არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„პრეზიდენტობის შემდეგ განსაკუთრებით ვგრძნობ ლოცვის აუცილებლობას“ (ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა).

არგენტინაში 10-დან 24 წლამდე გამოკითხულთა 56-მა პროცენტმა კითხვაზე, თუ რით აჩვენებდნენ, რომ ამაყობდნენ თავიანთი ეროვნებით, უპასუხეს, რომ ამის საუკეთესო საშუალება ეროვნული ფეხბურთის გუნდის მაისურების ტარება იყო (LA NACIÓN, არგენტინა).

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, „წარმოებული საკვები პროდუქტების ერთი მესამედი ან იკარგება ან იყრება. საუბარია 1,3 მილიარდ ტონა საკვებზე წელიწადში“ (FOOD AND AGRICULTURE ORGANIZATION OF THE UNITED NATIONS, იტალია).

„მთელი პლანეტა მოიცვა ომების ხმებმა და ცნობებმა ომების შესახებ. ამიტომ ჩვენი სამშობლოს ჯარები მუდამ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რათა დაიცვან გარეშე ძალებისგან ხალხი და ყველაფერი, რასაც ეკლესია და რუსი ხალხი წმინდად მიიჩნევს“ (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი კირილე).

გერმანიის სადაზღვევო კომპანიის მონაცემებით, 2010 წელს საგზაო შემთხვევების უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა დილის 7-დან 8 საათამდე. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საგზაო შემთხვევების პრევენციის კუთხით, ის არის, რომ მოსახლეობამ საკმარისი დრო გამოყოს დილით სამსახურამდე მისასვლელად“, — აცხადებს კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი (PRESSEPORTAL, გერმანია).

მალაიზიის ახალგაზრდა წინამძღოლები

მალაიზიაში გაიმართა სატელევიზიო კონკურსი, რომელსაც უნდა გამოევლინა საუკეთესო იმამი ანუ იგივე მუსულმანთა სასულიერო ლიდერი. კონკურსის, სათაურით „იმამ მუდა“ ანუ „ახალგაზრდა წინამძღოლი“, გადაღება მიმდინარეობდა მალაიზიის დედაქალაქში, კუალა-ლუმპურში. სხვადასხვა წარმომავლობის მონაწილეები, რომელთა ასაკიც 18-დან 27-წლამდე მერყეობდა, ერთმანეთის მიყოლებით ეთიშებოდნენ თამაშს. ბოლოს დარჩა ერთი. გამარჯვებულს გადაეცა ფულადი პრიზი, ახალი ავტომობილი და ამასთან, იმამის „თანამდებობა“. ასევე ფინანსური მხარდაჭერა, წასულიყო მექაში მოსალოცად. დაბოლოს, შეეძლო უფასოდ ესწავლა საუდის არაბეთში. კონკურსანტებს უნდა შეესრულებინათ იმამის მოვალეობანი, გაემართათ დებატები რელიგიურ თემებზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, ამასთან, მსჯელობისას უნდა მოეყვანათ ციტატები ყურანიდან. შოუს ავტორმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო „ახალგაზრდების დაინტერესება“ ისლამით.

ონლაინ-დაუდევრობა

სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი უყურადღებოდ ეკიდება იმ შესაძლო უარყოფით შედეგებს, რაც მათი პირადი ინფორმაციის განთავსებას მოჰყვება ინტერნეტში. დიახ, ამან შეიძლება დღეს თუ არა ხვალ მაინც შეგიქმნათ რაიმე საფრთხე. ავსტრალიაში გამომავალ ერთ გაზეთში დაიბეჭდა ერთი სკოლის დირექტორის, ტიმოთი რაიტის, ინტერვიუ. რაიტის თქმით, «თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით დაუფიქრებელი საუბრები, ცილისწამება, შეუფერებელი ფოტოები და ვინმეს პირადი ინფორმაციის სახალხოდ „გამოფენა“ ადვილი ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, ვინც სარგებლობს ამ ტექნოლოგიებით. თანაც თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, რაც ერთხელ იდება ინტერნეტში, სამუდამოდ რჩება იქ». ეს იმას ნიშნავს, რომ „15 წლის ასაკში დაშვებული შეცდომა შეიძლება დამსაქმებელმა 10 წლის შემდეგ ნახოს და გაგიხსენოს“ (Sydney Morning Herald).