არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ

ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ

ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფინეთიდან

ოცი წლის მარკუსს (მარცხნივ) სხვისი დახმარების გარეშე ჭამა, სმა ან დაბანა არ შეუძლია. მას ცუდად სძინავს და მთელი ღამის განმავლობაში ყურადღებას საჭიროებს. მარკუსს ხშირად ემთხვევა ხიფათი, რის გამოც რეგულარულად სჭირდება პირველი დახმარების აღმოჩენა. მაგრამ მშობლებს ის ძალიან უყვართ. ისინი აფასებენ მის რბილ, კეთილ და თბილ ბუნებას. მარკუსის ინვალიდობის მიუხედავად, დედ-მამა ამაყობს თავისი ვაჟით.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტს გონებრივი ჩამორჩენილობის ესა თუ ის ფორმა აღენიშნება. ამგვარი მოშლილობები შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური დეფექტით, ტრავმული მშობიარობით, ჩვილობის ასაკში ტვინის დაინფიცირებითა და არასრულფასოვანი კვებით, აგრეთვე წამლების, ალკოჰოლისა და ქიმიური ნაერთების ზეგავლენით. ხშირად მოშლილობის გამომწვევი მიზეზი უცნობია. რას ნიშნავს, იყო ისეთი ბავშვის მშობელი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება? როგორ შეიძლება ასეთი მშობლების გამხნევება?

თავზარდამცემი ამბავი

რთული სიტუაცია მშობლისთვის მაშინ იწყება, როდესაც იგებს, რომ მისი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. „როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გავიგეთ, რომ ჩვენს ქალიშვილს დაუნის დაავადება ჰქონდა, ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, თითქოს ჭერი თავზე ჩამოგვემხო“, — იხსენებს სირკა. მარკუსის დედა, ანე, ამბობს: „მას შემდეგ, რაც მითხრეს, რომ ჩემს ბიჭს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები ექნებოდა, ვფიქრობდი, თუ როგორ დაუწყებდნენ სხვები მას ყურებას. მაგრამ მალე დავძლიე ეს გრძნობა და მთელი ყურადღება იმისკენ მივმართე, თუ რა სჭირდებოდა ჩემს შვილს და რის გაკეთება შემეძლო მისთვის“. ირმგერდი იხსენებს, რომ მასაც მსგავსი გრძნობა დაეუფლა. „როდესაც ექიმებმა გვითხრეს, რომ ჩვენს გოგონას, ევნიკეს, შეზღუდული შესაძლებლობები ექნებოდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ დავხმარებოდი ჩემს პატარას“, — ამბობს ის. რის გაკეთება შეუძლიათ სირკას, ანესა და ირმგერდის მსგავს მდგომარეობაში მყოფ მშობლებს მას შემდეგ, რაც შვილების ავადმყოფობის შესახებ ასეთ დიაგნოზს მოისმენენ?

„პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ის არის, რომ შეაგროვოთ ინფორმაცია თქვენი შვილის მდგომარეობისა და იმის შესახებ, თუ რა სამსახურებს შეგიძლიათ მიმართოთ; აგრეთვე გაიგოთ, კონკრეტულად რის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი შვილის მაქსიმალურად განვითარებისთვის“, — რჩევას იძლევა შეერთებული შტატების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ეროვნული საინფორმაციო ცენტრი. ამ რჩევის გამოყენებამ შეიძლება უფრო მიზანდასახული გახადოს თქვენი მზრუნველობა. ამგვარად მოქმედება ძალიან ჰგავს მოგზაურობის დროს გავლილი მანძილისა და ადგილების რუკაზე აღნიშვნას.

იმედის სხივი

გონებადაქვეითებული ბავშვების მდგომარეობა უიმედო არ არის; მოქუფრულ ცაზე შეიძლება იმედის სხივმა გამოანათოს. როგორ?

