არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატარა გორილა საცოდავად ტიროდა

პატარა გორილა საცოდავად ტიროდა

პატარა გორილა საცოდავად ტიროდა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კამერუნიდან

პიტჩიუ, დედალი გორილა, ცენტრალური აფრიკის ტყეში დაიბადა. დაახლოებით ერთი წლის იყო, როდესაც მონადირეებმა დედამისი სხვა გორილებთან ერთად მოკლეს. პიტჩიუ სახორცედ ძალიან პატარა იყო; ამიტომ ის მოკვლას გადაურჩა და გაყიდეს, მაგრამ დაავადდა და ხშირად საცოდავად ტიროდა.

პიტჩიუ ათასობით დაობლებული მაიმუნიდან მხოლოდ ერთ-ერთია. მისი ოჯახის ტრაგედია რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული; ერთ-ერთია ნადირის ხორცით უკანონოდ ვაჭრობა. ზოგი რესტორანი და ეგზოტიკური ხორცის მოყვარული დიდ თანხას იხდის მაიმუნის ხორცის საყიდლად; ამ ფულს დახარბებული მონადირეები ნადირის საპოვნელად დღე და ღამე ტყეში დაძრწიან. შუამავლები კი ცხოველებისა და მათი ხორცის გასაყიდად სარფიან, მაგრამ უკანონო გარიგებებს აწარმოებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

მეორე მიზეზი ტყის გაჩეხვაა. ტყის განადგურება ცხოველებს უსახლკაროდ ტოვებს; მათ აღარ რჩებათ თავშესაფარი და საკვებსაც ვერსად პოულობენ. უფრო მეტიც, ნადირობა ტყის გაჩეხვას უწყობს ხელს და პირიქით. როგორ? ტყის გაჩეხვის შედეგად მონადირე ადვილად ხვდება ტყეში, თავისი საბინადრო გარემოდან სხვაგან თავშეფარებული ცხოველი კი დაბნეულია და მონადირეს ადვილად უვარდება ხელში. სხვა მიზეზებია: მსოფლიო მოსახლეობის ზრდა, ხორცზე მოთხოვნილების მატება, ურბანიზაცია, უკეთესი სანადირო იარაღებით აღჭურვა, ომები და შედეგად მეტი ცეცხლსასროლი იარაღის ქონა. ამან გამოიწვია პრიმატებისა და სხვა ცხოველების გადაშენების პირამდე მიყვანა, რასაც ეგრეთ წოდებული ცარიელი ტყის სინდრომის ჩამოყალიბება მოჰყვება. მაგრამ ამ ცხოველების გადაშენება ერთადერთი პრობლემა არ არის. რატომ? მაგალითად, ტყის ეკოსისტემის სიჯანსაღესა და მრავალფეროვნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცხოველები, რომლებიც თესლების გავრცელებაში იღებენ მონაწილეობას. ასე რომ, ფაუნის (ცხოველთა სამყაროს) გაქრობა ფლორაზეც (მცენარეთა სამყაროზეც) მოქმედებს.

მიყენებული ზიანის მიუხედავად, ცხოველთა ხოცვა გრძელდება. დასავლეთ აფრიკის ზოგ ნაწილში ათი წლის განმავლობაში პრიმატთა ზოგი პოპულაციიდან მხოლოდ მეათედი დარჩა. კამერუნის ბუნების დაცვის სფეროში მომუშავე ერთი სპეციალისტი აღნიშნავს: „თუ უკანონოდ ნადირობა ამ ტემპებით გაგრძელდება, მალე ტყეში გორილებს ვეღარ ვიპოვით“ *.

დაობლებული ცხოველების გადარჩენა

დასავლეთ აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთით, კამერუნის მთის ძირას მდებარეობს ლიმბას გარემოს დაცვის ცენტრი, სადაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვაზე ზრუნავენ. ამ ცენტრში შეიძლება ნახოთ გორილები, შიმპანზეები, მანდრილები, პრიმატთა კიდევ ცამეტი სახეობის წარმომადგენლები და სხვა ცხოველები. გასულ წელს ცენტრმა დაახლოებით 200 დაობლებული და საბინადრო არეალის გარეშე დარჩენილი ცხოველი შეიფარა, იზრუნა მათ გამოკვებასა და ჯანმრთელობაზე. ამ ცენტრის კიდევ ერთი დანიშნულება ის არის, რომ მეზობელი ქვეყნებიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თუ კამერუნიდან ჩასულ მრავალ სტუმარს, რომელთა რიცხვიც გასულ წელს 28 300-ს აღემატებოდა, დაანახვოს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა.

