არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახლო ურთიერთობა კლასელებთან — სად არის ზღვარი?

ახლო ურთიერთობა კლასელებთან — სად არის ზღვარი?

ახალგაზრდების შეკითხვები

ახლო ურთიერთობა კლასელებთან — სად არის ზღვარი?

„ჩემი თანაკლასელები ხშირად ყვებიან, როგორ ატარებენ ერთად შაბათ-კვირას. მე კი ამ დროს თავს სრულიად მარტოდ ვგრძნობ“ (მიშელი) *.

«როცა ვხედავ ერთად შეკრებილ ახალგაზრდებს, ჩემთვის ვამბობ: „რა კარგი მეგობრობა აქვთ! როგორ მინდა, მათ სამეგობროში ვიყო“» (ჯოუ).

„სკოლაში ბევრს ადვილად ვუმეგობრდებოდი, რის გამოც ხშირად პრობლემები მექმნებოდა“ (მარია).

ცხადია დროის დიდ ნაწილს თანაკლასელებთან ატარებ. შენ და შენს თანაკლასელებს ბევრი რამ გაქვთ საერთო — სირთულეები, იმედგაცრუებები და მიღწევები. ამიტომ შესაძლოა ფიქრობ, რომ მათთან უფრო მეტ საერთოს პოულობ, ვიდრე მშობლებთან, დედმამიშვილებთან ან თანაქრისტიანებთან. სავსებით გასაგებია, თუ გიზიდავს ასეთი მეგობრობა. არის რაიმე ამაში ცუდი? შეიძლება ასეთმა ურთიერთობამ საფრთხე შეგიქმნას? როცა საქმე სკოლის მეგობრებთან ახლო ურთიერთობას ეხება, სად უნდა გაივლოს ზღვარი?

ჩვენ გვჭირდება მეგობრები

ყველას გვჭირდება ისეთი მეგობრები, ვისთანაც თავისუფლად ვიგრძნობთ თავს და ვისაც სირთულეების დროს მივენდობით. იესოსაც ჰყავდა მეგობრები, რომლებთანაც სიამოვნებდა ურთიერთობა (იოანე 15:15). როცა იესო წამების ძელზე იყო გაკრული და სიკვდილს პირისპირ უყურებდა, მისი უახლოესი მეგობარი იოანე — „მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა“ — მის გვერდით იყო (იოანე 19:25—27; 21:20). ალბათ, შენც გსურს გყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებიც ჭირშიც და ლხინშიც შენს გვერდით იქნებიან. ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავები 17:17, სსგ).

შესაძლოა ფიქრობ, რომ შენი თანაკლასელის სახით იპოვე მეგობარი, რომელთანაც საერთო ენას პოულობ. თქვენ საერთო ინტერესები გაქვთ და ერთმანეთთან ურთიერთობაც გსიამოვნებთ. ის შეიძლება შენს რწმენას არ იზიარებს, მაგრამ, შენი აზრით, არც ცუდ საზოგადოებას მიეკუთვნება (1 კორინთელები 15:33). ზოგი ახალგაზრდა, ვინც შენს რწმენას არ იზიარებს, შესაძლოა მართლაც არ მისდევს ცხოვრების არასწორ წესს (რომაელები 2:14, 15). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ასეთ ადამიანთან ახლო მეგობრობა უნდა გაკავშირებდეს?

ქრისტიანები მეგობრულები არიან

ჭეშმარიტი ქრისტიანები არ გაურბიან ურწმუნოებს. ‘ყველა ერიდან ხალხი მოწაფეებად რომ მოამზადონ’, ისინი ყველა რასის, რელიგიისა და კულტურის ადამიანებს ესაუბრებიან (მათე 28:19). ქრისტიანები არ არიან გარიყულნი მეზობლების, თანამშრომლებისა და თანაკლასელებისგან. პირიქით, ისინი გულწრფელად არიან სხვებით დაინტერესებულნი.

