არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სოციალური ქსელები ოთხი აუცილებელი შეკითხვა

სოციალური ქსელები ოთხი აუცილებელი შეკითხვა

სოციალური ქსელები ოთხი აუცილებელი შეკითხვა

ინტერნეტით სარგებლობისას არაერთი რეალური საფრთხე არსებობს. იმავეს თქმა შეიძლება სოციალურ ქსელებზეც. რა საფრთხეებზეა საუბარი და როგორ შეიძლება მათი თავიდან არიდება? * ვიმსჯელოთ ოთხ კითხვაზე.

1 როგორ მოქმედებს სოციალური ქსელი ჩემს უსაფრთხოებაზე?

„ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია, ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა“ (იგავები 10:19).

რა უნდა იცოდეთ. თუ ფრთხილად არ იქნებით, თქვენი პირადი მონაცემებით, ფოტოებით, სტატუსით (მოკლე შეტყობინება, რომელსაც ყველა ხედავს, ვინც მეგობრების სიაში გყავთ) და კომენტარებით შეიძლება სხვებმა ბევრი რამ გაიგონ თქვენ შესახებ, მაგალითად, სად ცხოვრობთ, როდის ხართ ან როდის არა ხართ სახლში, სად მუშაობთ ან რომელ სკოლაში სწავლობთ. თქვენი სახლის მისამართი და ისეთი მოკლე კომენტარი, როგორიცაა „ხვალ დასასვენებლად მივდივართ!“, ქურდებს ერთგვარ სიგნალს აძლევს.

თუ თაღლითებს ხელში ჩაუვარდათ თქვენი იმეილი, დაბადების თარიღი ან ტელეფონის ნომერი, შეიძლება მოსვენება აღარ მოგცენ, დაგაშინონ ან პირადი ინფორმაცია მოგპარონ. სამწუხაროდ, ბევრი უგულებელყოფს ამგვარ საშიშროებებს და თავისუფლად წერს პირად ინფორმაციას სოციალურ ქსელებში.

ბევრს ავიწყდება ისიც, რომ, რასაც ერთხელ ათავსებს ინტერნეტში, ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის ინფორმაციას „მხოლოდ მეგობრებისთვის“ დებს საიტზე, ძნელია იმის გაკონტროლება, როგორ გამოიყენებენ მისი მეგობრები ამ ინფორმაციას. ერთი რამ ყველამ უნდა ვიცოდეთ: ყველაფერი, რაც სოციალურ ქსელში იდება, ადვილად შეიძლება გახდეს საჯარო.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ. კარგად გაეცანით სოციალური ქსელების იმ პარამეტრებს, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებას უწყობს ხელს და გამოიყენეთ. თქვენი სტატუსი და ფოტოები მხოლოდ იმ ადამიანებისთვის გახადეთ ხელმისაწვდომი, ვისაც იცნობთ და ენდობით.

გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიუხედავად, ის, რასაც თქვენს გვერდზე დებთ, შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, ვიდრე თქვენ გგონიათ. სისტემატურად ამოწმეთ თქვენი გვერდი და ნახეთ, რაიმე ისეთი ხომ არ გიწერიათ იქ, რითაც უპატიოსნო ადამიანები დაადგენენ თქვენს კოორდინატებს ან მოგპარავენ პირად ინფორმაციას. მეგობრებისთვისაც კი არ დადოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენს ან სხვის უსაფრთხოებას შეუქმნიდა საშიშროებას (იგავები 11:13). თუ რაიმე დელიკატურ საკითხზე გსურთ საუბარი, სხვა საკომუნიკაციო საშუალებას მიმართეთ. ახალგაზრდა ქალი კამერონი ამბობს: „პირადულ საკითხებზე ტელეფონით საუბარი შედარებით უსაფრთხოა“.

დასკვნა. ერთი ქალბატონი, კიმი, ასეთ დასკვნას აკეთებს: „თუ ყურადღებით ეკიდები იმას, რასაც აკეთებ, შეძლებ უსაფრთხოების პარამეტრების დაცვას სოციალურ ქსელში. პრობლემები არ შეგექმნება, თუ ამ ზომებს დაიცავ“.

2 რამდენი დრო მიაქვს?

„დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

რა უნდა იცოდეთ. სოციალურ ქსელებს ბევრი დრო მიაქვს და შეიძლება მნიშვნელოვანი საქმეებიდან მოგწყვიტოთ. ქალბატონი, სახელად კეი, ასეთ რამეს გვეუბნება: „რაც მეტი ადამიანი გყავს სიაში, მით მეტ დროს ატარებ სოციალურ ქსელებში და უფრო მეტადაც ხდები ამ ქსელზე დამოკიდებული“. მოდი, იმათაც მოვუსმინოთ, ვინც სოციალური ქსელების ხაფანგში გაება.

„მართლა ძნელია ქსელიდან გამოსვლა, თუნდაც არ იყო ამის დიდი მოყვარული. თითქოს რაღაც მანიასავითაა“ (ელიზი).

„იქ ბევრი რამეა — თამაშები, ტესტები, მუსიკის ფან-გვერდები, რომ აღარაფერი ვთქვათ, თითოეული მეგობრის პროფილების დათვალიერებაზე“ (ბლეინი).

„მორევივით გითრევს, თან ამას მანამ ვერ ხვდები, სანამ დედა არ დაგადგება თავზე და არ გეტყვის, რატომ არ დარეცხეო ჭურჭელი“ (ანა).

„ერთი სული მქონდა სკოლიდან სახლში როდის მივიდოდი, რომ მენახა, ვინ შემეხმიანა. შემდეგ ყველა მათგანისთვის უნდა მეპასუხა და დამეთვალიერებინა მათი ახალი სურათები. ინტერნეტში რომ ვიყავი, სულ ცუდ ხასიათზე ვდგებოდი ხოლმე და თუ ვინმე ამ დროს ხელს შემიშლიდა, ამაზე ხო საერთოდ ვგიჟდებოდი. ზოგიერთი ჩემი ნაცნობი 24 საათი ქსელშია, სტუმრად რომ მიდიან ვინმესთან მაშინაც, თანაც შუაღამემდე უზიან სხვის სახლებში კომპიუტერებს“ (მეგანი).

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ. დრო ისეთი ძვირფასი რამეა, რასაც ადამიანი უაზროდ არ უნდა ფლანგავდეს. როგორც ფულის ხარჯვას სჭირდება დაგეგმვა, ისევე დროის ხარჯვასაც სჭირდება კარგი გეგმის შედგენა. პირველ რიგში დაწერეთ, რა დროის დათმობა იქნებოდა გონივრული სოციალური ქსელებისთვის. ერთი თვის მერე გადახედეთ, რამდენად ასრულებთ პირობას. თუ საჭიროა, შეცვალეთ რამე.

თუ მშობელი ხართ და თქვენი მოზარდი შვილები ძალიან ბევრ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში, გაარკვიეთ, რა არის სინამდვილეში ამის მიზეზი. ნენსი უილარდი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელებით მეტისმეტი გატაცება შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ მოზარდს რაღაც აწუხებდეს, სტრესი ჰქონდეს ან უღირსობის გრძნობას ებრძოდეს. ის ამბობს: „ბევრ მოზარდს ძალიან აღელვებს ის, თუ როგორ მოიპოვოს და შეინარჩუნოს თავისი ადგილი საზოგადოებაში. თუ ის თვლის, რომ მის რეპუტაციას სოციალურ ქსელში მისი ურთიერთობები განსაზღვრავს, უნდა თუ არ უნდა, მთლიანად მასზე ხდება დამოკიდებული“ (Cyber-Safe Kids, Cyber-Savvy Teens).

არასოდეს დაუშვათ, რომ სოციალურმა ქსელებმა ან ინტერნეტში რაიმე საქმემ, ხელი შეგიშალოთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. ერთი მწერალი, დონ ტაპსკოტი, თავის წიგნში წერს: „სასაცილოა, მაგრამ ინტერნეტი ხელს გიწყობთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, თუ ისინი შორს ცხოვრობენ ან დროებით სხვაგან იმყოფებიან, მაგრამ ხელს გიშლით მათთან ურთიერთობაში, თუ ისინი თქვენ გვერდით არიან“ (Grown Up Digital).

დასკვნა. ახალგაზრდა ემილი ამბობს: „მე ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელი ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანებთან დასაკავშირებლად. მაგრამ, როგორც ყველაფერში, აქაც უნდა იცოდე, როდის გაჩერდე“.