პირველი, მშობლებს შეუძლიათ ინუგეშონ იმის ცოდნით, რომ ასეთ ბავშვთა უმრავლესობა თავისი მდგომარეობით არ იტანჯება. დ-რ რობერტ ისააკსონი თავის წიგნში „გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები“ წერს: „მათი უმეტესობა ბედნიერია, მშვენივრად გრძნობს თავს სხვების კომპანიაში, უყვარს მუსიკა, სპორტის ზოგი სახეობა, გემრიელი საჭმელი და მეგობრები“. თუმცა ნორმალურ ბავშვებთან შედარებით მათი სამყარო პატარაა, ისინი ხშირად თავიანთ „კოტეჯში“ უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე მათი თანატოლები „სასახლეში“.

მეორე, მშობლებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი შვილების წარმატებებით, რომლებსაც ისინი დიდი ძალისხმევის შედეგად აღწევენ. ნებისმიერი ახალი რამის სწავლა მწვერვალის დაპყრობის მსგავსია და იქიდან გადმოხედვა სასიამოვნოა როგორც მშობლებისთვის, ისე ბავშვისთვის. მაგალითად, ბრაიანს ტუბეროზული სკლეროზი აქვს. მას გონება კარგად უჭრის, მაგრამ ლაპარაკი არ შეუძლია და ხელებს თითქმის ვერ ამოძრავებს. მიუხედავად ამისა, მან თანდათანობით ისწავლა ნახევრად გავსებული ჭიქიდან სითხის ისე დალევა, რომ არ დაეღვაროს. გონებისა და სხეულის ამგვარად მობილიზება ბრაიანს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად დალიოს საყვარელი სასმელი — რძე.

ბრაიანის დედ-მამისთვის ეს მიღწევა შვილის უუნარობაზე კიდევ ერთი პატარა გამარჯვებაა. „ჩვენი ბიჭი მაგარმერქნიან ხეს შეიძლება შევადაროთ, — ამბობს დედამისი, ლორი. — მაგარმერქნიანი ხე ისე სწრაფად არ იზრდება, როგორც სხვა ხეები, მაგრამ მისგან დამზადებული მასალა ძვირად ფასობს. მსგავსად ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ნელა ვითარდებიან, მაგრამ მშობლებისთვის ისინი პატარა მუხების ან ტექტონის ხის მსგავსნი არიან, რომლებსაც ძალიან დიდი ღირებულება აქვს“.

მესამე, მრავალ მშობელს გულს უხარებს შვილის მხრიდან სითბოს გამოვლენა. ირმგერდი ამბობს: „ევნიკე ადრე იძინებს და ძილის წინ ოჯახის თითოეულ წევრს კოცნის. თუ მან ჩვენს მოსვლამდე დაიძინა, ის პატარა წერილს გვიწერს, რომელშიც ბოდიშს გვიხდის, რომ ვერ დაგველოდა და დასაძინებლად დაწვა. შემდეგ დასძენს, რომ ვუყვარვართ და მოუთმენლად ელის დილით ჩვენს ნახვას“.

მარკუსს ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად ჟესტების ენაზე რამდენიმე სიტყვის „თქმა“ ისწავლა. მარკუსი მშობლებს „ეუბნება“, რომ ძალიან უყვარს ისინი. ტია განუვითარებელი ბავშვია, მაგრამ მისი მშობლები ამბობენ: „ის ჩვენს ცხოვრებას სიყვარულით და სითბოთი ავსებს. ის ხშირად გვეხვევა და გვკოცნის“. ცხადია, ასეთ ბავშვებს მშობლების მხრიდან დიდი სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ — იქნება ეს სიტყვიერი თუ ფიზიკური.