სწორედ ამ ცენტრშია პიტჩიუც. პატარა გორილას შემხედვარე გულაჩუყებულმა ერთმა გამვლელმა ის მონადირეებისგან იყიდა და ცენტრში მიიყვანა. ცენტრში ამ პატარა ცხოველის ჯანმრთელობა თავიდან ბოლომდე გამოიკვლიეს. მონადირეებისგან მიყენებული ემოციური ტრავმის გარდა, პიტჩიუს ჰქონდა დეჰიდრატაცია და დიარეა; ცუდი კვების გამო ორგანიზმი დასუსტებული ჰქონდა, კანი კი — ალაგ-ალაგ დაწყლულებული. ასეთი კანის გამო დაარქვეს მას „პიტჩიუ“, რაც ადგილობრივ დიალექტზე „ლაქებიანს“ ნიშნავს. საბედნიეროდ, პიტჩიუს ავადმყოფობა მკურნალობას დაექვემდებარა და ოპერაცია არ დასჭირდა, რასაც ცენტრი საჭიროების შემთხვევაში მიმართავს.

ცენტრში მოყვანილი სხვა ცხოველების მსგავსად პირველი 90 დღე პიტჩიუც იზოლირებული ჰყავდათ. შემდეგ გაუშვეს შემოკავებულ ნაკრძალში, სადაც მის გარდა კიდევ 11 გორილა იყო. ცენტრის თანამშრომლებს გაუხარდათ, როდესაც დაინახეს, რომ პრიმატებმა პიტჩიუ მეგობრულად მიიღეს. ჩვეულებრივ, ეს ასე ხდება და პიტჩიუმ სხვა გორილებს შორის მალე კარგად იგრძნო თავი.

ცენტრის თანამშრომლები ცხოველების მიმართ კეთილგანწყობილები არიან და მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ვითარდება. ამის შემხედვარე სტუმრებს ესმით, რა პასუხისმგებლობა დააკისრა ღმერთმა პირველ წყვილს, როდესაც უთხრა, დაპატრონებოდნენ დედამიწასა და ყველა ცოცხალ არსებას (დაბადება 1:28).

რა ელით ობლებს?

ცენტრის მიზანი ცხოველების ტყეში დაბრუნებაა. მაგრამ ეს ადვილი საქმე როდია. ადამიანთა მზრუნველობას მიჩვეულ ცხოველებს დამოუკიდებლად ცხოვრება უჭირთ. ისინი ისევ დგებიან საშიშროების წინაშე, რომ ვინმესთვის სუფრაზე მირთმეულ კერძად იქცნენ. აფრიკის რამდენიმე ქვეყანა შეთანხმდა, რომ სახელმწიფო საზღვრის მიღმაც დაეცვათ ცხოველები და გაეუმჯობესებინათ მათთვის საბინადრო გარემო. მსგავსი ღონისძიებების გატარება ტყეში გაშვებულ დაობლებულ ცხოველებს არსებობას გაუადვილებს და გადაშენებას გადაურჩებიან არა მარტო პრიმატები, არამედ ტყის სხვა ბინადარნიც.

აშკარად ჩანს, რომ საპირისპირო ფაქტორები — სიხარბე, სიღარიბე, მოსახლეობის სწრაფი ზრდა და ტყეების გაჩეხვა — ძალიან ცუდად აისახება პრიმატებსა და სხვა ცხოველებზე. თუ ცხოველების დასაცავად ოპერატიულად არ მივიღებთ საჭირო ზომებს, „ტყეში მობინადრე პოპულაციების რიცხვი კატასტროფულად შემცირდება, — ამბობს ლიმბას გარემოს დაცვის ცენტრის თანამშრომელი ფელიქს ლანკესტერი. — შედეგად . . . გადაშენდება ქმნილებები, რომელთა დახმარებასაც ვცდილობთ“.

რა სამწუხაროა! მაგრამ ბევრად უფრო სამწუხაროა შიმშილისგან მუცელგაბერილი და თვალცრემლიანი ბავშვების დანახვა, რომლებიც საკვების უკმარისობის გამო იღუპებიან. პიტჩიუს შემთხვევა ცხადყოფს რა სავალალო მდგომარეობაშია მსოფლიო; ვხედავთ, რა უთანასწორობა და უსამართლობაა გაბატონებული!

საბედნიეროდ, ღვთისთვის სულერთი არ არის, რა ხდება დედამიწაზე. მალე ის მოსპობს სისასტიკესა და ტანჯვას, და აღარც ცხოველები გადაშენდებიან; ცოცხალ ქმნილებათა შორის მშვიდობა დაისადგურებს! (ესაია 11:6—9).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ჯანდაცვის მუშაკები გვაფრთხილებენ, რომ ნადირის შეხება და მისი ხორცის ჭამა ხელს უწყობს ისეთი მძიმე დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა ციმბირის წყლული და ებოლას ცხელება; აგრეთვე აივ-ის მსგავსი ვირუსის გავრცელებას, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა.

[სურათები 22, 23 გვერდებზე]

პიტჩიუ ცენტრში მიყვანისას და გამოჯანმრთელების შემდეგ

[სურათი 23 გვერდზე]

ანთარი

[სურათი 23 გვერდზე]

მანდრილი, რომელიც შვილს უვლის

[სურათი 24 გვერდზე]

ლიმბას ცენტრის შესასვლელი

[სურათი 24 გვერდზე]

დაობლებულ გორილაზე, ბოლოზე, ზრუნავენ

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

All photos pages 22 and 23: Limbe Wildlife Centre, Cameroon

[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]

Both photos: Limbe Wildlife Centre, Cameroon