაულებდა. ცოლმა რბილად უთხრა: „შემოდი სამეფო დარბაზში და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახე“. ქმარი ასეც მოიქცა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრისტიანი უხუცესი გახდა.

17. რომელი ბიბლიური რჩევა დაგვეხმარება, თუ ქრისტიანულ ოჯახში ზოგჯერ მდგომარეობა იძაბება?

17 მაშინაც კი, როდესაც ოჯახის ყველა წევრი ქრისტიანია, დროდადრო ოჯახში შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს და ადამიანური არასრულყოფილების გამო, შესაძლოა, უხეშად ნათქვამი სიტყვებიც გაისმას. აღსანიშნავია, რომ ძველ ეფესოში ქრისტიანებს მოციქულმა პავლემ ურჩია: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31). როგორც ჩანს, ეფესოელ ქრისტიანებზე გავლენას ახდენდა ირგვლივ არსებული ატმოსფერო, საკუთარი არასრულყოფილება და ზოგჯერ მათი ყოფილი ცხოვრების წესი. რა დაეხმარებოდა მათ ცვლილებების მოხდენაში? საჭირო იყო ‘განეახლებინათ გონების აღმძვრელი ძალა’ (ეფესოელები 4:23). ამაში კი დაეხმარებოდათ ღვთის სიტყვის შესწავლა, იმაზე დაფიქრება, თუ როგორ უნდა ემოქმედა ნასწავლს მათ ცხოვრებაზე, თანაქრისტიანებთან ურთიერთობა და იმაზე მთელი გულით ლოცვა, რომ ღვთის წმინდა სულის ნაყოფი უფრო მეტად გამოვლენილიყო მათ ცხოვრებაში. მათ უნდა ესწავლათ ‘კეთილად მოქცეოდნენ ერთმანეთს, დიდად თანაეგრძნოთ და მთელი გულით ეპატიებინათ ერთმანეთისთვის, როგორც ღმერთმა აპატია მათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით’ (ეფესოელები 4:32). იმის მიუხედავად, თუ რას აკეთებენ სხვები, საჭიროა თავშეკავება გამოვავლინოთ, ვიყოთ კეთილნი, თანამგრძნობნი და მიმტევებლები. საჭიროა ‘არავის გადავუხადოთ ბოროტებაზე ბოროტებით’ (რომაელები 12:17, 18). ღვთისთვის მიბაძვა და ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლენა ყოველთვის მართებულია (1 იოანე 4:8).

რჩევა ყველა ქრისტიანისთვის

18. რატომ იყო 2 ტიმოთეს 2:24-ში მოცემული რჩევა მართებული ძველი ეფესოს უხუცესებისთვის და როგორ შეიძლება ის სასარგებლო იყოს ყველა ქრისტიანისთვის?

18 რჩევა ‘ბოროტების პირისპირ თავშეკავების’ გამოვლენის შესახებ ყველა ქრისტიანს ეხება (2 ტიმოთე 2:24). მაგრამ პირველად ეს სიტყვები მისწერეს ტიმოთეს, რომელსაც ეს რჩევა ეფესოში უხუცესად მსახურებისას სჭირდებოდა. იმ დროს კრებაში ზოგიერთი ცნობილი იყო იმით, რომ თავდაჯერებულად ავრცელებდნენ საკუთარ შეხედულებებს და ცრუ სწავლებებს ასწავლიდნენ. მათ ბოლომდე არ ესმოდათ მოსესთვის მიცემული კანონების მიზანი და ამიტომ არ იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და სუფთა სინდისი. კამათობდნენ გარკვეულ სიტყვებზე და, სიამაყის გამო, იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაციები; ამ დროს მათ მხედველობიდან რჩებოდათ ქრისტეს მოძღვრებიდან ძირითადი და ღვთისადმი ერთგულების მნიშვნელოვნება. ამ მდგომარეობას რომ გამკლავებოდა, საჭირო იყო, ტიმოთეს მტკიცედ დაეცვა ბიბლიური ჭეშმარიტება, მაგრამ ამასთანავე ძმებთან ურთიერთობისას სირბილე გამოევლინა. დღევანდელი უხუცესების მსგავსად, მან იცოდა, რომ სამწყსო მისი საკუთრება არ იყო და სხვებს ისე ექცეოდა, რომ ქრისტიანული სიყვარული გამოვლენილიყო და ერთიანობა შენარჩუნებულიყო (ეფესოელები 4:1—3; 1 ტიმოთე 1:3—11; 5:1, 2; 6:3—5).

19. რატომ არის თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ‘ვეძიოთ თვინიერება’?

19 ღმერთი თავის ხალხს მოუწოდებს, ‘ეძიონ თვინიერება’ (სოფონია 2:3). ებრაული გამოთქმა, რომელიც „თვინიერებად“ არის ნათარგმნი, მიუთითებს ისეთი ადამიანის თვისებაზე, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნას მოთმინებით იტანს ისე, რომ არ ღიზიანდება და სამაგიეროს გადახდაზე არ ფიქრობს. მოდი გულწრფელად ვთხოვოთ იეჰოვას დაგვეხმაროს თავშეკავების გამოვლენასა და იმაში, რომ რთულ მდგომარეობაში ყოფნის დროს მისი სათანადო წარმომადგენლები ვიყოთ.

რა ისწავლეთ?

• რომელი ბიბლიური მუხლები შეიძლება დაგეხმაროთ, როდესაც უხეშად გელაპარაკებიან?

• რატომ იქცეოდა სავლე უხეშად?

• როგორ გვეხმარება იესოს მაგალითი, სათანადოდ მოვექცეთ ყველანაირ ადამიანს?

• რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ოჯახში საუბრისას თავშეკავების გამოვლენამ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

სავლეს რეპუტაციის მიუხედავად, ანანია მას კეთილად მოეპყრო.

[სურათი 29 გვერდზე]

ქრისტიანი, რომელიც ერთგულად ასრულებს ოჯახურ ვალდებულებებს, ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას ასუსტებს.

[სურათი 30 გვერდზე]

ქრისტიანები ხელს უწყობენ სიყვარულსა და ერთიანობას.