მეოთხე, ქრისტიან მშობლებს დიდ კმაყოფილებას ანიჭებთ იმის დანახვა, თუ როგორ ავლენს შვილი ღვთისადმი რწმენას. ეს ეხება იუჰას შემთხვევასაც. მამის დაკრძალვაზე მან ყველა გააკვირვა თავისი თხოვნით, შეიძლებოდა თუ არა ლოცვა წარმოეთქვა. მოკლე ლოცვაში იუჰამ იმის რწმენა გამოხატა, რომ მამა ღვთის მეხსიერებაშია და თავის დროზე ღმერთი აღადგენს მას. შემდეგ კი ღმერთს სთხოვა, ოჯახის წევრებს დახმარებოდა და ამ დროს თითოეული სახელით მოიხსენია.

ევნიკეც მსგავსად უხარებს მშობლებს გულს იმით, რომ ღმერთზეა მინდობილი. გოგონას არ შეუძლია ყველაფრის გაგება. მაგალითად, ის იცნობს მრავალ ბიბლიურ პერსონაჟს, მაგრამ ბიბლიურ ცნობებს ერთმანეთთან ვერ აკავშირებს; მთელი ინფორმაცია მისთვის ასაწყობი სურათივითაა, რომლის ნაწილებიც ცალ-ცალკე ყრია და მთლიან სურათს არ ქმნის. მიუხედავად ამისა, მას ესმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ღმერთი დედამიწას პრობლემებისგან გაწმენდს. ევნიკე მოელის ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას, სადაც მას ბოლომდე აღუდგება ტვინის ფუნქცია.

მეტი დამოუკიდებლობისკენ წახალისება

გონებრივი შეზღუდვების მქონე ბავშვები ყოველთვის ბავშვებად არ რჩებიან — ისინი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე მოზრდილ ადამიანებად იქცევიან. ამიტომ მშობლები ასეთ შვილებს უნდა დაეხმარონ, ზომაზე მეტად არ იყვნენ სხვებზე დამოკიდებულნი. მარკუსის დედა, ანე, ამბობს: „ჩვენთვის უფრო ადვილი იყო და ნაკლებ დროსაც წაგვართმევდა, თუ ყველაფერს თავად გავაკეთებდით მარკუსისთვის. მაგრამ ყოველმხრივ ვცდილობდით, მას დავხმარებოდით, მაქსიმალურად გამოეყენებინა თავისი შესაძლებლობები“. ევნიკეს დედა კი ამბობს: „ევნიკეს ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ის შეიძლება ძალიანაც გაჯიუტდეს. ის რომ გავაკეთებინოთ, რის გაკეთებაც არ სურს, უნდა ვუთხრათ, რომ ამგვარად მოქმედებით ჩვენ გვასიამოვნებს. მას შემდეგაც, რაც დაიწყებს ჩვენი თხოვნისამებრ მოქმედებას, სულ უნდა წაახალისო, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს“.

ბრაიანის დედა, ლორი, გამუდმებით ეძებს საშუალებებს, რომ შვილის ცხოვრება სასიამოვნო იყოს. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლორი და მისი მეუღლე ბრაიანს ბეჭდვას ასწავლიდნენ. ბრაიანი ახლა ელექტრონული ფოსტით დიდი სიამოვნებით უგზავნის წერილებს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. მაგრამ ბეჭდვისას მას დახმარება სჭირდება — მისი მაჯა ვინმეს უნდა ეჭიროს. მშობლები ეხმარებიან მას, რომ იდაყვის დაჭერით შეძლოს ბეჭდვა. მათ იციან, რომ მაჯასა და იდაყვს შორის არსებული რამდენიმე სანტიმეტრი სხვაობა შვილის დამოუკიდებლობას საგრძნობლად ზრდის.

მაგრამ მშობლები მეტისმეტს არ უნდა მოელოდნენ და შვილს მეტისმეტი არ უნდა მოსთხოვონ. ყველა ბავშვს სხვადასხვა პოტენციური შესაძლებლობა აქვს. წიგნი „განსაკუთრებული ბავშვი“ გვირჩევს: „კარგია გაწონასწორებულობა — დამოუკიდებლობისკენ წახალისება, მაგრამ, ამავე დროს, გულგატეხილობის თავიდან ასარიდებლად სათანადო დახმარების აღმოჩენა“.

