არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განმკურნებელი აღსარება

განმკურნებელი აღსარება

განმკურნებელი აღსარება

„როდესაც ვდუმდი, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით“ (ფსალმუნი 31:3, 4). ეს გულისამაჩუყებელი სიტყვები შეიძლება ძველი ისრაელის მეფე დავითის იმ მძიმე ემოციურ ტკივილს გამოხატავდნენ, რომელიც თავს დაატყდა სერიოზული ცოდვის დამალვის გამო.

დავითი ნიჭიერი და უნარიანი ადამიანი გახლდათ. ის იყო გულადი მებრძოლი, გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი და მუსიკოსი. მაგრამ ის თავის შესაძლებლობებზე კი არა ღმერთზე იყო მინდობილი (პირველი მეფეთა 17:45, 46). დავითი აღწერილია ისეთ კაცად, რომლის გულიც ‘უფლისადმი წრფელი’ იყო (მესამე მეფეთა 11:4). მაგრამ მისი ერთი ცოდვა განსაკუთრებით საძრახისი აღმოჩნდა და, ალბათ, ამის შესახებ საუბრობდა 31-ე ფსალმუნშიც. ჩვენ ბევრის სწავლა შეგვიძლია იმ ვითარებების გამოკვლევით, რამაც ის ამ ცოდვის ჩადენამდე მიიყვანა. მივხვდებით, თუ რა საშიშროებებს უნდა მოვერიდოთ, და ამასთანავე დავინახავთ ღმერთთან ურთიერთობის აღსადგენად ჩვენი ცოდვების აღიარების აუცილებლობას.

ერთგული მეფე სცოდავს

ისრაელი ერი ყამონიანებთან იბრძოდა, მაგრამ დავითი იერუსალიმში იყო. ერთ საღამოს, როდესაც სამეფო სახლის ბანზე მიმოდიოდა, მეზობელ სახლში მობანავე ლამაზი ქალი დაინახა. მან თვალი კი არ მოარიდა ამ ქალს, არამედ თავს უფლება მისცა, მასთან ყოფნის სურვილს შეეპყრო. გაიგო, რომ ეს ქალი, ბათშებაყი, მისი მეომრის, ურიას, ცოლი იყო. დავითმა მოაყვანინა ის და იმრუშა მასთან. მოგვიანებით ბათშებაყმა დავითს შეატყობინა, რომ ფეხმძიმედ იყო (მეორე მეფეთა 11:1—5).

დავითი მახეში გაება. თუ მათი ცოდვა გაცხადდებოდა ორივეს სიკვდილით დასჯა ელოდა (ლევიანნი 20:10). ასე რომ, მეფემ გეგმა შეიმუშავა. მან ბათშებაყის ქმარი, ურია, ბრძოლის ველიდან გამოიხმო. როდესაც ბრძოლის ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხა, დავითმა ურიას სახლში დაბრუნება უბრძანა. დავითი იმედოვნებდა, ისეთი აზრი შეიქმნებოდა, რომ ბათშებაყს შვილი ურიასგან ეყოლა (მეორე მეფეთა 11:6—9).

დავითის სამწუხაროდ, ურია ცოლთან არ წასულა. მან თქვა, რომ წარმოუდგენელი იყო მისთვის სახლში დაბრუნება, როდესაც ჯარი გააფთრებულ ბრძოლაში იყო ჩაბმული. როდესაც ისრაელის ჯარი ომობდა, მამაკაცები თავს იკავებდნენ სქესობრივი კავშირისგან, თავიანთ ცოლებთანაც კი. ისინი რიტუალურად წმინდები უნდა დარჩენილიყვნენ (პირველი მეფეთა 21:5). მაშინ დავითმა მიიწვია ურია პურის საჭმელად და დაათრო, მაგრამ ის მაინც არ წასულა სახლში თავის ცოლთან. ურიას ერთგულმა მოქმედებამ დავითს მსჯავრი დასდო (მეორე მეფეთა 11:10—13).

დავითი ჩადენილი ცოდვის მახეში უფრო და უფრო ებმებოდა. თავგზააბნეული მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავდა. მან ურია უკან, ბრძოლის ველზე, გაგზავნა და თან იოაბთან, მხედართმთავართან, წერილი გაატანა. მოკლე წერილის მიზანი ნათელი იყო: „დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს“. ამ მოკლე წერილით ძლევამოსილ მეფეს ეგონა, რომ დაფარავდა თავისი ცოდვის ნაკვალევს და სასიკვდილოდ გაიმეტა ურია (მეორე მეფეთა 11:14—17).

