არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზედამხედველები და სამსახურებრივი თანაშემწეები თეოკრატიულად ინიშნებიან

ზედამხედველები და სამსახურებრივი თანაშემწეები თეოკრატიულად ინიშნებიან

ზედამხედველები და სამსახურებრივი თანაშემწეები თეოკრატიულად ინიშნებიან

„გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ“ (საქმეები 20:28).

1, 2. როგორ სრულდება ესაიას 60:22-ში ჩაწერილი სიტყვები?

 იეჰოვამ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ ჟამს მნიშვნელოვანი რამ მოხდებოდა. წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით მან თქვა: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ესაია 60:22).

2 არსებობს იმის რაიმე მტკიცება, რომ ეს წინასწარმეტყველება დღეს სრულდება? დიახ, რა თქმა უნდა! XIX საუკუნის 70-იან წლებში ალეგენში (პენსილვანია, აშშ) იეჰოვას ხალხის ერთი კრება ჩამოყალიბდა. ეს მცირე ჯგუფი ძალიან სწრაფად გაიზარდა და დღეს უკვე მთელ მსოფლიოში ათობით ათასი კრებაა. სამეფოს მილიონობით მაუწყებელი — ძლიერი ხალხი — მთელი დედამიწის ზურგზე 235 ქვეყანაში 91 000-ზე მეტ კრებაშია გაერთიანებული. ეჭვგარეშეა, ეს იმის დამადასტურებელია, რომ იეჰოვა აჩქარებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა შეკრებას კარს მომდგარი „დიდი გასაჭირის“ დაწყებამდე (მათე 24:21; გამოცხადება 7:9—14).

3. რას ნიშნავს ‘მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით’ მონათვლა?

3 იეჰოვასთვის თავის მიძღვნის შემდეგ ეს მილიონები, იესოს მითითების თანახმად, „მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ მოინათლნენ (მათე 28:19). ‘მამის სახელით’ მონათვლა ნიშნავს, რომ იეჰოვასადმი მიძღვნილი ადამიანები ღმერთს თავიანთ ზეციერ მამად და სიცოცხლის მომცემად მიიჩნევენ და ემორჩილებიან მის უზენაეს ხელისუფლებას. ‘ძის სახელით’ მონათვლა კი იმის მაჩვენებელია, რომ ისინი იესოს თავიანთ გამომსყიდველად, წინამძღოლად და მეფედ აღიარებენ. მათ აგრეთვე თავიანთ ცხოვრებაში ღვთის სულიწმიდის, ანუ მოქმედი ძალის, როლიც ესმით. ეს კი ცხადყოფს, რომ ისინი ‘სულიწმიდის სახელითაც’ მოინათლნენ.

4. როგორ ინიშნებიან ქრისტიან მსახურებად?

4 მონათვლისას ახალი მოწაფეები იეჰოვა ღმერთის მსახურებად ინიშნებიან. ვინ ნიშნავს მათ? სინამდვილეში, მათზე ვრცელდება მე-2 კორინთელთა 3:5-ში ჩაწერილი სიტყვები: „ჩვენი [როგორც მსახურის] შეძლება ღმრთისაგან არის“ (სსგ). მათთვის არ არსებობს ამაზე დიდი პატივი, რომ თვით იეჰოვა ღმერთის მიერ იყვნენ დანიშნული! მონათვლის შემდეგ ისინი განაგრძობენ სულიერად ზრდას, როგორც „სახარების“ მქადაგებლები, სანამ ღვთის სულს ხელმძღვანელობის საშუალებას აძლევენ და ბიბლიის რჩევებს იყენებენ (მათე 24:14; საქმეები 9:31).

არა დემოკრატიული, არამედ თეოკრატიული დანიშვნა

5. ირჩევენ თუ არა ქრისტიან ზედამხედველებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს დემოკრატიული გზით? განმარტეთ.

5 აქტიური მსახურების მზარდი რიცხვის სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დახელოვნებული ზედამხედველების გულმოდგინე მეთვალყურეობა და სამსახურებრივი თანაშემწეების სათანადო დახმარებაა საჭირო (ფილიპელთა 1:1). როგორ ინიშნებიან ასეთი სულიერი მამაკაცები? ეს არ ხდება ქრისტიანულ სამყაროში მიღებული მეთოდების თანახმად. მაგალითად, ქრისტიან ზედამხედველს დემოკრატიული გზით არ ირჩევენ, ესე იგი, კრების წევრების ხმათა უმეტესობით არ ხდება მათი დანიშვნა. ნაცვლად ამისა, ისინი თეოკრატიული გზით ინიშნებიან. რას ნიშნავს ეს?