დახმარების უდიდესი წყარო

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებს დიდი მოთმინება და ამტანობა სჭირდებათ. როდესაც პრობლემები ერთმანეთს ემატება, ასეთ მშობლებს დროდადრო გულგატეხილობა ეუფლებათ. ხშირად ისინი უკიდურესად იღლებიან. ისინი ტირიან და ზოგჯერ საკუთარი თავი ეცოდებათ. რის გაკეთება შეუძლიათ მათ ასეთ შემთხვევებში?

მათ შეუძლიათ მოუხმონ ღმერთს, ‘ლოცვების მომსმენს’ (ფსალმუნები 64:3, სსგ). ის კი მათ სიმხნევეს, იმედსა და ძალას მისცემს (1 ნეშტთა 29:12; ფსალმუნები 26:14). ღმერთი ანუგეშებს ტკივილით დატანჯულ გულებს; მას სურს, რომ ‘ვიხაროთ იმედში’, რომელსაც ბიბლია გვაძლევს (რომაელები 12:12; 15:4, 5; 2 კორინთელები 1:3, 4). ღვთისმოშიშ მშობლებს შეუძლიათ გულდაჯერებით მოელოდნენ მომავალს, როდესაც ‘აეხილებათ თვალები ბრმებს, ყრუთა ყურები გაიხსნება, ხეიბარი ივლის, მუნჯის ენა ამღერდება’ და მათ საყვარელ შვილებსაც სრულყოფილი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა ექნებათ (ესაია 35:5, 6; ფსალმუნები 102:2, 3).

რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?

▪ რაც შეიძლება მეტი გაიგეთ თქვენი შვილის მდგომარეობის შესახებ.

▪ ეცადეთ, შეინარჩუნოთ დადებითი განწყობა.

▪ დაეხმარეთ შვილებს, მიაღწიონ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას.

▪ სთხოვეთ ღმერთს სიმხნევე, იმედი და ძალა.

რის გაკეთება შეუძლიათ სხვებს?

▪ ესაუბრეთ ბავშვს თავისი ასაკის შესაბამისად და გულწრფელად.

▪ ელაპარაკეთ მშობლებს შვილის შესახებ და შეაქეთ ისინი.

▪ იყავით თანამგრძნობნი და მხედველობაში მიიღეთ მშობლების გრძნობები.

▪ ითანამშრომლეთ მშობლებთან და ოჯახებთან, რომლებსაც ინვალიდი ბავშვი ჰყავთ.

[Box/​Picture on page 26]

როგორ შეუძლიათ სხვებს დახმარება?

როგორც მაყურებლები არიან აღფრთოვანებულნი მარათონულ რბენაში მონაწილე მორბენალებით, ისე თქვენზე შეიძლება დიდ შთაბეჭდილებას ახდენდეს იმ მშობლების ამტანობა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილზე ზრუნავენ კვირაში შვიდი დღის და დღეში 24 საათის განმავლობაში. ტრადიციულად, მაყურებლები მარათონელებს მხარდასაჭერად გზაზე წყლით სავსე ბოთლებს გადასცემენ. კარგი იქნებოდა, თქვენც გაგემხნევებინათ მშობლები, რომლებმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იზრუნონ ბავშვზე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

მაგალითად, ასეთ მშობლებს დახმარებას გაუწევთ, თუ მათ ბიჭს ან გოგოს გაესაუბრებით. თავიდან ეს შეიძლება გაგიჭირდეთ, რადგან ბავშვის მხრიდან რეაქცია შეიძლება ძალიან უმნიშვნელო ან სულ არ იყოს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მრავალ ასეთ ბავშვს უყვარს მოსმენა და ისინი, ალბათ, უფიქრდებიან თქვენ მიერ ნათქვამ სიტყვებს. ზოგჯერ მათი გონება აისბერგს მოგვაგონებს, რომლის დიდი ნაწილი წყალში ღრმად არის ჩამალული, და მათ სახეზე შეიძლება არავითარი ემოცია არ ირეკლებოდეს *.

