არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

2007 წელს უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვის შედეგად დაახლოებით 47 მილიონ ჩინელს არ ჰქონდა საკმარისი სასმელი წყალი. ამავე დროს ტაიფუნმა 42 მილიონი და წყალდიდობამ 180 მილიონი ჩინელი დააზარალა (INHUA NEWS AGENCY, CHINA).

2003 წელს მსოფლიოში ყოველი მეხუთე ორსულობა აბორტით დასრულდა; აქედან ევროპაში — ყოველი მესამე; ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კი 2003 წელს დაფიქსირებული ორსულების 45-მა პროცენტმა გაიკეთა აბორტი („ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი“, ბრიტანეთი).

ძალადობის ამსახველი ვიდეო თამაშები ეკლესიაში

„ეკლესიის ასობით მსახური და მოძღვარი კრიტიკის ობიექტი გახდა იმ უჩვეულო მეთოდის გამო, რომელსაც ისინი ეკლესიაში ახალგაზრდების მისაზიდად მიმართავენ; ისინი თავიანთი მიზნის მისაღწევად ძალიან პოპულარულ, მაგრამ ძალადობის ამსახველ ვიდეოთამაშებს იყენებენ“, — ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ეს თამაშები ზრდასრული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ამ თამაშის დროს მოთამაშემ, რომელიც ჯარისკაცის როლს ასრულებს, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით უნდა მოკლას სხვები. რამდენიმე პროტესტანტული და ევანგელისტური ჯგუფის წევრებს, ახალგაზრდებს, კრიტიკამ ხელი ვერ შეუშალა იმაში, რომ „თავიანთ შესაკრებელში სათამაშო აპარატები დაედგათ, რათა მრავალ მოზარდს ფართო ეკრანის წინ დგომისა და სროლის შესაძლებლობა ჰქონოდა“, — ნათქვამია გაზეთში.

ბავშვებს პირად ნომრებს ჰპარავენ

„უოლ-სტრიტ ჯორნელის“ სიტყვების თანახმად, უფრო და უფრო მეტი ბავშვი ხდება პირადი ნომრის ქურდობის მსხვერპლი, რაც მომავალში მათ ძალიან გაურთულებს კრედიტის აღებას და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ასეთი ბოროტმოქმედება, რომელსაც ჩვეულებრივ, ოჯახის წევრი სჩადის, შეიძლება ათეული წლების განმავლობაში ვერავინ ვერ შენიშნოს. „ბევრმა არ იცის, რომ ვიღაც უკანონოდ იყენებს მის პირად ნომერს . . . და ეს შეუმჩნეველი რჩება მანამ, სანამ მუშაობას, მართვის მოწმობის, სტუდენტური სესხის ან იპოთეკის აღებას არ დააპირებს“. ზოგი ამას უფრო ადრე იგებს — მაშინ, როცა საკრედიტო სააგენტო იმ ვალის საერთო რაოდენობის დადგენას ცდილობს, რომელიც მსხვერპლის სახელზე გროვდება.

ბირთვული ქობინი „სადღაც გაქრა“

„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, 2007 წლის 30 აგვისტოს შეერთებული შტატების ბომბდამშენმა B-52-მა სამ-ნახევარი საათის განმავლობაში იფრინა შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში. მას „ფრთებზე შეცდომით ჰქონდა დამაგრებული“ ექვსი ბირთვული რაკეტა. გაზეთში აღნიშნულია, რომ „36 გამაოგნებელი საათის განმავლობაში“ ვერც პილოტებმა და ვერც აეროპორტში ამ თვითმფრინავის მომსახურე პერსონალმა ვერ შენიშნა შეცდომა. აღნიშნული ცნობის თანახმად, „საჰაერო ძალების ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ბირთვული ქობინები („ბაიგალოვკები“) არ ამოქმედებულა და საზოგადოებისთვის საფრთხე არ შეუქმნია“. თუმცა ერთმა კომენტატორმა მაინც დასვა კითხვა — „რამდენად უნდა გვაღელვებდეს ეს ჩვენ?“

მტრედი — დაბინძურების ბარომეტრი

რაჯასტანის (ჩრდილოეთ ინდოეთი) უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჯაიპურში მტრედებზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ამ ფრინველების საშუალებით შესაძლებელია ქალაქში დაბინძურების დონის განსაზღვრა. „მტრედების საბინადრო გარემოში არსებული მძიმე მეტალები ფრინველის ბუმბულის შემადგენლობაში შედის და იქ რჩება მაშინაც კი, როდესაც მტრედი ბუმბულს იცვლის“, — ნათქვამია „ნიუ დელის გობარ ტაიმზში“ (Down to Earth-ის თანმხლები ჟურნალი). ჩვეულებრივ, მტრედები საბინადრო ადგილს არ იცვლიან; ამიტომ მათ ბუმბულში კადმიუმის, ქრომის, სპილენძისა და ტყვიის შემცველობის გაზომვით ზუსტად შეიძლება გარემოს დაბინძურების კოეფიციენტის განსაზღვრა.