ამასთან დაკავშირებით პავლე მოციქულმა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მან იცოდა, როგორ მოეძებნა საერთო ნებისმიერ ადამიანთან იმის მიუხედავად, იზიარებდნენ თუ არა ისინი მის რწმენას. რა თქმა უნდა, პავლეს მიზანი არ ყოფილა, ახლო ურთიერთობა ჰქონოდა მათთან. მან დაწერა: „ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად“ (1 კორინთელები 9:22, 23).

შენ შეგიძლია მიჰყვე პავლე მოციქულის მაგალითს. თანატოლების მიმართ გულთბილი და კომუნიკაბელური იყავი. შესაძლოა ზოგიერთ შენს თანაკლასელს სურს, ისეთივე იმედი ჰქონდეს, როგორიც შენ გაქვს. მოდი, განვიხილოთ ერთი ქრისტიანი ახალგაზრდის მაგალითი, რომელსაც ჯანეტი ჰქვია. მას და მის თანაკლასელებს დაავალეს, თითოეული თანაკლასელის მოკლე დახასიათება დაეწერათ და შემდეგ კლასის წინაშე წაეკითხათ. ერთ-ერთ ასეთ დახასიათებაში ჯანეტზე ეწერა: „შენ ყოველთვის ბედნიერი ხარ. ძალიან გვაინტერესებს, როგორ ახერხებ ამას?“

ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ზოგიერთი თანაკლასელი შეიძლება დაინტერესდეს შენი რწმენით. ამ შემთხვევაში კარგიც არის, ასეთი ადამიანის მიმართ მეგობრული იყო. უეჭველია, ეს შესაძლებლობას მოგცემს, დაუმოწმო მას შენს რწმენაზე. მიეცი კლასელებს იმის საშუალება, რომ თავიანთი თვალსაზრისი გაგიზიარონ და ყურადღებით მოუსმინე მათ. გამოცდილება, რომელსაც თანატოლებთან საუბრის შედეგად მიიღებ, ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევს, როცა მომავალში ქვეყნიურ სამუშაოზე მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდები. სკოლასა თუ სამსახურში ასეთი მეგობრული დამოკიდებულებით ‘შეამკობ ჩვენი მხსნელის — ღვთის — სწავლებას’ (ტიტე 2:10).

„უთანასწორო უღელი“

ერთია, მეგობრული იყო თანაკლასელის მიმართ და მეორე — მისი ახლო მეგობარი. პავლემ დაწერა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“ (2 კორინთელები 6:14). ჩვეულებრივ, ვინმესთან ახლო მეგობრობა ერთნაირი ფასეულობებისა და მიზნების ქონას გულისხმობს. ასეთი ურთიერთობა უბრალოდ წარმოუდგენელია იმ ადამიანთან, რომელიც არ მიჰყვება ბიბლიის სწავლებებსა და ნორმებს. ურწმუნო თანაკლასელთან ‘უთანასწორო უღელში შებმამ’ შეიძლება არასწორი მოქმედებისკენ გიბიძგოს ან შენს კარგ ჩვევებზე ცუდად იმოქმედოს.

მარიამ ეს თავისი მწარე გამოცდილებიდან გაიგო. ის ურთიერთობის მოყვარული იყო, რის გამოც სხვებს ადვილად უმეგობრდებოდა. მაგრამ მისთვის რთული იყო საზღვრების დადგენა. იგი გულახდილად ამბობს: „მსიამოვნებდა, როდესაც თანატოლი ბიჭებისა და გოგონების მოწონებას ვიმსახურებდი. შედეგად ნელ-ნელა ვეფლობოდი ამ ქვეყნიერების ჭაობში“.

მარიას მსგავსად, შეიძლება შენც რთულ მდგომარეობაში იყო, თუ ხედავ, რომ ძალიან დაუახლოვდი ადამიანს, რომელიც არ იზიარებს შენს რწმენას. ემოციურ ტკივილს იმ შემთხვევაში აარიდებ თავს, თუ წინასწარ განსაზღვრავ, ვინ იქნება შენი ნაცნობი და ვინ — მეგობარი. როგორ შეგიძლია ამის გაკეთება?