როგორც კი ბათშებაყმა ქმარი გამოიგლოვა დავითი დაქორწინდა მასზე. დრო გავიდა და მათ შვილი შეეძინათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში დავითი თავის ცოდვას არავის უმხელდა. შესაძლოა ის თავის საქციელის გამართლებასაც კი ცდილობდა. განა ურია სხვების მსგავსად გმირულად არ დაეცა ბრძოლის ველზე? გარდა ამისა, განა ის არ ეურჩა თავის მეფეს, როცა უარი თქვა თავის ცოლთან წასვლაზე? ‘უნდო გული’ ყველა სახის არგუმენტს მოიყვანს ჩადენილი ცოდვის გასამართლებლად (იერემია 17:9; მეორე მეფეთა 11:25).

მცდარი ნაბიჯები, რომლებსაც ცოდვამდე მიჰყავს ადამიანი

როგორ ჩაიდინა სამართლიანობის მოყვარულმა დავითმა მრუშობა და მკვლელობა? მისი ცოდვის თესლი, როგორც ჩანს, რამდენიმე ხნით ადრე იყო ჩათესილი. შეიძლება გვაკვირვებს ის ფაქტი, თუ რატომ არ იყო დავითი თავის ხალხთან იეჰოვას მტრებთან ბრძოლის დროს? ამის ნაცვლად, ის სასახლეში ნებივრობდა, საიდანაც ომი, მთელი თავისი სიცხადით, ძალიან შორს იყო საიმისოდ, რომ ერთგული მეომრის ცოლის ხელში ჩაგდების არასწორი სურვილი მისი გონებიდან ამოეშალა. დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის თავიანთ კრებებში სულიერი საქმეებით აქტიურად დაკავება და სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობა დამცველია (1 ტიმოთე 6:12).

ისრაელის მეფე ვალდებული იყო, რომ გადაეწერა რჯული და ყოველდღე ეკითხა. ბიბლია ხსნის, თუ რატომ უნდა გაეკეთებინა ეს: „რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს, რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ“ (მეორე რჯული 17:18—20). როგორც ჩანს დავითი ამ მითითებისამებრ არ იქცეოდა, როდესაც ეს დიდი ცოდვები ჩაიდინა. ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლა და მასზე დაფიქრება, უეჭველია, ამ კრიტიკულ დროში არასწორად მოქცევისგან დაგვიცავს (იგავნი 2:10—12).

მეათე მცნება სწორედ ამას უსვამდა ხაზს: „არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი“ (გამოსვლა 20:17). ამ დროისათვის დავითს რამდენიმე ცოლი და ხარჭა ჰყავდა (მეორე მეფეთა 3:2—5). მაგრამ ამან ვერ დაიცვა ის სხვა მომხიბვლელ ქალთან ურთიერთობის სურვილისგან. ეს ცნობა გვახსენებს იესოს სიტყვების სერიოზულობას: „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). იმის ნაცვლად, რომ ასეთმა არასწორმა სურვილებმა დაგვიმორჩილოს, მოდი ისინი გონებიდან და გულიდან დაუყოვნებლივ მოვიცილოთ.

მონანიება და შეწყალება

დავითის ცოდვის შესახებ ბიბლიის გულწრფელი ცნობა ნამდვილად არ არის ზოგიერთის ვნებიანი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად დაწერილი. ეს ცნობა საშუალებას გვაძლევს, რომ დავინახოთ იეჰოვას ცნობილი თვისებებიდან ერთ-ერთის — მოწყალების — შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი გამოვლენა (გამოსვლა 34:6, 7).

როდესაც ბათშებაყს ვაჟი შეეძინა, იეჰოვამ დავითთან წინასწარმეტყველი ნათანი გაგზავნა სამხილებლად. ეს იყო მოწყალების გამოვლენა. თუ დავითს არავინ არაფერს ეტყოდა და ის კი ჩუმად ყოფნას განაგრძობდა, შესაძლებელი იყო, ცოდვით გული გაჰქვავებოდა (ებრაელთა 3:13). საბედნიეროდ, დავითი გამოეხმაურა ღვთის მოწყალებას. ნათანის მარჯვედ შერჩეულმა, მაგრამ ნათელმა მაგალითმა გააღვიძა მისი სინდისი და თავმდაბლურად აღიარებინა ცოდვა. ფაქტობრივად, 50-ე ფსალმუნი, რომელიც დავითის მიერ ბათშებაყთან ჩადენილი ცოდვის შესახებ მოგვითხრობს, მას შემდეგ დაწერა დავითმა, რაც მოინანია და აღიარა თავის სერიოზული ცოდვა. მოდი არასოდეს მივცეთ ჩვენს გულს გაქვავების საშუალება, თუ სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ (მეორე მეფეთა 12:1—13).