6. ა) რა არის ჭეშმარიტი თეოკრატია? ბ) რატომ არის ზედამხედველებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების დანიშვნა თეოკრატიული?

6 მარტივად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი თეოკრატია ღვთის მმართველობაა. იეჰოვას მოწმეები ნებაყოფლობით ემორჩილებიან ღვთის მმართველობას და იეჰოვას ნების შესასრულებლად ერთმანეთთან თანამშრომლობენ (ფსალმუნი 142:10; მათე 6:9, 10). ქრისტიანი ზედამხედველები ანუ უხუცესები და სამსახურებრივი თანაშემწეები თეოკრატიულად ინიშნებიან, ვინაიდან ასეთი პასუხისმგებელი მამაკაცებისთვის რეკომენდაციის გაწევა და დანიშვნა ღვთის მიერ დადგენილი იმ წესრიგის თანახმად ხდება, რომელიც საღვთო წერილშია მოცემული. როგორც ‘ყველაზე აღმატებულ მთავარს’, იეჰოვას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, განსაზღვროს, თუ როგორ მართოს თავისი ხილული ორგანიზაცია (პირველი ნეშტთა 29:11; ფსალმუნი 96:9).

7. როგორ ხდება იეჰოვას მოწმეებისთვის ხელმძღვანელობის გეწევა?

7 ქრისტიანული სამყაროს მრავალი რელიგიური დაჯგუფებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები თავად არ წყვეტენ, თუ რა სახის რელიგიური სტრუქტურა ჰქონდეთ. ეს გულწრფელი ქრისტიანები იეჰოვას ნორმების დაცვას ცდილობენ. მათი ზედამხედველების დანიშვნა კონგრეგაციული, იერარქიული ან პრესვიტერიანული სახის საეკლესიო მმართველობით არ ხდება. თუ წუთისოფლიდან ვინმე ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით მოწმეების საქმეებში ჩარევას, იეჰოვას ხალხი კომპრომისზე არ მიდის. ისინი მტკიცედ ინარჩუნებენ პოზიციას, რომელიც კარგად გამოხატეს პირველი საუკუნის მოციქულებმა: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29). ამგვარად, იეჰოვას მოწმეები ყველაფერში ღმერთს ემორჩილებიან (ებრაელთა 12:9; იაკობი 4:7). თეოკრატიის დაცვით კი ისინი ღვთის მოწონებას იმსახურებენ.

8. რით განსხვავდება ერთმანეთისგან დემოკრატია და თეოკრატია?

8 როგორც დიდებული თეოკრატის, იეჰოვას, მსახურებს, კარგი იქნებოდა, გვხსომებოდა ის განსხვავება, რომელიც დემოკრატიასა და თეოკრატიას შორის არსებობს. დემოკრატია თანასწორობას მოითხოვს და ხშირად გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნა არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მიხედვით ხდება. თეოკრატიული დანიშვნები ასე არ ხდება. ასეთი დანიშვნები ადამიანისგან არ არის; ამას არც რომელიმე უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანიზაცია აკეთებს. როგორც ჩანს, გალატელთა მიმართ წერილში პავლე მიუთითებდა იმაზე, რომ იესომ და იეჰოვამ დანიშნეს ‘წარმართთა მოციქულად’ და აღნიშნავდა, რომ მისი დანიშვნა იყო „არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტეს და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი“ (რომაელთა 11:13; გალატელთა 1:1).

სულიწმიდით დანიშვნა

9. რა არის ნათქვამი საქმეების 20:28-ში ქრისტიანი ზედამხედველების დანიშვნასთან დაკავშირებით?

9 პავლემ ეფესელ ზედამხედველებს შეახსენა, რომ ისინი ღვთის მიერ სულიწმიდით იყვნენ დანიშნული. მან თქვა: «გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი [„ძის“, აქ] სისხლით შეიძინა» (საქმეები 20:28). იმ ქრისტიანი ზედამხედველებისთვის აუცილებელი იყო, ღვთის სამწყსოს მწყემსვისას განეგრძოთ სულიწმიდის ხელმძღვანელობისადმი მორჩილება. თუ დანიშნული მამაკაცი აღარ შეესაბამებოდა ღვთის ნორმებს, დროთა განმავლობაში სულიწმიდა ისე უხელმძღვანელებდა სიტუაციას, რომ ეს პიროვნება ჩამოშორებოდა ამ დანიშნულებას.

10. როგორ ასრულებს სულიწმიდა მთავარ როლს თეოკრატიულ დანიშვნებში?