3 როგორ მოქმედებს ჩემს რეპუტაციაზე?

„კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია“ (იგავები 22:1).

რა უნდა იცოდეთ. ის, რასაც სოციალურ ქსელში დებთ, თქვენზე გარკვეულ წარმოდგენას უქმნის სხვა ადამიანებს და არ იფიქროთ, რომ ამას ნებისმიერ დროს იოლად წაშლით (იგავები 20:11; მათე 7:17). ბევრს ავიწყდება ინტერნეტთან დაკავშირებული რეალური საფრთხეები. ახალგაზრდა ქალი, სახელად რაკელი, ასეთ რამეს შენიშნავს: «ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როცა ვინმე სოციალურ ქსელში შედის, განსჯის უნარს „გარეთ ტოვებს“. ისეთ რამეებს ამბობენ იქ, რასაც სხვა დროს არ იტყოდნენ. ზოგი იმდენსაც ვერ ხვდება, რომ ერთმა არასასიამოვნო კომენტარმა შეიძლება საერთოდ ხაზი გადაუსვას მის კარგ რეპუტაციას».

სოციალურ ქსელში შელახულმა რეპუტაციამ შეიძლება ისეთი პრობლემები შეგიქმნათ, რომლის მოგვარებასაც წლები დასჭირდეს. დონ ტაპსკოტის წიგნში ასეთ აზრსაც ვკითხულობთ: „ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ვინმე კარგავს სამუშაოს ან უარს ეუბნებიან ახალ სამუშაოზე სოციალურ ქსელში დადებული მისი კომენტარის ან ფოტოს გამო“.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ. შედით სოციალურ ქსელში თქვენს გვერდზე და მას სხვისი თვალით შეხედეთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: «ასეთად მინდა, რომ მიცნობდნენ? ვინმემ რომ ჩემი ფოტოების მიხედვით შემაფასოს, როგორ დამახასიათებს: „ფლირტის მოყვარული“, „სექსუალური“ თუ „ცანცარა“. ვისურვებდი, რომ მომავალ დამსაქმებელს ასეთ პიროვნებად გავეცანი? უსვამს ხაზს ეს სურათები ჩემს ღირსებებს?».

თუ ახალგაზრდა ხართ, დაფიქრდით ასეთ რამეზე: „რა რეაქცია მექნება, თუ ჩემს გვერდს მშობლები, მასწავლებლები და ის ადამიანები ნახავენ, ვისაც პატივს ვცემ და ვაფასებ? ხომ არ გავწითლდები“?

დასკვნა. როდესაც საქმე თქვენს რეპუტაციას ეხება, გახსოვდეთ პავლე მოციქულის სიტყვები: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

4 ვისთან მიწევს „მეგობრობა“?

„ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).

რა უნდა იცოდეთ. მეგობრები გავლენას ახდენენ თქვენს აზროვნებასა და მოქმედებაზე (1 კორინთელები 15:33). ამიტომ კარგად უნდა შეარჩიოთ, ვისთან აპირებთ სოციალურ ქსელში დამეგობრებას. ზოგს ათობით და ასობით ისეთი ადამიანი ჰყავს დამატებული „მეგობრების სიაში“, რომლებსაც ან ძალიან ცუდად იცნობს ან საერთოდ არ იცნობს. ბევრი მიხვდა, რომ მათგან ყველა არ იყო ჯანსაღი საზოგადოება. ნახეთ, რას ამბობენ ზოგიერთები:

«თუ ადამიანი „მეგობრების სიაში“ ყველა პეტრეს და პავლეს იმატებს, პრობლემებში გაეხვევა» (ანა).

«„მეგობრების სიაში“ ბევრი ისეთებსაც იმატებს, ვისი დამატებაც არ უნდა, მაგრამ მათივე თქმით, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იმ ადამიანს არ აწყენინონ» (ლიანი).

„სოციალურ ქსელებში ურთიერთობა ჩვეულებრივი, პირადი ურთიერთობაა. ამიტომ ფრთხილად უნდა იყო, როცა ვინმეს მეგობრად ირჩევ“ (ალექსისი).