დავითი შეწყალებულ იქნა, მაგრამ ის არ დარჩენილა დაუსჯელი ან დაცული თავის ცოდვის შედეგებისგან (იგავნი 6:27). განა შეიძლებოდა სხვაგვარად? თუ ღმერთი ყველაფერზე უბრალოდ თვალს დახუჭავდა მისი პრინციპების სამართლიანობა ეჭვის ქვეშ აღმოჩნდებოდა. მისი ქმედება მღვდელმთავარ ელის მიერ გადადგმული ნაბიჯებივით არაეფექტური იქნებოდა, რომელმაც თავის ბოროტ შვილებს მხოლოდ უსაყვედურა, შემდეგ კი ნება დართო ცუდი საქმეების კეთება გაეგრძელებინათ (პირველი მეფეთა 2:22—25). მაგრამ იეჰოვა არასდროს უკავებს წყალობას მომნანიებელს. მისი მოწყალება, გამომაცოცხლებელი ცივი წყალივით დაეხმარება შემცოდველს ცოდვის შედეგების გადატანაში. ღვთისგან მიტევება და თანამორწმუნეებთან გამამხნევებელი ურთიერთობა სულიერად გამომაცოცხლებელია. დიახ, ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, მომნანიებელს შეუძლია იგემოს ‘[ღვთის] მადლის სიმდიდრე’ (ეფესელთა 1:7).

„სუფთა გული“ და „წრფელი სული“

მას შემდეგ, რაც 50-ე ფსალმუნში დავითმა ცოდვა აღიარა, უღირსობის გრძნობა არ დაუფლებია; დავითის მიერ დაწერილი ფსალმუნები, რომლებშიც თავის ცოდვებს აღიარებდა, გვიჩვენებს მის სიმშვიდეს და მის გადაწყვეტილებას, რომ ერთგულად ემსახურა ღვთისთვის. მაგალითად, 31-ე ფსალმუნის პირველ მუხლში ვკითხულობთ: „ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა“. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად სერიოზულია ცოდვა, თუ შემცოდველი გულწრფელად ინანიებს ამას შეიძლება სასიხარულო შედეგი მოჰყვეს. გულწრფელობის გამოვლინების ერთ-ერთი საშუალება ჩადენილზე სრული პასუხისმგებლობის აღებაა, როგორც ეს დავითმა გააკეთა (მეორე მეფეთა 12:13). ის იეჰოვას წინაშე თავის გამართლებას არ ცდილობდა და არც ცოდვის სხვებზე გადაბრალებას. მე-5 მუხლში ნათქვამია: „ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა“. გულწრფელ აღიარებას შვება მოაქვს. ადამიანს აღარ უნდა აწუხებდეს ჩადენილი შეცდომების გამო სინდისი.

დავითმა იეჰოვას პატიება სთხოვა და შემდეგ მიმართა: „სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში“ (ფსალმუნი 50:12). „სუფთა გულისა“ და „წრფელი სულის“ თხოვნა იმაზე მიანიშნებს, რომ დავითი აცნობიერებდა, ცოდვისკენ თავის მიდრეკილებას, და რომ ღვთის დახმარება სჭირდებოდა გულის განსაწმენდად და ყველაფრის თავიდან დასაწყებად. საკუთარი თავის შეცოდების ნაცვლად დავითს გადაწყვეტილი ჰქონდა ღვთისადმი მსახურება გაეგრძელებინა. „უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას,“ — ლოცულობდა ის (ფსალმუნი 50:17).

როგორი რეაქცია ჰქონდა იეჰოვას დავითის გულწრფელ მონანიებასა და მის გადაწყვეტილებაზე, რომ ემსახურა მისთვის? მან დავითი შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“ (ფსალმუნი 31:8). ეს გვარწმუნებს, რომ იეჰოვა თითოეული მომნანიებლის გრძნობებსა და მოთხოვნილებებს აქცევს ყურადღებას. იეჰოვამ დავითს მეტი გამჭრიახობა უბოძა — მდგომარეობის უკეთ გაანალიზების უნარი. თუ კვლავ დადგებოდა ცდუნების წინაშე, ის წინასწარ განჭვრეტდა თავის მოქმედებების შედეგებს, იმას, თუ როგორ იმოქმედებდა მისი საქციელი სხვებზე და კეთილგონივრულად მოიქცეოდა.

დავითის ცხოვრების ეს ეპიზოდი ყველასთვის, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, გამამხნევებელია. ჩვენი ცოდვის აღიარებითა და გულწრფელი მონანიებით შეგვიძლია დავიბრუნოთ ყველაზე ძფირფასი რამ, რაც შეიძლება გვქონდეს — იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა. წამიერი ტკივილი და სირცხვილი უფრო ადვილი ასატანია, ვიდრე სულიერი ტანჯვა, რომელსაც ცოდვის დაფარვა იწვევს ან ის საშინელი შედეგი, რომელიც გულის გაქვავებასა და მოჯანყე სულის გამოვლენას მოაქვს (ფსალმუნი 31:9). ნაცვლად ამისა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მიტევება მოსიყვარულე და მოწყალე ღვთისგან, ‘მოწყალების მამისგან და ყოველი ნუგეშის ღმერთისგან’ (2 კორინთელთა 1:3).

[სურათი 31 გვერდზე]

დავითი იმედოვნებდა რომ ურიას მოკვლით თავის ცოდვის შედეგებს თავს აარიდებდა.