არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა გამოვიყენოთ გამოსახულებები თაყვანისცემისას?

უნდა გამოვიყენოთ გამოსახულებები თაყვანისცემისას?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა გამოვიყენოთ გამოსახულებები თაყვანისცემისას?

„ვფიქრობდი, რომ გამოსახულებები ღმერთთან დამაახლოებდა“ (მაკი).

„ჩვენი სახლი ხატებით იყო სავსე. გვეგონა, რომ ამით ჩვენ სახლს ღვთისთვის სასიამოვნოს გავხდიდით“ (ჰერტე).

„თაყვანს ვცემდით გამოსახულებებს, და სულ არ ვფიქრობდით, როგორ უყურებდა ღმერთი ამას“ (სანდრა).

თქვენ რას ფიქრობთ? მრავალს სჯერა, რომ ხატები თუ გამოსახულებები ღვთის თაყვანისცემაში ეხმარება. მართლა ასეა? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ღმერთი ამაზე? განვიხილოთ, რა არის მის სიტყვაში, წმინდა ბიბლიაში, ნათქვამი.

როგორ უყურებს ღმერთი თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენებას

ხატი და კერპი სულიერი თუ უსულო საგნების გამოსახულებაა, რომელთაც თაყვანს სცემენ. მათსავე რიცხვს მიეკუთვნება ჯვარი, ქანდაკებები, სურათები და სხვა ნებისმიერი რამ, რაც ცაში თუ დედამიწაზე არსებულის გამოხატულებაა *. დროშაც შეიძლება თაყვანისცემის ობიექტი იყოს.

თაყვანისმცემლობაში ასეთი საგნების გამოყენებას ათასობით წლის ისტორია აქვს. ამიტომ ჯერ კიდევ ძვ. წ. 1513 წელს ღმერთმა ახალჩამოყალიბებულ ისრაელ ერს მისცა ათი მცნება, რომელშიც ნათლად გამოხატა თავისი დამოკიდებულება გამოსახულებების, ანუ კერპების, მიმართ. მან თქვა: „არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ“ (გამოსვლა 20:4, 5).

ყურადღება მიაქციეთ, ამ მცნებაში ღმერთი ორ რამეზე ამახვილებს ყურადღებას: პირველი, თავის ხალხს თაყვანისცემის მიზნით არ უნდა გაეკეთებინა არანაირი გამოსახულება; მეორე, ისრაელებს ‘თაყვანი არ უნდა ეცათ’ ამ გამოსახულებებისთვის. რატომ კრძალავს ჩვენი შემოქმედი გამოსახულებების კეთებას? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“. იეჰოვას სულიერი სხეული აქვს და არა ფიზიკური, და ის სულიერ სფეროში მკვიდრობს (იოანე 1:18; 4:24). აგრეთვე, ღმერთი „განსაკუთრებულ ერთგულებას“ ითხოვს თავისი მსახურებისგან; სწორედ ამიტომ უთხრა ისრაელებს, არ გაეკეთებინათ არანაირი გამოსახულება. „ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას, არც ჩემს ქებას — ქანდაკებებს“, — ამბობს ის (ესაია 42:8). ამის გამოც არის არასწორი თაყვანისცემაში გამოსახულების გამოყენება. იეჰოვა ძალიან განაწყენდა, როდესაც ისრაელის ერთ-ერთი წინამძღოლი, აარონი, ასე მოიქცა (გამოსვლა 32:4—10).

რატომ არ უნდა ვცეთ თაყვანი მათ?

კერპების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით“. შემდეგ გამომაფხიზლებელი გაფრთხილება წერია: „მათ დაემსგავსებიან [მათსავით უსიცოცხლოები გახდებიან] მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი“! (ფსალმუნი 115:4—8).

გარდა ამისა, ხატების თაყვანისცემა უსამართლობაა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა გრძნობა დამეუფლებოდა, თუ ჩემი შვილი ჩემგან მიღებული ძვირფასი საჩუქრისთვის უცხო ადამიანებს ან უსიცოცხლო საგნებს დაუწყებდა მადლობის გადახდას?“ ამ კითხვის დასმა დაგეხმარებათ გაიგოთ, რას გრძნობს ჩვენი შემოქმედი და სიცოცხლის მომცემი, როცა ადამიანები მის ნაცვლად სხვებს, და მათ შორის უსიცოცხლო კერპებს, სცემენ თაყვანს (გამოცხადება 4:11).

იფიქრეთ იმაზეც, რამდენად დამამცირებელია ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისთვის უსიცოცხლო საგნების გაღმერთება! (დაბადება 1:27). მათ შესახებ, ვინც ასე მოიქცა, წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „მდაბლად თაყვანს სცემენ საკუთარ ნახელავს, საკუთარი თითებით შექმნილს. ქედმოხრილია კაცი და დამდაბლებულია. შენ [იეჰოვა ღმერთო] ვერ პატიობ მათ“ (ესაია 2:8, 9).

ცრუთაყვანისცემა ღვთისთვის განსაკუთრებით იმიტომ არის შეურაცხმყოფელი, რომ ეს სინამდვილეში დემონების, ღვთის მტრების, თაყვანისცემაა. კანონის 32:17-ში ნათქვამია, რომ ისრაელები, რომლებმაც იეჰოვა კერპებში გაცვალეს, „დემონებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა ღმერთს“.

სცემდნენ თაყვანს გამოსახულებებს იესო ქრისტეს პირველი საუკუნის მიმდევრები ან იყენებდნენ ისინი თაყვანისცემისას გამოსახულებებს? არა! იესოს მოციქულმა იოანემ დაწერა: „შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21). ერთ წიგნში ნათქვამია: „არაფერი იყო პირველი საუკუნის მოწაფეებისთვის ისე მიუღებელი, როგორც გამოსახულებების თაყვანისცემა“ (Early Church History to the Death of Constantine).

ღვთისმოსაწონი თაყვანისცემა

იესომ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). ღმერთს უნდა, რომ ვიცნობდეთ მას — ვიცოდეთ, მისი ზნეობრივი ნორმები, რა მოსწონს და რა არ მოსწონს, და რა განზრახვა აქვს ჩვენ მიმართ (იოანე 17:3). სწორედ ამიტომ მოგვცა მან ბიბლია (2 ტიმოთე 3:16). და ვინაიდან ღმერთი „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“, შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, გამოსახულებების დახმარების გარეშე მივმართოთ მას ლოცვით (საქმეები 17:27).

„იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში არანაირი გამოსახულება არ მინახავს, — თქვა სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა სანდრამ. — მოწმეებმა ბიბლიიდან დამანახვეს, რა თვისებები აქვს ღმერთს და რას ითხოვს ჩვენგან. ვისწავლე ღვთისთვის ლოცვით ისე მიმემართა, რომ ღმერთს მოესმინა ჩემი ლოცვა. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩვენი შემოქმედის შესახებ ცოდნა და მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს“. სანდრამ პირადად გამოსცადა, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ბევრი რამისგან ათავისუფლებს ადამიანს და გამომაცოცხლებელია (იოანე 8:32). თქვენც შეგიძლიათ იგივე გამოსცადოთ.

[სქოლიო]

გიფიქრიათ?

▪ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ თაყვანისცემისას არანაირი გამოსახულება? (ფსალმუნი 115:4—8; 1 იოანე 5:21).

▪ როგორ უნდა ვცეთ თაყვანი ჭეშმარიტ ღმერთს? (იოანე 4:24).

▪ როგორ შეგიძლიათ ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაგება და რა სარგებლობას მოგიტანთ ეს? (იოანე 8:32; 17:3).