არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რწმენის გამო დაპატიმრებულნი“

„რწმენის გამო დაპატიმრებულნი“

„რწმენის გამო დაპატიმრებულნი“

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის პოლონეთიდან

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, რომელიც პოლონეთის სამხრეთით, ჩეხეთის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს, რკინის ჭიშკარზე დღემდე შემორჩენილია წარწერა, „Arbeit Macht Frei“, რაც ნიშნავს „სამუშაოს თავისუფლება მოაქვს“ *. მაგრამ ის, რაც 1940—1945 წლებში იქ მოხვედრილ ტყვეებს სინამდვილეში თავს გადახდათ, სრულიად ეწინააღმდეგება რეალობას. ამ წლების განმავლობაში ნაცისტებმა ოსვენციმში მილიონზე მეტი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. თუმცა ტყვეებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ თავისუფლების მოპოვება.

რის ფასად მოიპოვებდნენ ეს ადამიანები თავისუფლებას? ის პატიმრები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, იმ შემთხვევაში გათავისუფლდებოდნენ, თუ რწმენის უარყოფას წერილობით დაადასტურებდნენ. როგორი იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება? ისტორიკოსი ისტვან დეკი ამბობს, რომ მოწმეები „მოგვაგონებენ პირველ ქრისტიანებს, რომლებსაც ერჩივნათ, ლომების ლუკმა გამხდარიყვნენ, ვიდრე რომის იმპერატორის სამსხვერპლოზე, თუნდაც უმნიშვნელო, შესაწირავი მიეტანათ“. მათი სიმტკიცე არ უნდა მიეცეს დავიწყებას.

2004 წლის 21 სექტემბრიდან დაწყებული, ორი თვის მანძილზე ოსვენციმ-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმის მთავარ დარბაზში ეწყობოდა გამოფენა, რომელიც მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს ეძღვნებოდა. ეს გამოფენა შესაფერის სახელს ატარებდა, კერძოდ, „რწმენის გამო დაპატიმრებულნი — იეჰოვას მოწმეები ნაცისტური რეჟიმის დროს“. გამოფენაზე წარმოდგენილ 27 დაფაზე ნაჩვენები იყო, თუ როგორ ინარჩუნებდნენ მოწმეები ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ნაციზმის დროს.

იქ მისული მრავალი ადამიანი შეძრული იყო იმ წერილის ასლის ნახვით, რომელიც ჰოლანდიელ დელიანა რედმაკერსს ეკუთვნის. ის თავის ოჯახს წერდა: „მე აღთქმა მივეცი იეჰოვას, რომ მის ნებას შევასრულებდი . . . იყავით გაბედულები და უშიშრები. იეჰოვა ჩვენთან არის“. 1942 წელს დელიანა ოსვენციმში გაგზავნეს, სადაც დაახლოებით სამ კვირაში დაიღუპა.

მთლიანობაში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაახლოებით 400 მოწმე იმყოფებოდა. მათგან სამი გადარჩენილი ამ გამოფენის საზეიმო გახსნას ესწრებოდა. ისინი სხვებს უყვებოდნენ, თუ რისი გადატანა მოუწიათ და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდნენ. მათი თვალებიდან უწინდებური სიმტკიცე გამოსჭვიოდა, რომლის წყალობითაც ისინი ბანაკში არსებულ გაუსაძლის პირობებს გადაურჩნენ.

წიგნის „რწმენის გამო დაპატიმრებულები — იეჰოვას მოწმეები ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში“ ავტორმა, სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელმა ტერეზა ვონტორ ციჰემ დაწერა: „ამ პატარა ჯგუფის მიერ გამოვლენილი სიმტკიცე დადებით გავლენას ახდენდა სხვა პატიმრებზე; ყოველდღიურად გამოვლენილი სიმტკიცე სხვებს აძლიერებდა და არწმუნებდა იმაში, რომ ადამიანს ყველანაირ პირობებში შეუძლია საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩეს“.

იესო ქრისტეს მიმდევრებს პატიმრობა და სიკვდილი უჩვეულოდ არ ეჩვენებათ, რადგან რწმენის გამო თვით იესო დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს (ლუკა 22:54; 23:32, 33). იესოს მოციქული იაკობიც სიკვდილით დასაჯეს. პეტრე მოციქულმაც გამოსცადა პატიმრობა. ხოლო პავლე მოციქული არაერთხელ სცემეს და დააპატიმრეს (საქმეები 12:2, 5; 16:22—25; 2 კორინთელები 11:23).

მსგავსად ამისა, ევროპაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა 30—40-იან წლებში ღვთისადმი რწმენის შესანიშნავი მაგალითი დატოვეს. ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ოსვენციმში აღიარეს და დააფასეს ამ ადამიანების რწმენა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: ოსვენციმი I (მთავარი ბანაკი), ოსვენციმი II (ბირკენაუ) და ოსვენციმი III (მონოვითსი). ტყვეების დასახოცად გამიზნული გაზის კამერები ძირითადად ბირკენაუში იყო.

[სურათი 10 გვერდზე]

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილები, რომელთაც საგამოფენო დაფა უკავიათ ხელში.

[საავტორო უფლებები დაცულია 10 გვერდზე]

Tower: Dzięki uprzejmości Państwowego Muzeum Auschwitz-Birkenau

[სურათი 11 გვერდზე]

დელიანა რედმაკერსი; წერილი, რომელიც მან საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას დაწერა.

[საავტორო უფლებები დაცულია 11 გვერდზე]

Inset photos: Zdjęcie: Archiwum Państwowego Muzeum Auschwitz-Birkenau