არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინტერნეტ-თაღლითობა თქვენც ხომ არ გემუქრებათ საფრთხე?

ინტერნეტ-თაღლითობა თქვენც ხომ არ გემუქრებათ საფრთხე?

ინტერნეტ-თაღლითობა თქვენც ხომ არ გემუქრებათ საფრთხე?

პენსიაში გასულმა მასწავლებელმა, რომელსაც სახელად უილიამი ჰქვია და რომელიც შეერთებულ შტატებში, ფლორიდაში ცხოვრობს, ერთხელ იმეილი მიიღო; უილიამს ეგონა, რომ წერილი ინტერნეტ პროვაიდერისგან იყო მოსული. წერილში ეწერა, რომ ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ სადღაც დაკარგულიყო. უილიამმა შეავსო თანდართული ბლანკი და უკან გააგზავნა იმავე მისამართზე. მან არც კი იცოდა, რომ მისი პირადი მონაცემები ნიუ-იორკში, კუინზში მცხოვრები ბოროტმოქმედის, შივას, ხელში მოხვდა. მეორე დღეს შივამ უილიამის საკრედიტო ბარათის ნომრით ინტერნეტ მაღაზიაში ძვირადღირებული პრინტერი შეიძინა. იმეილი, რომელიც უილიამმა მიიღო, იყო იმ 100 000 იმეილიდან ერთ-ერთი, რომელიც შივამ დააგზავნა სხვადასხვა მისამართზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაახლოებით ასი ადამიანი გაება მის მახეში.

კუინზლენდში (ავსტრალია) მცხოვრებმა 56 წლის ქალმა ინტერნეტით რომანტიკული ურთიერთობა გააბა მამაკაცთან, რომელზეც იცოდა, რომ ბრიტანელი ინჟინერი იყო. მან 47 000 დოლარი გადაურიცხა ამ მამაკაცს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ თურმე ის 27 წლის ნიგერიელი აფერისტი ყოფილა. *

საუბედუროდ, ინტერნეტ თაღლითობა დღეს უკვე ჩვეულებრივი რამ გახდა. შეერთებულ შტატებში გამომავალი ერთ-ერთი ჟურნალის 2010 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ეწერა: «ინტერნეტით ქურდობამ საოცრად დიდ მასშტაბებს მიაღწია, მომხმარებლებმა მილიარდობით დოლარის ზარალი განიცადეს. გასული წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანწილად გაიზარდა ვირუსების „თავდასხმათა“ რიცხვი. ეს „თავდასხმები“ შეერთებული შტატების მოსახლეობის 40 პროცენტს შეეხო. მრავალმა ადამიანმა გამოთქვა შეშფოთება „ვირუსების შემოტევის“ თაობაზე» (Consumer Reports). რა მეთოდებით შეიძლება თავის დაცვა? მოდი, ჯერ იმაზე ვისაუბროთ, როგორ მოქმედებენ თაღლითები.

თაღლითების ხერხები

ინტერნეტში ბევრი გაიძვერული მაქინაცია ელ-ფოსტის მეშვეობით ხდება. წერილი, რომელიც უილიამმა მიიღო, „ფიშინგ წერილის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ის თევზის სატყუარასავით მოქმედებს და მისით თაღლითი ცდილობს, გამოსტყუოს სხვას პაროლი, საკრედიტო ბარათის ნომერი ან საბანკო ანგარიშის მონაცემები. ერთი შეხედვით სანდო და საიმედო გეჩვენება იმეილში მოხსენიებული ვებ-გვერდი, სინამდვილეში ამ იმეილით პირადი მონაცემები გადადის ყალბ ვებ-გვერდზე. ინტერნეტ-თაღლითებს შპიონური პროგრამებით შეუძლიათ ხელში ჩაიგდონ თქვენი იმეილი.