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ. დაადგინეთ ნორმები, რომელთა მიხედვითაც შეარჩევთ მეგობრებს. ზოგმა თავის თავს ასეთი საზღვრები დაუდგინა: *

„თუ ადამიანს ახლოს არ ვიცნობ, მეგობრებში არ ვიმატებ“ (ჯეინი).

„მარტო ისინი მყავს მეგობრებში, ვისაც დიდი ხანია ვიცნობ. უცხოებს არ ვიმატებ“ (მონიკა).

«„მეგობრების სიაში“ მხოლოდ იმათ ვიმატებ, ვისი ნორმებიც და შეხედულებებიც ჩემსას შეესაბამება» (რეი).

„თუ ისეთი ვინმე მთხოვს დამატებას, ვისაც არ ვიცნობ, უარს ვეუბნები და არ მიჭირს ამის გაკეთება, რადგან არ მინდა, ჩემს წესებს გადავუხვიო. ყველასთან, ვინც ქსელში მეგობრებში მყავს, ქსელის გარეთაც ვმეგობრობ“ (მარი).

„თუ ვინმე მიუღებელ სურათებს ან კომენტარებს დებს თავის გვერდზე, ერთი წამითაც არ ვფიქრდები, ისე ვშლი სიიდან. ასეთი სურათების დათვალიერებაც კი ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობად მიმაჩნია“ (კიმი).

„როდესაც სოციალურ ქსელს ვიყენებდი, მკაცრად ვიცავდი უსაფრთხოების პარამეტრებს. ჩემი მეგობრების მეგობრებს არ ვაძლევდი უფლებას, ენახათ ჩემი ფოტოები და კომენტარები; მხოლოდ ჩემს მეგობრებს შეეძლოთ მათი ნახვა. რა ვიცოდი მე, ვინ იყვნენ ჩემი მეგობრების მეგობრები ან რა რეპუტაცია ჰქონდათ“ (ჰეთერი).

დასკვნა. დოქტორი გუენ შურგენ ოკეფი თავის წიგნში ასეთ რამეს წერს: „საუკეთესო რჩევა ის არის, რომ დაუმეგობრდე მხოლოდ მათ, ვისაც იცნობ და ვისთანაც პირადი ურთიერთობა გაკავშირებს“ * (CyberSafe).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 „გამოიღვიძეთ!-ი“ არც მოგვიწოდებს სოციალური ქსელების გამოყენებისკენ და არც განსჯის მათ გამოყენებას. ქრისტიანები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ინტერნეტით სარგებლობისას ისეთს არაფერს გააკეთებენ, რითაც დაარღვევდნენ ბიბლიის პრინციპებს (1 ტიმოთე 1:5, 19).

^ აბზ. 35 ამ ჟურნალში სოციალური ქსელებით ჩვეულებრივ მეგობრობაზეა საუბარი და არა ბიზნეს-ურთიერთობებზე.

^ აბზ. 42 სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ 2011 წლის ივლისის (გვერდები 24—27) და აგვისტოს (გვერდები 10—13) „გამოიღვიძეთ!“-ის ნომრები.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

გამოსვლა არ დაგავიწყდეთ!

თუ თქვენს გვერდს ღიას დატოვებთ, ადვილი შესაძლებელია, რომ იქ სხვებმა რამე განათავსონ. როგორც ერთი იურისტი, რობერტ უილსონი, ამბობს, „ეს იმის მსგავსია, რომ შუა ქუჩაში საფულე ან მობილური ტელეფონი დააგდო. ყველას შეუძლია დაჯდეს, გადაქექოს შენი გვერდი და რაც უნდა, ის დაამატოს“. ბატონი რობერტი გვირჩევს: „დარწმუნდი რომ ქსელიდან გამოსული ხარ“.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

აუტკივარი თავის ატკივება

ერთი ჟურნალის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სოციალური ქსელის ბევრი მომხმარებელი „შეიძლება ბინის გაძარცვის ან პირადი ინფორმაციის მოპარვის საფრთხის წინაშე დადგეს, ან ვინმეს სათვალთვალო ობიექტად იქცეს. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა 15  პროცენტს ქსელში განთავსებული აქვს თავისი ბინის მისამართი ან სამოგზაურო გეგმა; 34 პროცენტს უწერია დაბადების თარიღი; 21-მა პროცენტმა კი თავიანთი შვილების სახელები და ფოტოები განათავსა საიტზე“ (Consumer Reports).