არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამართლებულია ჰომოსექსუალიზმი?

გამართლებულია ჰომოსექსუალიზმი?

ბიბლიის თვალსაზრისი

გამართლებულია ჰომოსექსუალიზმი?

ჰომოსექსუალიზმი დღეს უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ხდება მისაღები. შეერთებულ შტატებში ერთი რელიგიური ჯგუფი ხალხს მოუწოდებს, „თანამედროვე სიბრძნის შუქში“ განიხილონ და ახალი ახსნა მოუძებნონ იმას, რასაც ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე ამბობს. ბრაზილიაში ერთი ეკლესიის მოძღვარი, რომელიც ამას წინათ თავადაც კაცზე დაქორწინდა, მრევლს მოუწოდებს, „ბიბლიას ახლებურად შეხედონ“ და ნებას რთავს მათ, თანამედროვე ხედვა ჰქონდეთ საგნებსა და მოვლენებზე.

მეორე მხრივ, მათზე, ვინც არ იწონებს ასეთ საქციელს, ამბობენ, რომ სძულთ ან ათვალწუნებული ჰყავთ ჰომოსექსუალისტები. რას ამბობს ბიბლია სინამდვილეში ჰომოსექსუალიზმზე?

რას ამბობს ბიბლია?

ბიბლია არ მოგვიწოდებს, რომ ვინმე ავითვალწუნოთ. თუმცა, ამავე დროს, ჰომოსექსუალიზმზე მისი თვალსაზრისი ნათელია.

„არ დაწვე კაცთან ისე, როგორც ქალთან წვები. ეს სისაძაგლეა“ (ლევიანები 18:22).

ეს კანონი ერთ-ერთი იყო ზნეობასთან დაკავშირებული იმ კანონებიდან, რომელიც მოსეს მეშვეობით ისრაელ ერს მიეცა. ღვთის თვალში ჰომოსექსუალიზმი სისაძაგლე იყო იმისდა მიუხედავად, ამ უზნეობას იუდეველი ჩაიდენდა თუ არაიუდეველი. ისრაელი ერის გარშემო მცხოვრებ ხალხებში გავრცელებული იყო ჰომოსექსუალიზმი, სისხლის აღრევა, მრუშობა და სხვა უზნეო ჩვევები, რაც მოსეს კანონით იკრძალებოდა. ამიტომაც მიიჩნევდა ღმერთი ამ ხალხებს უწმინდურად (ლევიანები 18:24, 25). შეიცვალა ბიბლიის თვალსაზრისი ქრისტეს მოსვლის შემდეგ? დავუკვირდეთ შემდეგ მუხლს:

„გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს. კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან; უხამსობას სჩადიოდნენ“ (რომაელები 1:26, 27).

რატომ მიიჩნევს ბიბლია ჰომოსექსუალიზმს არაბუნებრივ და უხამს საქციელად? იმიტომ რომ, ამგვარი სექსუალური კავშირი არ შედიოდა შემოქმედის განზრახვაში. ჰომოსექსუალისტებს არ შეუძლიათ შვილების გაჩენა. ბიბლია ჰომოსექსუალიზმს ადარებს იმ მოჯანყე ანგელოზების ქმედებას, რომლებმაც წარღვნამდე ქალებთან დაამყარეს კავშირი და დემონების სახელით გახდნენ ცნობილი (დაბადება 6:4; 19:4, 5; იუდა 6, 7). ღმერთი ჰომოსექსუალიზმსაც და დემონების საქციელსაც არაბუნებრივად მიიჩნევს.

არსებობს რაიმე გამართლება?

ზოგს აინტერესებს, ამართლებს თუ არა ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებას გენეტიკა, გარემო პირობები ან ცხოვრებაში მიღებული ისეთი ტრავმა, როგორიცაა სექსუალური ძალადობა. პასუხი ცალსახაა — არა. დავფიქრდეთ ასეთ მაგალითზე: ადამიანი შეიძლება იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებული, რაც ექიმების აზრით, ზოგჯერ მემკვიდრეობითი ფაქტორებითაა განპირობებული, ზოგჯერ კი იმით, რომ ის ალკოჰოლიკების ოჯახში გაიზარდა. უდავოა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიმართ უმეტესი ჩვენგანი თანაგრძნობას გამოვავლენდით. მიუხედავად ამისა, არც ერთი არ მოვუწოდებდით სმისკენ ან იმისკენ, რომ არაფერი ეღონა ამ მავნე ჩვევის მისატოვებლად მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოხსენებული ფაქტორების გამო მას სმისკენ აქვს მიდრეკილება.

მართალია, ბიბლია არ ძრახავს იმ ადამიანებს, ვინც ებრძვის ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებს, მაგრამ არც იწყნარებს ასეთი საქციელის ჩამდენთ (რომაელები 7:21—25; 1 კორინთელები 9:27). ბიბლია პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს მათ, ვინც ცდილობს ჰომოსექსუალური მიდრეკილებების დაძლევას.

ღვთის დანაპირები, რომელიც ყველას ეხება

ბიბლიაში წერია, რომ ღვთის ნებაა „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4). მართალია, ბიბლია არ იწონებს ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ ის არავის მოუწოდებს იმისკენ, რომ სძულდეთ ჰომოსექსუალისტები.

ღვთის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერბილდეს. ბიბლიაში, კერძოდ, 1 კორინთელების 6:9, 10-ში გარკვევით წერია: „მამათმავლები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“. მაგრამ მე-11 მუხლში ის მანუგეშებელ აზრს ამბობს: ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ, განიწმინდეთ და მართლებად იქენით აღიარებული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“.

ვისაც გულწრფელად სურდა ღვთის მოსაწონად მოქცევა და მისი თაყვანისცემა, ქრისტიანულ შეხვედრებზე გულთბილად იღებდნენ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს დღესაც ასეთივე დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ, ვინც ბიბლიას თავისებურ ახსნას კი არ უძებნის, არამედ მთელი გულით ცდილობს, ცხოვრება ბიბლიას შეუსაბამოს.

გიფიქრიათ?

● რა არის ბიბლიის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე? (რომაელები 1:26, 27)

● გვაქეზებს ბიბლია ჰომოსექსუალისტების წინააღმდეგ? (1 ტიმოთე 2:4)

● შესაძლებელია ჰომოსექსუალური სურვილებისგან გათავისუფლება? (1 კორინთელები 6:9—11)

[სურათი 29 გვერდზე]

უნდა მოვუძებნოთ ჩვენებური ახსნა ღვთის თვალსაზრისს ჰომოსექსუალიზმზე?