ზოგიერთ ასეთ ფიშინგ წერილს მონაცემების შეყვანის გარეშეც შეუძლია მოიპაროს თქვენი პირადი ინფორმაცია. იმეილის გახსნით შესაძლოა გაააქტიუროთ შპიონური პროგრამა. ასეთ პროგრამებს შეუძლია ჩაიწეროს თქვენი კომპიუტერული მონაცემები და თაღლითს საშუალება მისცეს, თვალი ადევნოს თქვენ აკრეფილ პაროლს და დაიმახსოვროს. სხვებს კი ყალბ საიტებზე გადაჰყავხართ. რა უნდა ქნათ, რომ არ გაებათ ასეთ მახეებში?

როგორ შეგიძლიათ თავის დაცვა

მოერიდეთ ისეთ იმეილებს, რომელიც საეჭვო ბმულებს შეიცავს. ზოგჯერ „ტროიანის“ ვირუსებს შეუძლია თქვენგან მალულად გზა მისცეს ინტერნეტ-თაღლითებს თქვენს კომპიუტერში საძრომიალოდ. მათთვის ამ დროს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს თქვენი პირადი ინფორმაციის მოპარვა. ფორუმები, პორნოგრაფიული საიტები, სოციალური ქსელები და ის ვებ-გვერდები, რომლებიც უცნობი წყაროებიდან გთავაზობენ პროგრამების გადმოტვირთვას, წარმოადგენენ თაღლითების „სამუშაო ადგილს“. სწორედ აქედან ახდენენ ისინი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას და აქვე ათავსებენ შპიონურ პროგრამებს. არასოდეს გამოეხმაუროთ ისეთ იმეილებს, რომლებიც არარეალურ მოგებებს გპირდებიან.

მიგიღიათ ელექტრონული ფოსტა წარწერით: „თქვენი კომპიუტერი საფრთხეშია! გნებავთ, დაიცვათ ის საფრთხისგან? დააწკაპუნეთ აქ!“ ან: „უფასო სქრინსეივერი, დააწკაპუნეთ აქ!“. თუკი დაეთანხმებით მოთხოვნას, გაააქტიურებთ შპიონურ პროგრამას.

ფრთხილად იყავით მაშინაც, როცა ინტერნეტში სამუშაოს ეძებთ. თაღლითები იყენებენ ყალბ საიტებს, რათა მიიღონ „რეგისტრაციის გადასახადები“ და სხვისი პირადი საფინანსო ანგარიში.

ინტერნეტ-ქურდები იმდენად მოხერხებულები არიან, რომ შეუძლიათ შეაღწიონ კომპანიის მონაცემთა ბაზაში და საფინანსო ორგანიზაციებიდანაც კი მოიპარონ მონაცემები. 2007 წლის იანვარში შეერთებულ შტატებში კრიმინალებმა გატეხეს მრავალი მაღაზიათა კომპლექსის კომპიუტერული სისტემა და მოიპოვეს მილიონობით მომხმარებლის ჩანაწერები, რომელთა შორისაც იყო ინფორმაცია საკრედიტო ბარათების შესახებ. ნიგერიაში ბანკომატიდან თანხა რომ მოეხსნათ, თაღლითებმა გატეხეს რამდენიმე ბანკის მონაცემთა ბაზა და მოიპარეს მილიონ-ნახევარი მომხმარებლის პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი. უკვე არსებობს შავი ონლაინ ბაზარი, სადაც თაღლითები და ჰაკერები ყიდიან მოპარული საკრედიტო ბარათების მონაცემებს და ზოგჯერ სრულ ინფორმაციას.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ გვაფრთხილებს, თუ რა საშიშროება შეიძლება მოჰყვეს ინტერნეტით რომანტიკული ურთიერთობების დაწყებას. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ 2005 წლის 8 მაისის (გვერდები 16—18) და 2005 წლის 8 ივნისის (გვერდები 12—14) ნომრები.