როგორ ავირჩიოთ კარგი მეგობრები?

როგორც უკვე მოვიხსენიეთ, დედამიწაზე ყოფნისას იესოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ზოგ მიმდევართან. პატიოსნად ცხოვრება და სულიერ საკითხებზე საუბარი ეხმარებოდა იესოს იმის დანახვაში, თუ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო მისი მეგობარი. იესო მათთან ავითარებდა ახლო ურთიერთობას, ვინც მის სწავლებასა და ცხოვრების წესს მიჰყვებოდა (იოანე 15:14). მაგალითად, იესოს ქადაგებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოთხ მამაკაცზე, რომ „ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ“. ეს მამაკაცები — პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე — იესოს ახლო მეგობრები გახდნენ (ლუკა 5:1—11; მათე 4:18—22).

იესოს სიტყვები და საქციელი ცხადყოფდა, რომ ის სერიოზულად ეკიდებოდა სულიერ საკითხებს და მათთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია ეკავა. მათ, ვისაც არ სურდა მისი სწავლებების მიღება, წასვლის ნებას აძლევდა (იოანე 6:60—66).

მაგალითად, ერთი ახალგაზრდის გულწრფელობა იესოს გულს ღრმად შეეხო. ბიბლია მოგვითხრობს: „იესომ შეხედა, სიყვარულით აღიძრა მისადმი“. მაგრამ, როცა ამ ახალგაზრდამ გაიგო, თუ რას მოელოდა იესო თავისი მეგობრებისგან, „წავიდა“. როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდა კარგი ადამიანი იყო და იესოსაც მოეწონა ის. მაგრამ იესო მეტს მოელოდა თავისი მეგობრებისგან (მარკოზი 10:17—22; მათე 19:16—22). რის თქმა შეიძლება შენზე?

შეიძლება რომელიმე თანაკლასელთან ახლო ურთიერთობა გაქვს. მაგრამ ჰკითხე საკუთარ თავს: „აქვს ამ ადამიანს სურვილი, დაიცვას იესოს მცნებები? სურს მას, მეტი გაიგოს იეჰოვას შესახებ, რომელსაც, როგორც იესო ამბობდა, თაყვანი უნდა ვცეთ?“ (მათე 4:10). თანაკლასელებთან სულიერ საკითხებზე საუბარი და ბიბლიის ნორმებით ცხოვრება დაგეხმარება ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში.

სავსებით მისაღებია, ისეთივე კარგი ურთიერთობა გქონდეს შენს თანაკლასელებთან, როგორიც იესოს ჰქონდა ყველა ადამიანთან. მაგრამ იესო ახლო მეგობრებად მათ მიიჩნევდა, ვისაც უყვარდა მისი ზეციერი მამა, იეჰოვა. შენც იმავეს გაკეთება შეგიძლია. „კვლავაც კარგად მოიქეცი“ სკოლაში და ტაქტიანად ესაუბრე სხვებს შენი რწმენის შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნდი, რომ საუკეთესო მეგობრებს ირჩევ (1 პეტრე 2:12).

დაფიქრდი

▪ რა საშიშროება არსებობს, თუ გაკვეთილების შემდეგ ურწმუნო თანაკლასელთან ატარებ თავისუფალ დროს? ბრძნულია ამგვარი მოქმედება?

▪ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ხომ არ ფიქრობ, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს რომელიმე თანაკლასელთან? თუ ასეა, რის გაკეთება გმართებს?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 18 გვერდზე]

„როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“

ამ ფილმში, რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერ არის მომზადებული, შეერთებულ შტატებში, იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერვიუებს მოისმენ. ის 36 ენაზეა ხელმისაწვდომი.

[სურათი 18 გვერდზე]

ზოგი თანაკლასელი შეიძლება დაინტერესდეს შენი რწმენით.