10 როგორ ასრულებს სულიწმიდა ასეთ მთავარ როლს? პირველ რიგში იმით, რომ ჩანაწერები იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც სულიერი ზედამხედლობისთვისაა საჭირო, სულიწმიდის ინსპირაციითაა გაკეთებული. ტიმოთესა და ტიტესთვის მიწერილ წერილებში პავლემ ზოგადად მოხაზა ის ნორმები, რომლებსაც ზედამხედველები და სამსახურებრივი თანაშემწეები უნდა შეესაბამებოდნენ. მან, მთლიანობაში, 16 მოთხოვნა მოიხსენია. მაგალითად, ზედამხედველი უნდა ყოფილიყო: უმწიკვლო, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, დამმოძღვრავი და ოჯახის სამაგალითო უფროსი, ზომიერი ალკოჰოლური სასმელების სმაში, და არა ფულის მოყვარული, აგრეთვე უნდა გამოევლინა თავშეკავება. მსგავსად ამისა, მაღალი ნორმების დაცვა მოეთხოვებოდათ სამსახურებრივ თანაშემწეებად დანიშვნის მსურველებსაც (1 ტიმოთე 3:1—10, 12, 13; ტიტე 1:5—9).

11. რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს მამაკაცი, რომელიც კრებაში ზედამხედველობისკენ ისწრაფვის?

11 იეჰოვას თაყვანისმცემლობაში ხელმძღვანელი პირებისთვის წაყენებული ზემოთ მოყვანილი მოთხოვნების განხილვა ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ქრისტიანულ ქცევებში სამაგალითონი უნდა იყვნენ. მამაკაცმა, რომელიც კრებაში პასუხისმგებლობისკენ ისწრაფის, უნდა ცხადყოს, რომ მის მოქმედებებს სულიწმიდა ხელმძღვანელობს (2 ტიმოთე 1:14). ცხადი უნდა იყოს, რომ ამ მამაკაცში სულიწმიდას გამოაქვს ისეთი ნაყოფები, როგორიცაა: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23). ასეთი ნაყოფები თანამორწმუნეებთან და სხვებთან ურთიერთობაში უნდა ვლინდებოდეს. რა თქმა უნდა, ვინმე შეიძლება უკეთესად ავლენდეს რომელიმე ნაყოფს, მაშინ როდესაც სხვა შეიძლება ზედამხედველისთვის საჭირო სხვა თვისებას ავლენდეს უფრო მეტად. მაგრამ მთლიანობაში იმ ადამიანთა ცხოვრება, რომლებსაც ზედამხედველებად და სამსახურებრივ თანაშემწეებად დანიშვნის იმედი აქვთ, უნდა ცხადყოფდეს, რომ ისინი სულიერი მამაკაცები არიან და ღვთის სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს შეესაბამებიან.

12. ვისზე შეიძლება ითქვას, რომ სულიწმიდით ინიშნება?

12 როდესაც პავლე სხვებს მოუწოდებდა, მე მომბაძეთო, მოციქულს თავისუფლად იმიტომ შეეძლო ამის თქმა, რომ თავად ჰბაძავდა იესო ქრისტეს, რომელმაც ‘მაგალითი დაგვიტოვა, რათა მის კვალს მივყვეთ’ (1 პეტრე 2:21; 1 კორინთელთა 11:1). ამგვარად, მამაკაცები, რომლებიც დანიშვნისას ზედამხედველებისა და სამსახურებრივი თანაშემწეებისთვის წაყენებულ ბიბლიურ მოთხოვნებს შეესაბამებიან, შეიძლება ითქვას, რომ სულიწმიდით ინიშნებიან.

13. როგორ ეხმარება სულიწმიდა იმ მამაკაცებს, რომლებიც კრებაში მსახურებისთვის სხვა ძმებს უწევენ რეკომენდაციას?

13 არსებობს კიდევ სხვა ფაქტორი, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ უძღვება სულიწმიდა ზედამხედველებისთვის რეკომენდაციის გაწევასა და დანიშვნას. იესომ თქვა, რომ ‘ზეციერი მამა აძლევს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს’ (ლუკა 11:13). ასე რომ, როდესაც ადგილობრივი კრების უხუცესები იკრიბებიან, რათა კრებაში რაიმე პასუხისმგებლობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაუწიონ ვინმეს, ისინი ლოცულობენ, რომ სულიწმიდამ უხელმძღვანელოს. ეს მამაკაცები რეკომენდაციის საფუძვლად ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვას იყენებენ და სულიწმიდა მათ საშუალებას აძლევს, განსაზღვრონ, შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ პასუხისმგებლობაზე რეკომენდებული ესა თუ ის პიროვნება ბიბლიურ მოთხოვნებს. რეკომენდაციის მიცემაზე, რა თქმა უნდა, გავლენას არ უნდა ახდენდეს გარეგნობა, განათლება ან ბუნებრივი მონაცემები. ისინი ყურადღებას იმაზე უნდა ამახვილებდნენ, არის თუ არა ის სულიერი მამაკაცი, ვისაც კრების წევრები თავისუფლად მიმართავენ სულიერი დახმარებისათვის.