ბავშვთა ნევროლოგი დ-რ ანიკი კოისტინენი გვირჩევს, თუ როგორ შეგვიძლია გავიადვილოთ საუბარი: „თავიდან ბავშვს ელაპარაკეთ ოჯახსა და გართობაზე. ელაპარაკეთ მას თავისი ასაკის შესაბამისად და არა ისე, თითქოს უფრო პატარას ესაუბრებოდეთ. საუბრისას ერთი თემიდან მეორეზე ნუ გადახტებით; ლაპარაკისას გამოიყენეთ მოკლე წინადადებები. მიეცით ბავშვს იმის დრო, დაფიქრდეს თქვენს ნათქვამზე“.

მშობლებსაც სჭირდებათ თქვენი საუბრები. მათდამი უფრო თანამგრძნობნი იქნებით, როდესაც მეტად გეცოდინებათ, თუ რა ემოციურ სირთულეებთან უწევთ გამკლავება. მაგალითად, მარკუსის დედას, ანეს, დიდი სურვილი აქვს, უკეთესად იცნობდეს თავის საყვარელ ვაჟს. მას ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ მის შვილს ლაპარაკი არ შეუძლია და დედას ვერ ეტყვის, თუ რა ხდება მის გონებაში. ის აგრეთვე ნერვიულობს, რა ეშველება ჩემს შვილს, მე თუ მოვკვდებიო.

იმის მიუხედავად, თუ რამდენს აკეთებენ მშობლები შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე შვილებისთვის, ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ უფრო მეტის გაკეთება მართებთ. ლორი, ბრაიანის დედა, შვილზე მზრუნველობისას დაშვებულ პატარა შეცდომებსაც არ პატიობს საკუთარ თავს. ის აგრეთვე თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ მეტ ყურადღებას ვერ უთმობს სხვა შვილებს. ასეთი მშობლებისადმი ინტერესის გამოვლენა და მათი გრძნობების პატივისცემა ძალებს შემატებს როგორც მშობლებს, ისე შვილებს. ირმგერდი ამბობს: „ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემს გოგოზე მელაპარაკებიან. გული სითბოთი მევსება მათ მიმართ, რომლებიც მზად არიან, გაიზიარონ ევნიკეს მოვლასთან დაკავშირებული ჩემი ცხოვრების ბედნიერი თუ მძიმე წუთები“.

არსებობს სხვა მრავალი დიდი თუ პატარა შესაძლებლობა, რითაც შეგვიძლია ასეთი მშობლების დახმარება. კარგი იქნებოდა, ასეთი მშობლები შვილთან ერთად სახლში მიგეწვიათ ან ერთად გაგეკეთებინათ რამე. ან იქნებ რამდენიმე საათი დარჩენილიყავით ბავშვთან მაშინ, როდესაც მშობლებს დასვენება სჭირდებათ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 37 იხილეთ 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“, სტატია „სიჩუმის ტყვეობიდან თავის დაღწევა“ (რუს.).

[სურათი 26 გვერდზე]

გულწრფელი მზრუნველობით პატივისცემას გამოავლენთ როგორც მშობლების, ისე ბავშვის მიმართ.

[სურათი 27 გვერდზე]

ევნიკეს მსგავსად, გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანები მას შემდეგაც საჭიროებენ სითბოს, რაც ბავშვობის ასაკს გასცდებიან.

[სურათი 28 გვერდზე]

ლორიმ თავის ვაჟს, ბრაიანს, ბეჭდვა ასწავლა და მას დამოუკიდებლობისკენ მოუწოდებს.