[ჩარჩო 11 გვერდზე]

ფიშინგ წერილი: ელექტრონული წერილი, რომელიც ადრესატს ეშმაკურად სთხოვს მითითებულ, ერთი შეხედვით სანდო, მაგრამ სინამდვილეში ყალბ ვებ-გვერდზე შეიყვანოს პაროლი, საკრედიტო ბარათის ნომერი ან საბანკო ანგარიშის ინფორმაცია

შპიონური პროგრამა: პროგრამა, რომელიც იწერს თქვენი კომპიუტერის მონაცემებს

„ტროიანის“ ვირუსი: პროგრამა, რომელიც აღწევს სისტემაში და აზიანებს კომპიუტერის პროგრამებს

[ჩარჩო/სურათები 12, 13 გვერდებზე]

ნუ გახდებით მსხვერპლი

თაღლითების მსხვერპლი რომ არ გახდეთ, დაიცავით შემდეგი უსაფრთხოების წესები:

1 ყოველთვის ჩართული გქონდეთ „ცეცხლოვანი კედელი“ (firewall) და რეგულარულად განაახლეთ ოპერაციული სისტემა, პროგრამები და ანტი-ვირუსი.

2 სისტემატურად გააკეთეთ ფაილების სარეზერვო ასლები და შეინახეთ უსაფრთხო ადგილას.

3 იყავით დაკვირვებული. სწრაფად ნუ ენდობით ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციას. იგავების 14:15 ამბობს: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“.

4 სულმა არ წაგძლიოთ (ლუკა 12:15). მოერიდეთ უფასო შემოთავაზებებს და იმ ვებ-გვერდებს, რომლებიც საოცრად დაბალ ფასებში გთავაზობენ პროდუქციას. ეს შეიძლება სატყუარა იყოს.

5 სიფრთხილით მოეკიდეთ „დაუპატიჟებელი სტუმრების“ მიერ გამოგზავნილ წერილებს, სწრაფ შეტყობინებებს, განსაკუთრებით თუ ისინი შეიცავენ ბმულებს ან ითხოვენ პირად ინფორმაციას და პაროლს (იგავები 11:15).

6 ისეთი პაროლი აირჩიეთ, რომელიც რთული მისახვედრი იქნება. ცვალეთ პაროლი პერიოდულად და ნუ გამოიყენებთ ერთი და იმავეს სხვადასხვა ვებ-გვერდისთვის.

7 მხოლოდ უსაფრთხო და სანდო რეპუტაციის მქონე ვებ-გვერდებს „გაანდეთ“ თქვენი საბანკო და საკრედიტო ბარათის მონაცემები.

8 სწორად შეიყვანეთ სასურველი ვებ-გვერდის მისამართი, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, როცა საქმე საფინანსო ორგანიზაციებთან გაქვთ. ერთმა არასწორმა ასომ შეიძლება ყალბ ვებ-გვერდზე გადაგიყვანოთ.

9 ისეთი კონფიდენციალური მონაცემების გაგზავნისას, როგორიცაა საკრედიტო ბარათის მონაცემები, ისარგებლეთ დაშიფრული კავშირებით და გაგზავნისთანავე გამოდით ვებ-გვერდიდან.

10 ხშირად და ყურადღებით შეამოწმეთ საკრედიტო ბარათით წარმოებული ოპერაციები და ბანკის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები. როგორც კი აღმოაჩენთ საეჭვო საბანკო ოპერაციას თქვენს მონაცემებში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მონაცემებში მოხსენიებულ ფირმას.

11 ფრთხილად იყავით, როცა დაუცველ უსადენო ლოკალურ ქსელს იყენებთ (Wi-Fi). ამ დროს „ქურდებს“ შეუძლიათ მოგპარონ ინფორმაცია და ყალბ ვებ-გვერდებზე გადაგიყვანონ.

12 არ დათანხმდეთ, თუ ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ პაროლის დამახსოვრებას, „ტროიანის“ პროგრამებს შეუძლია დამახსოვრებული პაროლის მოპარვა.