14. რას ვსწავლობთ საქმეების 6:1—3-დან?

14 თუმცა უხუცესთა საბჭო მიმომსვლელ ზედამხედველთან უწევს რეკომენდაციას ძმებს, რათა მათ უხუცესებად თუ სამსახურებრივ თანაშემწეებად იმსახურონ, ფაქტობრივად, დანიშვნა პირველ საუკუნეში დატოვებული ნიმუშის მიხედვით ხდება. ერთხელ შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ სულიერ და გამოცდილ მამაკაცებს ერთი მნიშვნელოვანი დავალება შეესრულებინათ. ხელმძღვანელმა საბჭომ მათ შემდეგი დარიგება მისცა: „ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე“ (საქმეები 6:1—3). რეკომენდაცია ამ ძმებს ადგილობრივმა ძმებმა მისცეს, მაგრამ იერუსალიმელმა პასუხისმგებელმა ძმებმა დანიშნეს. მსგავს მაგალითს მივყვებით დღესაც.

15. როგორ იღებს ხელმძღვანელი საბჭო დანიშვნაში მონაწილეობას?

15 იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო ნიშნავს უშუალოდ ფილიალის კომიტეტის ყველა წევრს. როდესაც წყვეტს, თუ ვის შეიძლება მიენდოს ასეთი დიდი პასუხისმგებლობა, ხელმძღვანელი საბჭო ითვალისწინებს იესოს განაცხადს: „ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა 12:48). ფილიალის კომიტეტის წევრთა დანიშვნის გარდა, ხელმძღვანელი საბჭო ბეთელის უხუცესებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებსაც ნიშნავს. მაგრამ სხვა გარკვეულ დანიშვნებზე ვალდებულებას ისინი ამ პასუხისმგებელ ძმებს ანდობენ. ამისთვისაც არსებობს ბიბლიური პრეცედენტი.

‘დააყენე უხუცესები, როგორც მე დაგავალე’

16. რატომ დატოვა პავლემ ტიტე კრეტაზე და რას ცხადყოფს ეს დღევანდელ თეოკრატიულ დანიშვნებთან დაკავშირებით?

16 პავლემ თავის თანამსახურ ტიტეს უთხრა: „იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე“ (ტიტე 1:5). შემდეგ პავლემ ჩამოთვალა თვისებები, რომლებისთვისაც ტიტეს უნდა მიექცია ყურადღება უხუცესობისთვის შესაფერის მამაკაცებში. ამიტომ დღეს ხელმძღვანელი საბჭო ფილიალებში ნიშნავს გამოცდილ ძმებს, რომლებიც უხუცესებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების დანიშვნის საკითხში ხელმძღვანელი საბჭოს წარმომადგენლები არიან. ხელმძღვანელი საბჭო ზრუნავს იმაზე, რომ მის წარმომადგენლად მომსახურე ძმებს ნათლად ესმოდეთ ასეთ დანიშვნებთან დაკავშირებული ბიბლიური მითითებები და მიჰყვებოდნენ მათ. მაშასადამე, ხელმძღვანელი საბჭოს ხელმძღვანელობით ხდება მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებებში დახელოვნებული მამაკაცების დანიშვნა.

17. როგორ წყვეტს ფილიალი ზედამხედველებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების დანიშვნის საკითხს?

17 როდესაც ზედამხედველებისა თუ სამსახურებრივი თანაშემწეების დანიშვნასთან დაკავშირებით რეკომენდაცია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში მიდის, გამოცდილი მამაკაცები ვინმეს დანიშვნისას ღვთის სულის ხელმძღვანელობაზე არიან დანდობილი. ეს მამაკაცები პასუხისმგებლობას გრძნობენ და ესმით, რომ ნაჩქარევად არ უნდა დაადონ ნებისმიერ მამაკაცს ხელი და, ამგვარად, მათი ცოდვების მოზიარე არ გახდნენ (1 ტიმოთე 5:22).

18, 19. ა) როგორ ხდება გარკვეული დანიშნულებების გაგზავნა? ბ) როგორ მიმდინარეობას რეკომენდაციის გაწევისა და დანიშვნის მთელი პროცესი?

18 გარკვეული დანიშნულებები შეიძლება ოფიციალური შტამპიანი წერილებით გაიგზავნოს იურიდიული ორგანოდან. ასეთი წერილით შეიძლება ერთ რომელიმე კრებაში მყოფი რამდენიმე ძმის დანიშნულებაც გაიგზავნოს.

19 თეოკრატიული დანიშვნები იეჰოვასგან, თავისი ძისა და ხილული მიწიერი არხის — „ერთგული და გონიერი მონისა“ და მისი ხელმძღვანელი საბჭოს — მეშვეობით ხდება (მათე 24:45—47). რეკომენდაციის გაწევისა და დანიშვნის მთელი ეს პროცედურა სულიწმიდის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ეს ასეა, რადგან დანიშვნისთვის საჭირო მოთხოვნები სულიწმიდის შთაგონებით დაწერილ ღვთის სიტყვაშია მოცემული, დანიშნული პირები კი ამ სულის ნაყოფებს ავლენენ. ამიტომ ეს დანიშნულებები უნდა მივიღოთ როგორც ღვთის სულიწმიდის მოქმედების შედეგი. როგორც პირველ საუკუნეში ხდებოდა თეოკრატიულად ზედამხედველებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების დანიშვნა, სწორედ ასე ხდება დღესაც.

იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის მადლიერნი

20. რატომ ვიზიარებთ დავითის გრძნობებს, რომლებიც ფსალმუნის 132:1-შია გამოხატული?

20 დღეს, სულიერი კეთილდღეობისა და სამეფოს შესახებ ქადაგების თეოკრატიული ზრდის პერიოდში, დიდად მადლიერები ვართ იმისათვის, რომ უშუალოდ იეჰოვას მეშვეობით ხდება ზედამხედველებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების დანიშვნა. ეს ბიბლიური ღონისძიება გვეხმარება ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, სამართლიანობის ღვთის მაღალი ნორმების შენარჩუნებაში. გარდა ამისა, ამ მამაკაცების ქრისტიანული სული და მონდომება დიდად უწყობს ხელს იეჰოვას მსახურებს შორის არსებულ შესანიშნავ მშვიდობასა და ერთიანობას. ამიტომ, ფსალმუნმომღერალ დავითის მსგავსად, ჩვენც აღძრული ვართ, ვთქვათ: „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალმუნი 132:1).

21. როგორ სრულდება დღეს ესაიას 60:17?

21 ო, რა მადლიერები ვართ იეჰოვასი თავისი სიტყვითა და სულიწმიდით ხელმძღვანელობისთვის! მართლაც რომ ბევრის მომცველია ესაიას 60:17-ში ჩაწერილი სიტყვები: „სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“. იეჰოვას მოწმეებს შორის უფრო და უფრო სრულად ინერგება თეოკრატიული მეთოდები, რის გამოც ღვთის მთელი მიწიერი ორგანიზაცია ესოდენ კურთხეულია.

22. რისთვის ვართ მადლიერნი და რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?

22 დიდად მადლიერნი ვართ იმისათვის, რომ ჩვენს ორგანიზაციაში თეოკრატიული ღონისძიებები ტარდება. აგრეთვე დიდად ვაფასებთ თეოკრატიულად დანიშნული ზედამხედველებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების მძიმე, მაგრამ სასიამოვნო შრომას. მთელი გულით განვადიდებთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, რომელმაც სულიერი კეთილდღეობა გვიბოძა და ასე უხვად გვაკურთხა (იგავნი 10:22). ამიტომ მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ იეჰოვას ორგანიზაციას. განვაგრძოთ გაერთიანებულად მსახურება და ერთობლივად პატივი მივაგოთ, განვადიდოთ და ხოტბა შევასხათ იეჰოვას დიდებულ და წმინდა სახელს.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ზედამხედველებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების დანიშვნა თეოკრატიული გზით ხდება და არა დემოკრატიულით?

• როგორ ინიშნებიან პასუხისმგებელი ქრისტიანი მამაკაცები სულიწმიდით?

• როგორ ხდება ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ზედამხედველებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების დანიშვნა?

• რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვას მიმართ მადლიერნი თეოკრატიული დანიშვნების გამო?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 15 გვერდზე]

უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს თეოკრატიული დანიშნულებით მსახურების პატივი აქვთ.